Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1148(კ-23) 11 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე თ. ჩ-ი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჩ-მა 2021 წლის 18 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №890 განკარგულების (მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების (ფართი 550 კვ.მ.) თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №890 განკარგულება მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-51 მუხლები, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლი და განმარტა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს უარის იმ ძირითად მოტივზე, სადაც მითითებულია, რომ ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებებით) და ფოტოსურათებით არ დგინდება, მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ) საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) კანონის ამოქმედებამდე განთავსება. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღება გაამახვილა შპს „...“-ის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 2 მაისის №002756022 ექსპერტიზის დასკვნებზე და 2015 წლის 14 იანვრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... კრების ოქმზე (№20), ასევე გ. გ-ას, გი. გ-ას და მ. კ-ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე რომლითაც ადასტურებენ, რომ მათი მეზობელი თ. ჩ-ი 1998 წლიდან დღემდე მუდმივად ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ 550 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ შენობასთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა განმარტებების ნაწილში მიუთითა, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება შესაძლებელია უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნეს განხილული, მაგრამ აღნიშნული უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით თვალნათლივ ჩანს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც შენობის არსებობის თაობაზე მიუთითებს მოსარჩელე (ქვედა მარცხენა კუთხე), დაფარული იყო ხე - მცენარეებით, რის გამოც მცირე მოცულობის შენობა - ნაგებობა შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ გამოჩენილიყო, რაც სასამართლოს მსჯელობით, დამატებით ადასტურებს საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის საჭიროებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა თ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებებით) და ფოტოსურათებით არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს (შენობით ან მის გარეშე). კასატორის მსჯელობით, მითითებული გარემოებები, ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს ექსპერტიზის დასკვნებზე, სადაც ერთ შემთხვევაში ექსპერტი ვიზუალური დათვალიერებით ადგენს შენობის ხანდაზმულობას, მეორე დასკვნა კი პირდაპირ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2005, 2006, 2010, 2014 და 2020 წლის ორთოფოტოებზე შენობა არ ჩანს. კასატორის მსჯელობით, გაუგებარია ახალი წარმოების ფარგლებში თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს კომისიამ და რომელი მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გააანალიზა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის რეალური შინაარსი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-311-307(2კ-14)) დაფიქსირებული განმარტება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოყენებული მუხლის შინაარსთან დაკავშირებით. მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც კასატორის მსჯელობით, წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №890 განკარგულების (მიწის ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... კრების ოქმი №20-ში მითითებულია, რომ ქ. თბილისი, ...ი, ...ის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთს (525 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ საცხოვრებელს ფართს (11 კვ.მ.) ამხანაგობის წევრი თ. ჩ-ი ფლობს 1998 წლიდან. აღნიშნული კრების ოქმი ხელმოწერილია კრების თავმჯდომარის ნანული ჩანქსელიანის მიერ და ხელმოწერა დამოწმებულია 2015 წლის 15 იანვარს ნოტარიუსის მიერ.

დადგენილია, რომ 2015 წლის 2 თებერვალს თ. ჩ-მა №14/1956 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე 527 კვ.მ. უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 აპრილის წერილით, აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ 527 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-6) ზონაში, ამასთან კვეთს ს/კ №... საკადასტრო ერთეულს.

მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის სხდომის ოქმით დადგენილია, რომ თ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი 527 კვ.მ. (საცხოვრებელი შენობა) კვეთს ს/კ №... საკადასტრო ერთეულს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 25 მაისის შუალედური გადაწყვეტილებით (ოქმი 438), თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა, უკეთესად შესწავლის მიზნით გადაიდო და განმცხადებელს დაევალა ფოტომასალის წარდგენა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 იანვრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ...ი, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი 30940.00 კვ.მ., შენობა - ნაგებობების ჩამონათვალი №1-დან №7 ჩათვლით, ს/კ №... რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

2017 წლის 7 თებერვალს თ. ჩ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ფართი: 550 კვ.მ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის №... წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა თ. ჩ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ფართი - 550 კვ.მ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 იანვრის №67-01190172406 წერილით ირკვევა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით (14/1956) განიხილა ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ 550 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და კომისიას აცნობა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საცხოვრებელი ზონაში (სზ-6) და კვეთს №... საკადასტრო ერთეულს.

შპს „...“-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განთავსებული საცხოვრებლად ვარგისი შენობის ფოტოფიქსაციით, ნაკვეთის შემოსაღობად გამოყენებული კონსტრუქციების მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით, დამკვეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებლად ვარგისი შენობის კონსტრუქციების, ბეტონის ფუძის, ტერიტორიის შემომსაზღვრელი ღობის ფრაგმენტების ხანმედეგობის პარამეტრების ვიზუალური შესწავლა უდავოს ხდის მათ ხანდაზმულობას. დასკვნის თანახმად, ჩატარებული კვლევით და დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით თ. ჩ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა არსებობს დაახლოებით 1990 წლიდან, აღნიშნულ საცხოვრებელ შენობას და ხსენებულ ტერიტორიას ფლობს დაახლოებით 1998 წლიდან დღემდე. ნაკვეთის შემომზღუდავი კონსტრუქციების ვიზუალური შესწავლა, ლითონის კონსტრუქციებზე არსებული კოროზიის კვალი მოწმობს, რომ კონსტრუქციები დამონტაჟებულია დაახლოებით 30 წლის წინ. ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავები და ვენახი მიანიშნებს თ. ჩ-ის მიერ, აღნიშნული ტერიტორიის წლების განმავლობაში ფლობის ფაქტს.

საქმეში წარმოდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, გ. გ-ა, გი. გ-ა და მ. კ-ი ადასტურებენ მათი მეზობლის, თ. ჩ-ის მიერ, ქ. თბილისში, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული 550 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის 1998 წლიდან დღემდე მუდმივად ფლობის და სარგებლობის ფაქტს. ასევე დაადასტურეს ზემოაღნიშნულ ნაკვეთზე თ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოების შესახებ ინფორმირებულობა. მიუთითეს, რომ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზი ზომებით, კონფიგურაციით და მდებარეობით იდენტურია თ. ჩ-ის მიერ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 2 მაისის N002756022 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ მომზადებულ ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული 550 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე დატანილი 01/1 ნაგებობის ხანდაზმულობის დადგენა 2020, 2014, 2010, 2006 და 2005 წლებში მომზადებული ორთოფოტოების დაბალი ხარისხისა და მცენარეული საფარის გამო შეუძლებელია. თუმცა ექსპერტიზაზე წარდგენილ 1996 წლის აეროგადაღებაზე შპს „ჯ...ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი N01/1 ნაგებობის ადგილზე ფიქსირდება ლაქა. ორთოფოტოს დაბალი ხარისხის გამო შეუძლებელია იმის დადგენა, აღნიშნული წარმოადგენს თუ არა რაიმე ტიპის შენობა- ნაგებობას.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №890 განკარგულებით თ. ჩ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ 550 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, თ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობის მოტივით.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში. მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც „საკუთრების უფლების აღიარება“ განმარტებულია როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაინტერესებული პირი“ ეს არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ნორმის ,,გ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტს, აღნიშნულის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. კანონის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობანაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი, მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორის მსჯელობა ემყარება იმ არგუმენტს, რომ ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებებით) და ფოტოსურათებით არ დგინდება, მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარედ) საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსება კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული მსჯელობის საპირწონედ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება შპს „...“-ის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 2 მაისის №002756022 ექსპერტიზის დასკვნებზე, 2015 წლის 14 იანვრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ... კრების ოქმზე (№20), ასევე გ. გ-ას, გი. გ-ას და მ. კ-ის ნოტარიულად დამოწმებულ 2020 წლის 20 აგვისტოს და 21 აგვისტოს განცხადებებზე და მოწმეთა განცხადებების ნაწილში მართებულად განმარტა, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ იქნება განხილული უტყუარ მტკიცებულებად, მაგრამ აღნიშნული უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ასეთი არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა დამატებითი მოკვლევის ფარგლებში მოახდინოს აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება, ზეპირ სხდომაზე განხორციელდეს ექსპერტების გამოკითხვა ან ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა. აქვე, ყურადსაღებია შპს „კ...ის“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი (ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), სადაც აეროგადაღება შესრულებულია 1996 წელს, ორთოფოტოები 2005, 2011, 2014 და 2020 წლის მდგომარეობით, ასევე გასათვალისწინებელია ფოტომასალა და აეროფოტოგადაღების ვიზუალიზაცია სადაც მართალია შენობის არსებობა მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა ნათლად ჩანს სადავო ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ნარგავები და შენობა - ნაგებობის მცირე მოცულობიდან გამომდინარე შესაძლოა აეროფოტოგადაღებისას ვიზუალურად არ დაფიქსირდა, რაც დამატებით ადასტურებს საკითხის ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის საჭიროებას. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკითხის ხელახალი განხილვისას კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე თამარა ჩანქსელიანის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სადავო აქტში მითითებული გარემოებები არ არის დასაბუთებული, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება მტკიცებულებების გარეშე დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, მსჯელობას არ ქმნის სარწმუნოდ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის გაზიარებით, განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე