№ბს-137(2კ-კს-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ჯ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ჯ. ჯ-ას საკუთრებაში გადაეცემა 725 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.
4.1. კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 მაისის №... წერილობითი მიმართვით, კომისიაში გადაიგზავნა ჯ. ჯ-ას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №29, საერთო ფართობი - 725.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ჯ. ჯ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. საქმეში წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილია შენობის ნანგრევის საფუძველზე, თუმცა ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღებების) საფუძველზე არ დასტურდება მიწის ნაკვეთზე შენობის ნანგრევის არსებობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს (შენობით ან მის გარეშე). მითითებული გარემოებები კი, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულებით ჯ. ჯ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №29, საერთო ფართობი - 725.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
კასატორის განმარტებით, კომისია გადაწყვეტილებას იღებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც ადგენს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციასა და მისი აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მითითებულის კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მიზნებისათვის თვითნებურად დაკავებული მიწა შეიძლება იყოს ორი სახის: 1. ე.წ. დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც კაპიტალური შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებულ ან დანგრეულ მდგომარეობაში) განთავსებული უნდა იყოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე); 2. საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი თუნდაც შენობის გარეშე. ორივე კატეგორიის ტერიტორიის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის აღიარების წინაპირობაა კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) განმცხადებლის მიერ ფლობისა და სარგებლობის მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტი. ვინაიდან, უმეტეს შემთხვევაში კომისიისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმთავრესი საკითხია შენობის განთავსების დროის, განთავსების პერიოდულობისა და შენობა-ნაგებობის კაპიტალურობის დადგენა, კონკრეტული მოთხოვნილი ტერიტორიის დროში განვითარების ობიექტური სურათის მისაღებად კომისია იყენებს სხვადასხვა წლების (2005, 2010, 2014, 2020 და სხვა წლების) ორთოფოტოებს, რომლის ფარგლებშიც დგინდება შენობის განთავსების, მიწის ნაკვეთის შემოღობვის, ხე-მცენარეთა არსებობის და სხვა ფაქტები. აეროგადაღების მონაცემებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიღებული გადაწყვეტილების შედეგზე. განსახილველ შემთხვევაში, არცერთ ორთოფოტოზე არ ჩანს სადაო მიწის ნაკვეთზე ბეტონის ფილა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.03.2018წ. №5001465218 წერილის მიხედვით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შენობა-ნაგებობის კონკრეტულ ადგილზე განთავსების დროისა და პერიოდულობის დადგენას (ხანდაზმულობას) სწორედ ორთოფოტოების მეშვეობით მიიჩნევს შესაძლებლად. ამასთან, აღნიშნული წერილის თანახმად, შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არარსებობის გამო შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ 2023 წლის 20 ოქტომბერს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან განმეორებით იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების (შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დადგენა) შესაძლებლობასთან დაკავშირებით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 დეკემბრის №5007896423 წერილის მიხედვით კვლავ იგივე შინაარსის ინფორმაცია იქნა მოწოდებული, კერძოდ, შენობა-ნაგებობის (საკვლევი ობიექტის) ხანდაზმულობაზე დასკვნის მომზადება შესაძლებელია მხოლოდ ორთოფოტოების საშუალებით. ამდენად, გაუგებარია, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა რატომ მიიჩნიეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უტყუარ მტკიცებულებად, იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი ეფუძნება მხოლოდ დათვალიერების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს.
კასატორის განმარტებით, ...ის შპს „ვ...ის“ მიერ 2022 წლის 28 აპრილს მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს, რომ ღობის ბეტონის საძირკვლის ასაკი 2005 წლის ორთოფოტოს მხედველობაში მიღებით არის არანაკლებ 17 წელი, ხოლო მიწის ნაკვეთზე აშენებული მონოლითური რკინა-ბეტონის ნაგებობის ხანდაზმულობა არანაკლებ 16 წელია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა კვლევის მეთოდის ნაწილში ეწინააღმდეგება მის მიერვე წარმოდგენილ საექსპერტო ბიუროების მეთოდებს შენობის ხანდაზმულობის განსაზღვრისთვის. დასკვნაში კვლევის მეთოდად გამოყენებულია ადგილზე დათვალიერება (ამ მეთოდმა მხოლოდ დათვალიერების დროისათვის არსებულ ვითარებაზე შეიძლება მოგვცეს ინფორმაცია) და ბეტონის ფილის ხელით გასინჯვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს სანდო და სარწმუნო მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს უპირობოდ უნდა გაეზიარებინა. საყურადღებოა, რომ საქმეზე გამოკითხულმა ერთ-ერთმა ექსპერტმა ღობის განთავსების დროიდან 1 წლის შემდეგ შენობის განთავსება ლოგიკით ახსნა და არა რაიმე მეცნიერული კვლევით. დასკვნაში დადგენილ ღობის ხანდაზმულობაზე (ორთოფოტოებზე მითითებით) ექსპერტები ღობის კონფიგურაციას ვერ უთითებდნენ.
საქმეში წარმოდგენილია მოქალაქე ჯ. ფ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც განმარტებულია, რომ ჯ. ჯ-ამ 2006 წლის შემოდგომაზე შემოღობა მიწის ნაკვეთი და იმავე წელს ააშენა მცირე ზომის შენობა-ნაგებობა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ბ. კ-ას განცხადებით ირკვევა, რომ მან მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელა ბეტონის საძირკვლის ღობის მშენებლობა 2006 წელს და ამავე წელს დაასრულა მცირე ზომის მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის მშენებლობა. საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2005 წლის ორთოფოტოს გათვალისწინებით, ღობის ბეტონის საძირკვლის ხანდაზმულობა არანაკლებ 17 წელია, ხოლო ნაგებობის ბეტონი ჩასხმულია არანაკლებ 16 წლის წინ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. გარდა ამისა, მოძიებული იქნა სხვადასხვა წლების ორთოფოტოები (2005 წლის და შემდგომი წლების). ექსპერტის ჩვენებით, ორთოფოტოზე შეინიშნებოდა საძირკვლის ღობის ზოლი, ასევე, აღნიშნულია ლაქა, რომელ ადგილზეც ბეტონის ნაგებობა არის ჩაფლული. თუ მოწმეთა ჩვენებებს მივიღებთ მხედველობაში, 2005 წლის ორთოფოტოზე არ უნდა ფიქსირდებოდეს არავითარი ნაგებობა და არც ღობე, შესაბამისად, სახეზეა ურთიერთშეუსაბამო ინფორმაცია. ობიექტური მტკიცებულებები უპირისპირდება მოწმეთა ჩვენებებს და არასარწმუნო ექსპერტიზის დასკვნას.
4.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო განმარტავს, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული 725 კვ.მ მიწის ნაკვეთი ექცევა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რომლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია განხორციელდა 2010-2015 წლებში. მოქმედი კანონმდებლობა მიწის ნაკვეთის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემის/რეგისტრაციის 3 (სამ) შემთხვევას იცნობს/ითვალისწინებს: 1) გასულ წლებში სახელმწიფოს მიერ მიწის განაწილების შედეგად გაცემული მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განიხილება სარეგისტრაციო დოკუმენტად და მის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს დაინტერესებაში არსებული ქონების ფიზიკური პირის საკუთრებად რეგისტრაციას; 2) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ქონების აუქციონის ან პირდაპირი წესით განკარგვის შემთხვევაში გადაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე; 3) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკუთრების უფლების მოპოვებით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის პირველი და მე-2 შემთხვევა. რაც შეეხება მესამე შემთხვევას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს კანონის სუბიექტებს და პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია კონკრეტული ნაკვეთის (მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების) მიმართ ფიზიკურ პირზე გაიცეს საკუთრების მოწმობა.
ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №31-ში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ... (ძველი კოდი ...) 2005, 2010, 2014 და 2020 წლის ორთოფოტოებზე შენობა-ნაგებობის არსებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არ დასტურდება, ხოლო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია მიწის ნაკვეთი. გამომდინარე აქედან, ფიზიკური პირი ჯ. ჯ-ა არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელს და ამ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რადგანაც მიწის ნაკვეთის მხოლოდ შემოღობვა არ იწვევს მითითებული კანონით გათვალისწინებულ შედეგებს (ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ). მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულება სწორედ ზემოაღნიშნულის თაობაზე შეიცავს განმარტებებს. მითითებული განკარგულებით დგინდება, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებას ითხოვდა შენობა-ნაგებობის ნანგრევებით, თუმცა ასეთი ნანგრევების არსებობა სათანადო/ობიექტური მტკიცებულებით არ დასტურდება.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელისა და მოწმეთა განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ ობიექტურ მტკიცებულებებთან. საქმეში წარმოდგენილია ჯ. ფ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც განმარტებულია, რომ ჯ. ჯ-ამ 2006 წლის შემოდგომაზე შემოღობა მიწის ნაკვეთი და იმავე წელს ააშენა მცირე ზომის შენობა-ნაგებობა. ასევე, ბ. კ-ას განცხადების თანახმად, მან მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელა ბეტონის საძირკვლის ღობის მშენებლობა 2006 წელს და ამავე წელს დაასრულა მცირე ზომის მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ამავდროულად, შპს ,,...ის’’ მიერ 2022 წელს მომზადებული დასკვნით ექსპერტი მიუთითებს, რომ ღობის ბეტონის საძირკვლის ასაკი 2005 წლის ორთოფოტოს მხედველობაში მიღებით 17 წელია, ხოლო მიწის ნაკვეთზე აშენებული მონოლითური რკინა-ბეტონის ნაგებობის ხანდაზმულობა არანაკლებ 16 წელია. თუ მოწმეთა ჩვენებებს მივიღებთ მხედველობაში, 2005 წლის ორთოფოტოზე არ უნდა ფიქსირდებოდეს არავითარი ნაგებობა. შესაბამისად, სახეზეა მოწმეთა ჩვენებებისა და დასკვნის ურთიერთშეუსაბამობა.
რაც შეეხება 2005 წლის ორთოფოტოს, აღნიშნული მტკიცებულებით მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართის შემოღობვა არ ფიქსირდება. ორთოფოტოზე ჩანს მხოლოდ მეზობელი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ღობე. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ვერ დაადასტურა 2005 წლის ორთოფოტოზე მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შემოღობვის და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი იმ პირობებში, როდესაც დასკვნა და მასში მითითებული ვადები (17 წელი, 16 წელი) ემყარება სწორედ 2005 წლის ორთოფოტოს. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია კიდევ ერთი გარემოება, „ორგანოლეპტიკური ანალიზი“. ექსპერტმა განმარტა, რომ აღნიშნული გულისხმობს არა ლაბორატორიულ კვლევას, არამედ ხელით ბეტონის მოსინჯვას/მოფშვნას. ასეთი დასკვნა ბადებს უამრავ ლოგიკურ და დასაბუთებულ კითხვას/ეჭვს, რამდენადაა შესაძლებელი ხელით მოსინჯვით ზუსტად დასახელდეს ბეტონის ასაკი, ხოლო დოკუმენტის შემდგენმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული გარემოება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. ნ-მა განმარტა, რომ 2007 წელს შენობა-ნაგებობა აღარ იყო, რადგან 2006-2007 წელს თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ხდებოდა მიწის დაყრა. 2005 წლის ორთოფოტო ნათლად ადასტურებს, რომ არათუ 2006-2007 წლებში, არამედ 2005 წელს იქნა მიწა შეტანილი და იმ ფაქტის წარმოჩენა თითქოს შენობა-ნაგებობა მიწის ქვეშ მოექცა 2007 წელს არ მტკიცდება არავითარი ობიექტური მტკიცებულებით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.03.2018წ. №5001465218 წერილის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის მომზადება შესაძლებელია იმ პირობით, რომ საკვლევი ობიექტი უნდა ჩანდეს სხვადასხვა წლებში გადაღებულ ორთოფოტოზე, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობის (მისამართის, საკადასტრო კოდის ან სხვა მონაცემების მითითებით) ორთოფოტოზე დაფიქსირების შემთხვევაში გაიცემა დასკვნა, რომ შენობა-ნაგებობა ფიქსირდება ამა თუ იმ წლის ორთოფოტოზე. სხვა რაიმე სახით შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი სახის მეთოდიკის არ არსებობის გამო, შეუძლებელია. 2022 წელს მომზადებული დასკვნაც გარკვეულწილად ეყრდნობა 2005 წლის ორთოფოტოს მონაცემებს, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოში საქმის განხილვისას არ დადასტურდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა მეზობლის ღობისა) შემოღობვის/ღობის და შენობა-ნაგებობის ადგილსამყოფელი/არსებობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 18 მაისს ჯ. ჯ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, საკადასტრო აზომვითი ნახაზი) საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. 2020 წლის 20 მაისს, ჯ. ჯ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნა (ტ.1, ს.ფ 61, 28, 26-27); ბ) ვ. ჟ-ამ, გ. ქ-ემ და შ. მ-ამ, 2020 წლის 19 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დაადასტურეს, რომ ჯ. ჯ-ას ქ. თბილისში, ...ის №29-ში (...ას ქუჩის მიმდებარე ფერდობზე) 2006 წლიდან თვითნებურად დაკავებული აქვს 725 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ასევე, 2006 წლიდან ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული აქვს საცხოვრებელი შენობა (დანგრეული), რომლიდანაც ამჟამად დარჩენილია 6 კვ.მ ბეტონის საძირკველი (ტ.1, ს.ფ 29-30); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 მაისის №... წერილით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა ჯ. ჯ-ას მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კომისიას ეცნობა, რომ სააგენტოში წარდგენილი იყო ჯ. ჯ-ას სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მისამართი ქ. თბილისი, ...ის ქ. №29. დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. კომისიას ასევე ეცნობა, რომ ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მესაკუთრე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი (ტ.1, ს.ფ 24); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 14 თებერვლის №14 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის №31 საკითხი), უარი ეთქვა ჯ. ჯ-ას მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №29) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.1, ს.ფ 168-179); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულებით, უარი ეთქვა ჯ. ჯ-ას მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №29, საერთო ფართობი - 725. 00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ არ დადასტურდა ჯ. ჯ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო ნანგრევის საფუძველზე, თუმცა ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღებების) საფუძველზე არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე ხსენებული ნანგრევის არსებობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთს (შენობით ან მის გარეშე). მითითებული გარემოებები კი, ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს (ტ.1, ს.ფ 20-22); ვ) ...ი შპს „ვ...ის“ 2022 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში მდებარე 725 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მოქცეულია ერთიან, ბეტონის საძირკვლიან ღობეში და მისი კონსტრუქციული ნაწილების, კერძოდ, ღობის ბეტონის საძირკველის ასაკი, 2005 წლის ორთოფოტოს მხედველობაში მიღებით არის არანაკლებ 17 წელი, ხოლო მიწის ნაკვეთში არსებული მონოლითური რკინა/ბეტონის ნაგებობის ხანდაზმულობა არანაკლებ 16 წელი. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე მკაფიოდ აღინიშნება ღობის ბეტონის ლენტური ფუნდამენტი, ხოლო ნაგებობა არ ჩანს. ღობის საძირკველის ბეტონის მდგომარეობიდან გამომდინარე, წლების მანძილზე ატმოსფერული ზეგავლენის მხედველობაში მიღებით და ასევე, 2005 წლის ორთოფოტოს გათვალისწინებით, ღობის ბეტონის საძირკველის ხანდაზმულობა არანაკლებ 17 წელია. ნაგებობის ბეტონის მდგომარეობიდან გამომდინარე (წლების მანძილზე მიწით დაფარული, რაც იცავდა ატმოსფერული ზეგავლენისაგან) ბეტონი ჩასხმულია არანაკლებ 16 წლის წინ (ტ.1, ს.ფ 90-96); ზ) 2022 წლის 2 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ბ. კ-ამ დაადასტურა, რომ 2006 წელს დაიწყო და ამავე წელს დაასრულა ბეტონის საძირკველის ღობის მშენებლობა და ამავე მიწის ნაკვეთის ეზოში ააშენა მსუბუქი კონსტრუქცია, მცირე ზომის კაპიტალური შენობა-ნაგებობის საძირკველით. სამუშაოები ჩატარდა ჯ. ჯ-ას დაკვეთით, ყოფილი ...ის, ამჟამინდელი ...ის ქუჩის №29-ში (ტ.1, ს.ფ 97); 2022 წლის 2 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ჯ. ფ-მა დაადასტურა, რომ მისმა მეზობელმა - ჯ. ჯ-ამ, 2006 წლის შემოდგომაზე შემოღობა ამჟამინდელი ...ის №29-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ბეტონის საძირკველის ღობით. მან იმავე წელს აღნიშნულ მიწაზე განათავსა მცირე ზომის შენობა-ნაგებობა (ტ.1, ს.ფ. 98-99); თ) 2022 წლის 10 და 21 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №31-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ..., დაზუსტებული ფართობით - 2 580 კვ.მ) მესაკუთრე არის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი (ტ.1, ს.ფ 122, 246); ი) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 მარტის №5001465218 წერილის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარება (ექსპერტიზის დასკვნის მომზადება) შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დადგენის მიზნით შესაძლებელია შემდეგი პირობით: საკვლევი ობიექტი უნდა ჩანდეს სხვადასხვა წლებში გადაღებულ ორთოფოტოზე, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობის (მისამართის, საკადასტრო კოდის ან სხვა მონაცემის მითითებით) ორთოფოტოზე დაფიქსირების შემთხვევაში მათ მიერ გაიცემა დასკვნა, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობა ფიქსირდება ამა თუ იმ წლის ორთოფოტოზე. სხვა რაიმე სახით შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი სახის მეთოდიკის არარსებობის გამო შეუძლებელია (ტ.1, ს.ფ 247).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჯ. ჯ-ას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ისევ არის განთავსებული. ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულებით ჯ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო ნანგრევის საფუძველზე, თუმცა ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღებების) საფუძველზე არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე ხსენებული ნანგრევის არსებობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის უარყოფა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია რიგი მტკიცებულებები, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მისცემია სათანადო შეფასება.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ ...ი შპს „ვ...ის“ 2022 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში მდებარე 725 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მოქცეულია ერთიან, ბეტონის საძირკვლიან ღობეში და მისი კონსტრუქციული ნაწილების, კერძოდ, ღობის ბეტონის საძირკველის ასაკი, 2005 წლის ორთოფოტოს მხედველობაში მიღებით არის არანაკლებ 17 წელი, ხოლო მიწის ნაკვეთში არსებული მონოლითური რკინა/ბეტონის ნაგებობის ხანდაზმულობა არანაკლებ 16 წელი. საქმეში ასევე წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ჯ. ჯ-ამ 2006 წელს მიწის ნაკვეთზე ააგო შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები ცალსახად არ გამორიცხავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტს. საგულისხმოა ისიც, რომ ...ი შპს „ვ...ის“ 2022 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია სწორედ 2005 წლის ორთოფოტოს მხედველობაში მიღებით. დასახელებული გარემოებები მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი წესით ჩატარების ვალდებულების დარღვევაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე