Facebook Twitter

№ბს-137(2კ-კს-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - ჯ. ჯ-ა

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კერძო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

დავის საგანი - დროებითი განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ჯ. ჯ-ას საკუთრებაში გადაეცემა 725 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით ჯ. ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აეკრძალა, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში - (მდებარე თბილისი, ...ის ქუჩა №31, 2580.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., ნაკვეთის წინა ნომერი ...), შემავალი/მოქცეული 725 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის - მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში, გასხვისება/გადაცემა/აუქციონზე გატანა ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივრები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და 2022 წლის 30 მაისის განჩინება საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ჯ. ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

4. ჯ. ჯ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის მერიას აეკრძალოს რაიმე სახით სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება/გადაცემა/დატვირთვა/აუქციონზე გატანა ან რაიმე სახის იმგვარი ქმედება, რომელიც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელს შეუშლიდა მისი უფლების რეალიზაციას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ჯ. ჯ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ჯ. ჯ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ჯ. ჯ-ას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ჯ. ჯ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოსა და 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ჯ. ჯ-ას მიერ სააპელაციო შესაგებელში შუამდგომლობის განმეორებით დაყენების მიზანს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა წარმოადგენს. მისი ინტერესი გამოიხატებოდა იმაში, რომ სადავო ქონების გასხვისებით ან უფლებრივად სხვაგვარი დატვირთვით ხელი არ შეშლოდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მხარემ შუამდგომლობა დაამყარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე, ამასთან მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რაც მოსარჩელის აზრით, ემსახურებოდა შუამდგომლობის საფუძვლიანად წარმოჩენას და ასევე, წარმოადგენდა ახალ გარემოებას (რაც გამოიხატა 2023 წლის 21 ივნისს ქონების მართვის სააგენტოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში სერვიტუტის დარეგისტრირებაში), თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ამავე დავის ფარგლებში ერთხელ უკვე განხილული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი და სხვა ქონებასთან ამ მიწის ნაკვეთის გაერთიანების გამო საკადასტრო კოდის ცვლილება არ ცვლიდა შუამდგომლობის არსობრივ შინაარს, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შუამდგომლობა დატოვა განუხილველად, ისე, რომ ახალ გარემოებაზე მითითება, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა.

საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლების წინასწარი დაცვის მომწესრიგებელი ნორმები ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობის პირობებში პრევენციული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ამ საკითხის განხილვისას სასამართლომ, კონკრეტული საპროცესო სამართლით რეგულირებული სარჩელის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გამოყენების საჭიროება შეარჩიოს მხარის უფლებების უფრო ეფექტურად დაცვის ინტერესიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, არ შეიბოჭოს მოთხოვნის ფორმულირებით და დაეხმაროს მხარეს მისი მოთხოვნის მიზნის უფრო რაციონალურად მიღწევაში შესაბამისი სამართლის გამოყენების გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის დანაწესი, კანონის ანალოგიით, ასევე ვრცელდება მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე.

საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული შინაარსი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს არა მარტო იურიდიულ ფაქტებს, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და ცნობილი არ იყო არც განმცხადებლის და არც სასამართლოსთვის, არამედ იმ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტებსაც, რომლებიც წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და რომელთა გათვალისწინება არსებითად ცვლის მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს და შესაბამისად, ფაქტობრივ საფუძველს აცლის სასამართლოს მიერ ამ ფაქტების გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას. ამდენად, სააპელაციო შესაგებელში მხარის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გარეშე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვება, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის უგულებელყოფა, შეუსაბამოა უფლების ეფექტური დაცვის პრინციპთან, რაც გულისხმობს როგორც უფლების რეპრესიულ დაცვას, ანუ დარღვეული უფლების აღდგენას, ისე უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმების გამოყენებას და რასაც დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის ფუნქცია გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, ჯ. ჯ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოსა და 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებით ჯ. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებული იქნა დროებითი განჩინება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აეკრძალა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ს/კ ... შემავალი/მოქცეული 725 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის - მდებარე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში, გასხვისება/გადაცემა/აუქციონზე გატანა ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს უფლების დროებითი დაცვის ორგვარ შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოითხოვს აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, უფლების დროებითი დაცვა ხორციელდება ასკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ყველა სხვა სახის სარჩელისათვის გათვალისწინებულია ასკ-ის 31-ე მუხლში მოცემული მექანიზმი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი უთითებს, რომ დროებითი განჩინების მიღება შესაძლებელია სარჩელის აღძვრამდეც. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, რომ დროებითი განჩინების მიღება შესაძლებელია სარჩელის აღძვრის შემდგომაც. ეს ნათლად დასტურდება ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მითითებით იმაზე, რომ დროებითი განჩინება შეიძლება მიიღოს სააპელაციო სასამართლომაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასახელებული განჩინების მიხედვით, ჯ. ჯ-ას მიზანს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა წარმოადგენს, მისი ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ სადავო ქონების გასხვისებით ან უფლებრივად სხვაგვარი დატვირთვით, ხელი არ შეშლოდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მხარე უთითებს ახალ გარემოებაზეც, რომ 2023 წლის 21 ივნისს ქონების მართვის სააგენტოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სერვიტუტი. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის უგულებელყოფა, შეუსაბამოა უფლების ეფექტური დაცვის პრინციპთან, რაც გულისხმობს უფლების რეპრესიულ დაცვას, ანუ დარღვეული უფლების აღდგენას. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, არ უნდა შეიბოჭოს მოთხოვნის ფორმულირებით და უნდა დაეხმაროს მხარეს მისი მოთხოვნის მიზნის უფრო რაციონალურად მიღწევაში, შესაბამისი სამართლის გამოყენების გზით. აღნიშნული დანაწესი ასევე ვრცელდება მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზეც.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დროებითი განჩინების მიზანია დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. დროებითი სასამართლო განჩინება წარმოადგენს პირის უფლების დაცვის ერთგვარ დანამატს. განსხვავებით ასკ-ის 29-ე მუხლისაგან, რომელიც უკავშირდება შეცილებით სარჩელს (ასკ-ის 22-ე მუხლს), 31-ე მუხლის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს ასკ-ის 23-ე (სარჩელი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე) და 24-ე (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე) მუხლები. ამასთან, კანონმდებლის მიერ სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ბუნებრივია, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას, აღნიშნული ღონისძიება გამოიყენოს ნებისმიერ სარჩელთან მიმართებაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად. კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო საკითხს, გამოყენებული უნდა იქნას თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სასამართლო განსაზღვრავს იმ გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოფის ღონისძიება მიიჩნიოს გამართლებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნების გათვალისწინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინების მითითებების აღსრულების მიზნით, მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დროებითი განჩინება, რომლითაც ჯ. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დადგენილ გარემოებებს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების ადრესატი არ შეილება იყოს საქმეში მონაწილე მესამე პირი. აღნიშნული ცხადად გამომდინარეობს საპროცესო სამართლის ნორმებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინება/გადაწყვეტილებიდან, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ დავაში მონაწილე მესამე პირის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინების თანახმად, ჯ. ჯ-ას სარჩელის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის განხილვაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტო ჩაბმულ იქნა მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-5 ნაწილით განმარტებულია პროცესში მესამე პირის უფლებები და მოვალეობები, კერძოდ, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით, თუმცა ვალდებულებით ნაწილში მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. ამდენად, საკანონმდებლო ნორმაში მოპასუხის მოვალეობების მესამე პირისათვის გადაცემის შესახებ მითითებული არ არის და შესაბამისად, სასამართლო არაა უფლებამოსილი მესამე პირისა და მოპასუხის მოვალეობები ერთმანეთს გაუტოლოს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 977 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...) 74 კვ.მ-ზე სერვიტუტის რეგისტრაციის განხილვა ახლად აღმოჩენილი გარემოების ჭრილში, არასწორი და დაუსაბუთებელია. სერვიტუტის რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე/უძრავ ქონებაზე განაპირობებულია ქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე და მისი განხილვა აუქციონის გზით ქონების განკარგვის შესაძლებლობის კუთხით დაუსაბუთებელია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი განმარტავს სასამართლოს უფლებამოსილებას/შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას, მაგრამ ნებისმიერი გარემოება არ შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთის მცირედ ნაწილზე სერვიტუტის რეგისტრაცია არ იძლევა იმგვარ შემადგენლობას, რომ გამოყენებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მითუმეტეს მესამე პირის მიმართ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის დროებითი განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ორ ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). დროებითი განჩინების, როგორც უფლების დაცვის დროებით საშუალების გამოყენება შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.

სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება, ასევე, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

დროებითი განჩინების მიზანია დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. დროებითი განჩინება წარმოადგენს პირის უფლების დაცვის ერთგვარ დანამატს. განსხვავებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლისაგან, რომელიც უკავშირდება შეცილებით სარჩელს (ასკ-ის 22-ე მუხლს), 31-ე მუხლის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე) და 24-ე (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე) მუხლები.

განსახილველ შემთხვევაში ჯ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულება; ბ) დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ჯ. ჯ-ას საკუთრებაში გადაეცემა 725 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. №29-ში. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ჯ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 1 აპრილის №579 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას დროებითი განჩინების გამოყენების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის, ანუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ჯ. ჯ-ას ინტერესის დაცვა და მისი უფლების რეალიზაცია ვერ განხორციელდება ან იგი მნიშვნელოვნად გართულდება. ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანი არის დავის საბოლოოდ დასრულებამდე არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნება. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის დროებითი განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 31-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის დროებითი განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე