Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1275(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ა“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 27 აპრილს შპს „...ამ“ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 10 თებერვლის №04-14/994 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №10/3561 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 2 ივლისის №04-14/2572 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პაციენტ ა. დ-ის ნაწილში) ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №10/3370 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პაციენტ ა. დ-ის ნაწილში) ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 18 მაისის №04-14/2005 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №10/3372 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისთვის დაკისრება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 10 თებერვლის №04-14/944 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №10/3561 გადაწყვეტილება შპს „...ის“ 2020 წლის 6 მარტის №1712/-02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 18 მაისის №04-14/2005 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №10/3372 გადაწყვეტილება შპს „...ის“ 2020 წლის 18 ივნისის №3304/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „...ის“ მიმართ; მოსარჩელის მოთხოვნა, პაციენტ ა. დ-ის პ/ნ ... სამედიცინო შემთხვევის ნაწილში: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 2 ივლისის №04-14/2572 გადაწყვეტილებისა და შპს „...ის“ 2020 წლის 5 აგვისტოს N3984/02 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №10/3370 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მიერ უნდა შეფასდეს შპს „...ის“ მიერ პაციენტებისათვის - მ. მ-ისთვის, გ. ჰ-ასთვის და მ. ქ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ, მე-2, მე-15, 22-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პაციენტების - მ. მ-ის და გ. ჰ-ას სამედიცინო შემთხვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით არ გაიზიარა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მსჯელობა სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდის ერთ უწყვეტ შემთხვევად განხილვის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პაციენტების რეჰოსპიტალიზაცია არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებულმა მკურნალობამ (სამედიცინო მომსახურებამ) გამოიწვია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, პაციენტები - მ. მ-ი და გ. ჰ-ა სტაციონარიდან გაეწერნენ „სტაბილიზაციით“.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა. საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები - მ. მ-ი და გ. ჰ-ა გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდეგ კლინიკიდან გაეწერნენ მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ, „სტაბილიზაციით“. ამასთან, პაციენტის - მ. მ-ისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების პროგრამული კოდი (დიაგნოზი) არ არის შპს „...ის“ მიერ წარდგენილი პროგრამული კოდის იდენტური. აპელანტის პოზიცია, რომ სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდი განხილულ უნდა იქნეს ერთ უწყვეტ შემთხვევად, არ არის დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით კლინიკის ბრალეულობის საკითხის გამოკვლევა და დადგენა, არსებულ მოცემულობაში იყო უპირობოდ მნიშვნელოვანი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. სადავო აქტის დასაბუთებაც ამ კუთხით არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე დაყრდნობით იქნა დადგენილი, რომ სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდი წარმოადგენს ერთ უწყვეტ შემთხვევას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია და მიიჩნია, რომ პაციენტების - მ. მ-ის და გ. ჰ-ას სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რაც ადასტურებს მითითებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთან, პაციენტის - მ. ქ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 18 მაისის №04-14/2005 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტის - მ. ქ-ის სამედიცინო შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ №36 დადგენილების დანართი №1.2-ის I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტების ცხრილის 65-ე გრაფის თანახმად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ანაზღაურებას ექვემდებარება პროგრამული კოდი T51.0 (T37-T64, W57, W59). ჯანდაცვის სამედიცინო კლასიფიკატორების მოდულის (https://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx) მიხედვით, T51.0 კოდი განმარტებულია როგორც, ეთანოლის ტოქსიური ეფექტი, ეთილის სპირტის ტოქსიური ეფექტი. ასევე, განმარტება შეიცავს შენიშვნას, რომლის მიხედვითაც, T51.0 კოდის ქვეშ არ იგულისხმება მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან გადათრობის მდგომარეობა (F10.0), ლოთობა (F10.0), პათოლოგიური ალკოჰოლური ინტოქსიკაცია (F10.0).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიუთითებს F10.0 კოდზე და მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მწვავე ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ან გადათრობის მდგომარეობას/ ლოთობას/პათოლოგიურ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას, თუ რა გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია მოპასუხემ, რომ ადგილი ჰქონდა T51.0 კოდით გამონაკლისებს (F10.0). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები აპელანტის მიერ არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი. გარდა ამისა, რაც შეეხება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მითითებას მ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (მოკლე ანამნეზი), სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პაციენტის მიერ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის (არაყი) მიღება უპირობოდ ვერ იქნება მიჩნეული ეთანოლის ტოქსიური ეფექტის, ეთილის სპირტის ტოქსიური ეფექტის (T51.0 კოდი) არსებობის გამომრიცხველ გარემოებად. გასათვალისწინებელია, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის (ხ. ე-ე (ექიმი)) განმარტებით, ალკოჰოლური სასმელი, მათ შორის არაყი, შეიცავს ეთანოლს. შესაბამისად, სადავო აქტებში დასკვნები მითითებულია დაუსაბუთებლად, შესაბამისი არგუმენტირებული მსჯელობის, მტკიცებულებების გარეშე, რაც ასევე ადასტურებს მითითებულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ შპს ,,...ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და სადავო გადაწყვეტილებები მომზადებული და გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2020 წლის 10 თებერვალს მიღებული იქნა №04-14/994 გადაწყვეტილება შპს ,,...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების: მ. მ-ისა და გ. ჰ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტ მ. მ-ს (შ/ნ №...) შპს ,,...აში“ 14.07.19წ. (10:30-14:30) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება DS:R10.4-1100000012. გაწერილია „სტაბილიზაციით“. 14.07.19-17.07.19 (14:35-12:00) პერიოდში, პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდით: DS:K40.3-S600058, შპს „ჯ...ის“ ...ის ფილიალში. გაწერილია „სტაბილიზაციით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტ გ. ჰ-ას (შ/ნ №...) 09.07.19(21:00)- 09.07.19(21:00) პერიოდში შპს ,,...აში“ ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით: R10.4-T900013. გაწერილია „სტაბილიზაციით“. 12.07.19(19:03)-15.07.19(14:00) პერიოდში, პაციენტს სს ,,ე...ი“ - ...ში ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდით: DS:R10.4-T900013. გაწერილია „სტაბილიზაციით“. ინსპექტირების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული შემთხვევები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 10 თებერვლის №04-14/994 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს ,,...ის“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №10/3561 გადაწყვეტილებით, შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2020 წლის 18 მაისს მიღებული იქნა №04-14/2005 გადაწყვეტილება შპს ,,...ის“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტ მ. ქ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტ - მ. ქ-ს შპს „...აში“ (05.11.2019 (12:58სთ) - 07.11.2019 (12:00სთ) პერიოდი) ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, INT0042, დიაგნოზით T51.0 - ეთანოლის ტოქსიური ეფექტი/ეთილის სპირტის ტოქსიური ეფექტი. განმახორციელებლის მიერ დაკორექტირდა შემთხვევა, ვინაიდან I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მომსახურების ფარგლებში ICD კოდით T51.0 (არ იგულისხმება მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან გადათრობის მდგომარეობა, ლოთობა, პათოლოგიური ალკოჰოლური ინტოქსიკაცია) განიხილება არაპროგრამულად. ინსპექტირების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 18 მაისის №04-14/2005 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს ,,...ის“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №10/3372 გადაწყვეტილებით, შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 10 თებერვლის №04-14/994 და 2020 წლის 18 მაისის №04-14/2005 გადაწყვეტილებებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №10/3372 და 2021 წლის 8 აპრილის №10/3561 გადაწყვეტილებების კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო პალატის მიერ უნდა შეფასდეს შპს „...აში“ პაციენტების - მ. მ-ის, გ. ჰ-ასა და მ. ქ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება. აღსანიშნავია, რომ პაციენტების - მ. მ-ისა და გ. ჰ-ას შემთხვევაში, შპს ,,...ას“ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ხოლო პაციენტ - მ. ქ-ის შემთხვევაში, უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ამავე პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამასთან, აღნიშნული პროგრამის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან: ა) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან მეორე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად, ხოლო მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება; ბ) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა პაციენტების - მ. მ-ისა და გ. ჰ-ას შემთხვევებთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდის ერთ უწყვეტ შემთხვევად განხილვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პაციენტების რეჰოსპიტალიზაცია არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებულმა მკურნალობამ (სამედიცინო მომსახურებამ) გამოიწვია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით კლინიკის ბრალეულობის საკითხის გამოკვლევა და დადგენა, არსებულ მოცემულობაში იყო უპირობოდ მნიშვნელოვანი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 10 თებერვლის №04-14/994 გადაწყვეტილებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №10/3561 გადაწყვეტილების დასაბუთებაც ამ კუთხით არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე დაყრდნობით იქნა დადგენილი, რომ სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდი წარმოადგენს ერთ უწყვეტ შემთხვევას.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, პაციენტები - მ. მ-ი და გ. ჰ-ა სტაციონარიდან გაეწერნენ „სტაბილიზაციით“. მეტიც, პაციენტ მ. მ-ისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების პროგრამული კოდი (დიაგნოზი) არ არის შპს „...ის“ მიერ წარდგენილი პროგრამული კოდის იდენტური, ანუ მას ორ სხვადასხვა კლინიკაში გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას და მიიჩნევს, რომ პაციენტების - მ. მ-ის და გ. ჰ-ას სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რაც ადასტურებს მითითებულ სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

პაციენტ - მ. ქ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ პაციენტს შპს ,,...აში“ ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით T51.0 - ეთანოლის ტოქსიური ეფექტი/ეთილის სპირტის ტოქსიური ეფექტი. კასატორის განმარტებით, ICD-10 საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით, T51.0 კოდის ქვეშ არ იგულისხმება მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან გადათრობის მდგომარეობა (F10.0), ლოთობა (F10.0), პათოლოგიური ალკოჰოლური ინტოქსიკაცია (F10.0). შესაბამისად, სადავო შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 18 მაისის №04-14/2005 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის №10/3372 გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას, თუ რა გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია მოპასუხემ, რომ ადგილი ჰქონდა T51.0 კოდის გამონაკლის შემთხვევებს (F10.0). ამგვარი გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არც სამართალწარმოების ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აქვე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში უზენაესი სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის ჩანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. დასახელებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ფაქტი ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის საკასაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე სამართლებრივად სრულყოფილად შეფასების საფუძველს, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 29 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 29 დეკემბრის N38041 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე