Facebook Twitter

№ბს-708(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): დაევალოს მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „...ზე“ გასცეს ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული პრემიისა და დანამატის შესახებ თანამდებობების მიხედვით, 2018 წლის მდგომარეობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა მოსარჩელის მიმართ გასცეს ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული დანამატის შესახებ თითოეული საშტატო ერთეულის მიხედვითა და 2018 წლის მდგომარეობით. თანამდებობრივი სარგოსა და პრემიის შესახებ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 8 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა ...ოს „...ის“ ჟურნალისტმა გ. ფ-ამ და მოითხოვა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ ინფორმაციის გაცემა და სტრატეგიასთან გათანაბრებული დოკუმენტაციის და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა შპს „...ის“ სარჩელი, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა: 1. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ ინფორმაციის გაცემა; 2. სტრატეგიასთან გათანაბრებული დოკუმენტაციის გაცემა; 3. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის გაცემა. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სამინისტროს კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გაუცია, რის გამოც, სამინისტროს უნდა დავალებოდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული ინფორმაციის გაცემა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2019 წლის 8 იანვრის წერილის საპასუხოდ გ. ფ-ას ეცნობა 2018 წლის განმავლობაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლების სასარგებლოდ ხელფასის, ჯილდოსა და დანამატის სახით გაცემული თანხების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე შპს „...მა“ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ ინფორმაციის გაცემა. 2019 წლის 3 ივლისს სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელთა სასარგებლოდ 2018 წლის მდგომარეობით გაცემული ფულადი სახსრების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავდა დეპარტამენტის თანამშრომელთა სასარგებლოდ მოთხოვნილ პერიოდში ხელფასის სახით თანხის ოდენობაზე მითითებას, ასევე, დანამატისა და ჯილდოს სახით გაცემული თანხის ოდენობაზე მითითებას (თითოეული კატეგორია ნათლად და გარკვევით არის მითითებული). ამავდროულად, სასამართლო დავალების საფუძველზე წარდგენილ იქნა სტარტეგიული განვითარების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს მითითებით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს გადაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ: დეპარტამენტის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა თანამდებობის და თანამდებრობრივი სარგოს მითითებით (სულ გათვალისწინებულია 9 საშტატო ერთეული, რომელთა თანამდებრივი სარგო თვეში შეადგენს 21000 ლარს). ასევე, ეცნობა, რომ მხარის მიერ მოთხოვნილ პერიოდში ხელფასის სახით დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაიცა 118681.95 ლარი, მიეთითა ჯილდოს და დანამატის სახით გაცემული თანხის შესახებ ინფორმაცია (თითოეულზე ცალ-ცალკე). წარდგენილი ინფორმაცია, საშტატო ნუსხაზე მითითება და თანამდებრობრივი სარგოს განსაზღვრა საკმარისი არ აღმოჩნდა და სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ გასცეს ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული დანამატის შესახებ, თითოეული საშტატო ერთეულის მიხედვით.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კონკრეტული თანამშრომლის იდენტიფიცირებას იწვევს, რაც ამ კონკრეტული პირების თანხმობას საჭიროებს. წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია უკვე გადაეცა, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება სამინისტროს მხრიდან არ შეზღუდულა. ამასთან, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ისიც, რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია გადაცემული ინფორმაციის ფარგლებში და ამ მიზნის მიღწევა არ არის აუცილებელი სხვა პირების (დეპარატმენტის თანამშრომელთა) პერსონალურ მონაცემთა შეზღუდვის ხარჯზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 8 იანვარს, შპს „...ის“ დირექტორმა - გ. ფ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს და მოითხოვა, შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა: 1. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულების თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ ინფორმაცია; 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სტრატეგიები, მათი არარსებობის შემთხვევაში კი, სტრატეგიებთან გათანაბრებული ან/და სხვა ტიპის სახელმძღვანელო დოკუმენტები; 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სტრატეგიების სამოქმედო გეგმა და აღნიშნული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი (ს.ფ. 16-17, 18-19, 16-17); ბ) 2019 წლის 3 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ხაჭაპურიძემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებზე 2018 წელს გაიცა 118681.95 ლარი ხელფასის სახით, 10120.00 ლარი ჯილდოს სახით და 22830.74 ლარი დანამატის სახით (ს.ფ 61); გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წლის 11 სექტემბრის მიმართვით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აგვისტოს განჩინების საფუძველზე სასამართლოში წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა, რომელშიც მიეთითა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში არსებული საშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ მოხელეთა მიერ მიღებული თვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დეპარტამენტში არსებული თითოეული თანამდებობის, აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმებულ მოხელეთა რიცხოვნობისა (რაოდენობის) და მათი თვიური თანამდებობრივი სარგოს მითითებით (ს.ფ 79).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება არ გასაჩივრებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მიზნებთან დაკავშირებით, კერძოდ, „სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“)“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, (1) მოხელეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას; (3) მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს; (4) მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება (ხელფასი) არის თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო. ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელფასო დანამატი არის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკლასო დანამატი არის მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი.

კასატორის შედავებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კონკრეტული თანამშრომლის იდენტიფიცირებას იწვევს, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 14.06.2023, №3144) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემი განიმარტებოდა როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, კერძოდ, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თანამდებობის პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირში“, მათ შორის, იგულისხმებიან საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს ნებისმიერი პირისათვის ინფორმაციის საჯაროობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მაგრამ აღნიშნული მოიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული დეფინიციის ფარგლებში - საჯარო ინფორმაციას, რაც არ გულისხმობს პერსონალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ასევე შეზღუდულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავების საფუძვლებითა და პრინციპებით. საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია ზოგადი წესის შესაბამისად, ხელმისაწვდომია, თუკი არ არსებობს მისი გასაიდუმლოების საფუძველი, როგორიცაა - ინფორმაციის პერსონალურ ინფორმაციად კვალიფიცირება. თავის მხრივ, ნებისმიერი პერსონალური, პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია დახურულია, თუკი არ არსებობს მისი გასაჯაროების საფუძველი. ასეთი საფუძველი შესაძლოა პირდაპირ იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან ინფორმაციის დამმუშავებელს თავად მოუწიოს არსებული ინტერესების დაბალანსებით, პროპორციული გადაწყვეტილების მიღება. პირადი ინფორმაციის დაცვის სტანდარტი განსხვავებულია თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა, მოხელეთა შემთხვევებში. აღნიშნულს განაპირობებს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და თანამდებობის პირთა და ადმინისტრაციულ ორგანოთა მიმართ მომეტებული საჯარო ინტერესის არსებობა. თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება №ბს-425-418(კ-15); 7 აპრილი, 2016 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა მოსარჩელის მიმართ გასცეს ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული დანამატის შესახებ თითოეული საშტატო ერთეულის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების საჯაროობას, ხოლო რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც არ ექცევიან „თანამდებობის პირთა“ ჩამონათვალში, მოპასუხე მხარე ვალდებულია გასცეს ასეთი ინფორმაცია დეპერსონიზებული სახით, რითაც სრულად იქნება მიღწეული ინფორმაციის საჯაროობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზანი და დაცული იქნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობს ინფორმაციის მიღების ლეგიტიმური და სათანადოდ დასაბუთებული მიზანი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლის სახით, რის გამოც, ასევე მართებულია დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე