საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-368(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელე) - ნ. მ-ა, ნა. მ-ა, შ. მ-ა, გ. მ-ა, ს. თ-ი, არასრულწლოვანები: ქ. თ-ა, მ. თ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. მ-ამ, ნა. მ-ამ, შ. მ-ამ, გ. მ-ამ, ს. თ-მა, ასევე არასრულწლოვანებმა: ქ. თ-ამ და მ. თ-ამ 2023 წლის 9 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 6 23 00000198 ბრძანების (2023 წლის 8 თებერვლის №IDP 5 23 00140778 გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეების ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ხოლო ნ. მ-ა არის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი და იმის გამო, რომ არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი, ცხოვრობენ ქირით ნ. ქ-ას საკუთრებაში. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადი შეფასდა 10 ქულით, თუმცა საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 ქულა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის №IDP 5 23 00140778 წერილით ოჯახს ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უსაფუძვლო და მოითხოვეს მისი ბათილად ცნობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ას, ნა. მ-ას, შ. მ-ას, გ. მ-ას, ს. თ-ის, ქ. თ-ას, მ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 6 23 00000198 ბრძანება (2023 წლის 8 თებერვლის №IDP 5 23 00140778 გადაწყვეტილება) დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების: ნ. მ-ას, ნა. მ-ას, შ. მ-ას, გ. მ-ას, ს. თ-ის, ქ. თ-ას, მ. თ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მისსავე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, მაშინ როდესაც სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასების მიღმა დარჩა ისეთი არსებითი ფაქტები, როგორებიცაა განმცხადებლის ოჯახის წევრთა რაოდენობა, მათი საცხოვრებელი ფართის სიდიდე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რისი გამოკვლევის ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ვეტერანი დევნილის ოჯახი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებულია 10 ქულით და უტყუარად დასტურდება, რომ ვეტერანი დევნილის ოჯახს არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად იძულებულია იცხოვროს ქირით, თუნდაც მის მიერ 2018 წელს გასხვისებულ ბინაში, არ ნიშნავს, რომ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამასთან, ის გარემოება, რომ ნ. მ-ას მიერ 2018 წელს გასხვისებული იქნა საცხოვრებელი ბინა, საკუთრებაში გააჩნია არასაცხოვრებელი, მსუბუქი კონსტრუქციის ავტოფარეხი, თავის მხრივ არ წარმოადგენს ომის ვეტერანი დევნილის ოჯახისთვის (მათ შორის ორი არასრულწლოვანი ბავშვის) ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს; ამასთან, პალატამ მიუთითა არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახმა 1998 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე, კორპ. N9, ბინა N38 და შემდეგ 2018 წელს გაასხვისა ერთ-ერთი მოსარჩელის ნა. მ-ას ძმის მეუღლეზე - ნ. ქ-აზე, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრების გამო. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სააგენტომ მოსარჩელეთა საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის №6 ოქმის საფუძველზე, კომისიის მიერ მოსარჩელეთა ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მათსავე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ 2023 წლის 14 თებერვალს გამოიცა ბრძანება №IDP 6 23 00000198.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების დეტალური შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებები სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშემ, რაც ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 6 23 00000198 ბრძანება (2023 წლის 8 თებერვლის №IDP 5 23 00140778 გადაწყვეტილება), რომლითაც უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, რა დროსაც მნიშვნელოვანია, შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. მ-ას შევსებული აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი და განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. განაცხადი გაკეთებულია მათთან და არადევნილ რძალთან ს. თ-თან ერთად. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ 1998 წლის 4 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. მ-ას საკუთრებაში ჰქონდა 36.00 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მდებარე - თბილისი, ...ის №9, რომელიც 2018 წლის 21 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ნ. ქ-ას საკუთრებად, სადაც ოჯახი აგრძელებს ქირით ცხოვრებას. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. მ-ას საკუთრებაა ამავე მისამართზე მდებარე 19.34 კვ.მ ავტოფარეხი. განმცხადებლის შვილს გ. მ-ას საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მისამართი - თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი, თუმცა მოსარჩელის ოჯახს, მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროიდან დღემდე საკუთრებაში არა გააჩნია საცხოვრებელი ბინა.
განაცხადის განხილვის შედეგად, ვინაიდან სააგენტომ მიიჩნია, რომ ოჯახმა ქონების გასხვისების მიუხედავად იმავე მისამართზე განაგრძო ცხოვრება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 6 23 00000198 ბრძანებით, მოსარჩელის ოჯახს ეთქვა უარი მათ მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო - სააგენტოს პოზიციით, მოცემული ეტაპისათვის არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ნ. მ-ას განაცხადი შეფასდა 10 ქულით (1,50 ქულა - საცხოვრებლის პირობები - ნაქირავები; 1.00 ქულა - 8 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი; 3,00 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 4 წევრი; 1,50 ქულა - ნ. მ-ას ომში მონაწილეობა/ომის ვეტერანი; 3,00 ქულა შ. მ-ა, ომში დაღუპული წევრი/წევრები, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან მათ საკუთრებაში არსებული 36.00 კვ. მ ფართთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად და მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა ნ. მ-ას ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება მათ მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინააღმდეგობაშია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან, შესაბამისად დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამო, ვერ განხორციელდა ნ. მ-ას დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
ამასთან, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობის თაობაზე, რამდენადაც „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა