Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-N553(კ-23) 26 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

პროცესუალური მოწინააღმდეგე - სს „...“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - სს „ს...ა“, შპს „...ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „...-მ“ 2019 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ 2018 წლის 12 ნოემბერს N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სს „...-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2019 წლის 28 თებერვლის N... გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის მითითებით, ლახავს მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, შესაბამისად მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით, სს „...-ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ. გურჯაანში, ...ს ქ. N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ... და ს/კ ...) გასხვისებისა და ვალდებულებებით დატვირთვის რეგისტრაციების განხორციელება.

სს „...-მა“ 2020 წლის 22 იანვარს დაზუსტებული სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და საბოლოოდ მოითხოვა:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 11 იანვრის N... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 თებერვლის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა;

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილების (შპს „გ…ზე“ 46906,00 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების (ს.კ....) რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა;

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 ივნისის N... გადაწყვეტილების (N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2705,00 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და შენობა ნაგებობების სს „ს...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა;

4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 ივნისის N... გადაწყვეტილების (N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3672,00 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების სს „ს...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა;

5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 იანვრის N... გადაწყვეტილების (N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შპს „ქ...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა;

6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 იანვრის N... გადაწყვეტილების (№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შპს „ქ...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა;

7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის N... გადაწყვეტილების (N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა;

8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის N... გადაწყვეტილების (N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა;

9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც სს „...-ის“ საკუთრებაში აღირიცხება ქ. გურჯაანში, ...ს ქ. N1-ში მდებარე 27205,00 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით, შეწყდა N3/29-19 ადმინისტრაციული საქმის წარმოება სს „...-ის“ სარჩელის გამო, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით, სს „...-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სს „ს...ა“ და შპს „მ...ი“.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებისათვის დადგენილ მოწესრიგებაზე, მიუთითა ძალაში მყოფ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე, კერძოდ, 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის N2-240 ბრძანებაზე, 2. სს „ს...ის“ დირექტორის 2012 წლის 30 აპრილის N1/12-0439 ბრძანებაზე, 3. სს „ს...ის“ დირექტორის 2015 წლის 12 იანვრის N1/15-2 ბრძანებაზე, 4. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) შესახებ 23.03.2016 წლის ხელშეკრულებაზე და 5. შპს მ...ის გენერალური დირექტორის ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ძალაშია და არ გაუქმებულა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართლებრივი დოკუმენტები, დაუშვებელი იყო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლები ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებად ცნობის აუცილებელ წინაპირობად ასევე მიიჩნევს იურიდიული ინტერესის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის ინტერესი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის გზით არ მიიღწეოდა, ვინაიდან ძალაში იყო და არ გაუქმებულა მათ საფუძვლად არსებული სამართლებრივი დოკუმენტები.

რაც შეეხება რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნას, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობიდან გამომდინარე, როგორც მისი თანამდევი შედეგი, ასევე უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მოსარჩელემ ასევე გაასაჩივრა საქმის განხილვის გადადებაზე უარის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინება და მიუთითა მისი მონაწილების გარეშე საქმის განხილვის დაუშვებლობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით, სს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს შეფასებას, რეგისტრაციების საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ძალაში ყოფნის პირობებში მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მიუღწევლობის შესახებ და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს, სასამართლოს უფლებამოსილებას დაეხმაროს მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაში. სააპელაციო პალატის შეფასებით სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ამდენად, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, თუკი სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებული სახით არ ასახავს მოსარჩელის ნებას, მის იურიდიულ ინტერესს, სასამართლო უნდა დაეხმაროს მას მოთხოვნის ფორმულირებაში, რა ვალდებულებაც საქალაქო სასამართლოს არ განუხორციელებია.

რაც შეეხება საქმის განხილვის გადადებაზე უარის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინებას, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად სს ,,...-ის“ წარმომადგენლისა და ადვოკატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს ინფორმირებულობისა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ სურდა პროცესის დისტანციურად (ვიდეოკონფერენციის მეშვეობით) წარმართვა. ამასთან, პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებული იყო ის ობიექტური მიზეზი, რის გამოც მხარე უარს აცხადებდა პროცესში ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიეღო მონაწილეობა. ის გარემოება, რომ დისტანციური სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა მთელი რიგი ხარვეზებით, გარდა აპელანტის არაერთი განცხადებისა, დასტურდებოდა ასევე საქმეში ჩართული მესამე პირის სს „ს...ის“ 2020 წლის 03 დეკემბრის (კანცელარიაში რეგისტრაციის დრო 17:00 საათი) განცხადებითაც. გარდა ამისა, პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებული იყო ის პატივსადები მიზეზი, რომელიც უნდა გამხდარიყო სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარის შესაგებელი თანდართული დოკუმენტაციით მოსარჩელეს არ ჩაბარებია და შესაბამისად, არ მიეცა შესაძლებლობა მომზადებულიყო ზეპირი შეჯიბრებისათვის, რაც საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის განხილვის გადადებაზე უარის თქმის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც სს „...-ს“ არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეთქვა საკუთარი პოზიცია და პირადად ან დამცველის მეშვეობით დაეცვა იგი. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე (სუს გადაწყვეტილებები: Nას-402-764-05 23 ივნისი, 2005 წელი; Nას-657-618-2012, 10 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1308-1234-2012, 4 თებერვალი, 2013 წელი) მითითებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უნდა გაუქმებულიყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განჩინებაში მითითებულია, რომ საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს იმ მოტივით, რომ სს „...-ს“ არ მიეცა შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი პოზიცია და პირადად ან დამცველის მეშვეობით დაეცვა იგი (განჩინების 6.2. პუნქტის ბოლო აბზაცი).

უდავოა, რომ სს „...-ის“ სარჩელზე სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 17 სექტემბერს, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული სხდომა ვერ შედგა და გადაიდო 2020 წლის 24 სექტემბერს, რაც ასევე გადაიდო ამავე წლის 2 ოქტომბერს, ხოლო შემდგომ - 2020 წლის 22 ოქტომბერს.

2020 წლის 22 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომა სს „...-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2020 წლის 11 ნოემბერს. 2020 წლის 11 ნოემბრის სხდომა გადაიდო 3 დეკემბერს, რომელიც აგრეთვე ვერ გაიმართა სს „...-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე. შესაბამისად, სხდომა გადაიდო ამავე წლის 8 დეკემბერს.

2020 წლის 8 დეკემბრის სხდომის გადადება კვლავ სს „...-ის“ წარმომადგენელმა მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული ჰქონდა სხდომა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა სხდომაზე დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. 2020 წლის 8 დეკემბრის სხდომის გადადება მოითხოვა აგრეთვე სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, გენერალურმა დირექტორმა, იმ დასაბუთებით, რომ იყო კოვიდინფიცირებულის კონტაქტი.

ზემომითითებული ფაქტები დასტურია იმისა, რომ 2020 წლის 17 სექტემბრის შემდგომ მოსარჩელის გარდა არცერთი მხარე არ ყოფილა სასამართლო სხდომების გადადებისა ან გაჭიანურების ინიციატორი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, რომლის იურიდიული მისამართია გურჯაანის რაიონი, დასაბუთება, რომ უწყებათა შორისი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ფიზიკურად ვერ შეძლებს წარმომადგენლის ან კომპანიის მინდობილი პირის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც საპატიო გარემოება და აღნიშნული არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის სურვილი დისტანციურად სასამართლო სხდომის გამართვასთან მიმართებით, მაშინ, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მართლმსაჯულების განხორციელების ერთადერთ საშუალებად სასამართლო სხდომათა სწორედ დისტანციური წესით გამართვა იქცა. აღნიშნულის დასტურია სააპელაციო სასამართლოს მითითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 1 დეკემბრის რეკომენდაციაზე, რომლის თანახმადაც, დადგინდა პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

რაც შეეხება უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მისი საფუძველი დოკუმენტების შესწავლის გზით, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მას სადავოდ არ ხდის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, ვინაიდან, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, შესაბამისად, ასეთ პირობებში სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე მითითება უსაფუძვლოა, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელე მეწარმე სუბიექტია და მის ინტერესებს იცავს ორი წარმომადგენლის დახმარებით.

კასატორის მოსაზრებით, საქმის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების პირობებში, იგივე სასარჩელო მოთხოვნებით მხარე ვერ შეძლებს მიზნის მიღწევას, სწორედაც იმ დასაბუთებით, რომ კანონიერ ძალაშია ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გახდა სადავოდ ქცეული რეგისტრაციების საფუძველი. მოსარჩელე კი, სასარჩელო მოთხოვნათა გაზრდას ვერ მოახერხებს იმ მარტივი მიზეზითაც, რომ ზემოხსენებული აქტების გასაჩივრების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა გასულია და ამ ეტაპზეც კი, სახეზეა სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქმის დაბრუნებას აქვს ფიქციური ხასიათი და საქმის გაჭიანურების გარდა არ აყენებს არანაირ შედეგს, მითუმეტეს მოსარჩელისათვის სასარგებლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

მოცემულ საქმეში, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატა ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ ის იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები, სს „ს...ის“ დირექტორის - ნ. ჭ-ის N1/15-2 ბრძანების საფუძველზე, საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით, გადავიდა შპს „ქ...ის“ საკუთრებაში, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ, 2016 წლის 23 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცა სახელმწიფოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 თებერვლის N... გადაწყვეტილებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაიყო ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთად და დარეგისტრირდა N... და N... საკადასტრო კოდებით. 2018 წლის 12 ნოემბერს, მოსარჩელემ N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სს „...“-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე „...“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, გასაჩივრებული რეგისტრაციების საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მოცემულ შემთხვევაში არ იყო მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული, თუმცა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას დაეხმაროს მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაში, რა ვალდებულებაც მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას არ განხორციელებულა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, სარჩელის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რისი დადგომაც სურდა მას და სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელისათვის უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა და დავის საგნის დაზუსტების შემდეგ ემსჯელა როგორც გასაჩივრებული აქტების კანონიერების, ისე მოსარჩელის რეალურად მიღწევადი და აღსრულებადი უფლების შესახებ. ამდენად, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს - რა უფლების მოპოვებისთვისაც მიმართა მან სასამართლოს და რა იყო მისი ინტერესი.

მოხმობილ გარემოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას, ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს და რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მნიშვნელოვანი იყო სასამართლო დახმარებოდა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტებაში/ტრანსფორმირებაში, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულებას (იხ.სუსგ საქმე Nბს-729-721(კ-16), 23.02.2017წ.; საქმე Nბს-639(2კ-22), 16.03.2023 წელი).

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოთხოვნებისა და მოსარჩელის იურიდიული ინტერესის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მიზანშეწონილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელდეს ინკვიზიციურობის პრინციპის დაცვით ახალი მტკიცებულებების მოპოვებით საქმის გარემოებების სრულყოფა, რამეთუ საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების მოპოვების სადავოობას, რასთან დაკავშირებით კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების სარწმუნოდ დადასტურება მრავალსაფეხურიანი ინსტანციურობის პირობებში უდავოდ მიიღწევა, შესაბამისად საქმის განხილვის გაჭიანურებულ ვადაზე კასატორის მითითება ვერ გადაწონის ეფექტური მართლმსაჯულების უმთავრესი მიზნის მიღწევას.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ საქმის განხილვის გადადებაზე უარს და მხარის მონაწილეობის გარეშე დავის ზეპირ განხილვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებასთან. უფლების სასამართლო წესით დაცვის კონსტიტუციურ გარანტს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის, რომლის მიხედვითაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია, რაც თავის მხრივ მოიცავს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგია ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ მიუხედავად სს ,,...-ის“ წარმომადგენლისა და ადვოკატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს ინფორმირებულობისა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ სურდა პროცესის დისტანციურად (ვიდეოკონფერენციის) წარმართვა, იმის გამო, რომ დისტანციური სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა მთელი რიგი ხარვეზებით, რაც გარდა მოსარჩელის არაერთი განცხადებისა, დადასტურებულია საქმეში ჩართული მესამე პირის სს „ს...ის“ 2020 წლის 03 დეკემბრის განცხადებითაც. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება, რაც ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, „...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ.Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, 2011, p.390). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების შესახებ.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა