საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-667(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ტ. მ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ტ. მ-მა 2022 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოპასუხედ დაასახელა საქართველოს პრეზიდენტი და მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 17 მაისის N196 ბრძანებულების ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, ტ. მ-ი დაიბადა და დღემდე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ტ. მ-მა მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუმცა სპეც. სამსახურების მიერ მიწოდებული ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 17 მაისის N196 ბრძანებულებით შეუწყდა მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლით, რაც ლახავს ტ. მ-ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ტ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ტ. მ-ის მიმართ, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, არ გავრცელდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით და ამავე დროს, დადგენილია, რომ ტ. მ-მა მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და მის სახელზე 09.02.2017 წელს გაიცა რუსეთის ფედერაციის პასპორტი N..., შესაბამისად, დადასტურებულია, რომ პირს უკვე მიღებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამდენად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, არსებობდა მოქალაქეობის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ტ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება-გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. მ-მა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ რეალურად არსებობს საფრთხე ტ. მ-ის მხრიდან და ამიტომ არ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ტ. მ-ს არასოდეს ჩაუდენია დანაშაული, იგი არ იმყოფება ძებნაზე, არ არის ნასამართლევი, შესაბამისად, გაურკვეველია თუ კონკრეტულად რა პრობლემა არსებობს მის პიროვნებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით, მით უფრო მაშინ, როდესაც ის პოლიციაშიც კი არ ყოფილა დაბარებული. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი მითითება მოსარჩელის მხრიდან თითქოსდა არსებული საფრთხის თაობაზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და აბსტრაქტული, რაც ლახავს ტ. მ-ის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს, შესაბამისად არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 17 მაისის N196 ბრძანებულების კანონიერება, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წინაპირობები კი ამომწურავად არის მითითებული დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი რეგულირდება აგრეთვე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით“, რომლის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ...საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ... წელს საქართველოში დაბადებულმა ტ. მ-მა მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და მის სახელზე 09.02.2017 წელს გაიცა რუსეთის ფედერაციის პასპორტი N....
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 17 თებერვალს, ტ. მ-მა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე (2022 წლის 28 თებერვლის N SSG 5 22 00031497 წერილი), რომლითაც მოქალაქეობის შენარჩუნება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული, მოამზადა უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა 2022 წლის 3 მაისის N1000802107 განცხადება/წარდგინება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ტ. მ-ის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე და მოამზადა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად მიიჩნია ტ. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის გამო. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 17 მაისის N196 ბრძანებულებით ტ. მ-ს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არსებობდა ტ. მ-ის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც მისი მოთხოვნა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე მართებულად არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გამოირიცხა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება, რა გარემოებაც ტ. მ-ის შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რაც ცალსახად ადასტურებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას - მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ტ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 18.07.2024 წ. N22903716706 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი -უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს - ტ. მ-ს დაუბრუნდეს 18.07.2024 წლის N22903716706 საგადახდო დავალებით ე. მ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა