Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-676(კ-24) 12 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)- ა. მ-ი (კანონიერი წარმომადგენელი - ს. კ-ე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 12 დეკემბერს ა. მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - ს. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა (დედა) აღნიშნა, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ, რა პერიოდშიც (2019-2022 წწ.) მისი შვილი - ა. მ-ი ცხოვრობდა მამასთან - ზ. მ-ითან. ს. კ-ეის განმარტებით, ზ. მ-ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, ხოლო იძულების ბერკეტად ზ. მ-ი იყენებდა არასრულწლოვან შვილს. მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის, ბავშვის მუდმივად უმეთვალყურეოდ დატოვების, საცხოვრებელ სახლში ბავშვისთვის გაუსაძლისი, ანტისანიტარული პირობებისა და ეკონომიკური ძალადობის გამო, ს. კ-ე შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მის დასაცავად, მუდმივად საცხოვრებლად დაბრუნდა საქართველოში. ბავშვის სკოლის პედაგოგმა მას შეატყობინა ბავშვის - ა. მ-ის მიერ სკოლის ხშირი გაცდენის თაობაზე, ხოლო არასაპატიო მიზეზით ბავშვის მიერ 45 დღის გაცდენის შემთხვევაში, ბავშვი გაირიცხებოდა სკოლიდან. ს. კ-ემ მიმართა სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლას ბავშვის ვანის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში მობილობის თაობაზე, რაზედაც ეთქვა უარი. ს. კ-ეის განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციამ, ასევე, სამინისტრომ არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები და უგულებელყო ს. კ-ეის მიმართ ბავშვის მამის მიერ განხორციელებული ძალადობა და ის ფაქტი, რომ ბავშვი წლების განმავლობაში ძალადობრივ გარემოში იზრდებოდა. სამინისტრომ არ შეასრულა მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება - ბავშვისთვის შეექმნა მშვიდი, უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემო, არამედ ბავშვის დედას ხელი შეუშალა, განეხორციელებინა მშობლის უფლებამოსილება - იზრუნოს საკუთარ შვილზე და ხელი შეუწყოს მის ჰარმონიულ განვითარებას.

მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი - ს. კ-ე ასევე განმარტავს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ბავშვის მამას - ზ. მ-ის შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ა. მ-ის მიმართ განათლების მიღების (მათ შორის, საჯარო სკოლაში მობილობის) ნაწილში, რაც დაუყოვნებლივ მიექცა აღსასრულებლად. აღნიშნული განჩინებით შესაძლებელი გახდა ბავშვის მობილობა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვი, მიმდინარე პერიოდში, სასკოლო პროცესში ყოველდღიურად იღებს მონაწილეობას, თუმცა მოპასუხე სამინისტროს უმოქმედობის, გულგრილი დამოკიდებულებისა და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფის გამო ჩამორჩება სასწავლო პროგრამას და დამატებით საჭიროებს როგორც ფინანსურ, ისე მენტალურ ძალისხმევას, რომ შეძლოს განათლების უფლებით სრულფასოვნად სარგებლობა, აღიდგინოს ჯანმრთელი ფსიქიკური მდგომარეობა და გაუმკლავდეს სკოლის გაცდენით და სასწავლო პროცესის ჩამორჩენით გამოწვეულ ტრავმას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - ს. კ-ემ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: განათლების უფლების შეზღუდვის, პატივისა და ღირსების შელახვის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსარჩელე ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ა. მ-ი იმყოფებოდა ძალადობრივ გარემოში, მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი საჭიროებების უგულებელყოფას, მამასთან ცხოვრების პერიოდში ფიქსირდებოდა სასწავლო პროცესის გაცდენები, ასევე, მამის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და უარი განაცხადა ა. მ-ის მობილობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შეიცვალა სახელწოდება და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად ეწოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები - სათანადო წესით არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა. პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფას და აღნიშნულის შედეგად მისი განათლების უფლების შეზღუდვას, პატივისა და ღირსების შელახვას ადგილი არ ჰქონია, რაც თავის მხრივ, სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - ს. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ განათლების მიღების უფლება თანაბრად ეხება როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან პირს. არასრულწლოვანთან მიმართებით კი, დამატებით დასადგენია მშობლების როლი. მართალია, ბავშვთან მიმართებით მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ განათლების საკითხს, თუმცა მშობელი, რომელიც ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, არ შეიძლება დაცვის ქვეშ მოექცეს.

კასატორი სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მართალია, შვილის განათლებასთან დაკავშირებით მშობლებს შორის დავა კერძო ხასიათისაა, თუმცა იმ გარემოებების ფონზე, როცა ოფიციალური უწყების - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებული იყო ბავშვის მამის მიერ ნეგატიური მშობლობა, უგულებელყოფის ფაქტები, მოპასუხე სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსით, არამედ უნდა გაეთვალისწინებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავისი პოზიტიური ვალდებულება ბავშვის მიერ განათლების უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან ყველა ზომის მიღებაზე. კასატორის მოსაზრებით, სამინისტროს, სულ მცირე, უნდა მიეღო იმგვარი დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეაყოვნებდა არასრულწლოვანის უფლების რეალიზებას. სკოლამ, სადაც ბავშვი სწავლობდა, ასევე სამინისტრომ, ფაქტობრივად, უარი თქვეს თავიანთი ფუნქციების შესრულებაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია თითოეული ბავშვისათვის უზრუნველყოს გარემო, რომელშიც მოხდება მათი პიროვნული ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების სრული მოცულობით წარმოჩენა, ზოგადი განათლების მიღება და იმ უნარების განვითარება, რომელიც მოამზადებს ბავშვს თავისუფალ, მაღალი ღირებულებების მქონე სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. კონვენცია მკაცრად განსაზღვრავს, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია გამოიყენოს ყველა ხელშემწყობი ღონისძიება, რათა ბავშვებმა რეგულარულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ სკოლაში განათლების მიღება; სახელმწიფომ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უნდა მიმართოს, რათა ბავშვი დაიცვას მშობლების, კანონიერი მეურვეობის ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა ბავშვის საჭიროებები და ამის მიხედვით ემოქმედა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული იქნა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს მშობლების უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ. კასატორი აღნიშნავს, ბავშვის ადვოკატს რომ არ მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, ა. მ-ი დღეს სკოლიდან გარიცხული იქნებოდა, ვინაიდან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სამოქალაქო საქმეზე ბავშვის განათლების საკითხის მიბმა გაურკვეველი ვადით, ბავშვს საგანმანათლებლო პროცესის მიღმა დატოვებდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმოქმედობა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება, ბავშვის საჭიროებებისა და იმ საფრთხეების გაუთვალისწინებლობა, რომელთა წინაშეც ა. მ-ი იდგა, ბავშვის ძალადობრივ გარემოში ცხოვრების ფაქტის უყურადღებოდ დატოვება წარმოადგენს ა. მ-ის მიმართ სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც არის უმოქმედობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის მოსარჩელისათვის ანაზღაურების აუცილებელი წინაპირობა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მაშინ, როდესაც სამინისტრომ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები და მისი უმოქმედობის გამო ა. მ-ის გაუჩნდა შიშები სკოლასთან, ცხოვრების რიტმის შეცვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლზე, რომლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან. ხოლო „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით (პირველი მუხლი). ხსენებული კოდექსი ახდენს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დეფინიციას, კერძოდ, მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებია ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა. მ-ი (დაბ. ...წ.) სწავლობდა სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლაში. ამ პერიოდში იგი ცხოვრობდა მამასთან - ზ. მ-ითან, ხოლო დედა - ს. კ-ე იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

დადგენილია, რომ ს. კ-ემ 2022 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლას, არასრულწლოვანის ვანის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში მობილობაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით. 2022 წლის 24 ოქტომბერს ზ. მ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სადაც იგი უარს აცხადებდა მისი შვილის - ა. მ-ის ვანის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში მობილობის საკითხზე. 2022 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ბავშვის მამის განცხადება გადაუგზავნა სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლას და წერილში აღნიშნა, რომ ა. მ-ის მშობლებს შორის მიმდინარეობდა დავა, სასამართლო დავის დასრულებამდე და/ან ორივე მშობლის თანხმობის გარეშე არ უნდა დადასტურებულიყო მობილობის ელექტრონული მოთხოვნა, ასევე ბავშვის მიერ ზედიზედ სკოლაში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, სკოლას უნდა განეხორციელებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერს ა. მ-ის ადვოკატმა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. განცხადებაში ადვოკატი აღნიშნავდა, რომ ბავშვის სურვილი იყო ეცხოვრა დედასთან. ბავშვის მამის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, ასევე არასრულწლოვანის მიმართ მამის მხრიდან დაფიქსირდა უგულებელყოფისა და ანტისანიტარულ გარემოში ყოფნის ფაქტები. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამო, დედა საცხოვრებლად რჩებოდა საქართველოში, ბავშვის საუკეთესო ინტერესი იყო - მას სწავლა გაეგრძელებინა სკოლაში დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, იგი ითხოვდა მობილობაზე თანხმობის გაცემას.

2022 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასრულწლოვანის ადვოკატს აცნობა, რომ მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტრო იმოქმედებდა კანონმდებლობის და კომპეტენციის ფარგლებში, ამასთან, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლზე. სამინისტრომ ზ. მ-ისა და ს. კ-ეის განცხადებები, ასევე ამავე საკითხზე მათთან არსებული კორესპონდენციები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაუგზავნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლის 2022 წლის 2 ნოემბრის წერილით ა. მ-ის კანონიერ წარმომადგენელს ს. კ-ეს ეცნობა სასწავლო პროცესის გაცდენის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ადრესატს ასევე ეცნობა, რომ ბავშვის მამის მიერ წარდგენილი იყო განცხადება, რომლითაც ის მობილობის თანხმობაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად, ბავშვის დედას მიეცა რეკომენდაცია უზრუნველეყო ბავშვის სკოლაში გამოცხადება.

საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი ბავშვის - ა. მ-ის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას, მისი განათლების უფლების შეზღუდვას, პატივისა და ღირსების შელახვას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის მე-14 ზოგად კომენტარზე, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების საკითხს ეთმობა: „32. ... ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება მოქნილი და ადაპტირებადია. იგი უნდა შეიცვალოს და დადგინდეს ინდივიდუალურ დონეზე, ბავშვის ან ბავშვების კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი პიროვნული კონტექსტის, მდგომარეობის და საჭიროებების მხედველობაში მიღების საფუძველზე. ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა შეფასდეს და დადგინდეს კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებების ჭრილში. 39. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მესამე მუხლის პირველი პუნქტი სიტუაციათა ფართო სპექტრს მოიცავს, კომიტეტი აღიარებს მისი გამოყენებისას გარკვეული დონის მოქნილობის საჭიროებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები - შეფასების და დადგენის შემდეგ - შესაძლებელია, წინააღმდეგობაში მოვიდეს სხვა ინტერესებსა თუ უფლებებთან (მაგალითად, სხვა ბავშვების, საზოგადოების, მშობლების და ა.შ.). ბავშვის საუკეთესო ინტერესებს - ინდივიდუალურ დონეზე თუ ბავშვთა ჯგუფის შემთხვევაში ზოგად დონეზე - შორის პოტენციური კოლიზია უნდა გადაიჭრას ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა ინტერესების სიფრთხილით დაბალანსების და შესაფერი კომპრომისის პოვნის გზით. თუკი ჰარმონიზაცია შეუძლებელია, ოფიციალურმა ორგანოებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გააანალიზონ და შეაფასონ ყველა ჩართული პირის უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს აქვს მისი უფლებების უპირატესად გათვალისწინების უფლება, რაც გულისხმობს, რომ ბავშვის ინტერესები მაღალპრიორიტეტულია და არ წარმოადგენს რიგით ფაქტორს. შესაბამისად, უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, რაც ბავშვს საუკეთესოდ ემსახურება“ (https://digitallibrary.un.org/record/778523?v=pdf).

ასევე აღსანიშნავია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი“, რომელიც არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - მობილობა).

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით, ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას. მობილობის პროცესში მონაწილე მხარეები არიან ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე; ბ) მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მობილობის შესახებ წერილობით მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის მოსწავლე და მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას („წესის“ 31 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები).

ზემოხსენებული „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.

„წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც მობილობა დაუშვებელია, კერძოდ: ა) კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე; ა1) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სწავლა დაიწყეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის დაწყების თარიღზე (შემდგომში – სასწავლო წლის დაწყების თარიღი) გვიან. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირველი კლასის მოსწავლეებზე, რომლებსაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი შეუსრულდათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით და სწავლობენ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც სწავლა დაიწყეს სასწავლო წლის დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვისა; ბ) სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში; გ) მე-12 კლასელებისათვის მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.

ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, უფლებამოსილია „წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე („წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი).

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მობილობის პროცესში მონაწილე მხარეა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი კი უფლებამოსილია, ობიექტური მიზეზების არსებობისას, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში/შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე სამინისტრო მობილობის პროცესში მონაწილე მხარე არ არის, ის არც მობილობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეა უფლებამოსილი. შესაბამისად, იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა სამინისტროს, არ შედიოდა სამინისტროს კომპეტენციაში და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, ა. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მშობლის მოვალეობას შვილების მიმართ, კერძოდ, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს; 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება; 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა; 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას; 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება; 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ხოლო 1200-ე მუხლის შესაბამისად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის“ შესაბამისად, მოსწავლის მობილობის პროცედურის დაწყების საფუძველია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვა მობილობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ 2022 წლის 24 ოქტომბერს, ანუ იმავე დღეს, როდესაც ა. მ-ის დედამ - ს. კ-ემ მობილობის შესახებ წერილობით განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლას, ა. მ-ის მამამ - ზ. მ-იმა წერილობით უარი განაცხადა მისი შვილის - ა. მ-ის მობილობის საკითხზე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი მშობელი (მამა) უარს აცხადებდა ბავშვის მობილობაზე და ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ა. მ-ის მშობლებს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მხოლოდ ერთი მშობლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მობილობის განხორციელების შეუძლებლობაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მშობლებს ბავშვის მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, მოპასუხე სამინისტრომ კანონშესაბამისად მიუთითა სასამართლო დავის დასრულებამდე ან/და ორივე მშობლის თანხმობის გარეშე მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დაუდასტურებლობაზე, ასევე ბავშვის მიერ ზედიზედ სკოლაში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით სკოლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. მ-ის ძალადობრივ გარემოში ყოფნისა და მობილობის განხორციელების აუცილებლობას. ის გარემოება, რომ ბავშვის მამის - ზ. მ-ის მიმართ, მსხვერპლის - ს. კ-ეის დაცვის მიზნით, გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი (17.10.2022წ.), ვერ იქნება მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, ვინაიდან შემაკავებელი ორდერი გამოიცა არა ბავშვის - ა. მ-ის, არამედ ბავშვის დედის - ს. კ-ესთან მიმართებით. მამასთან ცხოვრების პერიოდში ძალადობრივ გარემოში ყოფნის ფაქტი ასევე არ დადასტურდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს) 2022 წლის 29 ნოემბრის დასკვნითაც. დასკვნაში მითითებულია, რომ ა. მ-ის სურვილი აქვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან და მის ოჯახთან, ასევე მამასთან და მის ოჯახთან, მაგრამ სურვილი აქვს ძირითადად ცხოვრობდეს დედასთან ვანში და იაროს ვანის ...ის საჯარო სკოლაში. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის - დედის პრეტენზიას ა. მ-ის მამასთან ცხოვრების პერიოდში დაფიქსირებულ საგაკვეთილო პროცესის გაცდენებთან დაკავშირებით (გაცდენა დაფიქსირებულია 2022 წლის 10, 11, 12 და 13 ოქტომბერს) და აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 18 ოქტომბრის (ექიმთან მიმართვის თარიღი) ჯანმრთელობის მდგომარეობის №1438 ცნობით ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში ა. მ-ის უფიქსირდება მწვავე რესპირატორული დაავადება (...). სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული რომ ა. მ-ი ათეულობით სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდებოდა სკოლაში, რის გამოც იგი მოსწავლის სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე იდგა, რაც ხელყოფდა ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლებას.

ასევე საგულისხმოა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დაპირებისამებრ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, 2022 წლის 27 ოქტომბერს, ზ. მ-ისა და ს. კ-ეის განცხადებები, ასევე, ამავე საკითხზე მასთან არსებული კორესპონდენციები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2022 წლის 15 ნოემბერს ა. მ-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით. მხარემ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იშუამდგომლა დროებითი განკარგულების გამოცემა ზ. მ-ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, ა. მ-ის მიმართ განათლების მიღების ნაწილში. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა დროებითი განკარგულების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა და ზ. მ-ის შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება 2014 წლის 14 სექტემბერს დაბადებული ა. მ-ის მიმართ განათლების მიღების (მათ შორის, საჯარო სკოლაში მობილობის) ნაწილში. რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება წარედგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც განჩინება შემდგომი რეაგირების მიზნით, 2022 წლის 28 ნოემბერს გადაუგზავნა სსიპ ქალაქ საგარეჯოს №... საჯარო სკოლას, ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლასა და ქალაქ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს. სწორედ აღნიშნული განჩინება გახდა ვანის რაიონის, სოფელ ...ის საჯარო სკოლაში ა. მ-ის სწავლის გაგრძელების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, ზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ზემოთ მოცემული პირობები კუმულაციური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი და მათგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ანუ, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა მის სასარგებლოდ სამინისტროსთვის ზიანის დაკისრების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე