Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-905(კ-24) 19 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირები - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ნ. ნ-ე, მ. ნ-ე, ნი. ნ-ე, ქ. ნ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 8 თებერვალს რ. ნ-ემ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა

დუშეთის მერიის 2018 წლის 6 დეკემბრის №01076 ადგილზე დათვალიერების ოქმის, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 6 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან მიწის ნაკვეთი არასწორად იქნა რეგისტრირებული ნ. ნ-ეის და სხვათა თანასაკუთრებად. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არასწორად მოახდინა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია. აღნიშნულ ოქმს კი ხელს აწერენ არა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, არამედ სხვა პირები. მოსარჩელე ასევე არ ეთანხმება სხვა გასაჩივრებული აქტების დასაბუთებას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა დუშეთის რაიონში, სოფელი ...ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით: ...; ნაკვეთის წინა ნომერი ...) გასხვისების უფლების რეგისტრაციის განხორციელება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ნ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით რ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოებისას და სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადება-გამოცემისას დადასტურდებოდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ ძველი საარქივო ცნობითა და მიწის განაწილების სიით არ შეიძლება საკუთრების უფლების დადგენა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ შემდგომი თარიღის საარქივო ცნობა ვერ იქნა მოძიებული, ეს მოქალაქის მტკიცების საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. კასატორის განმარტებით, იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ რ. ნ-ე აღარ ირიცხებოდა კომლში და მას არ გააჩნდა საკუთრება, არ არსებობს. საქმეში არსებული მასალებით კი ირკვევა, რომ რ. ნ-ეის მხრიდან საკუთრებაზე მოთხოვნის უფლება წარმოშობილია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს 2018 წლის 6 დეკემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №01076 ოქმისა და ამ დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული, უძრავ ნივთზე ნ. ნ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება იმ მოტივით, რომ ნ. ნ-ეის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ადგენდა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამდენად, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის უტყუარად დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა დაადგინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნ. ნ-ეის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი წერილით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მოთხოვნით. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილზე დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ შპს „ლ...ს“ მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე ასახული 3283 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეესაბამება მიწის (უძრავი ქონების) 27.12.2001წ. №6179/2001 სააღრიცხვო ბარათსა და 04.07.2018წ. №31/91770 საარქივო ცნობაში წარმოდგენილ უძრავ ნივთს. შესაბამისად, დადასტურდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და იდენტურობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მიწის ნაკვეთების იდენტურობა დადგინდა საქართველოს კანონმდებლობის პროცედურული და მატერიალური ნორმების დაცვით, ადგილზე დათვალიერებითა და შესაბამისი პირების ჩართულობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, განსახილველ შემთხვევაში, გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებანი და იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს, სადავო აქტის (ადგილზე დათვალიერების ოქმი) უკანონობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც მიუთითებდა არსებით პროცედურულ დარღვევაზე ან გამორიცხავდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის სისწორეს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს კასატორის პოზიცია სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით.

საქმის მასალებში არსებული, 2018 წლის 4 ივლისის №31/91770 საარქივო ცნობის თანახმად, დუშეთის რაიონის ...ს სასოფლო-საბჭო-საკრებულოს სოფელ ...ს 1986-1996წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია გ. გი.-ს ძე ნ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ნ-ე გ. გი.-ს ძე - ოჯახის უფროსი, მცხ. ...ში; 2. ვ-ი ლ. გ.-ს ასული - ცოლი, მცხ. ...ში; 3. ნ-ე ნი. გ.-ს ასული - შვილი; 4. ნ-ე მ. გ.-ს ასული - შვილი; 5. ნ-ე მა. გ.-ს ასული - შვილი; 6. ნ-ე ქ. გ.-ს ასული - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 1986-1990წწ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1969წ. 1986-1991წწ. მიწა სულ 0,51. სოფელ ...ს 1997-2006წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია გ. გი.-ს ძე ნ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ნ-ე გ. გი.-ს ძე - ოჯახის უფროსი, 2. ვ-ი ლ. გ.-ს ასული - ცოლი, 3. ნ-ე ნი. გ.-ს ასული - შვილი; 4. ნ-ე მ. გ.-ს ასული - შვილი; 5. ნ-ე მა. გ.-ს ასული - შვილი; 6. ნ-ე ქ. გ.-ს ასული - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 1997წ. საცხოვრებელი სახლი სასარგებლო ფართობი 24კვ.მ. ...ს საკრებულოს 1997 წლის მიწის რეფორმის კომისიის მასალების მიხედვით, გ. გი.-ს ძე ნ-ე სოფელ ...ში რეფორმამდე ფლობდა სათიბს 0,5 (1 გადახაზულია), რეფორმით მიღებულ სათიბს - 1,00 (გადახაზულია) 0,50, სულ მთლიანად ფართობი 1, (51 ხაზია გადასმული) 00 (ტომი 1, გვ. 43-44). საქმის მასალებს ასევე ერთვის 2001 წლის 27 დეკემბრის №6179/2001 მიწის 19 (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რომლის მიხედვით, დუშეთში, ...ში, სოფელ ...-...ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია ნ-ე გ.-ს ოჯახი, საგადასახადო სიაში რიგის №48 (ტომი 1, გვ. 119, 120-121).

პალატა მხარის საყურადღებოდ დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ- სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. კანონი ასევე განსაზღვრავს სარეგისტრაციო დოკუმენტის დეფინიციას, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამდენად, პირი, რომელიც მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით, იმავდროულად ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც წარმოშობს მოთხოვნის რეგისტრაციის შესაძლებლობასა და საფუძველს. ამასთან, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია ხსენებული კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით. შესაბამისად, დაინტერესებული პირის - ნ. ნ-ეის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო იმის საფუძველი, რომ განხორციელებულიყო რეგისტრაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირობებს ადგენს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო ორგანოში მესამე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარისი საფუძველი იყო. შესაბამისად, მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ვერ გახდება სადავო რეგისტრაციის, ასევე, მოსარჩელის განცხადებაზე რეაგირების მიზნით გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ვ-ეს რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარზე 27.09.2024წ. №1727437620 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ვ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება;

3. გ. ვ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარზე 27.09.2024წ. №1727437620 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე