საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-93(კ-24) 12 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ი. კ-ა
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 9 ივლისს ი. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან დევნილი, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. 1998 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ...ში. აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში. 1998 წლიდან სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის არაერთი მადლობა აქვს მიღებული, სწორედ ამიტომ, 2016 წელს დააწინაურეს და მისცეს ...ის წოდება. ბოლო 11 წლის განმავლობაში სამსახურიდან დათხოვნამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ...ში ...ად.
2017 წლის 15 ივნისს ი. კ-ა ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ...ს ...ს დასაცავ ობიექტზე, ყოველდღიური ცვლის რეჟიმში, დაახლოებით დილის 11:30 საათზე უცნობი პირი, რომელსაც ახლდა ქალბატონი, უნებართვოდ შეიჭრა ...ს შენობის შესასვლელ ტერიტორიაზე, სადაც უცხო პირის შესვლა თავისუფალი მოძრაობის რეჟიმში შეზღუდულია. მოქალაქის ასეთ ქმედებაზე მოსარჩელემ, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მოახდინა რეაგირება. კერძოდ, სთხოვა შეჩერებულიყო რა, დროსაც უცნობი მოუტრიალდა და მუქარის ტონით აგრესიულად უპასუხა, რის შემდეგაც მოსარჩელე კვლავ შეეცადა გაერკვია, რა მიზეზით ან ვისთან სურდა მოქალაქეს ...ში შესვლა, რის გამოც მოქალაქემ მიაყენა არაერთი სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეეცადა კვლავ შენობაში შეჭრას, მუქარით გაიწია ი. კ-ასკენ და შეეცადა ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ი. კ-ას თანამშრომლებს მოუწიათ ჩარევა და მოქალაქე ძალის გამოყენებით გაიყვანეს საკონსულოს შენობიდან. აღნიშნული პირი კვლავ აგრძელებდა ი. კ-ას მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვას და მუქარას. მოსარჩელის განმარტებით, ი. კ-ამ დაურეკა მის უშუალო ხელმძღვანელს და მოახსენა მომხდარის შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ მოსარჩელე დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სადაც დაწერა ახსნა-განმარტება და უთხრეს, რომ საყვედურს გამოუცხადებდნენ. მოსარჩელისთვის გაურკვეველი იყო, რატომ უნდა გამოეცხადებინათ საყვედური, როდესაც იგი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანების საფუძველზე ი. კ-ას შეეფარდა დისციპლინური სახდელი და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/6750-17) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების განჩინებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თითქოს დამატებით გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიღებული დასკვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 მაისის MIA 9 21 01259112 ბრძანებით ი. კ-ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. მოსარჩელის განმარტებით, გენერალური ინსპექციის დასკვნა, რაც გახდა საფუძველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების, არის ზუსტად იდენტური პირვანდელი დასკვნის. საქართველოს გენერალური ინსპექცია არ დაინტერესებულა გამოერკვია, რატომ ემუქრებოდა მოქალაქე ი. კ-ას და რატომ ცდილობდა საკონსულოს შენობაში თვითნებურად შეჭრას. დასაცავი ობიექტიდან - ...ს ...ს უსაფრთხოების სამსახურიდან ამოღებული ვიდეოფირზე ნათლად ჩანას, როგორ შეურაცხყოფს და წინააღმდეგობას უწევს და როგორ ცდილობს ფიზიკურად გაუსწორდეს მოქალაქე - ნ. ჩ-ი, ი. კ-ას.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სანიმუშო თანამშრომელი იყო, ასევე ის გარემოება, რომ ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი და ოჯახს მის გარდა მარჩენალი არავინ ჰყავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 მაისის MIA 9 21 01259112 ბრძანების, ი. კ-ას დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; ი. კ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნის, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული MIA 7 21 01417772 აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ი. კ-ას განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით ი. კ-ას სარჩელზე მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, პოლიციის ... ი. კ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე გამოცემული შსს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2021 წლის 4 ივნისს გამოცემული MIA 7 21 01417772 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ი. კ-ას დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 მაისის MIA 9 21 01259112 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ი. კ-ას განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 მაისის MIA 9 21 01259112 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ი. კ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით. სადავო აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები, თუმცა საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. კერძოდ, სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია გამოყენებული ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების (სამსახურიდან განთავისუფლება) შერჩევის მიზანშეწონილობა, ანუ არ დაუსაბუთებია სხვა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენება, რატომ იყო შეუძლებელი და რატომ ვერ იქნებოდა ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენებით მიღწეული შესაბამისი შედეგი, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიმართ, მანამდე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე არ არის დასაბუთებული რა მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი მიადგა ან/და მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად შეილახა თუ არა მოქალაქეთა უფლებები და სამსახურის პრესტიჟი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ვიდეომასალაში ასახული კონფლიქტი პროვოცირებულია ნ. ჩ-ის ქმედებით, კერძოდ, იგი ცდილობდა საელჩოს ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლას და ი. კ-ას კანონიერი მოთხოვნის საპასუხოდ, ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია მხარეთა შორის დაპირისპირება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას, ერთი მხრივ, დაწვრილებით და ამომწურავად უნდა გამოიკვლიოს და მიუთითოს მოსამსახურის მიერ ჩადენილ გადაცდომაზე, მეორე მხრივ კი, უნდა დაასაბუთოს, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ქმედების ინტენსივობის, გადაცდომის ხასიათისა თუ ოდენობის გათვალისწინებით სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულ, თანაბარზომიერ და შესაფერის ზომას.
დისციპლინური სახდელის სახის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. შ-ამ განმარტა, რომ იგი თავად შეესწრო ინციდენტს და ი. კ-ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოქალაქისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას მიცემული ახსნა-განმარტება დაწერა თავად ი. კ-ას თხოვნის საფუძველზე, რადგან, როგორც მისთვის ცნობილი იყო, ი. კ-ას შეპირდნენ, რომ მის მიმართ არ იქნებოდა გამოყენებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის სახდელი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე. პალატა სრულად დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის არგუმენტირებულად დასაბუთებული ი. კ-ას მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება რატომ იყო აუცილებელი და უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა კანონმდებლობით დათქმული მიზნების მიღწევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოცემული საქმის ხელახალი საფუძვლიანი შესწავლის შედეგად აშკარა გახდა, რომ არ არსებობდა ახალი აქტის გამოცემის საფუძვლები. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა კონკრეტული ქმედების განხორციელება, როგორც ეს მოხდა წლების წინ.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ დისციპლინური გადაცდომისას უხეშად დაარღვია პოლიციის ეთიკის კოდექსის ყველა ის ნორმა და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს პოლიციელის ქცევის ზოგად წესს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტანდარტს. რეაქცია მოქალაქის დარღვევაზე იყო სრულიად დისპროპორციული და არაადეკვატური. მოსარჩელისათვის უსაფუძვლო ძალადობრივი ქმედების შემაკავებელ გარემოებად მოქალაქეთა ადგილზე ყოფნაც არ აღმოჩნდა საკმარისი. პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მსგავსი ქმედება საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტსა და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას.
ამასთან, კასატორმა ასევე მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაბამისი სტანდარტით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც წინ უძღოდა დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება პირის თანამდებობიდან გათავისუფლების ობიექტური საფუძვლები და თუნდაც ჩატარდეს ხელახალი წარმოება, აღნიშნული საქმის ფარგლებში შეუძლებელია მიღებულ იქნეს სხვა სახის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 მაისის MIA 9 21 01259112 ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ი. კ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მოწინააღმდეგე მხარეს - ი. კ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 მაისის MIA 9 21 01259112 ბრძანების - ი. კ-ას დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ და სამინისტროსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით. მითითებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. ამავე კანონის 59-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობას, კერძოდ, მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის დანართზე №1, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 20 მაისის MIA 9 21 01259112 ბრძანების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა და კანონმდებლობით მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9); ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, სრულად, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ი. კ-ას სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება, პირველ ყოვლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესწავლას უკავშირდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. კ-ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2010 წლიდან. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ს ...ის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2017 წლიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანებით, შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ს ...ს, პოლიციის ... - ი. კ-ას შეეფარდა დისციპლინური სახდელი „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული №1590224/04/07/2017 დასკვნის თანახმად, პოლიციის ...მა - ი. კ-ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქესთან კონფლიქტში შესვლასა და მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანება ი. კ-ას მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/6750-17) ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს განჩინებით. აღნიშნული სამართალწარმოებისას სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ი. კ-ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდებისას, შესაფასებელი იყო სახდელის შესაბამისობა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან და დათხოვნის საფუძვლად ქცეული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რამდენად ქმნიდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, ასევე, რა სახის ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირს აღნიშნული ქმედების შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ი. კ-ას მიმართ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები: ე. მ-იი და დ. ჯ-ა. ასევე უშუალოდ ინციდენტის მონაწილე მოქალაქეები: ნ. ჩ-ი, მ. შ-ა და ი. კ-ა.
საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2021 წლის 19 მარტს გამოკითხული მოქალაქე ნ. ჩ-ის განმარტების თანახმად, 2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე, მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ...ში, ...ში, ვინაიდან ჩაწერილნი იყვნენ საკონსულოში ვიზის მისაღებად. მისი ინფორმაციით დადგნენ მოქალაქეთა ცოცხალ რიგში, თუმცა რამდენიმე წუთში საელჩოს თანამშრომელმა ანიშნა, რომ შესულიყვნენ შიგნით. შესვლისას მათთან მივიდა შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე - ი. კ-ა, რომელმაც უხეში ტონით მიმართა ნ. ჩ-ის და მის მეუღლეს, რომ არ შესულიყვნენ საკონსულოში, რის გამოც მათ შორის მოხდა კონფლიქტი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ - ი. კ-ამ, ნ. ჩ-ის მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2021 წლის 22 მარტს გამოკითხული ე. მ-იის განმარტებით, 2017 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ი. კ-ასთან ერთად. მისი განმარტებით, აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე, საკონსულოში შემოწმების გარეშე შევიდნენ მოქალაქეები - ნ. ჩ-ი და მისი მეუღლე, რომელთა შეჩერება სცადა ი. კ-ამ. ე. მ-იის მითითებით, ი. კ-ას და მოქალაქეების დიალოგი არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ საკონსულოში შესვლის საკითხს არკვევდნენ, რის შემდეგაც ი. კ-ამ შესვლის ნება დართო მხოლოდ ქალბატონს. ნ. ჩ-ისა და ი. კ-ას შორის წარმოიშვა კონფლიქტი, მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო ი. კ-ამ აღნიშნულ პიროვნებას ფეხი დაარტყა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2021 წლის 23 მარტს გამოკითხული მ. შ-ას განმარტებით, 2017 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ი. კ-ასთან ერთად. მისი განმარტებით, აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე, საკონსულოში შემოწმების გარეშე შევიდნენ მოქალაქეები ნ. ჩ-ი და მისი მეუღლე, რომელთა შეჩერება სცადა ი. კ-ამ. ე. მ-იის განმარტებით ნ. ჩ-ისა და ი. კ-ას შორის წარმოიშვა კონფლიქტი, მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აუცილებელი გახდა მოქალაქის საელჩოს ტერიტორიიდან გაყვანა. კონფლიქტის დროს ი. კ-ა მოქალაქის მიმართულებით იქნევდა ფეხს, თუმცა ფიზიკურად შეეხო თუ არა, არ შეუმჩნევია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2021 წლის 30 მარტს გამოიკითხა ი. კ-აც, რომლის განმარტებით, 2017 წლის 15 ივნისს, ...ის დასაცავ ობიექტზე, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 11:30 საათზე, საკონსულოს ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა ორი მოქალაქე - ნ. ჩ-ი და მისი მეუღლე. ი. კ-ამ ისინი შეაჩერა და მათი შესვლის მიზეზის გარკვევა სცადა. აღნიშნულზე ნ. ჩ-ი გაღიზიანდა, ი. კ-ას დაემუქრა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცადა ფიზიკურად გასწორებოდა. ი. კ-ას განმარტებით, არ ახსოვს ნ. ჩ-ის საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თუ არა, მხოლოდ ცდილობდა შეეჩერებინა, რათა არ შესულიყო საკონსულოში. ი. კ-ამ ასევე განმარტა, რომ კონფლიქტის დროს ნ. ჩ-ის ფიზიკურად არ შეხებია. აღნიშნულ საკითხზე, 2017 წელს გენერალურ ინსპექციაში არასწორი ინფორმაცია დააფიქსირა. ასევე განმარტა, რომ მისი თხოვნის საფუძველზე, ე. მ-იმა და მ. შ-ამ თავიანთ ახსნა-განმარტებაში დააფიქსირეს, რომ ი. კ-ას მხრიდან ნ. ჩ-იზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2021 წლის 2 აპრილს გამოკითხული სსიპ დაცვის ...ს უფროსი ინსპექტორის, ... დ. ჯ-ას განმარტებით, 2017 წლის 15 ივნისს დაუკავშირდა ი. კ-ა და განუმარტა, რომ შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, რომელიც აპირებდა შესვლას საკონსულოს ტერიტორიაზე. დ. ჯ-ამ ი. კ-ას მიუთითა, რომ გამოეძახებინა საპატრულო ეკიპაჟი, რათა მომხდარიყო ფაქტზე სათანადო რეაგირება, თუმცა აღნიშნული საჭიროება არ იყო, ვინაიდან მოქალაქემ დატოვა შემთხვევის ადგილი.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში 2021 წლის 28 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის მიერ პოლიციის ... ი. კ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების №MIA 8 21 01073216 დასკვნის თანახმად, ი. კ-ამ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქესთან კონფლიქტში შესვლაში, მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე გენერალურ ინსპექციაში გამოჩენილ არაგულწრფელობაში. მითითებული დასკვნის საფუძველზე გამოცემული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. კ-ა კვლავ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ თავდაპირველი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული გათავისუფლების ბრძანების მიღებისას ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული საკითხი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ი. კ-ა ხასიათდებოდა დადებითად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას, საელჩოს წარმომადგენლებს არ გააჩნიათ მის მიმართ პრეტენზია, რადგან მიაჩნდათ, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთილ იქნა მოქალაქის მხრიდან საელჩოს ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს ზოგადად მოხელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ი. კ-ას მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მით უფრო იმ პირობებში, როცა მოსარჩელის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სახდელი და იგი არ ყოფილა შემჩნეული, ზოგადად, მსგავსი ქმედების ჩადენაში და თავის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე საელჩოს წარმომადგენლებს არ გააჩნიათ მის მიმართ პრეტენზია, რადგან მიაჩნდათ, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთილ იქნა მოქალაქის მხრიდან საელჩოს ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოცემული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელე კვლავ იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელიც უკვე შეფასებული და გამოკვლეული იყო სასამართლოს მიერ თავდაპირველი სამართალწარმოებისას და სამსახურიდან გათავისუფლება არ იქნა კანონიერად მიჩნეული. დამატებით ახალი გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოვლენილა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო, აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე