№ბს-247(კ-23) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ხ-ა, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი, მესამე პირები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ. ხ-ამ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის შესახებ; ბ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) დაზუსტებული ფართის - 1807.1 მ2 რეგისტრაცია ბ. ხ-ას სახელზე საკუთრების უფლებით.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნენ - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის შესახებ. დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურს სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ..., დაზუსტებული ფართი-1807.1მ2) ბ. ხ-ას (პ/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელად სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო იმ პირობებში, როდესაც ძალაშია და არ გაუქმებულა სახელმწიფოს საკუთრებად ამავე მიწის ნაკვეთის თავდაპირველი რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ბ. ხ-ასათვის 2008 წლის 24 ივნისის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე გადაცემული, ქ. სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს სახელზე 2007 წლის 13 ნოემბერს ჯერ დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებული, ხოლო შემდგომში, 2010 წელს დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული ქ. სენაკში, ...ას (ყოფილი ...ის) ქუჩაზე მდებარე 2021,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ყოფილი ...ის შენობისა (ფართით 240 კვ.მ) და ...ის (გაშენების ფართი 63,6 კვ.მ) იდენტურს. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მით უფრო იმ პირობებში, რომ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული და ბ. ხ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა მისამართზეა. ამავე დროს, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სახელმწიფო ობიექტები, ხოლო სახელმწიფო ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება აღიარებას. შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთი ვერ გადაეცემოდა საკუთრების უფლებით ბ. ხ-ას. საკუთრების მოწმობაშიც არ არის აღნიშნული მასზე შენობა-ნაგებობის არსებობა.
ვინაიდან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 13 აგვისტოს №2-16/495 მიმართვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით ცვლილების რეგისტრაცია აკმაყოფილებდა მოქმედ კანონმდებლობას, არ ფიქსირდებოდა და არც ახლა ფიქსირდება მესამე პირთა საკუთრების უფლება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
მოსარჩელის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დაუზუსტებელი ფორმით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით, ბ. ხ-ას ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ნახაზით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2008 წლის 24 ივნისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობისა და სათანადო წესით დამოწმებული ნახაზის საფუძველზე. აღნიშნული გარემოებაც ცალსახად ადასტურებს ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ, მიწის ნაკვეთის დაზუსტების მიზნით წარდგენილი ნახაზი, რომელიც ზედდებაში მოვიდა სახელმწიფოს რეგისტრირებულ საზღვრებთან, წარმოადგენდა შეცვლილ კოორდინატებს, საზღვრებს და არ ემთხვეოდა საკუთრების უფლების მოწმობით მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებს.
იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც რეგისტირებული მონაცემების დაზუსტების მიზნით შემდგომში წარადგინა საჯარო რეესტრში, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემს, არამედ მომზადდა განმცხადებლის დაკვეთით, რომელიც თავადვე განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კონფიგურიაციასა და საზღვრებს.
სასამართლომ ისე დაავალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ბ. ხ-ას სახელზე დაზუსტებული მონაცემებით ცვლილების რეგისტრაცია, რომ გასაჩივრებული და გაუქმებული არ ყოფილა თავად ამ ცვლილების რეგისტრაციაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. სენაკში, ...ას (ყოფილი ...ის) ქუჩაზე მდებარე 2021.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ყოფილი ...ის დარღვეული შენობა (გაშენების ფართი 240 კვ.მ) და ...ი (გაშენების ფართი 63.6 კვ.მ) 2007 წლის 13 ნოემბერს დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით (ტ.1, ს.ფ 13-14); ბ) 2008 წლის 24 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემულის საკუთრების უფლების მოწმობა №94, რომლის თანახმად, ქ. სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით (საკუთრების უფლების მოწმობით №94) გადაეცა ბ. ხ-ას (ტ.1, ს.ფ 15); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 2 ივლისის №... გადაწყვეტილებით ბ. ხ-ას საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქალაქ სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე 2100 კვ.მ, დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი .... რეგისტრაციის საფუძველი - 24.06.2008 წ. №94 საკუთრების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 17, 18-19); დ) 2018 წლის 1 ოქტომბერს ბ. ხ-ამ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფართობის დაზუსტება - ნაცვლად 2100 კვ.მ-ისა დარეგისტრირდეს დაზუსტებული 1807,1 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 64-65, 98, 105, 106-113); ე) ბ. ხ-ას მიერ №... განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში 2010 წელს სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებთან (ტ.1. ს.ფ. 115); ვ) ბ. ხ-ას განცხადებაზე თანდართული 28.09.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 1807.1 კვ.მ (ს.კ ...) მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე (ტ.1, ს.ფ 27); ზ) №65 ტექნიკური პასპორტისა და 2007 წლის 13 ნოემბრის საკადასტრო გეგმის თანახმად, ...ის შენობა მდებარეობს ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე (ყოფ. ...ის ქ.). დაკავებული მიწის ფართი შეადგენს - 2 021,3 კვ.მ-ს. ნახაზის მიხედვით ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ასა და ...ის ქუჩების კვეთაზე. მიწის ნაკვეთზე პირველ ნომრად აღნიშნულია დარღვეული შენობა 240 კვ.მ, მეორე ნომრად - ...ი, ხოლო მესამე ნომრად - ...ის ჩიხი, რომელიც თან გასდევს მიწის ნაკვეთს ...ას ქუჩის მხრიდან (ტ.1, ს.ფ 144, 149); თ) 24.08.2010 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე 2021 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) შენობა-ნაგებობების გარეშე ირიცხება სახელმწიფო საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით (ტ.1, ს.ფ 139-140); ი) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 31.03.2015 წლის №17/18086 წერილით ირკვევა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.12.2014 წლის №... წერილის განხილვისას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე ბ. ხ-ას საკუთრებაში არსებული ქ. სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე 2 100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ქ. სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე 2021 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). საჯარო რეესტრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვეოდა, რომ №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ქონება ირიცხებოდა მოქალაქე ბ. ხ-ას კერძო საკუთრებად 02.07.2008 წლიდან და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.06.2008 წლის №94 საკუთრების უფლების მოწმობა. ადმინისტრაციული ორგანოს (აღიარების კომისიის) მიერ ბ. ხ-ას მიმართ განხორციელდა საკუთრების უფლების აღიარება 2100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელმაც მოიცვა 2007 წლის 13 ნოემბრიდან უკვე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ ...), კერძოდ, 2021,3 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ყოფილი ...ის დარღვეულ შენობასთან (გაშენების ფართი 240 კვ.მ) და ...თან (გაშენების ფართით 63,3 კვ.მ) ერთად, რაც ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა შეესწავლა მის მიერ 2008 წლის 24 ივნისს მოქალაქე ბ. ხ-ას სახელზე გაცემული საკუთრების №94 მოწმობის კანონიერება (ტ.2, ს.ფ 130-131).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, ქ. სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) დაზუსტებული ფართის - 1807.1მ2 ბ. ხ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“ (ძალადაკარგულია - 31.12.19 №487), რომლის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ მოსარჩელე ბ. ხ-ასათვის 2008 წლის 24 ივნისის საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე გადაცემული და სახელმწიფოს სახელზე 2007 წლის 13 ნოემბერს დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებული 2021,3 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ყოფილი ...ის შენობა (ფართით 240 კვ.მ) და ...ი (გაშენების ფართი 63,6 კვ.მ) არ არის იდენტური. მართალია, უძრავი ნივთის მისამართად ბ. ხ-ას უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულია ...ის ქუჩა, ხოლო 2007 წლის 13 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული იყო ...ას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, საკადასტრო გეგმებით დასტურდება, რომ აღნიშნული ქუჩები კვეთს ერთმანეთს და ერთმანეთის ურთიერთპერპენდიკულარულია. ამასთან, თავად კასატორი 31.03.2015 წლის №17/18086 წერილით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს (აღიარების კომისიის) მიერ ბ. ხ-ას მიმართ განხორციელდა საკუთრების უფლების აღიარება 2100 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელმაც მოიცვა 2007 წლის 13 ნოემბრიდან უკვე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ ...), კერძოდ, 2021,3 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ ყოფილ ...ის დარღვეულ შენობასთან (გაშენების ფართი 240 კვ.მ) და ...თან (გაშენების ფართით 63,3 კვ.მ) ერთად. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2007 წლის 13 ნოემბრიდან წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, თუმცა ის 2008 წელს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოსარჩელეს გადაეცა საკუთრებაში.
საგულისხმოა, რომ ბ. ხ-ას სახელზე გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2008 წლის 24 ივნისის №94 საკუთრების უფლების მოწმობა ძალაშია და საქმის მასალებით არ დასტურდება მისი გაუქმების ფაქტი. მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 31.03.2015 წლის №17/18086 წერილით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მითითებული საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შესწავლის მიზნით, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, საკუთრების მოწმობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტი. შესაბამისად, კასატორის შედავება, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სახელმწიფო ობიექტები, რაც გამორიცხავდა მისი აღიარების შესაძლებლობას სცდება განსახილველი დავის ფარგლებს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფორმით რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში შენობა-ნაგებობების მითითების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე