№ბს-1228(2კ-23) 20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ...ს“, მესამე პირები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ...სმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილება; თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...) საჯარო რეესტრის ამონაწერებში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გაუქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური და შპს „...ი“.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №... და 2020 წლის 1 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 ნოემბრის №... და 2020 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...) საჯარო რეესტრის ამონაწერებში ცვლილებების შეტანა, რომლითაც გაუქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
4.1. კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „ჯ...ს“ სადავოდ ხდიდა №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მის უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას.
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს „...ის“ მთელ ქონებაზე, 2013 წლის 5 იანვრის №007–236 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (საგადასახადო დავალიანება - ნარჩენი 249 208.18 ლარი, საურავი 4 157.57 ლარი, ზედმეტობა 248 966.11 ლარი). ასევე, 2014 წლის 21 მაისს შპს „...ის“ მიმართ გაიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №007-379 ბრძანება (საგადასახადო დავალიანება - 43 701.36 ლარი, საურავი - 54 159.91 ლარი, ზედმეტობა - 483.2 ლარი).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 სექტემბრის №... წერილის თანახმად, 2014 წლის 17 მარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებით უძრავ ნივთებზე, მათ შორის, №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ქონებებზე, დარეგისტრირდა ა. მ-ის და ნ. კ-ის საკუთრების უფლება და ძველი მესაკუთრის შპს „...ის“ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელდა ახალ მესაკუთრეებზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებებით განხორციელდა ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე იძულებითი აღსრულება (მესაკუთრე გახდა შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...)) და უძრავი ნივთის ამონაწერებში საჯარო რეესტრიდან აღარ დაფიქსირდა შპს „...ის“ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებების შესაბამისად, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ქონებებზე კვლავ დაფიქსირდა შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2020 წლის 1 ოქტომბრის №011-3968 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღდა შპს „ჯ...სის“ საკუთრებაში არსებული, შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონებები (უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდი ... კუთვნილი 9/10 ნაწილი; უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდი ... კუთვნილი 9/10 ნაწილი). ასევე, ზემოაღნიშნულ ქონებებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2020 წლის 2 ოქტომბრის №2020/011-3968/1 აქტი.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ შეიძინა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონება. დღეის მდგომარეობით შპს „...ს“ ერიცხება საგადასახადო დავალიანება (შედარების აქტი 2022 წლის 25 მარტის მდგომარეობით). შპს „...ის“ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული დავალიანება, შესაბამისად, ვინაიდან არ არის დაფარული საგადასახადო დავალიანება, არ არსებობს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებისგან გათავისუფლების საფუძველი.
4.2. კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში 2013 წლის 5 იანვარს რეგისტრაციის შესახებ №... (05.01.2013წ.) გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შპს „...ის“ მთელ ქონებაზე (საფუძველი: შეტყობინება, №... (05.01.2013 წ.) თბილისის რეგიონული ცენტრი „ისანი-სამგორის“ გ-ბა). 2014 წლის 3 ივლისს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამით გაგზავნილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 ივლისის №... მიმართვა (კანცელარიაში შესვლის ნომერი: 127697/17). აღნიშნული წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 10 ივნისის (საჩივრის ნომერი: 8033/2/14) გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა შპს „ბ...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ...) შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (№... (05.01.2013 წ.) შეტყობინება) და მოთხოვნილ იქნა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში. 2014 წლის 3 ივლისის რეგისტრაციის შესახებ შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა ზემოხსენებულ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და შემოსავლების სამსახურის №... (03.07.2014წ.) მიმართვის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელდა შპს „...ის“ მთელ ქონებაზე (გარდა შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთისა: ...). დღეის მდგომარეობით, ზემოხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება შპს „...ის“ მთელ ქონებაზე (გარდა შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთისა: ...). საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №5-ში მდებარე უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...), რეგისტრაციის შესახებ №... (14.09.2010წ.) და №... (14.09.2010 წ.) გადაწყვეტილებების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2010 წლის 5 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქალაქ თბილისის საკრებულოს №9 დადგენილება. რეგისტრაციის შესახებ №... (17.03.2014წ.) და №... (17.03.2014წ.) გადაწყვეტილებების საფუძველზე, ზემოხსენებული უძრავი ნივთების 9/10 ნაწილზე დარეგისტრირდა ნ. კ-ის და 1/10 ნაწილზე - ა. მ-ის თანასაკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ვალის ნაწილის გაქვითვის სანაცვლოდ, იპოთეკის საგნის იპოთეკარების საკუთრებაში გადაცემისა და ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: ..., რეგისტრაციის თარიღი: 28.01.2014წ., ნოტარიუსი: ნ. მ-ი). აღნიშნული რეგისტრაციისას მომზადებულ ამონაწერებში მითითებულ იქნა უძრავ ნივთებზე შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია (საფუძველი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 იანვრის №... შეტყობინება). რეგისტრაციის შესახებ №... (04.08.2020წ.) და №... (04.08.2020წ.) გადაწყვეტილებების საფუძველზე, ზემოხსენებული უძრავი ნივთების 9/10 ნაწილზე, ნ. კ-ის ნაცვლად, დარეგისტრირდა შპს „ჯ...სის“ საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A19116674023/018 (22.07.2020წ.) განკარგულება. რეგისტრაციის შესახებ №... (01.09.2020წ.) და №... (01.09.2020წ.) გადაწყვეტილებებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-05/101709 (31.08.2020წ.) წერილის საფუძველზე, უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...) რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი შესწორდა და ამონაწერებში აისახა შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 იანვრის №... შეტყობინება. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ №... (01.09.2020წ.) და №... (01.09.2020წ.) გადაწყვეტილებები, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-05/101709 (31.08.2020წ.) წერილის საფუძველზე, უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...) რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორდა დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და ამონაწერებში აისახა შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
კასატორის განმარტებით, რეგისტრაციის შესახებ №... (24.02.2023წ.) გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №322230163-011/001 წერილი. აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, რეალიზებული უნდა იქნეს ა. მ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში რეგისტრირებულია აღნიშნული საგადასახადო იპოთეკა და არასდროს ყოფილა გაუქმებული. ასევე, აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაინტერესებული პირის მიერ განკარგულების გაცემამდე საჯარო რეესტრიდან არ ყოფილა გამოთხოვილი ინფორმაცია, უძრავ ნივთთან დაკავშირებით.
კასატორის განმარტებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოადგენს პირის ქონების სამართლებრივი დატვირთვის ღონისძიებას, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას ემსახურება. ზოგადად საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გადასვლა იმ ქონებაზე, რომელიც მესამე პირმა შეიძინა, არის მართლზომიერი. აღნიშნულს ის გარემოება განაპირობებს, რომ საგადასახადო დავალიანების მქონე პირმა არ სცადოს საკუთრებაში არსებული ქონების გარიდება, მესამე პირზე გასხვისება იმ მოტივით, რომ ამავე ქონების მიმართ გავრცელებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა გაუქმდეს. გარდა ამისა, როდესაც საკითხი უძრავ ქონებას ეხება, შემძენს შესაძლებლობა აქვს გადაამოწმოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...) რეგისტრირებულია შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (საფუძველი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 იანვრის №... შეტყობინება), ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ საჯარო რეესტრში არ ყოფილა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას. ამრიგად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (14.11.2020წ.), №... (14.11.2020წ.) და №... (28.12.2020წ.) გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (16.12.2020წ.) და №... (16.12.2020წ.) გადაწყვეტილებები კანონიერია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №5-ში მდებარე უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: ... და ...) რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 14 სექტემბრის №... და 2010 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების საფუძველზე რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2010 წლის 5 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქალაქ თბილისის საკრებულოს №9 დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 271-275); რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 17 მარტის №... და 2014 წლის 17 მარტის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, ზემოხსენებული უძრავი ნივთების 9/10 ნაწილზე დარეგისტრირდა ნ. კ-ის და 1/10 ნაწილზე ა. მ-ის თანასაკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ვალის ნაწილის გაქვითვის სანაცვლოდ, იპოთეკის საგნის იპოთეკარების საკუთრებაში გადაცემისა და ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: ..., რეგისტრაციის თარიღი: 28.01.2014წ., ნოტარიუსი: ნ. მ-ი). (ტ.1, ს.ფ 91, 168, 94-101, 131-132, 169-170); აღნიშნული რეგისტრაციისას მომზადებულ ამონაწერებში მითითებულ იქნა უძრავ ნივთებზე შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია (საფუძველი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 იანვრის №... შეტყობინება) (ტ.1. ს.ფ 131-132, 169-170); საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შპს „...ის“ მთელ ქონებაზე (საფუძველი: შეტყობინება, №... (05.01.2013წ. თბილისის რეგიონალური ცენტრი ისანი-სამგორის გ-ბა). (ტ.1, ს.ფ. 271-275); 2014 წლის 3 ივლისს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 ივლისის №... მიმართვა (კანცელარიაში შესვლის ნომერი: 127697/17), რომლითაც საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 10 ივნისის (საჩივრის ნომერი: 8033/2/140) გადაწყვეტილების თანახმად გაუქმდა შპს „ბ...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ...) შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (№... (05.01.2013წ.) შეტყობინება) და მოთხოვნილ იქნა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში (ტ.1, ს.ფ. 271-275); 2014 წლის 3 ივლისის რეგისტრაციის შესახებ შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა ზემოხსენებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია და შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 ივლისის №... მიმართვის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელდა შპს „...ის’’ მთელ ქონებაზე (გარდა შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთისა: ...) (ტ.1, ს.ფ. 271-275); ბ) 2018 წლის 12 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ/კოდი ..., დაზუსტებული ფართი 390 კვ.მ, მესაკუთრეები: ნ. კ-ი 9/10 ნაწილი და ა. მ- 1/10 ნაწილი, იპოთეკის გრაფაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის (ტ.1, ს.ფ 364); 2019 წლის 29 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ.კოდი ..., დაზუსტებული ფართი 390 კვ.მ, მესაკუთრეები: ნ. კ-ი 9/10 ნაწილი და ა. მ- 1/10 ნაწილი, იპოთეკის გრაფაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 365); გ) დადგენილია, რომ მოვალე ნ. კ-ის კუთვნილი 9/10 ნაწილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, ს/კ ..., შემძენი 2020 წლის 16 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ჯ...ს“. შპს „ჯ...სმა“ უძრავი ქონება შეიძინა 90780 ლარად. მან თანხა გადაიხადა სრულად, აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „ბ.მ...ის“ სასარგებლოდ (ტ.1, ს.ფ. 30-31); მოვალე ნ. კ-ის კუთვნილი 9/10 ნაწილის უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, ს/კ ..., შემძენი 2020 წლის 16 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ჯ...ს“. შპს „ჯ...სმა“ უძრავი ქონება შეიძინა 118830 ლარად. მან თანხა გადაიხადა სრულად, აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „ბ.მ...ის“ სასარგებლოდ (ტ.1, ს.ფ 32-33); თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 22 ივლისის №A19116674-023/018 და №A19116674-023/017 განკარგულებებით ზემოხსენებულ უძრავი ნივთების 9/10 ნაწილის შემძენი გახდა შპს „ჯ...ს“(ტ.1, ს.ფ. 610-611, 616-617); რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 4 აგვისტოს №... და 2020 წლის 4 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების საფუძველზე, ზემოხსენებულ უძრავი ნივთების 9/10 ნაწილზე დარეგისტრირდა შპს „ჯ...სის“ საკუთრების უფლება (ტ.1. ს.ფ. 143, 144-145, 179, 180-181); სსიპ საჯარო რეესტრიოს ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 4 აგვისტოს №... და 2020 წლის 4 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების საფუძველზე შპს „ჯ...სის“ საკუთრების უფლება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გარეშე დარეგისტრირდა №... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთებზე (ტ.1, ს.ფ. 143, 366, 179, 367); 2020 წლის 4 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ.კოდი ..., დაზუსტებული ფართი 390 კვ.მ, მესაკუთრეები: შპს „ჯ...ს“ 9/10 ნაწილი და ა. მ- 1/10 ნაწილი, იპოთეკის გრაფაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის (ტ.1. ს.ფ. 366); 2020 წლის 4 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ.კოდი ..., დაზუსტებული ფართი 641.00 კვ.მ, მესაკუთრეები: შპს „ჯ...ს“ 9/10 ნაწილი და ა. მ- 1/10 ნაწილი, იპოთეკის გრაფაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 367); დ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 29 თებერვლის №A19116674-017/014 მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია №A19116674 და №A17142138 სააღსრულებო საქმე, კრედიტორი შპს ,,ბ.მ...ი’’ და ც. დ-ი, მოვალეები შპს ,,ი...’’ და ნ. კ-ი. სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით უნდა განხორციელდეს მოვალე ნ. კ-ის კუთვნილი 9/10 წილის რეალიზაცია უძრავი ქონებებიდან, კერძოდ, 1. უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ.კოდი ...; 2. უძრავ ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ.კოდი ... (ტ.1, ს.ფ. 587-588); სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 25 ნოემბრის №63884 წერილის თანახმად, სააღსრულებო საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ხსენებულ ქონებაზე აუქციონის გამოცხადებამდე განხორციელებულია ინფორმაციის მოძიება მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში. შედეგად დადგინდა, რომ ქონებაზე არ ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუქციონის განაცხადში არ იქნა მითითება ხსენებულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის შესახებ და №... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთების აუქციონის გზით განკარგვა განხორციელდა ყოველგვარი საგადასახადო ვალდებულებებისგან თავისუფალ მდგომარეობაში (ტ.1, ს.ფ. 538-539, 543, 589-596,597-604, 606-607, 608-609, 610-611, 612-613, 614-615, 616-617); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №... და 2020 წლის 1 სექტემბრის №... გადაწყვეტილებებით №... და №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი შესწორდა და ამონაწერებში აისახა შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია (ტ.1. ს.ფ 519, 521); ვ) 2020 წლის 1 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ.კოდი ..., დაზუსტებული ფართი 390 კვ.მ, მესაკუთრეები: შპს ჯ...ს“ 9/10 ნაწილი და ა. მ- 1/10 ნაწილი, იპოთეკის გრაფაში მითითებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ..., 03/07/2014, შპს „...ი“ (ს/ნ ...), საგანი: არასრული მთელი ქონება, საგადასახადო გრავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება მთელ ქონებაზე, გარდა შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთისა: .... საფუძველი: შეტყობინება, №..., 05.01.2013, თბილისის რეგიონალური ცენტრი ისანი-სამგორის გ-ბა მიმართვა, №..., 03.07.2014, შემოსვლების სამსახური (ტ.1, ს.ფ 368); 2020 წლის 1 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №5, საკ.კოდი ..., დაზუსტებული ფართი 641 კვ.მ, მესაკუთრეები: შპს „ჯ...ს“ 9/10 ნაწილი და ა. მ- 1/10 ნაწილი, იპოთეკის გრაფაში მითითებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ..., 03/07/2014, შპს „...ი“, ს/ნ ..., საგანი: არასრული მთელი ქონება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება მთელ ქონებაზე, გარდა შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთისა: .... საფუძველი: შეტყობინება, №..., 05.01.2013, თბილისის რეგიონალური ცენტრი ისანი-სამგორის გ-ბა მიმართვა, №..., 03.07.2014, შემოსვლების სამსახური (ტ.1, ს.ფ. 369); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯ...სს“ 2020 წლის 23 ოქტომბრის №... წერილით აცნობა, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, 2014 წლის 17 მარტის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ა. მ-ის და ნ. კ-ის საკუთრების უფლება და ძველი მესაკუთრის შპს „...ის“ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (საფუძველი: შეტყობინება, №..., 05.01.2013წ. თბილისის რეგიონალური ცეტრი, ისანი-სამგორის გ-ბა) გავრცელდა ახალ მესაკუთრეებზე. რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 4 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 ივლისის A19116674-023/017 განკარგულების საფუძველზე ნ. კ-ის კუთვნილ 9/10 ნაწილზე დარეგისტრირდა შპს „ჯ...სის“ საკუთრების უფლება, თუმცა უძრავი ნივთის ამონაწერზე არ აისახა ძველი მესაკუთრის - შპს „...ის“ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. წერილში აღნიშნულია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 ივლისის A19116674-023/017 განკარგულების თანახმად, აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „ბ.მ...ის’’ სასარგებლოდ. შესაბამისად, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელად უნდა დარჩენილიყო და უნდა გავრცელებულიყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმართ შპს „...ის“ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. წერილში მითითებულ იქნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე, რომლის საფუძველზეც შესწორდა ხარვეზი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ამონაწერზე აისახა შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (ტ.1, ს.ფ 362-363); თ) 2020 წლის 11 ნოემბერს შპს „ჯ...სის“ წარმომადგენლმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენოს და მოითხოვა უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდი ... და საკადასტრო კოდი ... გაუქმდეს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ 319-320); ი) 2020 წლის 14 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლებითაც შპს „ჯ...სის“ აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარსადგენი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შესახებ (ტ.1, ს.ფ 328-329, 332-333); კ) 2020 წლის 16 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში საჯარო რეესტრში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ 330, 339); ლ) 2020 წლის 25 დეკემბერს შპს „ჯ...სის’’ წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ 340-341); 2020 წლის 28 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარსადგენი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შესახებ. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯ...სის“ 2020 წლის 14 დეკემბრის №... ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (14.11.2020წ.) და №... (14.11.2020წ.) გადაწყვეტილებების გაუქმება და უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები №... და №...) შპს ,,...ის’’ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის საუძველზე სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების ვადა შეაჩერა №... (14.12.2020 წ.) ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ.1, ს.ფ. 350-351); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს „ჯ...სს“ 2020 წლის 14 დეკემბრის №..., 2020 წლის 31 დეკემბრის №... და 2021 წლის 13 იანვრის №... ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე (ტ.1. ს.ფ. 334-338); მ) სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაცემულ იქნა 2020 წლის 1 ოქტომბრის №011-3968 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „ჯ...სის“ საკუთრებაში არსებული შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონებები, კერძოდ, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №... -კუთვნილი წილი 9/10 და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №... - კუთვნილი წილი 9/10 ნაწილი. შპს „ჯ...სმა“ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 1 ოქტომბრის №011-3968 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 28 ოქტომბრის №32161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (ტ.1, ს.ფ. 644, 44-45, 476-480); ნ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად, შპს „ჯ...სის“ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის ბრძანებით (ტ.1, ს.ფ 449-460, 461-475); ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №11710/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №32161 ბრძანება. ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 1 ოქტომბრის №011-3968 ბრძანების გაუქმება (ტ.1, ს.ფ 476-480).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება არა მარტო საკუთრების უფლების, არამედ უძრავ ნივთთან დაკავშირებით არსებული რეგისტრაციასავალდებულო ყველა უფლების მიმართ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...ის“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის თაობაზე ინფორმაცია აუქციონის გამოცხადებამდე მარეგისტრირებელი ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში, №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში, არ ფიქსირდებოდა. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოაცხადა იძულებითი აუქციონი მითითებულ უძრავ ქონებებზე, რომლის განაცხადშიც არ იქნა მითითებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის შესახებ. მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონებების შეძენის შემდეგ მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში აგრეთვე არ არის ასახული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში შესწორდა ტექნიკური ხარვეზი, რის შედეგადაც მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე აისახა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს რეგისტრაციის ტექნიკური და არსებითი ხარვეზები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაცულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები (სზაკ-ის 59.1 მუხ.), როგორიცაა მაგ.: გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, სახელში, გვარში, პირად ნომერში, მიწის ფართობში არსებული უმნიშვნელო ხარვეზები და სხვ. ტექნიკური ხარვეზის გასწორება არ გულისხმობს ისეთი შესწორების შეტანას, რაც უძრავი ნივთის უფლებრივ მდგომარეობას ცვლის. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ახალი აქტის გამოცემას უტოლდება (სზაკ-ის 59.2 მუხ.).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებით მოხდა მოსარჩელის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციაში არსებითი შესწორების შეტანა, კერძოდ, შეიცვალა მოსარჩელის მიერ შეძენილი უძრავი ქონებების სამართლებრივი მდგომარეობა, შპს „ჯ...სის“ მიერ შეძენილი ქონებები აღმოჩნდა დატვირთული სხვისი საგადასახადო ვალდებულებისთვის, რაც გამორიცხავს აღნიშნული ცვლილების ტექნიკური ხარვეზად მიჩნევას. აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოსარჩელე გახდა ნაკლის მქონე უძრავი ნივთების მესაკუთრე, რითაც დაუსაბუთებლად იქნა შეზღუდული მისი საკუთრების უფლება. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოხდა უსაფუძვლოდ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მითითებული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ცვლილების შეტანის განხორციელების დავალების თაობაზე, რომლითაც, №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ქონებებზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაუქმდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.01.2024წ. №00464 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე