Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1218(კ-24) 23 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, მესამე პირი - მ. ნ-ი).

ნ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს №622 სხდომის ოქმში ასახული, №82 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის №1405 განკარგულება მიწის ნაკვეთზე მ. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული №1717 საკუთრების უფლების მოწმობა; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო აქტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილზე ნ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილება დარეგისტრირებული ქონების 1/3 ნაწილში; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 ივლისის №M19011745/3 გადაწყვეტილება; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის №... გადაწყვეტილება დარეგისტრირებული ქონების 1/3 ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ნ. ა-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1. დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში; 2. შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინების ასლი გაეგზავნა ნ. ა-ის წარმომადგენელს მ. ბ-ს (იხ. რწმუნებულება ტ.2, ს.ფ. 11) და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 4 დეკემბერს. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 5 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 16 დეკემბერს (14 და 15 დეკემბერი იყო შაბათი და კვირა). მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, ამავე ვადაში მას არც ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებიდან გამომდინარე, ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია