კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1384(კს-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
შეამოწმა გ. ბ-ის კერძო საჩივრებისს დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისისა და 2024 წლის 26 ივლისის განჩინებებზე (თავდაპირველი მოსარჩელე - ე. წ-ი, მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს მთავრობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული სოფელ ...ში).
ე. წ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სოფელ ...ში ჭიათურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად - გ. ბ-ის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა - გ. ბ-ის, როგორც, გარდაცვლილი ე. ბ-ის შვილის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით გ. ბ-ეს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 10 (ათი) დღე, განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა: 1. წარედგინა სასამართლოსთვის კერძო საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს: მითითებას გასაჩივრებული განჩინების ზუსტ დასახელებასა და ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; მითითებას იმის თაობაზე, თუ განჩინების რა ნაწილია გასაჩივრებული; მითითებას, თუ რაში მდგომარეობს განჩინების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს კერძო საჩივრის შემტანი პირი; მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ კერძო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. ამასთან, კერძო საჩივარი და მასზე თანდართული მასალები სასამართლოსთვის უნდა წარედგინა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; 2. წარედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2024 წლის 9 ივლისს კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციულ საქმეზე №3/2413-20 წარმოება ე. წ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების: საქართველოს მთავრობის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სოფელ ...ში მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელე ე. წ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა აღნიშნული განჩინების განმარტება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება 2024 წლის 16 დეკემბერს კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებებზე უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ის 2024 წლის 9 ივლისის კერძო საჩივარი წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც გ. ბ-ის კერძო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება განჩინებით განსაზღვრულ ვადაში. ამავე განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ განჩინება არ გასაჩივრდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2024 წლის 9 ივლისის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება გ. ბ-ის 2024 წლის 16 დეკემბრის კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ გ. ბ-ეს წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინებაზე, რომლითაც შეჩერდა საქმის წარმოება ე. წ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე (მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა). აღნიშნული კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებას, რომლის გასაჩივრებაც დაუშვებელია, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებული მსჯელობის შედეგია და გამომდინარეობს კერძო საჩივარზე მიღებული განჩინებიდან.
ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება მიღებულია კერძო საჩივრის ფარგლებში, რომელიც საბოლოოა და სსსკ-ის 419.3 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ საჩივრდება, აღნიშნული განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაც არ ექვემდებარება გასაჩივრებას, რის გამოც აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2024 წლის 26 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 414-ე, 419, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებებზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია