საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე №ბს-494(კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. კ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი:ი. კ-ემ 2023 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ და ამავე საბჭოს 2023 წლის 27 ივნისის №01/23/შ/პ/ზ-025 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 ივნისის №01/23/შ/პ/ზ-025 გადაწყვეტილება და მოპასუხეს სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა 2024 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა. კასატორმა მიუთითა, რომ 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების შედეგად, ი. კ-ე გათავისუფლდა №8 პენიტენციური დაწესებულებიდან 2024 წლის 7 ოქტომბერს. შესაბამისად, აღარ არსებობს დავის საგანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. კ-ეს შეეხო ამნისტია. განცხადებაზე თანდართული ცნობის თანახმად კი, დასტურდება, რომ იგი 2024 წლის 7 ოქტომბერს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 ივნისის №01/23/შ/პ/ზ-025 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ აქტის ბათილად ცნობისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მოსარჩელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებით ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ი. კ-ის სარჩელზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებები;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე