საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-521(კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. გ-ი (ა. გ-ი)
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. გ-მა (ა. გ-მა) 2022 წლის 13 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად, „ა. გ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის №1000810841 უარყოფითი დასკვნისა და „ა. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №468 ბრძანებულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ა. გ-ი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, თუმცა დაბადებული და გაზრდილია საქართველოში, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ...ში. საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, სადაც, ასევე, დასაქმებული იყო ...ის ქარხანაში. მისი ახლობლები და ნათესავები ცხოვრობენ საქართველოში. იგი ამჟამად ცხოვრობს უკრაინაში და სურს ოჯახთან ერთად ცხოვრება გააგრძელოს სამშობლოში. სადავო აქტები კი, რომლებითაც უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე და შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, უხეშად არღვევს მის კანონიერ ინტერესს, რის გამოც ექვემდებარება ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის (ა. გ-ის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ა. გ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის №1000810841 უარყოფითი დასკვნა და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი დასკვნის გამოცემა ზ. გ-ისთვის (ა. გ-ისათვის) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის თაობაზე; ასევე ბათილად იქნა ცნობილი „ა. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №468 ბრძანებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ „ა. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №468 ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძვლიანობა, რადგან სხვა ნაწილში მხარეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებულების გამოცემას საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 ოქტომბრის №1000826832 დასკვნა, რომლის თანახმადაც, ა. გ-ის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის №1000810841 უარყოფითი დასკვნა სადავო ბრძანებულების გამოცემის საფუძველი არ ყოფილა.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სამართალწარმოება არის არსებითად სხვა ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე სამართალწარმოება ხორციელდება მისგან დამოუკიდებლად. რადგან აღნიშნულ საქმეში უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ა. გ-ი არის რუსეთის მოქალაქე, აღნიშნული ფაქტი ცალსახად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, რაზეც მიღებულ იქნა პრეზიდენტის ბრძანებულება ა. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.
დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Va № de Hurk v. №etherla №ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai № [GC] par.26; Jah №ke a №d Le №oble v Fra №ce (dec.); Perez v Fra №ce [GC], par. 81).
საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ ზ. გ-ი (ა. გ-ი) არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მან 2022 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. სააგენტომ, თავის მხრივ, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია ა. გ-ის შესახებ, თუმცა მის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოებს ინფორმაცია არ გააჩნდათ. ამის შემდეგ მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის - ა. გ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი და დაადგინა, რომ ა. გ-ი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. დაბადებულია საქართველოში, გორის რაიონში. საშუალო განათლება მიღებული აქვს საქართველოში, სადაც ასევე დასაქმებული იყო ...ის ქარხანაში. ა. გ-ი 2000 წელს საცხოვრებლად გადავიდა და ამჟამადაც ცხოვრობს უკრაინაში, აქვს ...ა, ჰყავს მეუღლე და შვილი, რომელიც განათლებას იღებს უკრაინაში. მეუღლე უკრაინის მოქალაქეა. ა. გ-ს საქართველოში ჰყავს ნათესავები, თუმცა, იშვიათად ჩამოდის მათთან. ამასთან, არ ფლობს ქონებას საქართველოში. კომისიამ მიიჩნია, რომ ა. გ-ი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული ოქმის საფუძველზე 2022 წლის 26 სექტემბერს მომზადდა №1000810841 უარყოფითი დასკვნა ა. გ-ისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. დასახელებული დასკვნა გაეგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომიტეტს, თუმცა კომიტეტიდან მოსული პასუხის მიხედვით, ირკვევა, რომ №1000810841 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
ასევე, დადგენილია, რომ ა. გ-მა კვლავ მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც 2022 წლის 10 ოქტომბრის №1000826832 დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად მიიჩნია ა. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა (მოქალაქეობის შესახებ კანონის 21.1.„გ“ მუხლი) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით. აღნიშნული დასკვნის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №468 ბრძანებულებით, ა. გ-ს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ მის მიერ გამოცემული აქტის მიმართ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ა. გ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის №1000810841 უარყოფითი დასკვნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში მხარეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონზე, რომელიც არეგულირებს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი ამომწურავად არის გაწერილი დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები. კანონის 211 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
მითითებული სამართლებრივი დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის №1000810841 აქტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ა. გ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე უარყოფითი დასკვნა გაიცა და სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი №1000810841 უარყოფითი დასკვნა და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი დასკვნის გამოცემა ზ. გ-ისთვის (ა. გ-ისთვის) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ა. გ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების არ არსებობის პირობებში, სახეზეა გასაჩივრებული - საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №468 ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბრძანებულების საფუძველი სადავო უარყოფითი დასკვნა არ ყოფილა, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას გამორიცხავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობა და რადგან მასზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამ პირობებში ა. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაც არამართლზომიერია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე