Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-814(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ლ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა: ლ. ქ-ისთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფოს ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდის დაკისრება 1 191,72 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 33 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ქ. N49ბ-ს მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების - შენობა N5-ის ნაწილის (7 კვ.მ.) (ს/კ ...) ლ. ქ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის გადაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ლ. ქ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ლ. ქ-ის წარმომადგენლის ქ. გ-ის 2023 წლის 18 დეკემბრის N8366399 განცხადება, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ ლ. ქ-ეს 2020 წლის 01 აგვისტოდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1320 ლარის გადახდა; ი/მ ლ. ქ-ეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 2023 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაეკისრა 33 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო დროის მონაკვეთში - 2017 წლის 27 სექტემბრიდან - 2020 წლის 01 აგვისტომდე პერიოდისათვის, მოთხოვნა არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის არგუმენტაცია ვერ სცდება ვარაუდის ფარგლებს და ვერ ადასტურებს, რომ სახეზეა კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, ვერ მიუთითა იმგვარ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სადავო პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს, ხოლო რაც შეეხება 2020 წლის 1 აგვისტოდან - 2023 წლის 30 ნოემბრამდე დროის მონაკვეთისათვის ქონებით არამართლზომიერ სარგებლობას, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დასტურდება, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების აქტით, ასევე თავად ი/მ ლ. ქ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფართი 2020 წლის 1 აგვისტოდან მას გადასცა მართლზომიერმა მფლობელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და 492 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვაზე უფლებამოსილი სუბიექტი, უფლებამოსილი და ვალდებული იყო მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოეთხოვა უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მომენტიდან - 2017 წლის 27 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. N49 ბ-ს მიმდებარედ (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი: 1492,00 კვ.მ., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8), 2017 წლის 27 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 აგვისტოს მონიტორინგის აქტითა და ფოტოსურათებით დასტურდება აგრეთვე, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ლ. ქ-ე (შენობა N5-ის ნაწილი - 7 კვ.მ. ფართი). ხსენებულს ადასტურებს თავად მოპასუხის ახსნა განმარტებაც, რომლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფართი 2020 წლის 1 აგვისტოდან მოპასუხისთვის გადაცემული აქვს მის მართლზომიერ მფლობელს (იხ. ლ. ქ-ის შესაგებელი - ს.ფ.51).

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2020 წლის 01 აგვისტოდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის გამო ლ. ქ-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1320 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, მოცემულ საქმეში სადავოა მხოლოდ 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2020 წლის 01 აგვისტომდე პერიოდისათვის მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი ლ. ქ-ის მიერ სადავო პერიოდში უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის მოსარჩელის მითითება სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის 2017 წლის 27 სექტემბერს განხორციელების ფაქტზე. საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება პირის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და ამ ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთან, 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2020 წლის 01 აგვისტომდე პერიოდისათვის მოპასუხის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერ სარგებლობას არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 14 აგვისტოს მონიტორინგის აქტი, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტსანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს მტკიცების ტვირთის სტანდარტზე და ასევე მართებულად აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, ვერ მიუთითა იმგვარ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა 017 წლის 27 სექტემბრიდან 2020 წლის 01 აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი