Facebook Twitter
ბს-609 (კ-23) 12 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ-მა 17.05.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ა. შ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს - 29 198 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 27.10.2022წ. გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ა. შ-ის სასარგებლოდ, ზიანის სახით, მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, სულ, ხელზე ასაღები - 29 198 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2023წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2022წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ძალების მეთაურის 09.12.2021წ. N3920 ბრძანებით, არჩილ შ-ი რეალურად დაინიშნა ახალ თანამდებობაზე ახალი თარიღიდან, მის მიმართ არ განხორციელებულა ყოფილ სამსახურში აღდგენა დათხოვნის თარიღიდან, რის გამოც აპელანტის მოსაზრებით მოსარჩელის მიმართ არ უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები განაცდურის მიღებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების მეთაურის 09.12.2021წ. NMOD 1 21 00003920 ბრძანებაზე, სადაც მითითებულია, რომ ბრძანება გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2022წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხოლო მითითებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ თავდაცვის ძალების მეთაურის 09.12.2021წ. №3920 ბრძანების თანახმად, ა. შ-ი რეალურად დაინიშნა ახალ თანამდებობაზე, ახალი თარიღიდან, მის მიმართ არ განხორციელებულა ყოფილ სამსახურში აღდგენა დათხოვნის თარიღიდან, რასაც ითვალისწინებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან თავდაცვის ძალების მეთაურის 09.12.2021წ. №3920 ბრძანება ა. შ-ის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მას არ გაუსაჩივრებია და არ მოუთხოვია სამხედრო სამსახურში აღდგენა გათავისუფლების დღიდან, შესაბამისად, შ-ის მიმართ ვერ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები განაცდურის მიღებასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 05.05.2014წ. არჩილ შ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა №631 კონტრაქტი, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.08.2018წ. ბრძანებით N MOD 3 18 00004583 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-16 პუნქტის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.09.2017წ. NMOD 9 17 00000737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის I მსუბუქი ქვეითი ოცეულის მეთაური (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი N...) უფროსი ლეიტენანტი ა. შ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილულ იქნა N3/6060-18 ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო ა. შ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის - 10 000 (ათიათასი) ლარის ანაზღაურების დაკსირების თაობაზე და ა. შ-ის შეგეგებული სარჩელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.08.2018წ. N MOD 3 18 00004583 ბრძანების ბათილად ცნობის, ა. შ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის I მსუბუქი ქვეითი ოცეულის მეთაურის (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) თანამდებობაზე აღდგენისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.02.2020წ. N3/6060-18 გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა. შ-ის შეგებებული სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.08.2018წ. N MOD 3 18 00004583 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2020წ. N3/6060-18 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.11.2020წ. N3ბ/1618-20 განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2020წ. N3/6060-18 გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ასევე გასაჩივრებულ იქნა საკასაციო საჩივრით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.09.2021წ. განჩინებით (Nბს-218(კ-21)) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 09.12.2021წ. MOD 1 21 00003920 ბრძანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2020წ. გადაწყვეტილების (საქმე №3/6060-18) აღსრულების მიზნით ა. შ-ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის B ქვეითი ასეულის I ქვეითი ოცეულის მეთაურად (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენატი‘’, შტატი N..., გვარეობის კოდი N...).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ა. შ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.02.2020წ. გადაწყვეტილებით ბათილად, შესაბამისად კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.08.2018წ. N MOD 3 18 00004583 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 09.12.2021წ. MOD 1 21 00003920 ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2020წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ა. შ-ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის B ქვეითი ასეულის I ქვეითი ოცეულის მეთაურად (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენატი‘’, შტატი N..., გვარეობის კოდი N...). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სახეზეა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები: სასამართლო გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული პირის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.08.2018წ. N MOD 3 18 00004583 ბრძანება ა. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოხდა ა. შ-ის ყოფილ სამსახურში აღდგენა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერს აღადგენს საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. აღნიშნულ პირებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო ნამსახურობის წლებში ჩაეთვლებათ. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ძალების მეთაურის 09.12.2021წ. ბრძანების თანახმად ა. შ-ი დაინიშნა ახალ თანამდებობაზე ახალი თარიღიდან, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა ა. შ-ის თანამდებობაზე დანიშნვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2020წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხოლო მითითებული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ა. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისად, აღნიშნული დავის განხილვის შედეგია ა. შ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის B ქვეითი ასეულის I ქვეითი ოცეულის მეთაურად (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენატი‘’, შტატი N..., გვარეობის კოდი N...) დანიშვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი