№ბს-136(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. წ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. წ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს გ. წ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 15 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ბ) საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის - საადვოკატო მომსახურების ჰონორარის 2 000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიმართ 2020 წლის 09 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში (სამი ეპიზოდი) დაედო ბრალი და წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მოსარჩელე 2020 წლის 20 ივნისს დააკავეს, რომლის პატიმრობის ვადის ათვლაც ამავე დღის 06:05 საათიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, გ. წ-ე სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების სამივე ეპიზოდში გამართლდა და ამასთან, განემარტა, რომ უფლება აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ უკანონოდ და დაუსაბუთებლად წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მძიმედ აისახა მასზე და მისი ოჯახის წევრების მატერიალურ და მორალურ მდგომარეობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 20 ივნისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, მოსარჩელე გ. წ-ე 2020 წლის 20 ივნისს 6 საათსა და 05 წუთზე იქნა დაკავებული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. ბ) გ. წ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ამავე სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით შეიცვალა გირაოთი 2000 ლარის ოდენობით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გ. წ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 8 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, გ. წ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 23 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, გ. წ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; დ) საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც დადებულია ერთის მხრივ, გ. შ-ესა და მეორე მხრივ, თ. ს-ეს შორის. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ადვოკატის მიერ კლიენტისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა, კლიენტის მამის - გ. წ-ის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებზე, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადებაზე, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (ძველი რედაქციით 42-ე მუხლი), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208 მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის, მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას და ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან, კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია და განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. გარდა ამისა, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. ამრიგად, სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმებს, კერძოდ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი თითქმის 7 (შვიდი) თვე - 2020 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის 18 იანვრამდე, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნა, როგორც ასეთი, უკანონობაა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. სასამართლო მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ასევე ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების ხანგრძლივობასაც, რაც პროკურორის მიერ გამამართლებელი განაჩენების გასაჩივრებებით იყო გამოწვეული. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ. წ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 8 000 (რვა ათასი) ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016). მოცემულ შემთხვევაში, საქმეს ერთვის 2021 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც დადებულია ერთის მხრივ, გ. შ-ესა და მეორე მხრივ, თ. ს-ეს შორის. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ადვოკატის მიერ კლიენტისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა, კლიენტის მამის - გ. წ-ის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე.
სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს კიდევ უფრო მაღალი დაცვის სტანდარტს და ხელმყოფ პირს მაშინაც აკისრებს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“. ამდენად, საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც გაწეულია, თუმცა კონკრეტული ოდენობით ხარჯის გაწევის დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, ასევე ხარჯი, რომელიც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც გამართლებულ პირს მორალური ზიანის სახით მიეცემა ფულადი კომპენსაცია, შესაბამისად, მის მიერ ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯები განხილულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური ზიანი. ამდენად, რომ არა მის მიმართ უკანონო ბრალდება, მას აღნიშნული თანხის გაღების აუცილებლობა არ ექნებოდა. შესაბამისად, დადასტურებულია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის (საადვოკატო ჰონორარის ნაწილში) ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა შემდეგი: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, რომლის ანაზღაურების წინაპირობებსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს. მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას, დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი, უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც აუცილებელია ზიანის მიყენებას ადგილი ჰქონდეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული საკმაოდ მძიმე შეზღუდვების არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა გ. წ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა გ. წ-ისთვის წაყენებული ბრალდების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა და მოპასუხისათვის 8 000 (რვა ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია, ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც კი, არ წარმოიშობოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან კანონმდებლობა არ უზღუდავს მხარეებს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმონ როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. რაც შეეხება მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ოდენობას, რაიმე გარემოება, რომელიც თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის. გ. წ-ისთვის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს, რაც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტს გამორიცხავს. ზიანის ანაზღაურების მიზნებიდან გამომდინარე, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი პროკურატურის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამეთუ ყოველი საპროცესო მოქმედება სასამართლო კონტროლს გადიოდა.
კასატორი მიუთითებს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიკურ ფუნქციაა, რომლის შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან იგი წინასწარ უცნობ ფაქტობრივ, თუ სამართლებრივ გარემოებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას, რაც არ გამორიცხავს შემდგომ გამართლებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა გავლენას ახდენს მორალური ზიანის ოდენობაზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ მოსარჩელემ პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა, გამამართლებელი განაჩენი ზემდგომ ინსტანციებში აღარ გასაჩივრებულა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურები პროკურატურის მხრიდან არ ყოფილა განგრძობადი, ამასთან, მოსარჩელეს არ ჰქონია ასაკი, ან გართულებული ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა განსაკუთრებულ მოპყრობასთან და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მას. პატიმრობა დიდწილად მოსარჩელის მიერ საგამოძიებო ორგანოებისათვის თავის არიდებამ და საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე ვერ დაკითხვამ გამოიწვია, რაც ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს გამორიცხავს.
კასატორი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში/განჩინებებში ჩამოყალიბებული განმარტებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ასევე, მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით განმარტავს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით - 8 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია და უნდა გაუქმდეს.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არც მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები არ უნდა აუნაზღაურდეს, რადგანაც მას შეეძლო ადვოკატის მომსახურეობა სახელმწიფოს ხარჯზე მიეღო, რაზეც უარი განაცხადა. საადვოკატო მომსახურეობა მოსარჩელის უფლების რეალიზების ნაწილი იყო, რაც პროკურატურის მხრიდან მისთვის ზიანის მიყენებად არ უნდა ჩაითვალოს. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის 2000 ლარის გადახდის ნამდვილობას დაამტკიცებს, რაც მოსარჩელის მოთხოვნას საფუძველსმოკლებულს ხდის.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 20 ივნისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, მოსარჩელე გ. წ-ე 2020 წლის 20 ივნისს 6 საათსა და 05 წუთზე დაკავებულ იქნა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (ს.ფ. 75-78); ბ) გ. წ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ამავე სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით შეიცვალა 2000 ლარის ოდენობით გირაოთი და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან (ს.ფ. 23); გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გ. წ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 8 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; გ. წ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 23 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; გ. წ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა (ს.ფ. 13-22); დ) საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც დადებულია, ერთი მხრივ, გ. შ-ესა და მეორე მხრივ, თ. ს-ეს შორის. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ადვოკატის მიერ კლიენტისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა, კლიენტის მამის - გ. წ-ის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე (ს.ფ. 24-28, 29).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული სარჩელი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის უკანონო მსჯავრდებით მიყენებულ ზიანის ანაზღაურების ფაქტს ეფუძნება, რაც მარეაბილიტირებელი გარემოების (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი) არსებობითაა გამოწვეული. მოპასუხის პრეტენზიების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების მთავარი საგანია პირველ რიგში გამოარკვიოს, არსებობდა თუ არა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში დასადგენია მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა, რომელიც საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის პროპორციულია. ასევე, დასადგენია დაკისრებული მორალური ზიანის მოცულობის გონივრულობა და პროპორციულობა.
საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება ყველასათვის გარანტირებული უფლებაა. ზემოხსენებული საკონსტიტუციო ჩანაწერი განმტკიცებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, პირს უფლება აქვს მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. მითითებული მუხლი ზოგადი ხასიათის ნორმაა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირთათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს“.. (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-432-429(2კ-17)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005.3-ე მუხლი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 13.6 მუხლით დაცულ ადამიანის თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ნებისმიერ უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირთან მიმართებაში ადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-200(კ-21)). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დგინდება, რომ გ. წ-ე სამივე ეპიზოდზე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა და უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, საპატიმრო დაწესებულებაში კი 2020 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის 18 იანვრამდე პერიოდი დაჰყო, რაც პირდაპირ მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობას მიუთითებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, სზაკ-ის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. აქვე საყურადღებოა სზაკ-ის 209-ე მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალში ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის სპეციფიკურ სახეს ქმნის, რა დროსაც სახელმწიფო პასუხისმგებელია იმ ზიანისთვის, რომელიც საჯარო მოხელეთა კანონიერი მოქმედებითაა გამოწვეული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.
მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ანაზღაურება სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 2000 ლარის ოდენობით ხარჯს მოიცავს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედება - ადვოკატის აყვანა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა, პირის (ბრალდებულის) უფლებაა და ამ უფლებით სარგებლობა (გაღებული ხარჯების დადასტურების შემთხვევაშიც კი) არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებულ ზიანად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ბრალდებულს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ ფიგურას, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ჯეროვნად და ეფექტიანად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. დაცვა არის სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო ფუნქცია, სწორედ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულ რეალიზებას და ბრალდებულის ინტერესების არსებით დაცვას. ამასთან, ,,სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით“ (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-432-429(2კ-17)).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმეში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის ადვოკატი აეყვანა, რათა სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლის დაანგარიშებაც, ზოგადი წესის მიხედვით, სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე ხდება, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია. იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315(კ-11); 30.10.2015წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ., 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებები).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალურ ზარალს შორის - რომ არა უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მოსარჩელეს არ ექნებოდა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში საადვოკატო ხარჯის გაწევის საჭიროება. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას უზრუნველყოფს. ამასთან, დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულ შესაბამისობაშია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება და სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობა, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, საკმარის გარემოებებს ქმნის იმისათვის, რომ მოპასუხეს უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობის პირობებში, მის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ხარჯის გაწევა, ცალსახად ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნის მართებულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 2000 ლარის დაკისრების საკითხი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და შესაბამისად, ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება.
რაც შეეხება მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები სამოქალაქო სამართლის ისეთ ობიექტს წარმოადგენს, რომლის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ხელშეუხებლობა) ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რამეთუ პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი, თან სდევს ზემოხსენებული სიკეთეების შელახვა. მორალური ზიანის ანაზღაურების კონტექსტში საყურადღებოა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია უდანაშაულო ადამიანს უკანონო მსჯავრდების შედეგად გადატანილი ზნეობრივი და ფიზიკური ტანჯვა აუნაზღაურდეს, თუმცა ფულადი კომპენსაცია რეაბილიტირებული პირის უფლებების აღდგენის ერთ-ერთი საშუალებაა. მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აკისრია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)). საკასაციო პალატას არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-200(კ-21)). მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიანი ოდენობის ფარგლებში ანაზღაურება დაზარალებულის განცდების სიღრმის, ინტენსივობის და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას გულისხმობს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1024(2კ-23)). მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს, რომელიც მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის №7 ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა იმის გამო, რომ ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება გამრუდდა, ამგვარი მსჯავრდების გამო სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი არ დამტკიცდება, რომ მანამდე უცნობი გარემოებების დროულად აღმოჩენის ან გამოვლენის შეფერხება მთლიანად ან ნაწილობრივ ამავე პირის მიზეზით მოხდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. წ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარდგენილ სამივე ეპიზოდის ბრალდებაში გამართლდა. მოსარჩელის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივად დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 20 ივნისიდან და პატიმრობიდან გათავისუფლდა 6 თვისა და 28 დღის შემდგომ, როდესაც აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით შეიცვალა 2000 ლარის ოდენობით გირაოთი. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გამამართლებელი განაჩენი მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ პატიმრობაში ყოფნა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია დიდ მორალურ ტანჯვასთან და მძიმე სულიერ განცდებთან. ამდენად, სახეზეა გ. წ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი. ამ მხრივ, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მის მიერ სისხლისსამართლებრივი წარმოების კანონიერების ფარგლებში განხორციელებასთან დაკავშირებით, რამაც მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა გამორიცხოს, რამეთუ სკ-ის 1005.3-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების უპირობო წინაპირობად მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობას გულისხმობს, რაც მოცემულ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენით სახეზეა. საკასაციო პალატა ერთი მხრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს სპეციფიკური ფუნქციაა, რომლის შედეგის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია, რადგან იგი უცნობ ფაქტებზეა დამოკიდებული, სამართალწარმოების პროცესი კი სასამართლო კონტროლს გადის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა მარეაბილიტირებელი გარემოება, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
საკასაციო პალატამ, კასატორისათვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძვლიანობის დადგენის შემდგომ მისი მოცულობა უნდა შეაფასოს, ანუ არის თუ არა 8 000 ლარი იმ მორალური ზიანის პროპორციული, რომელიც მოსარჩელემ 6 თვისა და 28 დღიანი უკანონო მსჯავრდების შედეგად მიიღო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევებში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რამეთუ ეს საკითხი სრულებით სასამართლო მსჯელობის საგანია. მორალური (არაქონებრივი) ზიანი პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში ვლინდება, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის. ამიტომ, მისი მოცულობის განსაზღვრა ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, საპატიმროში გატარებული დრო და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-1277(2კ-23)). როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირის პატიმრობის ხანგრძლივობა (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, 2018, §23). მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულებით წყდება, რომელსაც გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს.
საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროსასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და ევროსასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის გონივრულობის ფარგლებში ანაზღაურების კუთხით საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლს და განმარტავს, რომ მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვ.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე საპატიმრო დაწესებულებაში 2020 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის 18 იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა, ასევე ითვალისწინებს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსს, სიმძიმეს, მის გავლენას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა (8 000 ლარი) მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის არაპროპორციულია და იგი უნდა შემცირდეს 3 000 ლარამდე ოდენობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. პალატა აღნიშნავს, რომ ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა (6 თვე და 28 დღე) და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მორალური ზიანის - 8000 ლარის ოდენობით პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, რადგან გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილება (აღნიშნულ ნაწილში) არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
4. სხვა ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე