Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-819(კ-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა. წ-ი
მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი - თ. მ-ი
მესამე პირი - შპს „...ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 19 ოქტომბერს ა. წ-მა სარჩელით, ხოლო 2023 წლის 15 თებერვალს და 2023 წლის 22 მარტს დაზუსტებული სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და კერძო აღმასრულებელ თ. მ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 ივლისის №SP201088185/1007846 ბრძანების ბათილად ცნობა და კერძო აღმასრულებლის - თ. მ-ის მიერ განხორციელებული ქმედების - გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 აგვისტოს №A 22135481-006/002 წინადადების უკანონოდ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა. წ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძო აღმასრულებელ თ. მ-ს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აეკრძალა სს „...ის“ მიერ მოსარჩელე ა. წ-ისთვის გადახდილი, ხელზე მისაღები ხელფასიდან ყოველთვიური 50% ჩამოჭრა და კერძო აღმასრულებელ თ. მ-ის ანგარიშზე ჩარიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 ივლისის ბრძანება №SP201088185/1007846 დავალიანების გადახდევინების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი კერძო აღმასრულებელი თ. მ-ის მიერ განხორციელებული ქმედება - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 15 აგვისტოს №A 22135481-006/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 23 ოქტომბერს შპს „...მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP201088185/1007846 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ა. წ-ის მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2019 წლის 8 მაისის შეთანხმებაზე, 2013 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2013 წლის 8 მაისს სს „... ბანკსა“ (გამსესხებელი) და ა. წ-ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 6 500 ლარი, 36 თვის ვადით. კრედიტის დაფარვის შესახებ გრაფიკის მიხედვით, ა. წ-ს 2013 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე №1514080 ბოლო გადახდა განხორციელებული ჰქონდა 2013 წლის 5 აგვისტოს. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება „... ბანკმა“ 2019 წლის 8 მაისის შეთანხმებით დაუთმო შპს „...ს“.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 14 ივლისის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №201088185/1007846 ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპონდენტს - ა. წ-ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 24614,15 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „...ის“ მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 და 915 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი მხარის შემოწმებისას უპირველეს ყოვლისა ადგენს გააჩნია თუ არა აპლიკანტს წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნა რესპონდენტის მიმართ და აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს თუ არა ვადამოსულ ფულად ვალდებულებას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე გამარტივებული წარმოების დაწყების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან შპს „...ის“ მოთხოვნა ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენის დროისთვის ხანდაზმული იყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. წ-ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, რაც ქმნიდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აპელანტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე და გამარტივებული წარმოების მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებზე მითითებით, აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო ვალდებული განეხორციელებინა სამოქალაქო ხელშეკრულების კონტროლი, რაზეც, სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ მოახდენდა მხარეთა მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების ნამდვილობის თუ ბათილობის საკითხის შეფასებას, თუმცა მეორე მხრივ განმარტა, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში ბიურო ადგენდა კრედიტორს გააჩნდა თუ არა ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. იმ პირობებში, როდესაც ბიუროს აქვს კომპეტენცია შეაფასოს, რამდენად არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ვადამოსული, მის შეფასების საგანი ასევე უნდა იყოს აქვს თუ არა კრედიტორს მოთხოვნის უფლება, კერძოდ, რამდენად დაცულია განცხადების წარდგენის დროისთვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლის მე-2 პუნქტზე, 914 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და 915 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია აპლიკანტის დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა უკვე დამდგარია. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორის მოსაზრებით, აპლიკანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმდა დაცული იყო თუ არა გამარტივებული წარმოების დასაწყებად კანონით დადგენილი ყველა ის წინაპირობა, რაც აუცილებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების დასაწყებად, კერძოდ, აპლიკანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას მიენიჭა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტის - ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნის არსებობის დამდგენი, ანუ მტკიცებითი ძალა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გამარტივებული წარმოების პროცედურა მოითხოვს კანონით გათვალისწინებული ეტაპების გავლას, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რესპონდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის დავალიანების არსებობის თაობაზე პროტესტის წარდგენას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გადახდის ბრძანების გამოცემას და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარებას, რესპონდენტი კი თავისუფლება ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვალდებულებისგან. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა, კასატორის მოსაზრებით განპირობებულია გამარტივებული წარმოების პროცესუალური ბუნებით, ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ კვლევა, შესწავლა და შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა, ხოლო გამარტივებული წარმოების სამსახური არ წარმოადგენს სასამართლოს ქვედა რგოლს ან ანალოგიას, შესაბამისად არ გააჩნია სასამართლოს მსგავსი ნორმაშემფარდებელი ფუნქცია.
კასატორის მითითებით, ყველას აქვს უფლება საკუთარი დარღვეული ან/და სადავოდ ქცეული უფლება დაიცვას სასამართლოსათვის მიმართვის გზით, განსაკუთრებით იმ მოცემულობისას, როდესაც რესპონდენტი მიუთითებს სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების კვლევა-შეფასების აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომაც მიენიჭა რესპონდენტს უფლება, შეუზღუდავად გამოხატოს საკუთარი პოზიცია მის მიმართ დაწყებულ წარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის არ დაეთანხმოს, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების წესით განხილვას. ამ პოზიციის საფუძვლიანობის შესწავლას არ ახდენს აღსრულების ეროვნული ბიურო და რესპონდენტის პროტესტი წარმოადგენს უპირობო საფუძველს დაწყებული წარმოების შეწყვეტისათვის. ერთადერთი ვალდებულება, რაც კანონმდებელმა რესპონდენტს დაუწესა, არის ის, რომ რესპონდენტი ვალდებულია, პოზიცია მის მიმართ დაწყებულ გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინოს წერილობითი ფორმით, კანონით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში. ბიურო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე მოსარჩელეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით პირადად, შესაბამისად, მას მიეცა რეალური შესაძლებლობა დაეფიქსირებინა პოზიცია გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით, რაც მას არ განუხორციელებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 ივლისის №SP201088185/1007846 ბრძანების და კერძო აღმასრულებლის - თ. მ-ის მიერ განხორციელებული ქმედების (გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 აგვისტოს №A 22135481-006/002 წინადადების) კანონიერება.
საკასაციო პალატა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება ითვალისწინებს კრედიტორისთვის გამარტივებულ პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობას. დასახელებული კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. დასახელებული კანონის 913 მუხლის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კანონის 917 პირველი პუნქტი აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადების რეგისტრაციიდან განუსაზღვრავს 5-დღიან ვადას რესპონდენტისთვის მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შეტყობინებისთვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის უფლებებს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 8 მაისს სს „... ბანკსა“ (გამსესხებელი) და ა. წ-ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 6 500 ლარი, 36 თვის ვადით. კრედიტის დაფარვის შესახებ გრაფიკის მიხედვით, ა. წ-ს 2013 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე №1514080 გრაფიკის მიხედვით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2013 წლის 5 აგვისტოს. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება „... ბანკმა’’ 2019 წლის 8 მაისის შეთანხმებით დაუთმო შპს „...ს“.
ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 23 ოქტომბერს შპს „...მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP201088185/1007846 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ა. წ-ის მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შპს „...მა“ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2019 წლის 8 მაისის შეთანხმებაზე და 2013 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 3 ნოემბრის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP201088185/784046 შეტყობინება, წარმოების დაწყების საფუძვლებზე, შესაბამისი მოქმედებების განხორციელებისთვის 10 კალენდარული დღის ვადაზე და მათი განუხორციელებლობის შედეგებზე მითითებით ა. წ-ს ჩაბარდა 2022 წლის 29 ივნისს. შედეგად, 2022 წლის 14 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP201088185/1007846 ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპონდენტს - ა. წ-ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 24614,15 ლარის ოდენობით აპლიკანტის შპს „...ის“ მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, მსგავსი წარმოების ფარგლებში გაცილებით მეტი რისკი და საფრთხე არსებობს, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქნეს წარდგენილი განცხადება და ინფორმაცია და დაირღვეს მოვალედ მითითებული პირის უფლებები. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სწორედ ამიტომ, გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ყურადღებით და საგულდაგულოდ შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე“ (სუსგ №ბს-686(2კ-19), 18.07.2019წ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად კი განსაზღვრულია, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: „ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას“ (სუსგ №ბს-658-627(კ-07), 09.01.2008წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიურო მართალია არ ახორციელებს მხარეთა მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების ნამდვილობის თუ ბათილობის საკითხის დეტალურ შეფასებას, თუმცა საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამარტივებული წარმოების პროცესისთვის დამახასიათებელი გამარტივებული პროცედურა, ასევე თავად აღსრულების ეროვნული ბიუროს ნაკლები ვალდებულებების არსებობა მას სრულად არ ათავისუფლებს წარმოების პროცესში ისეთი გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებისგან, რომელიც შესაძლოა ეჭვქვეშ აყენებდეს თავად კრედიტორის მოთხოვნის უფლებას; ერთ-ერთ ასეთ გარემოებას სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობა წარმოადგენს, რამდენადაც აღნიშნული საკითხის შეფასება ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია კრედიტორის უფლებების შესაბამისი საფუძვლის გარეშე უზრუნველყოფის და მევალის უფლებების მომეტებული შეზღუდვის საპრევენციოდ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 915 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირება, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს, მართალია არ ავალდებულებს ბიუროს წარდგენილი დოკუმენტების სრულყოფილ კვლევას, თუმცა არ გამორიცხავს აღნიშნულ მონაცემებში არსებული ინფორმაციის/გარემოებების გადამოწმებას იმ მოცულობით, რომელიც დოკუმენტის სიღრმეში შესვლას და მის დეტალურ სამართლებრივ შეფასებას არ გულისხმობს, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი კი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ასეთ გარემოებას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2013 წლის 8 მაისს, 36 თვის ვადით, ხოლო სესხის გადახდის გრაფიკის თანახმად, ა. წ-ს 2013 წლის 5 აგვისტოს შემდეგ სესხი არ გადაუხდია. აღნიშნული კი მეტყველებს იმაზე, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაზე შპს „...ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სააღსრულებო ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენის დროსთვის (23.10.2020წ.) გასული იყო. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე გამარტივებული წარმოების დაწყების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, რაც ადასტურებს ა. წ-ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 ივლისის SP201088185/1007846 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ერთი მხრივ აქცენტს აკეთებს თავად რესპონდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, კერძოდ მის მიერ დავალიანების არსებობის თაობაზე პროტესტის წარდგენაზე, რაც კასატორის მითითებით გამორიცხავდა გადახდის ბრძანების გამოცემას და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარებას, ხოლო მეორე მხრივ სასამართლოს ვალდებულებაზე მოახდინოს ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ კვლევა, შესწავლა და შეფასება. კასატორმა ასევე განმარტა, რომ გამარტივებული წარმოების სამსახური არ წარმოადგენს სასამართლოს ქვედა რგოლს ან ანალოგიას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ორგანოების, ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი ორგანოს, მოქმედება უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგად პრინციპებს, რომლებისგანაც გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც მმართველობითი ღონისძიების განმახორციელებელი, შესაბამისი უფლებამოსილების და კომპეტენციის მქონე სუბიექტი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფიზიკურ პირთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება, რაც მას ფართო უფლებამოსილების ფარგლებთან ერთად აკისრებს გაზრდილ პასუხისმგებლობას, საქმიანობის პროცესში განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი კვლევა და საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი განხორციელებისგან თავის არიდების გზით არ მოახდინოს პირთა უფლებების მომეტებული შეზღუდვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას და განმარტავს, რომ გამარტივებული წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიურო სრულად არ არის გათავისუფლებული კრედიტორის მოთხოვნასთან დაკავშირებული ისეთი გარემოების გამოკვლევისგან, როგორიც არის ხანდაზმულობის საკითხი, აღნიშნულ საკითხზე მითითების და გამოკვლევის ვალდებულების მხოლოდ რესპონდენტზე და სასამართლოზე გადატანა კი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას და სააღსრულებო წარმოების ზოგადი პრინციპების უგულებელყოფას.
საკასაციო სასამართლო კერძო აღმასრულებლის - თ. მ-ის მიერ განხორციელებული ქმედების - გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 აგვისტოს №A 22135481-006/002 წინადადების კანონიერებასთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ძირითადი აქტის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 ივლისის №SP201088185/1007846 ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, ასევე უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის უზრუნველსაყოფად კერძო აღმასრულებელ თ. მ-ის მიერ განხორციელებული ქმედება - 2022 წლის 15 აგვისტოს ა. წ-თან სააღსრულებო საქმეზე №A22135481 გაგზავნილი წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარზე 28.06.2024წ. №12075 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/კ: 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.06.2024წ. №12075 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


მ. ვაჩაძე


ბ. სტურუა