საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1262(კ-23) 11 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 19 აგვისტოს გ.ქ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელე - გ.ქ-ი აღდგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების ...ის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე; ასევე, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მოსარჩელე - გ.ქ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება 2020 წლის 11 ნოემბრიდან, სამსახურში აღდგენამდე, ყოველ თვეზე 1 100 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის N14952 ბრძანება; მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - გ.ქ-ი აღდგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების ...ის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე; ასევე, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე - გ.ქ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 11 ნოემბრიდან, სამსახურში აღდგენამდე, ყოველ თვეზე 1 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანება წარმოადგენს სადავო საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგს. მითითებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განემარტა, რომ დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, რაც სადავოდ ქცეულ შემთხვევაში სახეზე არ იყო. ამავე გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა გ.ქ-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა შეეფასებინა მისი სიმძიმის მიხედვით და მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული ყოფილიყო გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. პირის გათავისუფლება სამსახურიდან არის იძულებითი ღონისძიება, რომელიც სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული ზემოაღნიშნული მითითებები არ ყოფილა გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანების გამოცემისას და მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე მიიჩნია გ.ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულ, თანაზომიერ და შესაფერის ზომად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შეფასების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უნდა პასუხობდეს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან დაინტერესებული პირისათვის ცნობილი იყოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ მსგავსი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და მისი მიღების აუცილებლობა.
სააპელაციო პალატამ ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა მოსამსახურისთვის იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. პირის გათავისუფლება სამსახურიდან არის იძულებითი ღონისძიება, რომელიც სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები. კერძოდ, მხედველობაში არ იქნა მიღებული და შეფასებული გ.ქ-ის დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ, ასევე მისი დაწესებულებაში მუშაობის ხანგრძლივობა და სამსახურებრივი დახასიათებები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მითითებაზე იმის შესახებ, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ზომებს დაუსაბუთებლად არ უნდა გამოეწვია პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ყველაზე შესაბამისი, ადეკვატური სახდელის გამოყენებაზე, რომელიც ეფექტურად, დასაქმებულის უფლებების შეუზღუდავად უზრუნველყოფდა შესაბამისი მიზნის მიღწევას, რაც ვერ იქნა სათანადოდ აღსრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო აქტის უკანონობა, რაც განაპირობებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანების ბათილად ცნობას. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის გათვალისწინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის გ.ქ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, პატიმრობის კოდექსის მე-71 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებზე, ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-5, მე-12, მე-15 მუხლებზე, ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N144 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N2-ის პირველ, მე-2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეო ჩანაწერებით უდავოდაა დადასტურებული, რომ გ.ქ-მა ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა. აღნიშნული სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა სადავო, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენას არც თავად გ.ქ-ი უარყოფს, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის კი კანონითაა გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახე - სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება.
კასატორის მითითებით, პენიტენციური დაწესებულებები განსაკუთრებული სტატუსის მქონე დაწესებულებებია, რომლებიც აღასრულებენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობას/თავისუფლების აღკვეთას და იქ დასაქმებულ მოსამსახურეებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიაჩნია, რომ კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დისციპლინური ღონისძიების სახით გ.ქ-ის მიმართ სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლების გამოყენებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით, დადგინდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირ მოსმენაზე მოისმინა მხარეთა პოზიციები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საკითხის განხილვის გაგრძელება. ამავე სასამართლო სხდომაზე საკასაციო პალატის შეთავაზების საფუძველზე, დადგა საკითხი მხარეთა შორის შესაძლო მორიგების მიღწევის თაობაზე, რაც საბოლოოდ ვერ შედგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №17440 ბრძანებით, ამავე სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების ...ის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს, იუსტიციის ზემდეგ - გ.ქ-ის დაეკისრა დისციპლინური სახდელი „სამსახურიდან დათხოვნა“, მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №01/306222 დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული ბრძანება გ.ქ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, გ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №17440 ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - გ.ქ-ი აღდგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების ...ის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. ასევე, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე - გ.ქ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 11 ნოემბრიდან, სამსახურში აღდგენამდე, ყოველ თვეზე 1 100 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №17440 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში გ.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.ქ-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და გ.ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ 2022 წლის 21 ივლისს მიღებული იქნა №14952 ბრძანება, რომლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების ...ის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს გ.ქ-ის დაეკისრა დისციპლინური სახდელი ,,სამსახურიდან დათხოვნა“, მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №01/306222 დასკვნის საფუძველზე, 2020 წლის 11 ნოემბრიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნებს წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გ.ქ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. ეს კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, აღნიშნული გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ., №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის (1982წ.) №166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო და საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით, დასაქმებულის სოციალური უფლებების დასაცავად და ამავდროულად სახელმწიფო ორგანოთა სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, კვლევისა და დასაბუთების ვალდებულებისაგან ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების ფაქტი - დისციპლინური ზომის შერჩევის თავისუფლება. იმ პირობებში, როდესაც მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად წარმართოს საქმის გამოკვლევის ეტაპი, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და პროცედურა, რომელსაც ადგენს კანონმდებლობა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის მიზანი არის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ თანამშრომლების შეუსაბამო, შეუფერებელი ქცევის გამო მათზე ზემოქმედება მათი ქცევის შესაბამის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და მხოლოდ ამ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში იქნება თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი მძიმე ფორმის გამოყენება, როგორიც სამსახურიდან დათხოვნაა. მაშასადამე, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია მხოლოდ იმ მიზნით, რომ პირს მიადგეს ზიანი სამსახურიდან დათხოვნის სახით, მისი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დასჯა, არამედ შესაბამისი ღონისძიებების გამოყენებით უნდა დასტურდებოდეს იმ ძირითადი მიზნის მიუღწევლობა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას გააჩნია. ამავე გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის არგუმენტირებულად დასაბუთებული გ.ქ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება რატომ იყო აუცილებელი და უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა კანონმდებლობით დათქმული მიზნების მიღწევას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული გ.ქ-ის დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ, ასევე მისი დაწესებულებაში მუშაობის ხანგრძლივობა და სამსახურებრივი დახასიათებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხებოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ 2022 წლის 21 ივლისს მიღებული იქნა №14952 ბრძანება, რომლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულების ...ის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის გ.ქ-ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი ,,სამსახურიდან დათხოვნა“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა; მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2024 წლის 1 იანვრიდან) მე-12 მუხლი აწესრიგებდა მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებისა და დისციპლინური სახდელების სახეებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილია დისციპლინური გადაცდომის სახეები და ის შემთხვევები, როდესაც დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტით კი რეგლამენტირებულია დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის განსაზღვრული დისციპლინური სახდელების სახეები. ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული მითითებები არ ყოფილა გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანების გამოცემისას და მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე მიიჩნია გ.ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულ, თანაზომიერ და შესაფერის ზომად. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები. კერძოდ, მხედველობაში არ იქნა მიღებული და შეფასებული გ.ქ-ის დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ, ასევე მისი დაწესებულებაში მუშაობის ხანგრძლივობა და სამსახურებრივი დახასიათებები. ზემოაღნიშნულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული მითითების თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ზომებს დაუსაბუთებლად არ უნდა გამოეწვია პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ყველაზე შესაბამისი, ადეკვატური სახდელის გამოყენებაზე, რომელიც ეფექტურად, დასაქმებულის უფლებების შეუზღუდავად უზრუნველყოფდა შესაბამისი მიზნის მიღწევას, რაც სათანადოდ ვერ იქნა აღსრულებული.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა გ.ქ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების უკიდურესი ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ.ქ-ის გათავისუფლება იყო უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებული იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით და გათვალისწინებული იქნა საყოველთაოდ აღიარებული და განმტკიცებული ძირითადი უფლებები და ღირებულებები, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო თავისი სრულყოფილი დასაბუთებით პირდაპირ უნდა აქარწყლებდეს შესაძლო ეჭვებს თანაბარ პირობებში თანაბარი წესების გამოუყენებლობის შემთხვევის შესახებ. ამასთან, კასატორის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პენიტენციური დაწესებულებები განსაკუთრებული სტატუსის მქონე დაწესებულებებია და იქ დასაქმებულ მოსამსახურეებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, არ წარმოადგენს გ.ქ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის პროპორციულ და თანაზომიერ სახდელად მიჩნევის უპირობო საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ.ქ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გ.ქ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-118 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო.
ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 21 ივლისის №14952 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, არსებობს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გ.ქ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების საფუძველიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე