Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

№ბს-1080(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია")

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 29 ივლისს მოსარჩელე ლ. მ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 16 მაისის N064222136110 მითითების და ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 21 ივლისის დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 122-ე, 130-ე მუხლზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად მიუთითა ლ. მ-ას მიერ ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციაში წარდგენილ 1989 წლის 17 აპრილის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტზე, რომელიც წარდგენილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, აღნიშნული მტკიცებულება გამოკვლეულო იქნა 2023 წლის 05 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ წარმოდგენილ საცხოვრებელ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დამხმარე სათავსოს მიშენებას.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ლ. მ-ას მიერ შესაბამისი ორგანოსადმი მიმართვა და საქმეში არ მოიპოვება აგრეთვე მშენებლობის ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. უძრავ ნივთზე ლ. მ-ას საკუთრების უფლების გავრცელების შემთხვევაშიც არ დასტურდება მის სარგებლობაში არსებული ავტოფარეხის მშენებლობის კანონიერება. მიუთითა, რომ სადავო მშენებლობის კანონიერად ცნობისათვის საჭირო იყო სათანადო ნებართვის მიღება ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტის ლეგალიზება (დაკანონება), რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. ამდენად, უძრავ ნივთზე ლ. მ-ას საკუთრების უფლების აღიარება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით არ ქმნის სადავო მშენებლობის კანონიერად მიჩნევის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. მხარემ ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. მ-ას მიერ.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოსცა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აქტის გამომცემი ორგანო არ იყო გარკვეული იმ ვალდებულების დაკისრების მიზანშეწონილობაში, რაც ლ. მ-ას დაევალა გასაჩივრებული აქტით. ლ. მ-ას სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და დემონტაჟის დავალების შემთხვევაში, წარმომადგენლისთვის გაურკვეველია მესაკუთრეთათვის ზიანის მიყენების გარეშე როგორ უნდა განხორციელდეს დემონტაჟი. მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედების პრაქტიკულობა თვით სპეციალისტებმაც ვერ დაადასტურეს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე. განმარტავს, რომ სადავო შენობა, მდებარე, ქ. ფოთი, ...ი, N10 წარმოადგენს შენობას, რომელიც მდებარეობს საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის ფარგლებში და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც აღმართულია სადავო შენობა არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრება. სადავო შენობა ამხანაგობის წევრთა კრების აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე არსებობს 26 წელია, არ არის ავარიულ მდგომარეობაში, ვარგისია ექსპლუატაციისთვის და საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებს, რასაც კასატორის განმარტებით, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა.

წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ სადავო შენობის მოსარგებლე იყო აწ გარდაცვლილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი, შემდეგ შენობის მოსარგებლემ - ლ. მ-ამ ავტოფარეხს დაუმონტაჟა რკინის კარები, რომლის ჩამოხსნაც განხორციელდა მოპასუხის მხრიდან მითითების მოქმედების ვადაში. ლ. მ-ამ შეწყვიტა ავტოფარეხის ექსპლუატაცია და აღნიშნულის შესახებ აცნობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. მიიჩნევს, რომ ავტოფარეხის დემონტაჟი არის შეუძლებელი, ვინაიდან დემონტაჟი დააზიანებს სხვა მესაკუთრეთა საკუთრებას და საფრთხეს შეუქმნის სხვათა უსაფრთხოებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტი კასატორის მსჯელობით გამოცემულია სათანადო გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მისივე მსჯელობით, წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 16 მაისის N064222136110 მითითების და ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 21 ივლისის დადგენილების კანონიერება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ლ. მ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ფოთში, ...ი N10/17-ში (ს/კ ...) და არის საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი.

ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული შენობა - ნაგებობა (ავტოფარეხი) ეკუთვნოდა დ. ჩ-ს, რომელიც ცხოვრობდა ლ. მ-ას მეზობლად. 2006 წელს, დ. ჩ-მა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებელი ბინის გაყიდვა და ავტოფარეხი დაუთმო მოსარჩელეს სარგებლობისათვის. 2007 წელს, დ. ჩ-ი გარდაიცვალა და მისმა შვილმა მიიღო სამკვიდრო მოწმობა მამის დანაშთ ქონებაზე, სადაც სადავო ავტოფარეხი სამკვიდრო მასაში არ შესულა, ვინაიდან ის არ იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლებით. შესაბამისად, 2006 წლიდან ლ. მ-ა ფლობს და სარგებლობს სადავო ავტოფარეხით.

2022 წლის 11 ივლისის "...ის" მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასების თანახმად, ქ. ფოთი, ...ი N10-ში მდებარე მოქალაქე ლ. მ-ას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიშენების კარკასის გაბარიტებში მოწყობილი ავტოფარეხის სასარგებლო ფართით 29.16 კვ.მ კონსტრუქციული ნაწილის შესწავლით დადგინდა, რომ არსებული კონსტრუქციული ბირთვი სრულად უზრუნველყოფს ავტოფარეხის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და მისაღებია.

დადგენილია, რომ 2022 წლის 21 ივნისს, ლ. მ-ამ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

2022 წლის 02 აგვისტოს, ლ. მ-ამ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

2022 წლის 27 აპრილს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართა მოქალაქე რ. ქ-ამ, სადაც მითითებულია, რომ ქ. ფოთი, ...ი N10/12-ში, მისი საცხოვრებელი ფართის მომიჯნავედ, ლ. მ-ას მიერ უნებართვოდ აშენებულია ავტოფარეხი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 02 მაისის წერილით, მოსარჩელეს დაევალა ავტოფარეხთან დაკავშირებით დოკუმენტაციის წარდგენა. ლ. მ-ას მიერ წარდგენილ იქნა 1989 წლის 17 აპრილის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტი.

2022 წლის 16 მაისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა მითითება მოსარჩელის მიმართ ავტოფარეხის კანონთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით და განისაზღვრა 20 დღის ვადა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად.

2022 წლის 09 ივნისს, ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ლ. მ-ამ დადგენილ ვადაში მითითება არ შეასრულა.

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 21 ივლისის დადგენილებით ლ. მ-ა ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევ პირად, ქ. ფოთი, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული შენობა - ნაგებობის უნებართვო მშენებლობისათვის და "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 130-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე დადგენილებით, მოსარჩელეს დაევალა ქ. ფოთი, ...ი N10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობის მთლიანი დემონტაჟი.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა - ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/ არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა. რაც შეეხება "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 130-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტს, კანონმდებელმა მიუთითა, რომ უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში - 6 000 ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კასატორი ლ. მ-ა ფლობს და სარგებლობს ქ. ფოთში, ...ის ქუჩა N10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული შენობა - ნაგებობას (ავტოფარეხს) 2006 წლიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2022 წლის 16 მაისს გაიცა მითითება ავტოფარეხის კანონთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით და განესაზღვრა 20 დღის ვადა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად. 2022 წლის 09 ივნისს, ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ლ. მ-ამ დადგენილ ვადაში მითითება არ შეასრულა. როგორც სადავო ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის" 2022 წლის 21 ივლისის დადგენილებით ირკვევა, ლ. მ-ა ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევ პირად, ქ. ფოთი, ...ი N10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული შენობა - ნაგებობის უნებართვო მშენებლობისათვის და "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 130-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. მ-ას მიერ ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციაში წარდგენილ იქნა 1989 წლის 17 აპრილის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტი, რომელიც არ ითვალისწინებს აღნიშნულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დამხმარე სათავსოს მიშენებას.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო ადგენს შემოწმების აქტს, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. შემოწმების აქტში დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების, დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის შეჩერების ან დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესით“ განსაზღვრულია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესაძლებლობა. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს არქიტექტურულ ქალაქთმშენებლობის პროცესებსა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და განსაზღვრავს ამ უფლებამოსილებათა განმახორციელებელ განსხვავებულ ორგანოებს. კერძოდ, საჯარო რეესტრი განიხილება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონიერის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი. საკუთრების უფლების აღიარების კომისია კი წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტს. ამასთან, არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან მიწის ნაკვეთის დაკანონება და შენობა - ნაგებობის ლეგალიზება. კერძოდ, პირი, რომელიც აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, უფლება აქვს მოიპოვოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ხოლო შენობა - ნაგებობის ლეგალიზებაში, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ თანახმად, იგულისხმება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ლეგალიზება (დაკანონება). მითითებული წესის პირველი მუხლის თანახმად, 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას. ამავე წესის მე-8 მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანოს მიერ ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (სუს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ლ. მ-ას მიერ შესაბამისი ორგანოსადმი მიმართვა, საქმეში არ მოიპოვება აგრეთვე მშენებლობის ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა სადავო ავტოფარეხზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით. სადავო ავტოფარეხი მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების მოსაპოვებლად საჭირო იყო ყველა მესაკუთრის თანხმობა. ვინაიდან ერთი მესაკუთრე არ იყო თანახმა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა საკუთრების რეგისტრაციაზე. სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ უძრავ ნივთზე ლ. მ-ას საკუთრების უფლების გავრცელების შემთხვევაშიც არ დასტურდება მის სარგებლობაში არსებული ავტოფარეხის მშენებლობის კანონიერება. სადავო მშენებლობის კანონიერად ცნობისათვის საჭირო იყო სათანადო ნებართვის მიღება ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტის ლეგალიზება (დაკანონება), რაც საქმის მასალების თანახმად კასატორს არ განუხორციელებია. ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს იმ მსჯელობას, რომ სადავო აქტები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ლ. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ლ. მ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს რ. ბ-ის მიერ, ლ. მ-ას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს „... ბანკში“ 2023 წლის 20 ოქტომბერს N19033888336 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. ლ. მ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ბ-ის მიერ, ლ. მ-ას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს „... ბანკში“ 2023 წლის 20 ოქტომბერს N19033888336 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე