საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-772(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“, მოპასუხე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 აგვისტოს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 ივლისის №04/39909 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 23 ივლისის №04/39909 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2022 წლის 7 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოცემულ საქმეში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად თანამოპასუხედ განისაზღვრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის ნაწილში. სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „...ის“ დირექტორის №52/19 წერილით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობდა რემონტი, რაც განმახორციელებელს უზღუდავდა შესაძლებლობას განეხორციელებინა ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუმცა აღნიშნული ვერ განიხილება შეწყვეტად, რადგან მიმწოდებელმა მითითებული წერილით მოითხოვა ვადა 16 აპრილიდან 31 აგვისტომდე კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანის შეჩერების თაობაზე, რაც გამორიცხავს განმახორციელებლის მხრიდან ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ნაკისრი პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იყო პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება გაეკეთებინა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და არა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან. აღნიშნული კი მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ის“ დირექტორმა №52/19 წერილით მიმართა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს და აცნობა, რომ კლინიკაში მიმდინარეობს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს ეთხოვა 16 აპრილიდან 31 აგვისტომდე შეჩერებულიყო კლინიკაში ურგენტული პაციენტების შეყვანა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 23 ივლისს მიღებული იქნა №04/39909 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელთა მხრიდან ანგარიშგების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „...ის“ მიერ 2019 წლის მაისის შემდეგ არ არის წარდგენილი გაწეული მომსახურების შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაცია. ამასთან, მიმწოდებლის მიერ არ დაფიქსირებულა პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილი, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული დანართის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, შპს „...ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია 68 147.947 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე, ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით განმახორციელებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ს, გარდა №1 დანართის 23-ე მუხლის 35-ე და 36-ე პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 ივლისის №04/39909 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით არ დაუფიქსირებია პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „...ის“ დირექტორის №52/19 წერილზე, სადაც მითითებულია კლინიკაში მიმდინარე კაპიტალური სარემონტო სამუშაოების გამო, კონკრეტულ პერიოდში ურგენტული პაციენტების მიღების შეჩერების თაობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შპს „...ი“ ახორციელებს ამბულატორიულ საქმიანობას, მას სამედიცინო საქმიანობა და ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობა ცალმხრივად არ შეუწყვეტია. იგი აგრძელებს პაციენტებისთვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდებას. ამდენად, მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ შპს „...ს“ პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილი არ ჰქონია, მას პროგრამაში მონაწილეობა არ შეუწყვეტია და მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული პერიოდით შეაჩერა კონკრეტული პაციენტების მიღება. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების მიერ პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის სურვილის კანონით დადგენილი წესით დაუფიქსირებლობის მოტივით, მისთვის საჯარიმო სანქციის დაკისრება, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს. აღნიშნული კი ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ შპს „...ს“ შეტყობინება უნდა გაეკეთებინა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და არა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს N22307 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე