Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-766(კ-23) 24 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 03 ნოემბერს მოსარჩელე შპს „...ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 30 დეკემბრის №000703 დადგენილების და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის №480 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2, მე-3, 122-ე, 124-ე, 125-ე, 132-ე მუხლები, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ‘’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 N139 დადგენილებით) მე-20, 78-ე მუხლები და ყურადღება გაამახვილა შპს ,,...ის’’ წარმომადგენლის იმ პოზიციაზე, რომ შენობა - ნაგებობის შემოწმებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა გამოეყენებინა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება და 2016 წლის 7 ოქტომბერს მოქმედი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის‘’ 2016 წლის 13 აპრილის რედაქცია (2016 წლის 6 ოქტომბერს შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე 2016 წლის 7 ოქტომბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა). ასეთ შემთხვევაში, დადგენილებაში მითითებული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა, ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის‘’ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა‘’ პუნქტის საფუძველზე, განისაზღვრებოდა 4 (ოთხი ათასი) ლარით. მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, კანონის უკუძალის დაუშვებლობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების‘’ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, 2019 წლის 3 ივნისამდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მიუთითა, რომ თავდაპირველი მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2016 წელს, თუმცა, დავის საგნიდან და სამართალდამრღვევის მიერ ჩამოყალიბებული და განცხადებული პრეტენზიების პირობებში, გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია 2020 წლის 4 აგვისტოს №000703 მითითების გაცემით, რომლითაც გამოვლინდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ობიექტზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4744933 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევა. მითითებული ბრძანებით, თავის მხრივ, მშენებლობის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 18 ნოემბრიდან 2020 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდით. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, გამოვლენილი შეუსაბამობების ხასიათისა და იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 აგვისტოს 000703 მითითებით გამოვლენილი იქნა არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის N4744933 (AR1713525) ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევა, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის N2051-IIს; გამოქვეყნების თარიღი: 21.03.2018) ძალაში შესვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს სივრცის, დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ითვალისწინებდა ჯარიმას - 15 000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ წარმომადგენლის მიერ.

კასატორი განმარტავს, რომ შპს „...ის" საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი ... N15. აღნიშნულ ობიექტზე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2016 წლის 7 ოქტომბრის N2880630 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 30 დეკემბრის N000703 დადგენილებით, კომპანია დაჯარიმდა 15 000 (თხუთმეტი) ათასი ლარით, პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის.

წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან კომპანიის კუთვნილ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 7 ოქტომბერს, მის საფუძველზე აშენებული შენობა - ნაგებობის ზედამხედველობა უნდა განხორციელებულიყო არა დღეს მოქმედი კანონმდებლობის, არამედ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, ზედამხედველ ორგანოს შენობა - ნაგებობის შემოწმებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების დროს უნდა გამოეყენებინა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 მარტის N57 დადგენილება და 2016 წლის 7 ოქტომბერს მოქმედი „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 2016 წლის 13 აპრილის რედაქცია (13/04/2016 -21/12/2016). ასეთ შემთხვევაში, დადგენილებაში მითითებული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა განისაზღვრებოდა არა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით, არამედ 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით (საფუძველი: „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტი).

საკასაციო საჩივრის ავტორის მსჯელობით, როგორც მთავრობის დადგენილების, ასევე კოდექსის შესაბამის მუხლებში კანონმდებლის მხრიდან ჩანაწერის გაკეთება ემსახურება სამართლის სფეროში დამკვიდრებულ უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კანონის უკუძალის დაუშვებლობას. კანონის მოქმედების გავრცელება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე არსებულ შემთხვევებზე დაუშვებელია. ერთადერთი გამონაკლისი ამ წესიდან არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ თავად კანონი ითვალისწინებს უკუძალის საკითხს. კანონის უკუძალის დაუშვებლობა პირდაპირ კავშირშია ზიანის მიყენების ფაქტთან, ვინაიდან, ახალი კანონის შემოღებით შეიძლება გაუარესდეს პირის მდგომარეობა ან/და მან გააუარესოს პირის მდგომარეობა. აქვე, კასატორი ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის N480 ბრძანებაში მითითებულ იმ ჩანაწერზე, რომ განსახილველი სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს აღნიშნული ნებართვის გაცემის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ,"მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 მარტის N57 დადგენილებასთან მიმართებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (24.01.2018 წელი) დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ... №17-ის მიმდებარედ (ქალაქი თბილისი, ... №15, ქალაქი თბილისი, ..., ... №17) არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობით 2373.00 კვ.მ, ნაკვეთის საკურების ტიპი არასასოფლო - სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი: №... და №..., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა №1 მშენებარე, საერთო ფართით 14775.1 კვ.მ. მათ შორის: საცხოვრებელი ფართი 6716.5 კვ.მ, კომერციული ფართი 1021.1 კვ.მ, საზაფხულო ფართი 3502.9 კვ.მ, სარდაფის ფართი 72.8 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართი 1176 კვ.მ, დამხმარე ფართი 316.4 კვ.მ, ავტოსადგომის ფართი 1969.4 კვ.მ; საკადასტრო კოდი - №...), თანამესაკუთრეები არიან - ა. ა-ე, გ. ბ-ი, გ. ტ-ე, ე. მ-, ე. მ-, თ. ხ-ი, თ. ა-ე, ი. კ-ა, ი. ჭ-ა, ლ. ა-ი, ლ. ე-ი, მ. ა-ე, მ. გ-ი, ნ. მ-ი, ნ. შ-ა, ნ. ნ-ი, ს. ჰ-, ს. ჰ-ი, ს. ც-ე, ს. ჭ-ე, ქ. ხ-ი, ღ. ხ. ფ- და შპს ,,...ი.’’

დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 ოქტომბრის №2876858 ბრძანებით, შპს ,,...ის’’ განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, სექტორი ..., ..., №17-ში /ქალაქი თბილისი, ... №15/ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 7 ოქტომბრის №2880630 ბრძანებით, შპს ,,...ის’’ განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, სექტორი ..., ... №17ის-მიმდებარედ /ქალაქი თბილისი, ... №15/ქალაქი თბილისი, ... №17, მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა.

დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4744933 ბრძანებით, შპს ,,...ის’’ დირექტორის განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, სექტორი ..., ... №17-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, ... №15/ქალაქი თბილისი, ..., ... №17, მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 ნოემბრიდან 2020 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 აგვისტოს №000703 მითითების თანახმად, თბილისში, სექტორი ..., ... №17-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, ... №15/ ქალაქი თბილისი, ..., ... №17, (საკადასტრო კოდი №...), მდებარე ობიექტზე დარღვეულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4744933 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. კერძოდ, ფასადები: ნაწილობრივ შეცვლილია ვიტრაჟების ვიზუალი, დამატებით მოწყობილია კონდიციონერების აგრეგატები, გათბობის დანადგარები, კარადები, საკომუნიკაციო და გამწოვი მილები. ნაწილობრივ შეცვლილია რელიეფის ნიშნულები. აივანზე დამატებით მოწყობილია გამყოფი ტიხრები. აივანზე ნაწილობრივ შეცვლილია საპროექტო გამყოფი ტიხრების ადგილმდებარეობა და სიგანე. +35, 450 და +39, 050 ნიშნულზე დამატებით მოწყობილია ლითონის მსუბუქი კონსტრუქციები გადახურვით და (საჩრდილობლები). გადახურვის ფილაზე ასევე დამატებით მოწყობილია კონდიციონერის აგრეგატი. ფასადი 9-1 ღერძებში: 8-7 მონაკვეთში +4.050 ნიშნულზე გაუქმებულია მოაჯირი. 5-2 მონაკვეთში ± 0.000 ნიშნულზე 4-4 ღერძთან დამატებით მოწყობილია ვიტრაჟი. ± 35.450 ნიშნულზე 2-2 და 8-8 ღერძების მიმდებარედ აივნებზე დამატებით მოწყობილია გამყოფი ტიხრები. 2-2 და 1-1 ღერძების მიმდებარედ ± 0.000 და +4.050 ნიშნულებზე დამატებით მოწყობილია წყალშემკრები მილები. ფასადი 9-1 ღერძებში: +35.450 ნიშნულზე აივანზე დამატებით მოწყობილია გამყოფი ტიხრები, 6-6 ღერძთან დამატებით მოწყობილია სატელიტური ანტენები. 1-2, 3-4 და 6-7 მონაკვეთში ±0.000 ნიშნულზე დამატებით მოწყობილია სარეკლამო ბანერები. ფასადი ე-ა ღერძებში: ±0.000 ნიშნულზე ე-დ მონაკვეთში დამატებით მოწყობილია ფანჯარა. გ-ბ მონაკვეთში +6.650 ნიშნულზე და ზევით შეცვლილია ვიტრაჟების ადგილმდებარეობა. გეგმის მიხედვით: გაზრდილია ბინების რაოდენობა. დამატებით მოწყობილია საკომუნიკაციო შახტები. შეცვლილია კიბის საფეხურების რაოდენობა. გეგმა 0.000 ნიშნულზე: 1-1 ღერძის მარცხნივ დამატებით მოწყობილია ლითონის ღობე და ლითონის კონსტრუქციები (შლაგბაუმი). ე-ე ღერძის გარეთ ტერიტორიაზე დამატებით მოწყობილია მონოლითური კედლები. დარღვევის გამოსწორების მიზნით, დამრღვევს - შპს ,,...ს’’ დაევალა ობიექტი მოეყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღე.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის პირველი სექტემბრის №000703 შემოწმების აქტის თანახმად, დამრღვევის - შპს ,,...ის’’ მიერ არ შესრულდა 2020 წლის 4 აგვისტოს №000703 მითითების პირობები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 30 ოქტომბრის №4-3/332-გ/20 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს №000703 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №000703 შედგენილი1.09. 2020 წელი) შპს ,,...ის’’ მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 30 დეკემბრის №000703 დადგენილებით, შპს ,,...ი’’ დაჯარიმდა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, სექტორი ..., ... №17-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, ... №15/ ქალაქი თბილისი, ..., ... №17, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისათვის.

დადგენილია, რომ 2021 წლის 3 თებერვალს, შპს ,,...ის’’ დირექტორმა №20/0121034279401 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 30 დეკემბრის №000703 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის №480 ბრძანებით შპს ,,...ის’’ დირექტორის №20/0121034279401 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 30 დეკემბრის №000703 დადგენილებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 8 აპრილის №480 ბრძანების კანონიერება. სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 124-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. ხოლო, მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე მოიხმობს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ‘’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებას (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 N139 დადგენილებით), რომლის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ‘’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. დადგენილების 78-ე მუხლით კანონმდებელმა დაარეგულირა IV კლასის შენობა - ნაგებობების სანებართვი პირობები. მუხლის პირველი პუნქტის ,,გ‘’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს სანებართვო პირობები, მათ შორის შემდეგი - აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს N00073 მითითების თანახმად, თბილისში, სექტორი ..., ... №17-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, ... №15/ ქალაქი თბილისი, ..., ... №17, (საკადასტრო კოდი №...), მდებარე ობიექტზე დარღვეულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4744933 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. მითითების აქტში აღინიშნა რიგი დარღვევები. დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2020 წლის პირველ სექტემბერს შედგენილია N00073 შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც, დამრღვევის - შპს ,,...ის’’ მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 4 აგვისტოს №000703 მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 30 ოქტომბრის №4-3/332-გ/20 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს №000703 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №000703 შედგენილი 2020 წლის პირველ სექტემბერს) შპს ,,...ის’’ მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 132-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სადავო 2020 წლის 30 დეკემბრის №000703 დადგენილებით, შპს ,,...ი’’ დაჯარიმდა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, სექტორი ..., ... №17-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, ... №15/ ქალაქი თბილისი, ..., ... №17, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის წარმოებისათვის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ, ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონიერება შედავებულია იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას შენობა - ნაგებობის შემოწმებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების დროს უნდა გამოეყენებინა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება და 2016 წლის 7 ოქტომბერს მოქმედი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის‘’ 2016 წლის 13 აპრილის რედაქცია (2016 წლის 6 ოქტომბერს შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე 2016 წლის 7 ოქტომბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა). კასატორის ინტერესს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევაში, დადგენილებაში მითითებული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა, ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის‘’ 45ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა‘’ პუნქტის საფუძველზე განისაზღვრებოდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით.

საკასაციო პალატა მიუთითებს 2016 წლის 7 ოქტომბერს მოქმედ ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის‘’ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა‘’ პუნქტის რედაქციაზე, რომლის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით; ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით; ა.დ) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა - ნაგებობისათვის – 5 000 ლარით.

დავის საგნის გათვალისწინებით საგულისხმოა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 141-ე მუხლის პირველი ნაწილი, სადაც კანონმდებლის მიერ ცალსახად განიმარტა, რომ 2019 წლის 3 ივნისამდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამასთანავე, მის საფუძველზე აშენებული შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების‘’ მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, მითითებულია, რომ 2019 წლის 3 ივნისამდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამასთანავე, მის საფუძველზე აშენებული შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები. მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს რომ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 141-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს მოქმედი მოთხოვნები და წესები გამოიყენება მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნებისთვის და ის ვერ გავრცელდება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცედურულ წესებზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად განიმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრულიყო, სამართალდარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი, საქართველოს სივრცის, დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც კონკრეტული დავის ფარგლებში ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ითვალისწინებდა ჯარიმას 15 000 ლარის ოდენობით ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შპს „...ს“ ს/ნ ... უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 27 ივნისს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება;

3. შპს „...ს“ ს/ნ ... დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 27 ივნისს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე