საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-306(კ-23) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. გ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. გ-მა 2018 წლის 27 სექტემბერს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატ მოსამართლეს მოპასუხე - თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. 2022 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა: თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს N23/კ ბრძანებისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 აგვისტოს N1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ლ. გ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა (პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას თანამდებობაზე) და იძულებითი განაცდურის დაკისრება გათავისუფლებიდან (2018 წლის 7 აგვისტოდან) აღდგენამდე - ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით, ასევე 2018 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 17 აგვისტომდე მიუღებელი ხელფასის სახით ჯამში - 4454 ლარის მატერიალური და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრება, ასევე პროცესის ხარჯების ანაზღაურება. ამასთანავე, მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
სარჩელის მიხედვით, ლ. გ-ი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ...ის თანამდებობაზე დანიშნული იყო კონკურსის წესით 2015 წლის 16 ივნისიდან 2018 წლის 01 მარტამდე, თუმცა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რაც მის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება. მართალია, გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ ჩაიწერა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, თუმცა ნათლად მიეთითა, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო აბსურდული და არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი, რის გამოც ხელახლა უნდა ემსჯელა მოპასუხეს სადავო საკითხზე. საჯარო სამსახურის ბიურომ თავის დასკვნაში აცნობა მოპასუხეს, რომ მისი ბრძანებები უკანონო იყო, თუმცა მოპასუხემ სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მიიღო ისევ უკანონო გადაწყვეტილება და ხელმეორედ გათავისუფლდა ლ. გ-ი სამსახურიდან, თუმცა რის საფუძველზე და როდიდან - გაურკვეველია. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც აღიარა თავისი მოქმედების უკანონობა.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხის უკანონო ქმედებით ლ. გ-ს შეელახა პატივი და ღირსება. თვალსაჩინოა, რომ მოპასუხემ შეგნებულად განახორციელა ე.წ. შტატების შემცირება, სინამდვილეში კი შტატები გაიზარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობის მიუხედავად, არ იქნა გამოსწორებული შეცდომა, რაც მოსარჩელის შეფასებით მას მორალურ ზიანს აყენებს.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის სარჩელის განხილვა შეჩერებულ იქნა მხარეთა შორის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე დავის დასრულებამდე.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით განახლდა ზემოაღნიშნულ საქმეზე სარჩელის ადმინისტრაციული წესით განხილვა, მხარეთა შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე Nბს-273(კ-19) ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე 2021 წლის 30 სექტემბერს მიღებული განჩინების საფუძველზე.
მცხეთის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 აგვისტოს ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმი N1 და 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება N23/კ ლ. გ-ის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... კატეგორიის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ემსჯელა ლ. გ-თან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე და გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებულ სხდომაზე (სხდომის ოქმი N1), სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად არ გამოკვლეულა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, არ ყოფილა წარდგენილი დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები; ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ შესწავლილა ის გარემოებები, მოცემული მომენტისათვის შესაძლებელი იყო თუ არა მოსარჩელე მისი თანხმობით გადაყვანილი ყოფილიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ასევე მომხდარიყო მობილობის წესის გათვალისწინებით დასაქმება.
სასამართლოს განმარტებით, 2018 წლის 20 აგვისტოს N23/კ ბრძანება გამოცემულია იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, რითაც გამოიცა 2018 წლის 01 მარტის N5/კ ბრძანება, მაშინ როდესაც თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ევალებოდა გაეთვალისწინებინა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების შინაარსი და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოეცა სწორედ მის შესაბამისად, რაც სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გაეგზავნა 2018 წლის 03 აგვისტოს გაფრთხილების წერილი N02/216 ზემოაღნიშნულ სხდომაში მონაწილეობის მიღების შესახებ, რომელიც არ ჩაბარებია და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა. საფოსტო კონვერტის უკუგზავნილზე მითითებულია, რომ კონვერტი უბრუნდება გამგზავნს მოუკითხაობის გამო, ხოლო დაბრუნების თარიღად მითითებულია 21.08.18წ, რაც ასევე ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევად შეფასდა სასამართლოს მიერ. საბოლოოდ, რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გამორიცხა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დისკრიმინაციული საფუძვლების არსებობა, რის გამოც მოსარჩელე მხარის სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე მხარისგან მის მობილობასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა, როგორც საქმის მასალებით, ისე მხარეთა ახსნა განმარტებებით დადასტურებული არ იყო. ამრიგად, სასამართლოს შეფასებით, არსებობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 აგვისტოს N1 სხდომის ოქმისა და 2018 წლის 20 აგვისტოს N23/კ ბრძანების საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის წინაპირობები. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის, მიუღებელი ხელფასის, მორალური ზიანის და პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნასა და სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ ეტაპზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა მათ კანონიერებაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები მატერიალური და მორალური ზიანისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა შედეგობრივი თვალსაზრისით დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე გაიზიარა დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ ლ. გ-ის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. პალატამ მიუთითა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ/ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ ნაწილში არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესული იყო კანონიერ ძალაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარზე, გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტის ლ. გ-ის წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნების 1.3. და 1.4. პუნქტები და მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ლ. გ-ს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური გათავისუფლებიდან (2018 წლის 20 აგვისტოდან) აღდგენამდე - ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით; მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მოსარჩელე ლ. გ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ოდენობით 2018 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 20 აგვისტომდე, რაც შეადგენს 4 454 ლარს; მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით მიუთითა, რომ ლ. გ-ი მატერიალური ზიანის სახით ითხოვდა თანამდებობრივი სარგოს სახით მისაღებ თანხას, რომელიც უნდა მიეღო სამსახურიდან პირველი განთავისუფლებიდან (01.03.2018) მეორე განთავისუფლებამდე (17.08.2018). თავის მხრივ, პირველი განთავისუფლების აქტი ბათილად იყო ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ხოლო მეორე განთავისუფლება კი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგს წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული მეორე სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი მეორე განთავისუფლების აქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერჯერობით არ უმსჯელია.
სააპელაციო პალატის შეფასებით, თეორიულად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე შესაძლოა აღადგინოს კიდეც სამსახურში და განაცდურიც აუნაზღაუროს, მათ შორის, პირველი განთავისუფლებიდან მოყოლებული; ამდენად, მოცემულ ეტაპზე, პალატის მოსაზრებით სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას, რადგან პირველ რიგში, აღნიშნულზე უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს და მეორეც, სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურების დაკისრება და შემდგომში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განაცდურის შესაძლო ანაზღაურება, პირის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევდა.
მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიუთითა, რომ მოსარჩელე დისკრიმინაციული მოპყრობის გათვალისწინებით ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, თუმცა საქმიანი რეპუტაციის შელახვად ყოველთვის არ ითვლებოდა პირის სამსახურიდან გათავისუფლება ან აღნიშნულის შესახებ ბრძანების გამოქვეყნება და სხვა. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამ ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.
რაც შეეხება ადვოკატისათვის გაწეული მომსახურების თანხის - 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურებას (ტომი 1, ს.ფ 146-148), სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს განეკუთვნება. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო აპელანტ (მოსარჩელე) ლ. გ-სა და ადვოკატ თე. უ-ს შორის, 2022 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, გაწეული მომსახურებისათვის განისაზღვრა 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის გადახდის ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობდა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების Taobaze, რაც არ ყოფილა წარდგენილი აპელაციის საგანი და მოსარჩელე ითხოვდა არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას 2018 წლის 20 აგვისტოდან აღდგენამდე, არამედ ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 2018 წლის 01 მარტიდან 20 აგვისტომდე, რომელიც 2018 წლის 20 მარტს უნდა აენაზღაურებინა ადმინისტრაციულ ორგანოს და ხუთი წლის განმავლობაში არ აუნაზღაურებია.
კასატორის განმარტებით დავის საგანი ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მეორე გათავისუფლებამდე უნდა აენაზღაურებინა ადმინისტრაციულ ორგანოს და დღემდე არ ასრულებს. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წელში, დადგენილი იქნა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ გათავისუფლების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ გამორიცხა დისკრიმინაციული მიდგომის არ არსებობა და რომ გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციის საფუძველზე.
თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2022 წელს ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სადაც ჩაიწერა, რომ გათავისუფლების დროს ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას და ეს გადაწყვეტილებაც - გათავისუფლების ნაწილში ასევე შესულია კანონიერ ძალაში და ბათილად არის ცნობილი გათავისუფლება სწორედ ამ მოტივით. სასამართლოსთვის წარდგენილია კონკრეტული ფაქტი, როდესაც თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რეზერვში აიყვანა ორი თანამშრომელი - კასატორი და კიდევ ერთი აპარატის თანამშრომელი - თ. უ-ი, რომელიც შემდეგ, კანონის სრული უგულებელყოფით და დარღვევით დაბრუნებული იქნა თავის პოზიციაზე, ხოლო კასატორი დღემდე ეძებს სამართალს, რაც ცალსახად ადასტურებს დისკრიმინაციულ მიდგომას.
რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, კასატორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა სრულიად გაუგებარია. იურიდიული მომსახურება გაწეული იყო არა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში, არამედ პირველ ინსტანციაშიც, სადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ დაკმაყოფილდა და მიღწეული იქნა მიზანი - ბათილად იქნა ცნობილი უკანონო გათავისუფლება, რაც ასევე შევიდა კანონიერ ძალაში. ასევე მომსახურება გაწეული იქნა 2018 წელს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღების დროს, როდესაც ასევე ბათილად იქნა ცნობილი უკანონო გათავისუფლება. შესაძლოა სასამართლოს ემსჯელა, რა ნაწილში შეიძლებოდა მისი დაკმაყოფილება, მაგრამ სრულად უარყოფა იმის გამო, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, კასატორის მოსაზრებით უკანონოა და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და რაც გამოიყენა, არასწორად განმარტა იგი, რადგანაც იურიდიული მომსახურება არ დაწყებულა სააპელაციო ინსტანციით და არც ამით დასრულდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება ლ. გ-ის მიერ გასაჩივრდა მხოლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ასევე, გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში, ხოლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ლ. გ-თან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე ხელახალი მსჯელობის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ და ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ მატერიალური და მორალური ზიანისა და პროცესის ხარჯების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას - არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის კანონიერების გამორკვევაა, რაც სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია. თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობის დადასტურება წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობას. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სასამართლო იყენებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამასთან, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (იხ. სუსგ საქმეზე Nბს-1285-1229(2კ-09), 20.04.2010წ.)
საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.2018წ. №ბს-368-368(კ-18)). ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა 2018 წლის 01 მარტიდან, კერძოდ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... კატეგორიის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს N23/კ ბრძანების გამოცემამდე პერიოდზე (სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უარყოფამდე). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 მარტის N5/კ ბრძანება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა კი მისი უკანონობის არსებითად დადასტურების გარეშე არ წარმოშობს მოსარჩელის უფლებას ზიანის, მათ შორის, მორალური ზიანის მოთხოვნის შესახებ. საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თუ იძულებითი განაცდურის ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც თავის მხრივ მატერიალური ზიანია, ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (კანონის 118.3 და 118.4 მუხლები), რაშიც (ტერმინი „გაუქმება“) არ მოიაზრება ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობა. შესაბამისად, მოცემული ეტაპისთვის, სახეზე არ არის ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის (მატერიალური და მორალური) დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი - საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონოდ ცნობის პირობებში მოხელის სამსახურში აღდგენა ან აღდგენის შეუძლებლობა, რა გარემოების დადასტურება უცილობლად წარმოშობს ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს კასატორის (მოსარჩელის) განმარტებაზე, რომელიც შეეხება დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებას, რასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom); უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia). განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria). ირიბი დისკრიმინაცია კი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic).
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2010წ. N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. ამოსაცნობ ნიშანს. ამ ფაქტების საპირისპიროდ ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (სუსგ საქმეზე Nას-864-831-2016, 03.06.2017წ.; სუსგ საქმეზე Nას-319-302-2017, 28.07.2017 წ. სუსგ საქმეზე Nას-247-235-2017, 29.11.2017 წ.).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დისკრიმინაციული საფუძვლით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ადამიანის უფლების იმდენად მძიმე დარღვევას წარმოადგენს, რომ ამ ფაქტის სასამართლოს მიერ დადასტურების შემთხვევაში გამოირიცხება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების დამატებითი კვლევის საჭიროება და აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად, მისი უკანონოდ ცნობის საჭიროებას წარმოშობს, შესაბამისად ამ პირობებში, დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტა, პროცესუალურად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ლ. გ-სა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის წარმოშობილი დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებით გადაწყდა, რაც მხარეთა მიერ გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, მისი კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს და ამ პირობებში, მოცემული ეტაპისთვის, სახეზე არ არის დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით მორალური ზიანის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით პროცესის ხარჯებთან, მათ შორის, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავი უშუალოდ ადმინისტრაციული პროცესის მიზნებისათვის განსაზღვრავს პროცესის ხარჯების მარეგულირებელ გარკვეულ დანაწესებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი არეგულირებს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით ექსკლუზიურად, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისათვის განსაზღვრული სპეციალური შემთხვევა გამორიცხავს ადმინისტრაციულ დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ზემოხსენებული რეგულაციის გამოყენების შესაძლებლობას, რამდენადაც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული საკითხი არ არის მოწესრიგებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებისას სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით უნდა ეხელმძღვანელა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიულ შინაარსში კანონმდებელი მოიაზრებს სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შემთხვევასაც, შესაბამისად, სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგის მართებულობის მიუხედავად, თუკი აქტის გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, მითითებული ნორმა პროცესის ხარჯების ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების საფუძველს ქმნის, რაშიც იგულისხმება ყველა ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი. აღსანიშნავია, რომ საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე ზემდგომ ინსტანციაში დამდგარი შედეგის მიხედვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თავის მხრივ საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პროცესის ხარჯების განაწილების თვალსაზრისით უტოლდება სარჩელის დაკმაყოფილებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია ლ. გ-სა და თე. უ-ს შორის, 2022 წლის 10 თებერვალს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების 4.12 პუნქტის თანახმად, დამკვეთი შემსრულებელს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქმის დასრულების შემდეგ არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში. ამდენად, ცალსახაა, რომ მოსარჩელე და მისი მარწმუნებელი შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სპეციალურ წესზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუსგ საქმეზე №ბს-1330-1315 (კ-11), 09.02.2012წ.; სუსგ საქმეზე №ას-444-423-2015, 30.10.15წ.; სუსგ საქმეზე №ას-12-12-2016, 25.03.2016წ.; სუსგ საქმეზე №ბს-809-805(3კ-17)), 17.01.2019წ.), მით უფრო, რომ საქმის მასალებით დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმება ადვოკატის მომსახურების ხარჯის არა წინასწარ, არამედ დავის დასრულების შემდგომ გადახდის თაობაზე. მართალია, ზოგადი წესის მიხედვით, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა უზრუნველყოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის და მაქსიმალური თანხის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ საქმეზე Nას-792-1114-07, 11.02.08წ.). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე, ზღვრული თანხის ფარგლებში ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ. (სუსგ საქმეზე Nბს-776-768(2კ-4კს-15), 4.07.2016წ.). მხარეთა შორის ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების ღირებულება მავალდებულებელია თვითონ მხარეებისთვის და არა სასამართლოსთვის. სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეფასების შედეგად ადგენს ადვოკატის მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხის გონივრულ ოდენობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასულ პერიოდში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, ინსტანციურობის, დავის დასრულების შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელე ლ. გ-ის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული წარმომადგენლობითი საქმიანობის ასანაზღაურებლად გონივრული და სამართლიანია 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება, რაც უნდა დაეკისროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელის სასარგებლოდ. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დავა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ გადაწყვეტილა კასატორის სასარგებლოდ, არ არსებობს ამ ინსტანციის სასამართლოსთვის გაწეული ხარჯის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება პროცესის ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. მოპასუხეს - თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე