საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1010(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - დ. მ-ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 15 სექტემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - დ. მ-ის მიმართ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 3 399.35 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 ივლისის N14-14221201130 წერილით, დ. მ-ის 2021 წლის 14 ივლისის განცხადება დაკმაყოფილდა და დ. მ-ეს მიეცა უფლება 2021 წლის 16 ივლისიდან, 2021 წლის 31 დეკემბრამდე, განეთავსებინა 7 კვ.მ ჯიხური ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე, ე.წ. ...ისა და ... „...ს“ შორის გზის მონაკვეთზე. ამავე წერილით განისაზღვრა გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის საფასური ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენდა სარგებლობისათვის მთლიანი საფასურის 0,1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დავალიანებამ შეადგინა 3 399.95 ლარი, საიდანაც 384.95 ლარი არის გარე ვაჭრობის უფლების/საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის საფასური, ხოლო 3 015 ლარი - პირგასამტეხლო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე დ. მ-ეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარისა და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, იმ საფუძვლით, რომ ძირითადი ვალდებულება, გარე ვაჭრობის უფლებით სარგებლობის საფასურის სახით, შეადგენდა 384.68, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა კი - 3015.00 ლარს, რაც ეწინააღმდეგება გონივრულობის სტანდარტებს და სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი პირგასამტეხლოს სახით 200 ლარის დაკისრება გონივრულ თანაფარდობაში იქნებოდა ძირითად ვალდებულებასთან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმული სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ, მართალია, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო გარე ვაჭრობის უფლების/საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლების საფასურის 0.1%-ის ოდენობით, ხელშეკრულების დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ის სამართლიანად შეამცირა საქალაქო სასამართლომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 200 ლარამდე ოდენობით შემცირება გაუმართლებელია და იგი უნდა შეიცვალოს სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებულ ფარგლებში. კერძოდ, ვინაიდან დ. მ-ე არ იხდიდა საზოგადოებრივი სივრცით სარგებლობის შეთანხმებულ საფასურს, ქ. ბათუმის მერის 2022 წლის 11 მაისის N03-1422131332 გაფრთხილების წერილით ეცნობა მერიის წინაშე არსებული დავალიანების თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილების წერილის საფუძველზე დ. მ-ეს განემარტა, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება ქირის ძირი თანხის სახით - 384,95 (სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი და პირგასამტეხლო - 3015,00 (სამიათას თხუთმეტი) ლარი, სულ 3399,95 (სამიათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი)ლარის დავალიანება. ამასთან განემარტა შემდეგი: ძირი თანხის - 384,95 ლარის სრულად გადახდამდე ყოველდღიურად დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 30 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს მიეცა 7 დღიანი ვადა თანხის დასაფარავად. მიუხედავად მერიის მხრიდან გაფრთხილებისა, მოპასუხემ არ შეასრულა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ვალდებულება და არ გადაიხადა მითითებული თანხა. სასამართლომ გადაწყვეტილებით დ. მ-ეს დააკისრა მოთხოვნილი ძირითადი შეუსრულებელი ვალდებულების თანხა 384,95 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში როგორც აღინიშნა, ის შეუსაბამოდ დიდ თანხად მიიჩნია და შეამცირა 200 ლარის ფარგლებში. კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარეს გარე ვაჭრობის არც ერთი ვადამოსული პერიოდის საფასური არა აქვს გადახდილი, ამასთან მიუხედავად მერიის მხრიდან წერილობითი გაფრთხილებისას არ მიუღია არანაირი ღონისძიება საკითხის გადასაწყვეტად, ის რომ არ გამოცხადდა არც სასამართლო პროცესზე, რათა თუნდაც რაიმე უცნობი ფაქტობრივი გარემოებებით აეხსნა მუნიციპალიტეტის მიმართ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი (საკმაოდ მცირე - 70 ლარი თვეში), არ იძლევა სასამართლოს მხრიდან ზემომოყვანილი ნორმის (420 მუხლის) გამოყენების თავისუფალ შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, რადგან აღნიშნული პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეებს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მოცემული დავის საგნის (პირგასამტეხლოს დაკისრება) გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და საქმის შედეგიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
განსახილველ საქმეზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 20 ივლისის N14-14221201130 წერილით დ. მ-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და განმცხადებელს მიეცა უფლება 2021 წლის 16 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე, ე.წ. ...ისა და ... „...ს“ შორის გზის მონაკვეთზე, 7.00 კვ.მ ფართზე ჯიხურის განთავსებასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი სივრცით სარგებლობის ქირის საფასური თვეში შეადგენდა 70 ლარს. ამრიგად, ზემოაღნიშნული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოპასუხეს არ შეუსრულებია; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარე ვაჭრობის უფლების/საზოგადოებრივი სივრცით სარგებლობისათვის დავალიანებამ შეადგინა 3 399.95 ლარი, საიდანაც 384.95 ლარი არის გარე ვაჭრობის უფლების/საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის საფასური, ხოლო 3 015 ლარი - პირგასამტეხლო.
იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია დ. მ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რამდენადაც პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან/შეუსრულებლობასთან. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადასტურება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას; მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. №ას-1158-1104-2014; სუსგ 10.02.2016წ. №ას-1265-1187-2015).
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, რაც მართებულად განახორციელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა