Facebook Twitter
ბს-1042(კ-24) 27 დეკემბერი, 2024წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024წ. განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 13.11.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ა. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ელექტრონულ აუქციონში ა. გ-ის გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე №... ოქმის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... სახელმწიფო საკუთრების უფლების აღრიცხვის საჯარო რეესტრისთვის დავალება, №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად შპს „...ის“ ცნობა და მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის დავალება. 15.11.2023წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად დაასახელა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2023წ. განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ა. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2023წ. განჩინებით, სასკ-ის 29.3 მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2023წ. №... გადაწყვეტილების მოქმედება.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 25.03.2024წ. საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების მოთხოვნით, რაზეც 28.03.2024წ. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განემარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა მხარემ წარმოადგინა მხარეთა პაექრობის დასრულების შემდგომ, რისი პროცესუალური უფლებამოსილებაც სსკ-ის 33-ე მუხლის საფუძველზე არ გააჩნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2024წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე მიეთითა, რომ საქალაქო სასამართლოს 16.11.2023წ. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 02.11.2023წ. №... ელექტრონულ აუქციონზე 17:00:05 სთ-ზე დაფიქსირდა №2 მომხმარებლის ბიჯი (ფასი 266 000 ლარი - შპს „...ი“), ხოლო 17:00:06 სთ-ზე აღნიშნულ ელ. აუქციონზე დაფიქსირდა ბოლო, მე-7 ბიჯი. ელექტრონული აუქციონის დასრულების დროდ პროგრამულად ფიქსირდება 02.11.2023წ. 17:04:00 სთ, შესაბამისად „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1- 1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესით, 7 ბიჯით (266 500 ლარით) გამარჯვებულად გამოვლინდა მე-7 ბიჯის ავტორი - ა. გ-ი. აუქციონის შედეგის დადგომის შემდეგ (მობილურ ტელეფონსა და ელ. ფოსტაზე) მონაწილე პირებს სისტემის მიერ გაეგზავნათ შეტყობინებები - ა. გ-ს მისი აუქციონში გამარჯვების შესახებ, ხოლო შპს „...ს“ - წაგების შესახებ. სსიპ საფინანსო ანალიტიკური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით ტექნიკური ან პროგრამულის ხარვეზის არსებობა არ დადასტურდა. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე სადავო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №... ოქმი გამოცემულია კანონშესაბამისად, ხოლო აუქციონში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმდა სწორედ №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად ცნობის №... ოქმის საფუძველზე, ამდენად ამ უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2023წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ა. გ-ის საკუთრების უფლება, მიღებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს №... ელექტრონულ აუქციონში მე-6 ბიჯის შესაბამისად შპს „...ის“ გამარჯვებულად ცნობისა და მასთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან №... ელექტრონულ აუქციონში ა. გ-ის გამარჯვებულად ცნობის №... ოქმი და 06.11.2023წ. დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერად იქნა მიჩნეული. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის 25.03.2024წ. შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არის დაუსაბუთებელი და არ შეიცავს არგუმენტირებულ მსჯელობას, ამასთან შუამდგომლობა წარდგენილ იქნა მხარეთა პაექრობის შემდგომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება აუქციონში მონაწილეობისას შპს „...ის“ დირექტორის მიერ მე-6 ბიჯის დადების და შესაბამისი დროის ამოწურვისთანავე მონიტორის ეკრანზე აუქციონის დასრულების შესახებ შეტყობინების გამოსვლის და მოსარჩელის გამარჯვებულად გამოვლენის ფაქტი. მტკიცებულების შესაბამისობა დადგინდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, წარდგენილი იქნა აგრეთვე აუქციონის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველი პროცესის სრული ინფორმაცია/სურათი, რაც ცხადყოფს იმას, რომ აუქციონის შედეგებში განხორციელდა ხელოვნური ჩარევა ან არსებობდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამო სისტემამ აუქციონის დასრულების შემდეგ ა. გ-ს ბიჯის დადების შესაძლებლობა მისცა, ხოლო ამის შესაძლებლობა არ მიეცა მოსარჩელეს, რადგან სისტემას უკვე გამარჯვებული ჰყავდა გამოვლენილი. სასამართლომ შეფასება არ მისცა მოსარჩელის გამარჯვების შესახებ შეტყობინებას და გადაწყვეტილების მიღებისას არ დაასაბუთა მისი გაუთვალისწინებლობა. სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი და მოსარჩელეს დააკისრა იმაზე მეტის მტკიცებულების ვალდებულება, ვიდრე ამას კანონი მოითხოვს. მოპასუხეები მხოლოდ ახსნა-განმარტებებითა და ერთი წერილის წარდგენით შემოიფარგლნენ იმის შესახებ, რომ აუქციონის დროს ხარვეზი არ ფიქსირდებოდა. მოპასუხე ქონების სააგენტო, როგორც სატელეფონო ზარით, ასევე წერილობითი ფორმით ინფორმირებული იყო შპს „...ის“ პრეტენზიის შესახებ, თუმცა აუქციონზე გატანილი ქონების გადაფორმების პროცედურები დაიწყო აუქციონის მსვლელობისას რაიმე ხარვეზისა თუ ხელოვნური ჩარევის გადამოწმების გარეშე. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ სისტემის გაუმართაობის გამო, სხვა საქმეებზე აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მეორე აუდიო ფაილი, რომელიც ადასუტრებს სხვა პიროვნების მიერ ანალოგიური პრობლემით ქონების სააგენტოს ცხელ ხაზზე მიმართვის ფაქტს. მოსარჩელეს სურდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი აუდიო ფაილის სხდომაზე გამოქვეყნება, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს არ განახორციელდა და მოსარჩელე მხარე უფლებაში შეზღუდა. მეორე ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა აუდიო ჩანაწერი, მაგრამ მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ უპასუხა დასმულ შეკითხვებს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აუქციონის სისტემას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი ან განხორციელდა ხელოვნური ჩარევა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა აშკარა მიკერძოებას, მოსარჩელეს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება და არ მიეცა საპაექრო სიტყვის მომზადების შესაძლებლობა, რამაც გავლენა იქონია განსახილველ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მოუწოდა მოსარჩელის ადვოკატს დაეტოვებინა სასამართლოს სხდომა. ობიექტურად ჩნდება განცდა, რომ სასამართლოსათვის მხარის დასაბუთებული პოზიცია, არგუმენტირებული წინააღმდეგობა და მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იყო სასამართლოს არსებული შემადგენლობისთვის სასურველი. ამას ცხადყოფს აცილების თაობაზე დასაბუთებულ შუამდგომლობაზე უარი. მეორე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სათანადო შეფასების გარეშე. დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები ართულებს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესს, რადგან რთულია კონკრეტული ხარვეზების იდენტიფიცირება და არგუმენტირება. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებზე. სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპია. დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები არღვევს ამ ფუნდამენტურ უფლებას და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
კასატორმა აღნიშნა, რომ სზაკ-ის 96-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განუხორციელებია. აუქციონში ა. გ-ის გამარჯვების შესახებ ოქმი/აქტი არის კანონსაწინააღმდეგო, ამასთან მესამე პირს საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრაციის მიზნით უნდა გადაეხადა ორი გადასახადი, ერთი - ნასყიდობის რეგისტრაციის და მეორე - ვალდებულების რეგისტრაციის, რაც გადაუხდია, შესაბამისად საჯარო რეესტრმა ორი სხვადასხვა რეგისტრაცია განახორციელა ერთი საფასურის საფუძველზე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2024წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024წ. განჩინების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ ემყარება პროცესუალურ კანონმდებლობას. სსკ-ის 391.1 და სასკ-ის 34.2 მუხლებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერებას. ამდენად, კასატორის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დარღვევების შესახებ არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაშვების პირობას.
საქმის მასალებში დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.10.2023წ. №1/1-6627 ბრძანებით გადაწყდა ...ს მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე ... კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით, საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 263 000 ლარის ოდენობით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 80 000 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 500 ლარით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ თანახმად აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge), რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი (4.1 მუხ.), აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი (4.4 მუხ.). ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს, სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერ ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი (4.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ელექტრონული აუქციონი დაიწყო 19.10.2023წ. და მისი დასრულების თარიღად განისაზღვრა 02.11.2023წ. 17:00 სთ., ასევე დადგენილია, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა მოსარჩელე შპს „...ი“ და მესამე პირი ა. გ-ი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო, ყველაზე მაღალი საპრივატიზებო/სარეალიზაციო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის შემთავაზებელი პირი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ მოსარჩელემ მე-6 ბიჯი განახორციელა 02.11.2023წ. 17 საათსა და 5 წამზე 266 000 ლარით, ხოლო 02.11.2023წ. 17 საათსა და 06 წამზე მე-7 ბიჯი (500 ლარი) დაამატა მესამე პირმა. მე-7 ბიჯის განხორციელების შემდგომ მოსარჩელის მიერ ბიჯის დამატება არ დასტურდება. აუქციონი დასრულდა 17 საათსა და 04 წუთზე, მესამე პირის შესაგებელში მითითებულ ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე (...) გამოქვეყნებული ინფორმაციისა და მოპასუხის მითითებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი აუქციონზე გაიყიდა 7 ბიჯით, 266 500 ლარად. იმავე დღეს 17:23 სთ-ზე აუქციონზე მონაწილე პირებს გაეგზავნათ შეტყობინება აუქციონის შედეგების თაობაზე, კერძოდ ა. გ-ს ეცნობა აუქციონში გამარჯვების, ხოლო შპს „...ს“ - აუქციონის წაგების შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ელექტრონულ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირდა ბოლო, მე-6 ბიჯი, სისტემამ შპს „...ი“ ექვსი ბიჯით გამოავლინა გამარჯვებულად და მე-7 ბიჯის დადების შესახებ მას ინფორმაცია არ მისვლია, რაც საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება. ელექტრონული აუქციონის ზემოთ მითითებულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული „აუქციონში მონაწილეობის მიღების პირობების“ მე-6 პუნქტის თანახმად მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით, შესაბამისად აუქციონში მონაწილე მოსარჩელისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მე-7 ბიჯის დადების შესახებ, რომელიც განხორციელდა მე-6 ბიჯის დადების შემდეგ 1 წამში. მეშვიდე ბიჯის განხორციელების შესახებ შეტყობინების მოსარჩელისთვის მიუსვლელობის დადასტურების შემთხვევაშიც აღნიშნული შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო არა ელექტრონული აუქციონის სისტემის გაუმართაობით, არამედ მაგ. მოსარჩელის ელექტრონული მოწყობილობის ხარვეზიანობით (მოსარჩელის კომპიუტერული ტექნიკის ან ტექნიკური აღჭურვილობის სერვერთან ხარვეზიანი კავშირის (კავშირის ხანმოკლე შეწყვეტის) გამო), ასეთ შემთხვევაში მეშვიდე ბიჯის განხორციელების შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს შესაძლოა არ მისვლოდა არა აუქციონის სისტემის, არამედ მოსარჩელის ამ სისტემასთან კავშირის შეწყვეტის ან ხარვეზიანი კავშირის გამო, რაც არ ქმნის აუქციონის შედეგების გაუქმების პირობას. ვებგვერდზე გამოქვეყნებული „დამატებითი პირობების“ მე-4 პუნქტის მიხედვით სააგენტო არ აგებს პასუხს ვებგვერდზე შესვლისას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებისას მომხმარებლის მიერ გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის გაუმართაობის/მუშაობის შეფერხების და ინტერნეტის წყვეტის გამო გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ აუქციონის ელექტრონულ სისტემას გააჩნდა პრობლემა, რომელიც მისი მოსაზრებით ორივე ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა, არ ქმნის აგრეთვე სადავო აუქციონის შედეგების გაუქმებისა და მოსარჩელის აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების პირობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ის“ წარმომადგენლის განცხადების გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ საკითხის გამოკვლევის მიზნით მიმართა სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს, მიმართვას დაერთო შპს „...ის“ წარმომადგენლის განცხადების ასლი. სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის 17.11.2023წ. წერილის თანახმად №... ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის მიმდინარეობის პერიოდში რაიმე სახის ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზი არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ წერილში მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შემოიფარგლა დავის საგნით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ელექტრონული აუქციონი, სხვა აუქციონის ჩატარებისას წარმოქმნილი პრობლემა, აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევების არსებობა არ ადასტურებს სადავო აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლიანობას. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის არც აუდიო ფაილის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოუქვეყნებლობა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერი მოსმენილი იქნა სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე. ამდენად, არ დგინდება მხარის უფლებაში შეზღუდვა.
არ დასტურდება საქმეზე მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შინაარსზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მართლზომიერება, რომელიც თავისი ბუნებით კომპლექსური პროცესია. პრივატიზაციის პროცედურის დამაგვირგვინებელი სამართლებრივი აქტია - ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომელიც თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოშობს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრაციის საფუძველს („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 31.1 მუხ., „წესის“ 7.3 მუხ.). ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ (სზაკ-ის 65.2 მუხ), ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აგრეთვე აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სზაკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში აუქციონის ჩატარებისას არსებული ხარვეზის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით ეკრანისთვის გადაღებულ ფოტო-სურათზე, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს რაიმე სახის გამოკვლევას აუქციონის მიმდინარეობისას არსებული ხარვეზების თაობაზე, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს მხოლოდ ფაქტზე (ხელოვნურ ჩარევაზე ან ხარვეზის არსებობაზე) ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე. საქართველოს მთავრობის 11.06.2014წ. №385 დადგენილებით, ბიზნესპროცესების ავტომატიზების უზრუნველყოფის და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების დანერგვის ხელშეწყობის, ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებისა და შესაბამისი ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით, დაფუძნდა სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი იქნა მითითებული სამსახურის წერილი, რომლითაც სადავო აუქციონის მიმდინარეობისას ხარვეზის არსებობა არ დადგინდა, შესაბამისად მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის გამომრიცხავი დოკუმენტი, ხოლო მოსარჩელეს არ მიუთითებია და არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. კასატორი არ უთითებს, გარდა წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, დამატებით კიდევ რა მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო მოპოვებული დავის გადასაწყვეტად. თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით პრეტენზია აუქციონში ხელოვნური ჩარევის ან ტექნიკური ხარვეზის შესახებ არ დასტურდება.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოსმენილი აუდიო ჩანაწერი აგრეთვე არ შეიცავს სადავო აუქციონის არამართლზომიერების დამადასტურებელ რაიმე ინფორმაციას, აღნიშნულ ჩანაწერში ასახულია მოსარჩელის პრეტენზია ჩატარებული აუქციონის ტექნიკური ხარვეზის შესახებ და სააგენტოს თანამშრომლის პასუხი სააგენტოსთვის მიმართვის შესაძლებლობის შესახებ. უკვე აღინიშნა, რომ სხვა აუქციონის მიმდინარეობისას პრობლემის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს სადავო აუქციონის ხარვეზიანობას. მოსარჩელე მიუთითებს სხვა აუქციონთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერზეც, რომელიც აგრეთვე არ ადასტურებს სადავო აუქციონის არამართლზომიერებას. აღნიშნულ ჩანაწერში ასახულია სხვა აუქციონში მონაწილე პირის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მას ბოლო ბიჯის დაფიქსირება არ სურდა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ შეაფასეს, კერძოდ ის, რომ შპს „...ი“ გამოვლინდა გამარჯვებულად, ეკრანზე გამოტანილი იქნა და სისტემაში დაფიქსირდა ლოტის სტატუსი: გაიყიდა (SOLD), „თქვენ გაიმარჯვეთ აუქციონში!“, გაყიდვის დრო: 02.11.2023წ. 17:04:00. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული ცხადად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ შპს „...ი“ აუქციონში გამოვლენილი იქნა გამარჯვებულად. სარჩელს ერთვის მტკიცებულება ფოტო-სურათის სახით, რომელიც ადასტურებს, რომ ფოტო გადაღებულია აუქციონის შედეგების შესახებ შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წამის ინტერვალში. აღნიშნული დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 05.02.2024წ. დასკვნითაც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნის თანახმად ვერ ხერხდება იმის დადგენა კადრში ასახული ეკრანის გამოსახულება არის თუ არა ორიგინალი, ვინაიდან გამოსაკვლევია არა ეკრანის გამოსახულება, არამედ - მისი რეპროდუქცია, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ეკრანის ავთენტურობა არ დასტურდება. აღნიშნულის შესახებ მიუთითეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. ვინაიდან არ დასტურდება ეკრანზე გამოსახული ინფორმაციის ავთენტურობა, არ არსებობდა მისი გაზიარების საფუძველი. აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე პირის მიერ წარმოდგენილ ფოტო-სურათზე, მე-7 ბიჯით მისი გამარჯვების გამოვლენის შემდგომ, მესამე პირს გაუაქტიურდა დარჩენილი ღირებულების „გადახდის“ ველი (ტ, 1, ს.ფ. 240), ასეთი ველი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტო-სურათზე (ექვსი ბიჯით მისი გამარჯვების მითითებით) ასახული არ არის (ტ. 1, ს.ფ. 27). საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათზე (მისი აუქციონში გამარჯვების მითითებით) ასახული არ არის ვებგვერდის მისამართი, სურათზე არ იკითხება ე.წ. „ლინკი“ („link“), ბმული. როგორც წესი, ვებგვერდის მისამართი განთავსებულია ვებგვერდის თავზე, ჰორიზონტალურ ველში და შეიცავს ინფორმაციას მინიმუმ ვებგვერდის სახელწოდების თაობაზე, კომპიუტერულ ინჟინერიაში ეს არის უნიკალური ინფორმაციის მატარებელი მისამართი, რომელსაც მომხმარებელი გადაჰყავს კონკრეტულ გვერდზე ინტერნეტში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათი, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, არ შეიცავს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის (www.eauction.ge) მისამართის შესახებ. ამდენად, გარდა იმისა, რომ ეკრანის გამოსახულების ავთენტურობა ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა, წარმოდგენილი ფოტო სურათი აგრეთვე არ იძლევა ვებგვერდის მისამართის იდენტიფიცირების საშუალებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მიღებული ინფორმაციის შინაარსს, კერძოდ იმას, რომ მითითებული ინფორმაციის თანახმად ელექტრონული აუქციონი დასრულდა 17 საათსა და 04 წუთზე, ანუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის მიხედვით აუქციონის დასრულების მომენტში (17:04:00) მე-7 ბიჯი უკვე დამატებული იყო. მეშვიდე ბიჯის დადებიდან მოსარჩელეს გააჩნდა რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ დაეფიქსირებინა მისთვის სასურველი ფასი, რასაც ადასტურებს აუქციონის დასრულების დრო - 17 საათი და 04 წუთი. საქმეზე დადგენილია, რომ 17:00:06 სთ-დან - 17:04:00 საათამდე სისტემაში შემდგომი ბიჯი არ დაფიქსირებულა. მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ მას მე-7 ბიჯის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია საქმის მასალებით არ დასტურდება. უკეთუ აუქციონი დასრულდა 17 საათსა და 04 წუთზე, ქრონოლოგიურად მოსარჩელისთვის, როგორც აუქციონში მონაწილე პირისთვის, ცნობილი უნდა ყოფილიყო მის მიერ განხორციელებული მე-6 ბიჯის შემდეგ 1 წამში დამატებული მე-7 ბიჯის შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება, რომ აუქციონის სისტემამ ჯერ გამოავლინა ის გამარჯვებულად და ამის შემდგომ მესამე პირს მიეცა ბიჯის დადების შესაძლებლობა ისე, რომ ამის შესახებ აუქციონის მიმდინარეობისას შეტყობინება არ დაფიქსირებულა და მოსარჩელისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტო-სურათზე ასახული (ეკრანზე გამოტანილი) ვიზუალური შეტყობინება არ პასუხობს ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მოთხოვნებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ელექტრონული აუქციონის პროცედურის დამაგვირგვინებელი ეტაპი არის აუქციონის შედეგების ოფიციალური შეტყობინება. ოფიციალური შეტყობინების წესი ნორმატიულად არის დადგენილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად ოფიციალური შეტყობინებად ითვლება ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულისა და აუქციონის სხვა მონაწილეებისთვის აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული გზით გაგზავნა, ოფიციალურ შეტყობინებად ითვლება აგრეთვე აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) საპრივატიზებო თანხის სრულად გადახდის თარიღისა და ქონების გადაცემის პირობების გამოქვეყნება. მითითებული ვებგვერდის მისამართი შეიცავს ფანჯარას „წესები და პირობები“, რომელიც ადგენს რეგისტრაციის პირობებს, ეტაპებს, ავტორიზაციის და აუქციონის მონაწილეობის მიღების წესს და ა.შ., ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს შეიძინოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება, ივაჭროს ვებგვერდის www.eauсtion.ge მეშვეობით „რეგისტრაციის” ღილაკზე ხელის დაჭერით ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ინტერნეტმაღაზიაში ვაჭრობის პირობებს. „აუქციონში მონაწილეობის მიღების პირობების“ მე-10 პუნქტის მიხედვით აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა აუქციონში გამარჯვებულ პირებს და აუქციონის სხვა მონაწილეებს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას აუქციონის შედეგების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის სისტემაში გადამოწმების შედეგად საინფორმაციო დამადასტურებელი შეტყობინება კონკურსში მონაწილე პირებს გაეგზავნათ სმს-ის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც არის კონკურსის შედეგის დამადასტურებელი საბოლოო სახე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ოფიციალური შეტყობინება გამარჯვების შესახებ მიუვიდა მესამე პირს (ტ. 1, ს.ფ. 275), სადაც მიეთითა „წესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ გადასახდელი თანხის ოდენობა და ვადა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს სახელმწიფო ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (2.2 მუხ.), რომელიც აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის ნაწილად (7.7 მუხ.), ხოლო აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში (4.11 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის თავდაპირველ ფასს შეადგენდა 263 000 ლარი, აუქციონში მონაწილე პირების მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი იქნა 80 000 ლარი, საბოლოოდ აუქციონზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გასხვისდა 266 500 ლარად. ოფიციალური შეტყობინებით (ტ. 1, ს.ფ. 275) მესამე პირს ეცნობა „წესის“ 4.9 მუხლის შესაბამისად არა მხოლოდ აუქციონში გამარჯვების შესახებ, არამედ ასევე მიეთითა გადასახდელი თანხის ოდენობა (186 500 ლარი) უკვე გადახდილი ბეს გამოკლებით, თანხის დაფარვის ბოლო ვადა (30 დღე) და თანხის სრულად გადაუხდელობის შედეგები. ასეთი სახის ნორმატიულად დადგენილი ოფიციალური შეტყობინება აუქციონში გამარჯვების შესახებ მოსარჩელეს არ მიუღია. როგორც უკვე აღინიშნა, აუქციონში მესამე პირის გამარჯვების ამსახველი ფოტო-სუართისაგან განსხვავებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტო-სურათით (ექვსი ბიჯით მისი გამარჯვების მითითებით) არ დგინდება „დარჩენილი ღირებულების გადახდის“ ველის გააქტიურება, ფოტოზე მითითებულია არა გადასახდელი თანხა, არამედ საწყისი ფასი (263 000 ლ.), არაა მითითებული თანხის დაფარვის ბოლო ვადა (ტ. 1, ს.ფ. 27, 308). ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „დამატებითი პირობების“ მე-5 პუნქტის მიხედვით მომხმარებლისათვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება ვებგვერდზე მის პირად მონაცემებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სმს-ის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა არა გამარჯვების, არამედ წაგების შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტო-სურათზე ასახული ვიზუალური შეტყობინება არ პასუხობს აუქციონში გამარჯვების შესახებ ოფიციალური შეტყობინების ნორმატიულად დადგენილ მოთხოვნებს, სამართლებრივ შედეგს იწვევს აუქციონში გამარჯვების შესახებ სახელდობრ ოფიციალური შეტყობინების მიღება, შესაბამისად კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ დასტურდება მოსარჩელის გამარჯვებულად გამოვლენის ფაქტი, არ არის დასაბუთებული.
მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვს №... ელექტრონულ აუქციონში შპს „...ის“ გამარჯვებულად ცნობასა და მოსარჩელესთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის დავალებას. საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული და დავას არ იწვევს, რომ ბოლო მე-7 ბიჯი განახორციელა ა. გ-მა, მე-7 ბიჯის შემდეგ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა ელექტრონულ აუქციონში მე-6 ბიჯის შესაბამისად მოსარჩელის (შპს „...ის“) აუქციონში გამარჯვებულად ცნობისა და მოპასუხისთვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე შპს „...თან“ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალების შესახებ. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ელექტრონული აუქციონი ხარვეზებით წარიმართა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაშიც, აღნიშნული არ წარმოშობს შპს „...ის“ აუქციონში გამარჯვებულად ცნობისა და მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების საფუძველს. ელექტრონული აუქციონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ სახეს, რომლის ჩატარების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 6.2 მუხ.). აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდის www.eauction.ge მეშვეობით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ 2.5 მუხ.). აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მითითებულ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა (3.2 მუხ., „ა“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის გარდა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა მესამე პირიც, შესაბამისად აღნიშნულ ვებგვერდზე ხარვეზის არსებობის დადასტურება გულისხმობს არა მხოლოდ მესამე პირის სასარგებლო აუქციონის შედეგების გაუქმებას, არამედ აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს ასევე მოსარჩელის აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებას და გამარჯვების დადასტურების შემდგომი ქმედებების, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და ვალდებულების რეგისტრაციისას ორი სარეგისტრაციო მომსახურების (საკუთრების უფლების და ვალდებულების) საფასურის გადახდის საჭიროებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურების ოდენობა და მომსახურების ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 29.12.2011წ. №509 დადგენილებით დამტკიცებული წესით. მითითებული წესის მე-6 მუხლი ადგენს საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევებს, კერძოდ, საფასურისაგან გათავისუფლებულია ნივთზე სახელმწიფოს უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაცია (6.1 მუხ., „გ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ უძრავ ნივთზე მესამე პირის საკუთრების უფლების წარმოშობასთან ერთად დარეგისტრირდა ვალდებულება სახელმწიფოს სასარგებლოდ, მათ შორის საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება, ამდენად, კასატორის მითითება იმაზე, რომ დაუშვებელია უფლების და ვალდებულების რეგისტრაცია ერთი სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის საფუძველზე, არ არის დასაბუთებული, ვინაიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის გადახდილი იქნა სარეგისტრაციო მომსახურების საფასური, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ ვალდებულების რეგისტრაცია გათავისუფლებულია საფასურის გადახდისაგან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად სააგენტოს შეუძლია უფლებამოსილება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში, შესვენების ან არასამუშაო დროს. ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ყადაღის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო 08:41:09 საათზე არ ადასტურებს მართლწინააღმდეგობას. საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილების არამართლზომიერებას აგრეთვე არ ადასტურებს ყადაღის რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადამდე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს მთავრობის 29.12.2011წ. №509 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს ნივთზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისთვის რეგისტრაციის ვადას და საფასურს, კერძოდ რეგისტრაცია ხორციელდება 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საფასურს შეადგენს 26 ლარი. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით მოსარჩელემ საჯარო რეესტრს მიმართა 06.11.2018წ.. დავას არ იწვევს, რომ რეგისტრაციისთვის დადგენილ სამი სამუშაო დღის ვადაში მოსარჩელეს არ წარუდგენია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება მესამე პირის სახელზე საჯარო რეესტრის 08.11.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად კანონიერია სადავო რეგისტრაცია და არ არსებობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების) ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს მთავრობის 29.12.2011წ. №509 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესის და მომსახურების ვადების“ მიხედვით დადგენილია სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების განხორციელება, სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების განხორციელება, რეგისტრაციის საფასურის 350 ლარის გადახდის შემთხვევაში გათვალისწინებულია განცხადების შეტანის დღეს უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უფლების საჯარო რეესტრში დაჩქარებული რეგისტრაცია თავისთავად არ ადასტურებს უმართლობას. მით უფრო, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.10.2023წ. N1/1-6627 ბრძანებით დადგენილი იყო საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა იწვევდა აუქციონის შედეგების გაუქმებას, ამასთან მყიდველს არ უნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები. მესამე პირის განცხადებით საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით მას ჰქონდა ბანკიდან კრედიტის აღების სურვილი, რაც საჭიროებდა ბანკში შესაბამისი პროცედურების გავლასა და უზრუნველყოფის სახით აუქციონზე შეძენილი ქონების წარდგენას, აღნიშნულით განპირობებული იყო საჯარო რეესტრში დაჩქარებული წარმოებისთვის სათანადო თანხის გადახდა (ტ. 1, ს.ფ. 312-214). აღნიშნული შესაძლებლობა მესამე პირს მოესპო მოცემული დავის გამო, შესაბამისად პირს მოუხდა მისი კუთვნილი თანხების მობილიზების გზით ქონების დარჩენილი ღირებულების 27.11.2023წ. გადახდა (სალაროს შემოსავლის ორდერი N...; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 30.11.2023წ. N4/65402 წერილი).
საკასაციო პალატა იზიარებს აგრეთვე სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა მოსამართლის აცილების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. სსკ-ის 33-ე მუხლიდან გამომდინარე აცილების თაობაზე განცხადების პროცესუალური შესაძლებლობა მხარეს პაექრობამდე გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ აცილების თაობაზე განცხადება წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა პაექრობის და საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, რაც გამორიცხავდა აცილების თაობაზე მოსარჩელის განცხადების დაშვებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024წ. განჩინება;
3. ნ. ნ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 14.09.2024წ. №23737255086 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი



თ. ოქროპირიძე