საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-442(კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ლ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2022 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 1499 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ლ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ლ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2000 წლის 6 ივლისის სარეგისტრაციო ჩანაწერისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის №1378 ბრძანების საფუძველზე შპს „...ი“ წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე 16430 ჰა საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი და სამთო მინაკუთვნი. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მესამე პირის სახელზე განხორციელებულ როგორც პირველად, ისე შემდგომ რეგისტრაციას, რადგან სადავო რეგისტრაციების განხორციელების შედეგად ლ. გ-ის კუთვნილი 1499 კვ.მ უძრავი ქონება მოსარჩელის სალიცენზიო არეალში მოექცა, თუმცა, რეალურად, ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის, ტერიტორიულად სხვა ადგილზე მდებარეობს. მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაზუსტებული რეგისტრაცია ისე განახორციელა, რომ მესამე პირის - ლ. გ-ის კუთვნილი და სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დააზუსტა, რის გამოც, განხორციელებული რეგისტრაციები უკანონოა. ამდენად, მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების მესამე პირის - ლ. გ-ის საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხება. შედეგად, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, უკანონო მესაკუთრისაგან ხელშეშლის და კომპენსაციების არამართლზომიერი მოთხოვნის გარეშე, განახორციელოს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, რომლის განხორციელების ვალდებულებაც დაკისრებული აქვს ლიცენზიის შესაბამისად.
სარჩელთან ერთად, მოსარჩელემ საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებასთან მიმართებით გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. გ-ი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, განიმარტა, რომ მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში გაუქმებულიყო საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებასთან მიმართებით გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და კვლავ აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სულ სხვა ადგილზე, ვიდრე პირველადი რეგისტრაციით კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ხოლო მათი იდენტურობა რეესტრს არ დაუდგენია. აღნიშნული კი ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ სადავო დაზუსტებული რეგისტრაცია განხორციელდა იმ პირობებში, როდესაც სათანადო წესით არ იყო დადასტურებული სარეგისტრაციოდ წარდგენილი, საკადასტრო აზომვითი ნახაზით მოცემული მიწის ნაკვეთისა და მესამე პირის სახელზე მანამდე რეგსიტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არანაირი წინაპირობა, რის გამოც იგი ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე მესამე პირის - ლ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა (ს/კ ...) და მესამე პირის სახელზე მანამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) იდენტურობის დაუდგენლობის საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო საკითხის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ სადავო აქტების გამოცემის შედეგად, მესამე პირის კუთვნილი 1499 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოსარჩელის სალიცენზიო არეალში მოექცა, ხოლო, რეალურად, ლ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ტერიტორიულად სულ სხვა ადგილზე მდებარეობს, რომელიც არ ექცევა მოსარჩელის სალიცენზიო არეალში. სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის შედეგად კი, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, უკანონო მესაკუთრისაგან ხელშეშლისა და კომპენსაციების არამართლზომიერი მოთხოვნის გარეშე, განახორციელოს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, რომლის განხორციელების ვალდებულებაც დაკისრებული აქვს ლიცენზიის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 2000 წლის 6 ივლისის სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ლ. გ-ის ოჯახის თანასაკუთრებად დარეგისტრირდა (სისტემური რეგისტრაცია) 1498 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). აღნიშნულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რომელზეც დატანილია რეგისტრატორის ხელმოწერა და სამსახურებრივი ბეჭედი. სააღრიცხვო ბარათის თანახმად, უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია მიღება-ჩაბარების №215 აქტი. სააღრიცხვო ბარათს თან ახლავს საკადასტრო რუკა, რომელიც ასევე დადასტურებულია რეგისტრატორის ბეჭდით და ხელმოწერით;
- 2006 წლის 19 დეკემბრის №1378 ბრძანების შესაბამისად, დასტურდება, რომ შპს „...ი“ წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს, რომლის ფარგლებშიც კომპანიას გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე 16430 ჰა საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი და სამთო მინაკუთვნი. ამ არეალში მოქცეულია მთლიანად სოფელი ...ი;
- ლ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. თავდაპირველად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იდენტურობის დადგენის მიზნით და ჭიათურის მერიას მოეთხოვა იდენტურობის დადგენა. მერიამ, თავის მხრივ, განუხილველი დატოვა განცხადება, ვინაიდან კანონში განხორციელებული ცვლილების გამო იდენტურობის დადგენა მის კომპეტენციაში აღარ შედიოდა. რის შემდეგაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მის ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ..., რომლის წინა ნომერი იყო ..., 2022 წლის 26 იანვარს აღირიცხა ერთ-ერთი თანამესაკუთრის - ლ. გ-ის სახელზე. ამონაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტად მიეთითა საარქივო ცნობა №AA2014037543-06, 22/07/2014 წ. და მიღება-ჩაბარების აქტი №215;
- საქმეში დაცული, 2014 წლის 22 ივლისს გაცემული №AA2014037543-06 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ ჭიათურის არქივში დაცული, სოფელ ...ის (...ის) საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად დაფიქსირებულია ლ. გ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ. გ-ი - ოჯახის უფროსი, ა. გ-ი - შვილი; 2001 - 2006 წლების საკომლო წიგნის მიხედვით კი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ლ. გ-ი - ოჯახის უფროსი, ა. (ლ. ხაზი აქვს გადასმული) გ-ი - შვილი, თ. გ-ი - შვილი;
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმით შედგენილი მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით ირკვევა, რომ ლ. გ-ის ოჯახს 2000 წლის 22 ივლისს გადაეცა სოფელ ...ში მდებარე 1498.66 (დაზუსტებული) კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...);
- 2000 წლის 6 ივლისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 1498.66 (დაზუსტებული) კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ლ. გ-ის ოჯახზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების №215 აქტი;
- საქმეში დაცულია ასევე 1995 წლის 26 მაისის №403 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ ლ. გ-ს გამოეყო 0.537 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად, საიდანაც რეფორმამდე ათვისებული ჰქონდა 0.385 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც ესაზღვრებოდა ჩრდილოეთიდან - გზა, სამხრეთიდან - გზა, აღმოსავლეთიდან - გზა, დასავლეთიდან - ვ. გ-ი, ხოლო დამატებით გამოყოფილი იყო 0.152 ჰა. მიწის ნაკვეთი - ვენახი, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა - თ. გ-ი, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - კ. გ-ი, ხოლო დასავლეთით - გზა. ამავე დოკუმენტის მეორე გვერდზე დატანილია ექსპლიკაცია, რომელიც მოიცავს დამატებით გამოყოფილი 1 520 კვ.მ ნაკვეთის პარამეტრებს - გ-ის მხარეს არის - 40 მ, გ-ის მხარეს - 38 მ, ხოლო გზების მხარეს ერთ შემთხვევაში - 40 მ, ხოლო მეორე - 38 მ. მესამე პირის მტკიცებით, სწორედ აღნიშნულ ნაკვეთზე მიმდინარეობს დავა;
- ამასთანავე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილია 2010 წლის 31 მაისის ზარალის ანაზღაურების „კ“ №244 აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „...ს“ ლ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის ანაზღაურება (4 120 ლარი) 1498 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კომპანიის მიერ განხორციელებული საწარმოო საქმიანობის შედეგად მრავალწლიანი ნარგავებისა და ვენახის დაზიანების გამო.
საკასაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს, რომ როგორც არსებული, ისე სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მოითხოვებოდა გარკვეული წინაპირობების არსებობა. აუცილებელი იყო განმცხადებელს მარეგისტრირებელ ორგანოში წარედგინა მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელიც ასახავდა ამ ქონების საკუთრების უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნული იყო სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის. ამასთან, მითითებული კანონის შესაბამისად, მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის დაჩქარებისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის, აგრეთვე საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სრულყოფილი სისტემის შექმნისათვის ხელშეწყობის მიზნით მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორი ხელმძღვანელობდა საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადებითა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტით. აქტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დართვოდა მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების“ შესახებ. „წესის“ მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
ასევე „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავდა მიწის პირველადი რეგისტრაციის წესს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახებოდა მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები იყო ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. სააღრიცხვო ბარათი შედგებოდა ოთხი ძირითადი ნაწილისაგან: ა) საკუთრების განყოფილება – შეიცავდა საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობას, მასთან დაკავშირებულ უფლებებთან და პირობებთან ერთად, ასევე სარეგისტრაციო კადასტრული (ინდექსირებული) რუკის მონაცემებსაც; ბ) მესაკუთრის განყოფილება – მასში მოცემული იყო მესაკუთრის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი; ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ; გ) ვალდებულებების განყოფილება – შეიცავდა ყველა სახის ვალდებულებებს, სერვიტუტს, შეზღუდვებს, რომლითაც დატვირთული იყო მიწა და სხვა უძრავი ქონება; დ) იჯარისა და იპოთეკის (გირავნობის) განყოფილება – შეიცავდა ყოველგვარ ჩანაწერს იჯარისა და იპოთეკის (გირავნობის) შესახებ.
საკასაციო პალატა, დასახელებული სამართლებრივი დანაწესების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში დაცული სააღრიცხვო ბარათი, რომელიც დამოწმებულია რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით, ცალსახად წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ზემოთ მითითებული, საქმეზე დადგენილი ყველა გარემოება, ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1498.66 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ლ. გ-ის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შედეგები დაფიქსირებულია მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში და მასზე გაცემულია მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე კი, მესამე პირმა, როგორც მესაკუთრემ, მოსარჩელე კომპანიის წინამორბედისაგან ზარალის ასანაზღაურებლად მიიღო 4120.00 ლარი. ამდენად, საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით დადასტურებულია სწორედ იმ 1498.66 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტი (ს/კ ...), რომელიც ლ. გ-ის კომლს გადაცემული ჰქონდა მიწის რეფორმის შედეგად დამატებით.
რაც შეეხება სადავო 2022 წლის 26 იანვრის №... გადაწყვეტილების კანონიერებას, აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ითხოვდა იმავე უფლების ელექტრონული ვერსიით რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაზუსტებული ან დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს, რომლის რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია და რომელზედაც საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. იმავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთად კანონი განიხილავს მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირებულია სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას. „ლ“ ქვ/პუნქტის მიხედვით, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი განმარტებულია, როგორც მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას.
უდავოა, რომ მესამე პირის სახელზე 2000 წლის 22 ივლისს გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირებული იყო სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და ასახავდა მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის შესახებ გრაფიკულ და ტექსტობრივად გამოსახულ ინფორმაციას, რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, საქმეში დაცულ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობაში აღნიშნულია, რომ სოფელ ...ში მდებარე 1498,66 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის დაზუსტებული. კერძოდ, მისი სარეგისტრაციო ზონა არის - ჭიათურა 38; სექტორი - სოფ. ...ი - ...; კვარტალი - ..., ნაკვეთის N ... ფართობი - დაზუსტებული 1498,66. მესაკუთრე ლ. გ-ის ოჯახი, ჭიათურა, სოფელი ...ი. სარეგისტრაციო მოწმობა ხელმოწერილია ზონის რეგისტრატორის მიერ, გაცემულია 22.07.2000 წელს. სარეგისტრაციო მოწმობაზე დატანილია №... მიწის ნაკვეთის გრაფიკული გამოსახულება შემდეგი პარამეტრებით - 46, 4მ; 49, 2მ; 31,8მ; 31,4მ.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, სარეგისტრაციო ობიექტის იდენტურობა დაადგინოს ადგილზე გასვლით დათვალიერების ოქმის შედგენით, რა ეტაპიც მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოტოვა ლ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მსგავსად აღნიშნავს, რომ მესამე პირის საკუთრება სადავო მიწის ნაკვეთზე ჯერ კიდევ 2000 წლიდან იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და სპორადული რეგისტრაციის შედეგად მესამე პირს საკუთრების უფლება დამატებით სხვა მიწის ნაკვეთზე არ მოუპოვებია. რეგისტრაციის შესახებ მონაცემები დაცული იყო მარეგისტრირებელ ორგანოში, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდა სარეგისტრაციო ობიექტზე, სააგენტომ სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე და აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის შესაბამისად მოახდინა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადგილზე აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოების შესრულებისა და დათვალიერების აქტის/ოქმის შედგენის ვალდებულება განსაზღვრულია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის IV1 თავით გათვალისწინებული მიწის სისტემური რეგისტრაციის სპეციალური წესის სახით, რაც მოცემულ საქმეზე სადავო რეგისტრაციას არ ეხება.
იდენტურობის დადგენის საკითხზე მსჯელობისას კომპანია ასევე იშველიებს 2023 წლის 6 მარტის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და მიიჩნევს, რომ №... და №... მიწის ნაკვეთები არ არის იდენტური, მათი საკადასტრო მონაცემების შედარებაც კი ექსპერტმა შეუძლებლად მიიჩნია. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ექსპერტი დაეყრდნო მხოლოდ №... სარეგისტრაციო მოწმობას და №... საკადასტრო კოდით ელექტრონულად რეგისტრირებულ მონაცემს, მას არ შეუმოწმებია მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სრული ინფორმაცია, მათ შორის, ე.წ. „ყვითელი ფენის“ მონაცემები, არ გაუანალიზებია საქმის ყველა მასალა ერთობლიობაში, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დასკვნა, როგორც სარწმუნო მტკიცებულება, ვერ იქნება მხედველობაში მიღებული და მხოლოდ მასზე დაყრდნობით ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია №... საკადასტრო ერთეულზე რეგისტრაციის უსწორობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად აქვს შესრულებული აღნიშნული სამართლებრივი დანაწესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა სწორად იქნა გადაწყვეტილი და მართებულად არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ სარჩელი. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 17 აპრილს №1713337740 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე