Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-709(კ-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. დ-მა 2022 წლის 28 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2022 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა (თავდაპირველად ითხოვდა 4000 კვ.მ მიწის ფართზე რეგისტრაციას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მიუთითა 3000 კვ.მ) და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2022 წლის 22 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა (1500 კვ.მ) და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება - განეხორციელებინა სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების მ. დ-ის სახელზე რეგისტრაცია.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1995 წლის 21 ივნისის ბორჯომის გამგეობის №143 და ...ის 2000 წლის გადაწყვეტილებებით მოსარჩელის დედას - ზ. (ზ.) უ-ოს (ბ-ას) მუდმივ სარგებლობაში გადაეცა ბორჯომის რაიონის ...ში მდებარე 0.15 ჰა და 0.40 ჰა, ასევე 5200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მოსარჩელემ 2022 წლის 15 ივლისს და 2022 წლის 8 ივნისს განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთებზე (5200კვ.მ, 4000კვ.მ, 1500კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სააგენტომ თავდაპირველად შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოებები და განმცხადებლისგან მოითხოვა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა შემდეგ შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ ზ. უ-ს ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომელიც ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო ...ში. მოსარჩელის დედა დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში და რეგულარულად იხდიდა მიწის გადასახადებს. სადავო მიწის ნაკვეთები მდებარეობს „...ის“ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებული იყო ...ი. აღნიშნული ...ის გაუქმების შემდეგ ეს ფართი განაწილდა ...ში ჩაწერილ და მცხოვრებ მოსახლეობას შორის, მათ შორის, ზ. უ-ოს კომლზე.

დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სადავო მიწის ნაკვეთების მის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და 2022 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, 2022 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და 2022 წლის 22 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით გაასწორა ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და ბათილად ცნობილი აქტების სიიდან ამოიღო თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება (5200 კვ.მ), ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 5200 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა რეკრეაციულ ზონაში. შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენდა სასამართლოს შეფასების საგანს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 4000 კვ.მ და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა წარმოებები და მხარეს განუმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარედგინა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2022 წლის 19 სექტემბერსა და 22 აგვისტოს სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე მხარემ ვერ უზრუნველყო უფლებადამდგენი დოკუმენტაციის წარდგენა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარის მიერ მითითებულ საარქივო ცნობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ხაშურის რეგიონულ არქივში დაცული ბორჯომის რაიონის გამგეობის 1995 წლის 21 ივნისის №143 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ...ის მცხოვრები იმ მოქალაქეების სიის თანახმად, რომლებსაც მიწის რეფორმის გატარებისას შეევსოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, სიითი ნომრით №28 ზ. უ-ოს სულ უფიქსირდება 0.05 ჰა მიწის ფართობი. ბორჯომის რაიონის გამგეობის 2004 წლის დოკუმენტებში, კერძოდ, ...ის 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიაში, სიით ნომრით №53, ზ. უ-ს №6 გრაფაში - „საკარმიდამო“ - უფიქსირდება 300 კვ.მ მიწის ფართობი, №7 გრაფაში - „სახნავი“ - უფიქსირდება 300 კვ.მ. მიწის ფართობი, №8 გრაფაში - „სათიბი“ - მიწის ფართი მითითებული არ არის, ხოლო მე-15 გრაფაში, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის კოეფიციენტი, აღნიშნულია 0.45. საგულისხმოა, რომ ამ დოკუმენტით დადგენილი მიწის ნაკვეთები, ფართით 300-300 კვ.მ, რეგისტრირებულია მ. დ-ის (ზ. უ-ს შვილის) სახელზე, ასევე მამკვიდრებლის სახელზე აღრიცხული იყო 585 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად გასხვისებულია და ჰყავს ახალი მესაკუთრე.

პალატამ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მ. დ-მა 2020 წელს მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა განცხადებები ...ში მდებარე 1400 კვ.მ და 5200 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 10 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მ. დ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სასამართლო წესით და დღეის მდგომარეობით ამ საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მ. დ-ის მიერ სრულად იქნა ათვისებული იმ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის მართლზომიერი მფლობელობა უდგინდება საგადასახადო სიების მიხედვით. ამდენად, №143 გადაწყვეტილება და მასზე თანდართული ...ის მცხოვრები მოქალაქეების მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, ასევე შემოსავლების სამსახურის 2018 წლის პირველი ივნისის №21-02-1/71177 წერილი, შეფასებულია სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2022 წლის პირველი ივნისის განჩინებით, რომლითაც არ დადასტურდა მოსარჩელის დედისთვის მიწის ფართობის დამატებით გამოყოფის ფაქტი. მოსარჩელეს კი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი არ გააჩნია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მოცემული დავის განხილვისას საკითხი სააგენტოს მიერ ყოველმხრივ გამოკვლეულად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებზეც მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და კვლავ აღნიშნავს, რომ 300-300 კვ.მ მიწის ნაკვეთები ისედაც წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, რომელსაც ამუშავებდნენ და იყენებდნენ ოჯახის საჭიროებისამებრ. შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა კომლის საკუთრებას მიწის რეფორმამდე, თუმცა შემდეგ მოხდა აღნიშნული ფართების შევსება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით, მოცემულ შემთხვევაში 4500 კვ.მეტრით. ეს ფართი დაფიქსირებულია საგადასახადო სიის ერთ-ერთ გრაფაში. სწორედ ამ ფართის რეგისტრაციას ითხოვს მარეგისტრირებელ ორგანოში.

კასატორი ასევე არ ეთანხმება ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის (5200 კვ.მ) რეკრეაციულ ზონაში მდებარეობას და აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს კოტეჯების მშენებლობა და მხოლოდ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ვერ იქნებოდა რეკრეაციულ ზონაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არანაირი წინაპირობა, რის გამოც იგი ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. დ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება, უფლების დამდგენი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- მ. დ-მა 2022 წლის 8 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ...ში მდებარე 5200 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2022 წლის 15 ივლისს მ. დ-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა კიდევ ორი - №... და №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლებითაც მოითხოვა ...ში მდებარე 4000 კვ.მ და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

- ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებზე მომზადებული სიტუაციური ნახაზებით გამოვლინდა ზედდება ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთთან, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფო სახელზე, ხოლო №... განაცხადზე მომზადებული სიტუაციური ნახაზით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა რეკრეაციულ ზონაში. №... (4000 კვ.მ) და №... (1500 კვ.მ) სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით კი, სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა წარმოებები და მხარეს განუმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის უნდა წარედგინა უძრავ ნივთებზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საბოლოოდ, 2022 წლის 19 სექტემბერსა და 22 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე მხარემ ვერ უზრუნველყო უფლებადამდგენი დოკუმენტაციის წარდგენა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით (იხ. ტ.III, ს.ფ.24) №... განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი აღარ წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს;

- საქმეში დაცულია ხაშურის არქივის 2022 წლის 6 ივნისის საარქივო ცნობა, რომელსაც მხარე სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევს. დასახელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხაშურის რეგიონულ არქივში დაცული ბორჯომის რაიონის გამგეობის 1995 წლის 21 ივნისის №143 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ...ის მცხოვრები იმ მოქალაქეების სიის თანახმად, რომლებსაც მიწის რეფორმის გატარებისას შეევსოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, სიით ნომრით №28, ზ. უ-ოს სულ უფიქსირდება 0.05 ჰა მიწის ფართობი. ბორჯომის რაიონის გამგეობის 2004 წლის დოკუმენტებში, კერძოდ, ...ის 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიაში, სიითი ნომრით №53, ზ. უ-ს №6 გრაფაში - „საკარმიდამო“ უფიქსირდება 300 კვ.მ მიწის ფართობი, №7 გრაფაში - „სახნავი“ - 300 კვ.მ მიწის ფართობი, №8 გრაფაში - „სათიბი“ მიწის ფართი მითითებული არ არის, ხოლო მე-15 გრაფაში, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის კოეფიციენტი, აღნიშნულია 0.45. საგულისხმოა, რომ ამ დოკუმენტით დადგენილი მიწის ნაკვეთები, ფართით 300-300 კვ.მ, რეგისტრირებულია მ. დ-ის (ზ. უ-ს შვილის) სახელზე. მამკვიდრებლის სახელზე ასევე აღრიცხული იყო 585 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად გასხვისებულია და ჰყავს ახალი მესაკუთრე;

- პალატამ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე: მ. დ-მა 2020 წელს მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა განცხადებები ...ში მდებარე 1400 კვ.მ და 5200 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თავის მხრივ, 2020 წლის 10 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მ. დ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასახელებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სასამართლო წესით და დღეის მდგომარეობით ამ საქმეზე არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მ. დ-ის მიერ სრულად იქნა ათვისებული იმ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის მართლზომიერი მფლობელობა უდგინდებოდა საგადასახადო სიების მიხედვით. ამდენად, №143 გადაწყვეტილება და მასზე თანდართული ...ის მცხოვრები მოქალაქეების მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, ასევე შემოსავლების სამსახურის 2018 წლის პირველი ივნისის №21-02-1/71177 წერილი შეფასებულია სწორედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დადასტურდა მოსარჩელის დედისთვის მიწის ფართობის დამატებით გამოყოფის ფაქტი. მოსარჩელეს კი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი არ გააჩნია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

აღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათთან შესაბამისობაში უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, და მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები კი განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.

ამრიგად, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მატ მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ყოველმხრივ გამოიკვლია და სათანადოდ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ის, რომ მ. დ-ს არ წარუდგენია რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, არსებული საარქივო მასალები კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე გამოყენებულია და მასში განსაზღვრული უძრავი ქონება უკვე აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე, ხოლო დამატებით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას აღნიშნული დოკუმენტი არ ადგენს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ ქმნის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის წინაპირობებს, ხოლო სარეგისტრაციო წარმოებების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 19 სექტემბერსა და 22 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... და №... გადაწყვეტილებების კანონიერების პირობებში, ასევე კანონიერია მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრისა და 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დავა სწორად იქნა გადაწყვეტილი და მართებულად არ დაკმაყოფილდა მ. დ-ის სარჩელი. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება;

3. თ. ტ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. დ-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 12 ივლისს №22807674523 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე