საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1029(კს-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ჟ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სერვისცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრი (ვაკე-საბურთალო)
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:ჟ. ნ-მა 2022 წლის 23 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სერვისცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვისცენტრის (ვაკე-საბურთალო) მიმართ და მოითხოვა: 1. „ჟ. ნ-ისათვის პენსიის ჩარიცხვის 2015 წლის 24 მარტიდან შეჩერების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების გადაწყვეტილების; 2. „ჟ. ნ-ისთვის საპენსიო პაკეტის ჩარიცხვის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის №2018/1 გადაწყვეტილების (ე.წ. „გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“); 3. პენსიის შეჩერებიდან - 2015 წლის პირველი აპრილიდან, 1 წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქალაქ თბილისის სოციალური ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებისა და 4. ჟ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პენსიის შეჩერების, შეწყვეტისა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჟ. ნ-ისათვის პენსიის ჩარიცხვის შეჩერებიდან - 2015 წლის პირველი აპრილიდან პენსიის დანიშვნამდე - 2022 წლის პირველ ივნისამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ჟ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ჟ. ნ-ისთვის საპენსიო პაკეტის ჩარიცხვის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის №2018/1 გადაწყვეტილება (ე.წ. „გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“); ბათილად იქნა ცნობილი პენსიის შეჩერებიდან - 2015 წლის პირველი აპრილიდან, ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქალაქ თბილისის სოციალური ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და 2015 წლის პირველი აპრილიდან ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების არდაკმაყოფილების ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჟ. ნ-ისათვის პენსიის ჩარიცხვის შეჩერებიდან - 2015 წლის პირველი აპრილიდან ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ნ-ის წარმომადგენელმა - მ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით ჟ. ნ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა ადვოკატ მ. ბ-ას წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას. საქმეში კი დაცული იყო მხოლოდ 2023 წლის პირველ ნოემბერს გაცემული ორდერი, რომელიც არ წარმოადგენდა გასაჩივრებისთვის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 (შვიდი) დღის ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის განჩინებით ჟ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აღინიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქალაქ თბილისში, ... მ/რ-ის, მე-8 კორპუსის ბინა №52-ში და 2024 წლის 10 ივნისს პირადად ჩაბარდა ადრესატს - ჟ. ნ-ს (პ/ნ ...). ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 11 ივნისიდან და დასრულდა 18 ივნისს, სამშაბათს, სამუშაო დღეს. დადგენილია, რომ აპელანტის მხრიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, ამასთან, არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია სასამართლოსთვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არც საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზებზე მიუთითებია და შესაბამისად, არც მტკიცებულებები წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ აღმოფხვრა ხარვეზი, ვინაიდან იყო ავად, აღენიშნებოდა წელის ტკივილი და მალთაშუა დისკების დაზიანებები, უჭირდა გადაადგილება და სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე მკურნალობდა სახლში. მან მხოლოდ 2024 წლის 17 ივლისს შეძლო გადაადგილება და მინდობილობის გაფორმება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს განჩინების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ ჟ. ნ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი, ხოლო თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში, ხოლო მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა, ხოლო წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარს თან ერთვის 2023 წლის პირველ ნოემბერს გაცემული ორდერი, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადვოკატ მ. ბ-ას ევალება დაიცვას ჟ. ნ-ის ინტერესები, თუმცა საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მინდობილობა/რწმუნებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ. ბ-ას, როგორც ჟ. ნ-ის წარმომადგენელს, უფლება აქვს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება. საკასაციო პალატის განმარტებით კი, წარმოდგენილი ორდერი პირს არ ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, სპეციალურ აღნიშვნას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ჟ. ნ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად მხარედ განესაზღვრა 7-დღიანი ვადა განჩინების ჩაბარებიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას. ამასთანავე, საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებისა და გასაჩივრების ვადის დაცულობის საკითხის გამოკვლევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის დაწყების მომენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 27 მაისის განჩინება ჟ. ნ-მა პირადად ჩაიბარა 2024 წლის 10 ივნისს. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 11 ივნისიდან და დასრულდა 18 ივნისს, სამშაბათს, სამუშაო დღეს. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორება მხარეს უნდა უზრუნველეყო 2024 წლის 18 ივნისს, 24:00 საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ასევე დადგენილია, რომ აპელანტის მხრიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, მას არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია სასამართლოსთვის. აღნიშნული გარემოებები კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
სადავო შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობას უკავშირებს იმ გარემოებების არსებობას, რომ იყო ავად, აღენიშნებოდა წელის ტკივილი და მალთაშუა დისკების დაზიანებები, იყო მწოლიარე მდგომარეობაში და სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე მკურნალობდა სახლში. მან მხოლოდ 2024 წლის 17 ივლისს შეძლო გადაადგილება და მინდობილობის გაფორმება.
საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ჟ. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მის მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, სასამართლოს დროულ ინფორმირებას, კერძოდ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნას, არ გამორიცხავდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან ჟ. ნ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარდგენის შეუძლებლობასა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება, აპელანტის მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველს. შესაბამისად, ჟ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ჟ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე