Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1166(კს-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ზ. ნ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ბ. ბ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2024 წლის 11 ნოემბერს. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა დაიწყო 2024 წლის 12 ნოემბერს და ამოიწურა 2024 წლის 18 ნოემბერს, 24 საათზე (ორშაბათი). დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილსია და 399-ე მუხლის თანახმად, ზ. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ზ. ნ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებაზე, დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე