Facebook Twitter

№ბს-754(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

კასატორი (მოსარჩელე) - დ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - ვ. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. გ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-2021040483 მითითების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ვ. ფ-ი ჩაება.

1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლიდან მის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ... ქუჩა №8, ოთახი №5. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს გააჩნია ე.წ. „ლოჯის“ მიშენება, რომელიც კორპუსის თითქმის ყველა მაცხოვრებელს აქვს. მიშენება ნებადართულია გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს 1989 წლის 28 ნოემბრის №13 გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 15 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №20-2021040483 მითითება, რომელიც ითვალიწინებს მოსარჩელის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის გამო და მასვე ავალებს მიშენების დემონტაჟს.

1.2. მოპასუხე - გორის მუნიციპალიტეტის მერია არ დაეთანხმა სარჩელს და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე“ მითითებით განმარტა, რომ უნებართვო მშენებლობა არის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის დარღვევით ჩატარებული ისეთი მშენებლობა, რა დროსაც ირღვევა შენობა-ნაგებობის ფუნქცია ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ადმინისტრაციული საქმისწარმოება უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით იწყება, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მოცემულ შემთხვევაში, ქ. გორში, ... ქ. №8/4-ში და 8/13-ში მცხოვრებლებმა უნებართვო მშენებლობის შესახებ განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შედეგადაც, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე შეისწავლეს განცხადებაში მითითებული გარემოებები და მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის წერილით მოსარჩელეს მიეცა მითითება სამართალდარღვევის გამოსწორების შესახებ. გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 28 ნოემბრის №13 სხდომის ოქმის №422 გადაწყვეტილებით, ქ. გორში, ... ქ. №8-ში მცხოვრებ მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებზე ლოჯიების მიშენების ნება ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით დაერთოთ, მოსარჩელეს კი, არ წარუდგენია მტკიცებულება რომელი არქიტექტორული პროექტის ფარგლებში შეათანხმა მშენებლობა. პროექტის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში და არც ეროვნულ არქივში, რის გამოც გამოცემული მითითება კანონიერია.

1.3. მესამე პირი - ვ. ფ-ი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ უკანონო მშენებლობა მის ნორმალურ პირობებში ცხოვრების უფლებას ლახავს. გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 28 ნოემბრის №13 სხდომის ოქმის №422 გადაწყვეტილებით, ... ქ. №8-ში და სხვა მრავალბინიან სახლებში ყველა ბინათმოსარგებლეს ერთობლივად და ერთიანი პროექტით უნდა განეხორციელებინათ მშენებლობა და არა ცალ-ცალკე. გარდა ამისა, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას 30-წლიანი ხანდაზმულობის გამო დღევანდელი მდგომარეობით სამართლებრივი ძალა არ აქვს. 1989 წლისთვის მოქმედი 1965 წლის 1 ივლისის სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, უფლების დაცვის საერთო ვადა 3 წელი იყო, რის გამოც 1992 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, ზემოხსენებული გადაწყვეტილება, უკვე ხანდაზმულია.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, დ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა - გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-20210404483 მითითების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 31.01.2017 წლიდან დ. გ-ი არის ქ. გორში, ... ქ. №8/5-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 31.00 კვ.მ-ის (ს/კ ...) მესაკუთრე. უფლების დამდგენი დოკუმენტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; ბ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-2021040483 მითითებით დ. გ-ს ეცნობა, რომ ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლების მიერ ქ. გორში, ... ქ. №8/5-ში მრავალსართულიანი კორპუსის (ს/კ ...) მე-2 სართულზე გამოვლინდა მის მიერ უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის, მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენების, ფაქტი. აღნიშნული მშენებლობით დარღვეულია ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ მე-11 თავის 93-ე მუხლი, რაც იმავე კოდექსის მე-5 თავის 130-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. დ. გ-ს განესაზღვრა ვადა, მითითების ჩაბარების დღიდან 20 კალენდარული დღე, მითითებული დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს 1989 წლის 28 ნოემბრის №13/422 გადაწყვეტილებით ქ. გორში, ... ქ. №8-ში საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს, მიეცათ ნება საკუთარი სახსრებით ეწარმოებინათ ლოჯების მიშენების სამუშაოები, სახელმწიფო ან კოოპერატიულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით; დ) გორის ადგილობრივი არქივის 2021 წლის №27/39799 წერილით, გორის მუნიციპალიტეტის მერს №20-2021103303, 13.04.2021 წერილის პასუხად ეცნობა, რომ გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს 1989 წლის 28 ნოემბრის №13 სხდომის ოქმის და №422 გადაწყვეტილების თანახმად, საცხოვრებელი სახლების ლოჯების მიშენებაზე ნებართვა მიეცათ ქ. გორში, ... ქ. №8-ში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი სახსრებით ეწარმოებინათ ლოჯების მიშენების სამუშაოები, ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. არქიტექტურული პროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები გორის არქივში დაცვაზე არ შესულა; ე) გორის ადგილობრივი არქივის 2021 წლის 18 ნოემბრის №27/116655 წერილის თანახმად, საცხოვრებელი სახლის პროექტები გორის არქივში დაცვაზე არ ინახება, რის გამოც, არქივს არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ფაქტი ქ. გორში, ... ქ. №8-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის შესახებ.

„სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექურული საქმიანობის“ კოდექსის 93-ე მუხლზე, 130-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, 123-ე და 124-ე მუხლებზე, მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს დ. გ-ის მიერ ქ. გორში, ... ქ. №8/5-ში ნაწარმოები მშენებლობა არის თუ არა უნებართვო, საჭიროებდა თუ არა მშენებლობის პროექტის შეთანხმებას ქალაქის მთავარ არქიტექტორთან და რამდენად კანონიერად მიეცა მითითება. საყურადღებოა, რომ გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს 1989 წლის 28 ნოემბრის №13/422 გადაწყვეტილებით ლოჯების მიშენების სამუშაოები მოქალაქეებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. გორის ადგილობრივი არქივის 2021 წლის №27/39799 და 2021 წლის 18 ნოემბრის №27/116655 წერილებით დადგენილია, რომ ქ. გორში, ... ქ. №8-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები გორის არქივში დაცვაზე არ შესულა. დ. გ-ის მიერ აშენებული დამატებითი ფართის შესახებ არქიტექტურული პროექტი საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. ასევე დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-2021040483 მითითებით დ. გ-ს ეცნობა, რომ ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლების მიერ ქ. გორში, ... ქ. №8/5-ში მრავალსართულიანი კორპუსის (ს/კ ...) მე-2 სართულზე გამოვლინდა მის მიერ უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის, მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენების, ფაქტი. აღნიშნული მშენებლობით დარღვეულია ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ მე-11 თავის 93-ე მუხლი, რაც იმავე კოდექსის მე-5 თავის 130-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

სასამართლოს განმარტებით, ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის გარეშე მშენებლობა წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას და შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მისი ბათილად ცნობის შესახებ. ასევე, გასათვალისწინებელია მესამე პირის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მშენებლობით, რომელიც სამშენებლო ნორმებს არღვევს, მას ზიანი ადგება. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა ისინი.

სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც განსახორციელებელი სამუშაოების მიხედვით, შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განზრახული სამშენებლო სამუშაოების დადასტურების მიღებაში ან მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში გამოიხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება უნებართვო მშენებლობა.

სააპელაციო პალატამ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე მითითებით განმარტა, რომ დ. გ-მა ქ. გორში, ... ქ. №8/5-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-2 სართულზე აწარმოა მშენებლობა (მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენება), რომელიც საჭიროებდა შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციას. გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს 1989 წლის 28 ნოემბრის №13/422 გადაწყვეტილებით ე.წ. „ლოჯების“ მიშენების სამუშაოები მოქალაქეებს შეეძლოთ ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით ეწარმოებინათ. აღნიშნული პროექტი გორის არქივში დაცული არ არის და ვერც აპელანტის მიერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს 1989 წლის 28 ნოემბრის №13/422 გადაწყვეტილება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ არის მოსარჩელე მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

სასამართლოს განმარტებით, გათვალისწინებული უნდა იქნას ვ. ფ-ის განმარტება, რომ მოსარჩელემ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, კერძოდ, დამატებითი საყრდენების გამოყენებით (რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან) მის საკუთრებაში არსებული ფართი გაზარდა (მიშენება) და მხოლოდ აივანი არ ამოუშენებია (როგორც ეს განხორციელებულია სხვა მესაკუთრეების მიერ). საყურადღებოა, რომ მესამე პირის მიერ მითითებული გარემოებები საქმეში წარდგენილი ფოტომასალითაც დასტურდება. შესაბამისად, დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, რომ მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებულმა არგუმენტაციამ/დოკუმენტაციამ ვერ დაადასტურა სამშენებლო სამუშაოების კანონიერება მაშინ, როცა სადავო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებით იმპერატიულადაა განსაზღვრული მოსარჩელის (აპელანტის) მიერ ნაწარმოები მშენებლობის სამართლებრივ საფუძვლად მშენებლობის ნებართვა. ამასთან, საქმის მასალებშიც არ მოიპოვება დოკუმენტი (შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა), რომელიც მშენებლობის კანონიერებას დაადასტურებდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა თუ ვის ადგება სადავო მშენებლობით ზიანი, რა შინაარსის მატარებელია საქმეში წარმოდგენილი ნებართვა, ვისთვის არის იგი შედგენილი და მითითება რატომ მოქმედებს მხოლოდ მის მიმართ. საქმეში არ არის წარდგენილი ძირითადი პროექტი, რის გამოც შეუძლებელია დარღვევის დადგენა, ან იყო თუ არა აღნიშნული მიშენება პროექტით გათვალისწინებული. სასამართლოს უნდა შეეფასებინა იყო თუ არა სადავო აივანი მართლზომიერად გადიდებული, მაშინ როდესაც კორპუსის თითქმის ყველა მცხოვრებს მსგავსად აქვს მშენებლობა ნაწარმოები. აღმასრულებელი კომიტეტის №422 გადაწყვეტილებით ლოჯის მიშენება ნებადართული იყო და შესაბამისად, სასამართლომ არასწორად შეაფასა მშენებლობის ნებართვის არ ქონის საკითხი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) უძრავი ნივთი მდებარე ქ. გორი, ... ქუჩა №5, სართული 2, ბინა №5, ფართი - 31 კვ. მ, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ. გ-ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 31 იანვარი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 2017 წლის 31 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-14); ბ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-2021040483 მითითებით დ. გ-ს ეცნობა, რომ ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლების მიერ ქ. გორში, ... ქ. №8/5-ში მრავალსართულიანი კორპუსის (ს/კ ...) მე-2 სართულზე გამოვლინდა მის მიერ უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის (მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენების) ფაქტი. აღნიშნული მშენებლობით დარღვეულია საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-11 თავის 93-ე მუხლი, რაც იმავე კოდექსის მე-15 თავის 130-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. დ. გ-ს მითითებული დარღვევის აღმოსაფხვრელად მითითების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადა განესაზღვრა (ს.ფ. 10); გ) გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 28 ნოემბრის №13/422 გადაწყვეტილებით ქ. გორში, ... ქ. №8-ში საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს, მიეცათ ნება საკუთარი სახსრებით ეწარმოებინათ ლოჯების მიშენების სამუშაოები, სახელმწიფო ან კოოპერატიულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით (ს.ფ. 11-12, 42); დ) გორის ადგილობრივი არქივის 2021 წლის 13 აპრილის №27/39733 წერილით, გორის მუნიციპალიტეტის მერს №20-2021103303, 13.04.2021 წერილის პასუხად ეცნობა, რომ გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 28 ნოემბრის №13 სხდომის ოქმის და №422 გადაწყვეტილების თანახმად, საცხოვრებელი სახლების ლოჯების მიშენებაზე ნებართვა მიეცათ ქ. გორში, ... ქ. №8-ში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს, საკუთარი სახსრებით ეწარმოებინათ ლოჯების მიშენების სამუშაოები, ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. არქიტექტურული პროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები გორის არქივში დაცვაზე არ შესულა (ს.ფ. 42); ე) გორის ადგილობრივი არქივის 2021 წლის 18 ნოემბრის №27/116655 წერილის თანახმად, საცხოვრებელი სახლის პროექტები გორის არქივში დაცვაზე არ ინახება, რის გამოც, არქივს არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ფაქტი ქ. გორში, ... ქ. №8-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის შესახებ (ს.ფ. 68).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამოწმებს სარჩელის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, სასკ-ის 22-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები, რომელთა დასაშვებობაც მითითებული მუხლების შესაბამისად მოწმდება (სასკ-ის 262 მუხ.). გასათვალისწინებელია, რომ შეცილებითი სარჩელის მიზანი არ არის აბსტრაქტული, კასატორი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შედეგად გამოცემული მითითების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომელიც წინა ინსტანციის სასამართლოებმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნად ჩათვალეს (სასკ-ის 22.2 მუხ.). ვინაიდან, სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილებითი სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული აქტის არსებობა, ანუ სარჩელის საგანს უნდა შეადგენდეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის, ის უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტებს. ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ აქტად, როდესაც იგი სრულად შეესაბამება სზაკ-ით დადგენილ ინდივიდუალური აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევას. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო-სამართლებრივ საქმიანობის ფორმას წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემით ხდება სამართლის ნორმით განხორციელებული ზოგად-აბსტრაქტული მოწესრიგების კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია. მოწესრიგება, როგორც ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტი, არ არის სახეზე, როდესაც საჯარო სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. ამა თუ იმ დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ამ დოკუმენტს შეეძლოს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად გამოწვევა, რაც განსაზღვრავს გასაჩივრებისადმი იმავე დოკუმენტის დამოუკიდებლად დაქვემდებარების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-2021040483 მითითების ბათილად ცნობას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-2021040483 მითითებას გააჩნია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი ზოგი ნიშანი (მერია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს, მითითების გაცემის უფლებამოსილება გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მითითება ინდივიდუალური ხასიათისაა), მაგრამ მას არ აქვს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი - ის დამოუკიდებლად ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამ კუთხით საკასაციო პალატამ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მითითების სამართლებრივი ბუნება უნდა შეაფასოს, ანუ არის თუ არა იგი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დამოუკიდებლად საჩივრდება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექის 25.2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმის წარმოებას მითითების გაცემის გზით იწყებს. ზემოხსენებული მუხლის მე-5 პუნქტით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, ანუ შესრულდა თუ არა იგი. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას, რომელიც სანქციის სახით შესაძლოა ითვალისწინებდეს: ჯარიმას, მშენებლობის მთლიან/ნაწილობრივ დემონტაჟს ან მის შეჩერებას. მოცემულ შემთხვევაში, უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის გამო კასატორის მიმართ შედგა მითითება, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნეული გარემოება 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გამოსწორებულიყო. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა, რომ შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევა ჯარიმის სახით 4000 ლარს ითვალისწინებდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ასაჩივრებს არა დადგენილებას შესაბამისი სამართლებრივი სანქციით, არამედ მის მიმართ გამოცემულ მითითებას, რომელიც სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად შესაბამის ვადას უსაზღვრავს და შესაძლოს სანქციის მოცულობას ატყობინებს. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ დადგენილების გამოცემი ფაქტი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამშენებლო სამართალდარღვევაზე გაცემული მითითების შესახებ საკასაციო პალატის განმარტება, სადაც მისი სამართლებრივი ბუნება განიმარტა. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მითითების შედგენა არ ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მითითება თავისთავად არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს - დაჯარიმებას, ჯარიმის დაკისრებას იწვევს არა მითითების შედგენა, არამედ მითითებით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება საქმეზე ბს-746-730(კ-12)). საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითება არის შუალედური აქტი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა, რათა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვრულ გონივრულ ვადაში პირმა ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები. მითითება ქმნის პირის დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას. სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითების გაცემის დანიშნულება არის სამართალდარღვევის გამოსწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ იქნება გამოსწორებული, მითითება შესაძლოა საფუძვლად დაედოს დაჯარიმების შესახებ აქტის გამოცემას (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება საქმეზე ბს-746-730(კ-12)).

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმადაც, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი, ფაქტობრივად მითითების დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს, თუკი სახეზე არ არის დადგენილება, რომელიც მითითების შეუსრულებლობის გამო უშუალოდ სანქციას ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისაკენ უნდა იყოს მიმართული ან უნდა შეეხებოდეს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს. ინდივიდუალურია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით ,,ერთჯერადია’’. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისაკენ არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, მაგრამ არა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემით, არამედ მის გარეშე. შესაბამისად, გორიც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მითითება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს და კანონმდებელიც მის დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს.

საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში სასკ-ის 262.6 მუხლით გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სასკ-ის 22.1 მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 თებერვლის №20-2021040483 მითითების ბათილად ცნობა წარმოადგენს, ანუ სახეზეა შეცილებითი სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით (სასკ-ის 22-ე მუხ.). ასეთი სახის სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი სავალდებულო პირობა ადმინისტრაციული აქტის არსებობაა, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად, აღნიშნული საკითხის მხარეთა მიერ დასმის მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ კასატორის მიერ გასაჩივრებული მითითება არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იგი არ წარმოშობს დამოუკიდებლად სამართლებრივ შედეგებს და მის ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებელიც გამორიცხავს. ვინაიდან აღნიშნული საკითხი წინა ინსტანციის სასამართლოებში არ გადაწყვეტილა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს საკასაციო სასამართლომ. ვინაიდანაც მოცემულ საქმეში სახეზე არ არის სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაშვებობის სავალდებულო პირობა (აქტის არსებობა), სასკ-ის 262 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძვლით დ. გ-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დ. გ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. დ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2024წ. №339 საგადასახადო დავალებით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 50% - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე