Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-126(კ-24) 17 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „T...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 5 ივნისს შპს „T...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სარჩელზე, საბოლოოდ, მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა ფასნამატის საფუძველზე კომპანიაზე დამატებით დღგ-ს თანხის 7% მარჟის გაანგარიშებით დარიცხვისა და 2015 წლის დეკემბრის თვის თავდაპირველ დეკლარაციაში კომპანიის მიერ ფასნამატთან დაკავშირებული სარგებლის აუსახველობის გამო დამატებით დარიცხული სანქციის ნაწილში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 დეკემბრის №36479 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 დეკემბრის №... საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 თებერვლის №3872 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნის, 2017 წლის 3 აპრილის დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ №8806 ბრძანების, 2017 წლის 3 აპრილის №... საგადასახადო მოთხოვნის, დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №17614 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №... საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №25091 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №14253/2/17 და №4781/2/2017 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შპს „T...ს“ სარჩელის გამო - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნის, 2017 წლის 3 აპრილის დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ №8806 ბრძანების და 2017 წლის 3 აპრილის №... საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, შპს „T...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „T...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ნაწილში სარჩელის არსებითად განხილვის მიზნით საქმის იმავე ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „T...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „T...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „T...ს“ კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით სრულად გაასაჩივრა შპს „T...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „T...ს“ საკასაციო საჩივარი, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად, ხოლო 2024 წლის 19 მარტის განჩინებით შპს „T...ს“ საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული.

2024 წლის 21 და 29 ნოემბერს შპს „T...ს“ წარმომადგენელმა განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური 2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებით დაეთანხმნენ მხარის შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა შპს „T...ს“ შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დგინდება, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია შპს „T...ს“ შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2024 წლის 11 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებებით დაეთანხმნენ. ამდენად, არ არსებობს შპს „T...ს“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „T...ს“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „T...ს“ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. შპს „T...ს“ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დარჩეს განუხილველად;

4. შპს „T...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.12.2023წ. №1702985776 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი და 06.03.2024წ. №1709645496 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 7700 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი N300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. აბუსერიძე

ბ. შონია