Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-62(კ-24) 11 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. ს-ი, მ. ბ-ი, ო. გ-ე, ე. კ-ა, ლ. ც-ი, ს. თ-ი, ც. ფ-ე, ქ. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-იმა, მ. ბ-იმა, ო. გ-ემ, ე. კ-ამ, ლ. ც-იმა, ს. თ-იმა, ც. ფ-ემ და ქ. გ-ამ 2020 წლის 25 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტებისა და სასარჩელო მოთხოვნების გახმობის შემდგომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა შემდეგ სასარჩელო მოთხოვნებზე: 1. ბათილად იქნეს ცნობილი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის წინადადების მეორე ნაწილი: ,,...და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონულ მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი“ და პირველი მუხლის მეორე პუნქტის წინადადების მეორე ნაწილი: ,,...ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - არაუმეტეს 1 თვის ვადისა; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით შეტანილი ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტსა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის, მ. ბ-ის, ო. გ-ეის, ე. კ-ას, ლ. ც-ის, ს. თ-ის, ც. ფ-ეისა და ქ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის წინადადების ბოლო ნაწილი: ,,...ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაუმეტეს 1 თვის ვადისა“; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც მოსარჩელეების, ასევე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ნ. ს-ის, მ. ბ-ის, ო. გ-ეის, ე. კ-ას, ლ. ც-ის, ს. თ-ის, ც. ფ-ეის, ქ. გ-ას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-13 მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის და აღნიშნულ წესში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით შეტანილი ცვლილებები და განმარტა, რომ მართალია ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს შესაფასებელი საკითხია მხოლოდ ნორმატიული აქტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და არა მათი გამოცემის მიზანშეწონილობა (რადგან აღნიშნული საკითხი სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულების ფარგლებს), თუმცა განსახილველ შემთხვევაში, გარდა კანონმდებლობასთან შეუსაბამობის არსებობისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებები, რომელიც პირადობის მოწმობის არარსებობის გარეშე, რეალიზაციის მიღმა რჩება, დროში განგრძობადია და არაელექტრონული პირადობის მოწმობის ერთთვიანი ვადით გაცემის შემთხვევაში ვერ იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ის მითითება, რომ ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ვადის განსაზღვრა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, სადავო ნორმაში მითითებული 1 თვიანი ვადა მიზანშეწონილია, რამეთუ ეს ვადა სრულიად ოპტიმალურია იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ ერთჯერადი შესაძლებლობა მოაწესრიგონ ის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებები, რომლისთვისაც დაიშვა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და გაიზიარა სასამართლოს ის დასკვნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების ნაწილის: „... ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - არაუმეტეს 1 თვის ვადისა“, ბათილად ცნობის ნაწილში იყო საფუძვლიანი.

რაც შეეხება მოთხოვნას - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის წინადადების მეორე ნაწილის - ,,...და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი“, ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით, უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ აპელანტები კონკრეტულად ვერ უთითებენ თუ რომელ საკანონმდებლო დანაწესს ეწინააღმდეგება სადავო ჩანაწერი. აპელანტების (მოსარჩელეთა) მითითება, რომ ერთხელ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემთხვევაში, მათ ერთმევათ შესაძლებლობა, რწმენის მიუხედავად, კვლავ აიღონ ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობა, ვერ გახდება სადავო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კანონქვემდებარე აქტის წინააღმდეგობა მოქმედ კანონმდებლობასთან ან/და შეუსაბამობა თავად ამ აქტის მიღების ნორმატიულ საფუძვლებთან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და ამ გზით, აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, წარმოადგენდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს, სახელმწიფო დაინტერესებული იყო შემოეღო და გაეცა პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურად დაცული იქნებოდა გაყალბებისგან. პირადობის ელექტრონული მოწმობა კი აღჭურვილია დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს მისი, როგორც დოკუმენტის, ისე ამ უკანასკნელის მეშვეობით წარმოებული ნებისმიერი სამართალურთიერთობის გაყალბების რისკები. ამავდროულად, აადვილებს ნებისმიერ სამართალურთიერთობაში პირის ინტეგრაციას და სახელმწიფო სერვისებით მომსახურების პროცესს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, და პარალელურად, სახელმწიფოს მიერ მოსარჩელეებისა და მათი მსგავსი წინააღმდეგობის მქონე (რწმენის გამო) პირების ინტერესების მხედველობაში მიღებით, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, ამგვარი წინააღმდეგობის დადასტურებისას და ამასთან ისე, რომ პირს არ უნდა ჰქონდეს აღებული ელექტრონული პირადობის მოწმობა ან/და პასპორტი, ვინაიდან, ერთის მხრივ, ელექტრონული პირადობის მოწმობის ერთხელ აღება მიუთითებს პირის მიერ ამგვარი მოწმობის ქონის შესაძლებლობაზე (რწმენის თვალსაზრისით) და, მეორეს მხრივ, უპირობოდ ყველასთვის იმ შესაძლებლობის მიცემა აღებული ელექტრონული მოწმობები კვლავ ჩაანაცვლონ ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობებით, წინააღმდეგობაშია კანონმდებლის ნებასთან. ამასთან, ამგვარი მოთხოვნა და საჭიროება არ დგება და არ გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაც, რის შედეგადაც სადავო ჩანაწერები იქნა ცვლილების სახით მიღებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ N1/1/1404 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სახეზე არ არის მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებაში ჩარევა. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები საშინაო ადმინისტრირების პროცედურაში ძალზე ფართოა და მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი სარჩელი მთლიანობაში ვერ აღწევს იმ მიჯნას, რომელმაც შეიძლება ამგვარი აღმატებული ხარისხის საჯარო ინტერესი გადაწონოს. კასატორის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონის სადავო ნორმის შემუშავების პროცესში, სახელმწიფოს არ წარმოშობია ნეიტრალური ნორმის გვერდითი ეფექტის განეიტრალების პოზიტიური ვალდებულება და დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებით კონსტიტუციურია. N1/1/1404 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე ხაზი გაუსვა, რომ არსებული რეალობა სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და მოქალაქეებისთვის, რომლებიც უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე, საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი იმ ზიანის აღმოსაფხვრელად ან მნიშვნელოვნად შესამცირებლად, რომელიც მათ ადგება პირადობის მოწმობის არქონის გამო. სწორედ ამ გარემოებას იყენებენ მოსარჩელეებიც სამართალწარმოების ფარგლებში მათი მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა არგუმენტაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ უკვე მიღებულია მხედველობაში, რის გამოც იუსტიციის სამინისტრომ გამონაკლისის სახით დაუშვა შესაძლებლობა მოსარჩელეებსა და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს ჰქონდეთ უფლება ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევდნენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებით, დაშვებული იქნა გამონაკლისის სახით ისეთი პირადობის მოწმობის აღების შესაძლებლობა, რომელსაც არ აქვს ელექტრონული მატარებელი. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იუსტიციის მინისტრის N572 ბრძანების მიღებამდე, კანონმდებლობა ითვალისწინებდა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას. ამ ტიპის დოკუმენტის თითქმის უალტერნატივო წესით გაცემის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით იყო განპირობებული. სახელმწიფოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და ამ გზით, აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს. სახელმწიფო დაინტერესებული იყო შემოეღო და გაეცა პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურად დაცული იქნებოდა გაყალბებისგან. პირადობის ელექტრონული მოწმობა კი აღჭურვილია დაცვის ისეთი საშუალებებით, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს მისი, როგორც დოკუმენტის, ისე ამ უკანასკნელის მეშვეობით წარმოებული ნებისმიერი სამართალურთიერთობის გაყალბების რისკები. ამავდროულად, აადვილებს ნებისმიერ სამართალურთიერთობაში პირის ინტეგრაციას და სახელმწიფო სერვისებით მომსახურების პროცესს. მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტების შემოღებით, სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული დოკუმენტების დანერგვა და, ამ გზით, მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. ამდენად, წარმომადგენლის მსჯელობით, დასახელებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით და ამის პარალელურად, სახელმწიფოს მიერ მოსარჩელეებისა და მათი მსგავსი წინააღმდეგობის მქონე (რწმენის გამო) პირების ინტერესების მხედველობაში მიღებით, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა დაშვებულ იქნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, ამგვარი წინააღმდეგობის დადასტურებისას, ამასთან ისე, რომ პირს არ აქვს აღებული ელექტრონული პირადობის მოწმობა ან/და პასპორტი, და ასევე, ამგვარი დოკუმენტების მოქმედება შემოიფარგლა 1 თვის ვადით.

კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 2020 წლის 9 ივლისს იუსტიციის მინისტრის N572 ბრძანებით განხორციელებულ ცვლილებაზე და განმარტავს, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობის 6 თვემდე ვადით აღებას იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების 25-ე მუხლი საგამონაკლისო წესით ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფსიქიკური დახმარების მიღების საჭიროების, ფორსმაჟორული გარემოებების გამო გამოირიცხება პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების ობიექტური შესაძლებლობა. კასატორის მსჯელობით, კანონმდებლის ნებას წარმოადგენდა ის, რომ ზოგადი უნიფიცირებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით შემოეღო ელექტრონული პირადობის მოწმობა, ხოლო პირადობის არაელექტრონული მოწმობის არსებობა გაითვალისწინა მხოლოდ ისეთ უკიდურეს შემთხვევებში გამოსაყენებლად, როდესაც ტექნიკურად არ არსებობს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა. კანონმდებელმა არაელექტრონული პირადობის მოწმობის სამართლებრივ ბრუნვაში დატოვების ძირითად მოტივაციად ერთადერთ გარემოებაზე მიუთითა - პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის პროცესის თავისებურება, რაც მოითხოვს პირის ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადების აუცილებლობას და რაც შესაძლებელია ყოველთვის შესრულებული ვერ იქნეს.

რაც შეეხება, რწმენის მოტივით არაელექტრონული მოწმობის მოქმედების მოკლე პერიოდს, კასატორის მსჯელობით, იგი განპირობებული იყო კანონის მოთხოვნით, რომელმაც ცალსახად განსაზღვრა, რომ 4 წელი და 10 წელი მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებისათვის გათვალისწინებული ვადებია, ხოლო ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის აღება შეზღუდულია და 6 თვემდე ვადით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ნორმატიული, ობიექტური საფუძველი, მისი გაცემა ხდება ასევე, დროის მოკლე პერიოდით, არაუმეტეს 6 თვის ვადით, ანუ ობიექტური გარემოებების იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლის გამოსწორებასაც სავარაუდოდ 6 თვე ან უფრო ნაკლები დრო, მათ შორის შესაძლოა ერთი თვეც დასჭირდეს. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ რწმენის მოტივით არაელექტრონული პირადობის მოწმობით სარგებლობისათვის 1 თვიანი ვადის განსაზღვრა, თავისი კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინებით მოხდა. კანონმდებელმა ეს ვადა სრულიად ოპტიმალურად და საკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ ერთჯერადი შესაძლებლობა მოაწესრიგონ ის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებები, რომლებისთვისაც დაშვებულ იქნა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად და ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილება იქნა შეტანილი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონულ მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.“. 2. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – არაუმეტეს 1 თვის ვადისა.“. 3. 52-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში მისი მფლობელის პირადი ხელმოწერის შესრულება შეუძლებელია მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის ან ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული შემთხვევის არსებობის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა მფლობელის პირადი ხელმოწერის გარეშე.“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი. სადავო ცვლილებების შედეგად ხსენებული წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: „სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონულ მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი“.

ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – არაუმეტეს 1 თვის ვადისა.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც მოსარჩელეების, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ მოსარჩელეთა მიერ არ გასაჩივრებულა. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, შესაბამისად საკასაციო პალატა იმსჯელებს განჩინების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილზე.

განსახილველ შემთხვევაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა შეამოწმებს აღნიშნული ცვლილებების კანონიერებას კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის გზით, ვინაიდან ნორმატიული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. პალატა მიუთითებს საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის გამოცემის თავისებურებისა და სპეციფიკის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის ბს-815-807(კ-16)) გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ „ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ნორმების უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მათი შემოღება ხშირად თავად აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტების მიერ, სახელმწიფო - მმართველობითი საქმიანობის პროცესში და მისი მიზნების მისაღწევად ხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მოთხოვნილება ეფექტურ მმართველობაში ობიექტურად განაპირობებს მის აღჭურვას ნორმის დამდგენი უფლებამოსილებებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება თავისი არსით არის კანონმდებლის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გადაცემული სამართალშემოქმედების უფლებამოსილება. ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა, მათ შორის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ნორმა, წარმოადგენს სამართალშემოქმედებით აქტს.... შეიძლება ითქვას, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის, მისი დივერსიფიკაციის გამოვლინებაა. დელეგირებული კანონშემოქმედების სახელმწიფოებრივ - სამართლებრივი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონების მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზირებული პროფესიული ცოდნა. დელეგირება უზრუნველყოფს კონკრეტული სფეროს რეგულირების საგნობრივ ურთიერთკავშირს, რომელიც განაწილებულია კანონით განსაზღვრულ მასშტაბსა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე აქტის მთავარი ფუნქცია - საკანონმდებლო აქტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფაა“.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონის ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი, რომელშიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილებები, კერძოდ, მითითებული წესის 25-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა იმგვარი რედაქციით, რომ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მიეცათ შესაძლებლობა გასცენ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი (,,ზ“ ქვეპუნქტი). ამასთან, ამგვარ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 1 თვის ვადით (33.2 მუხლი). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება განაპირობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილების აღსრულების მიზანმა, რათა ადგილი არ ჰქონოდა სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი პირების ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე დარჩენას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარი მათ არ აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეობას და, მასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღებისა და მფარველობის უფლებას. ისინი რჩებიან საქართველოს მოქალაქეებად, მათ იურისდიქციაში მყოფ პირებად, ხოლო სახელმწიფო კი – მათი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელ სუბიექტად. ამგვარად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად არცნობა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოსარჩელეთა ინტერესების დაცვის და იმ საფრთხეების განეიტრალების ვალდებულებისაგან, რომელთა წინაშეც მოსარჩელეები და მათ მდგომარეობაში მყოფი სხვა პირები აღმოჩნდნენ, მათი გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის გამო.“ ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული რეალობა სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას და მოქალაქეებისთვის, რომლებიც უარს აცხადებდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე, საჭირო იყო გამოსავლის მოძებნა იმ ზიანის აღმოსაფხვრელად ან მნიშვნელოვნად შესამცირებლად, რომელიც მათ ადგებოდათ პირადობის მოწმობის არქონის გამო. შესაბამისად, სადავო ცვლილებების საფუძველს უდავოდ წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში იყო დასაშვები.

მითითებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. თავის მხრივ, მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების ნაწილი: „... ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - არაუმეტეს 1 თვის ვადისა“, შეუსაბამობაშია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონის ზოგად დანაწესთან, რომლის მიხედვით, არაელექტრონული პირადობის მოწმობა შეიძლება გაიცეს 6 თვემდე ვადით. კანონით დადგენილია პირის უფლება გარდაუვალი აუცილებლობის პირობებში, მიიღოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა იმ ვადით, რა ვადაც შესაძლოა განხილულ იქნეს გონივრულად, გადაუდებელი საჭიროების ხასიათიდან გამომდინარე. შესაბამისად, კანონმდებლის ნება, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცეს არაუმეტეს 6 თვის ვადისა, არ შეიძლება 1 თვემდე ვადით შეიზღუდოს მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკასაციო პალატა განმარტავს, მართალია ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს შესაფასებელი საკითხია მხოლოდ ნორმატიული აქტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და არა მათი გამოცემის მიზანშეწონილობა, რადგან აღნიშნული საკითხი სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულების ფარგლებს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, გარდა კანონმდებლობასთან შეუსაბამობის არსებობისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებები, რომელიც პირადობის მოწმობის არარსებობის გარეშე, რეალიზაციის მიღმა რჩება, დროში განგრძობადია და არაელექტრონული პირადობის მოწმობის ერთთვიანი ვადით გაცემის შემთხვევაში ვერ იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა კასატორის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მითითება, რომ ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ვადის განსაზღვრა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, სადავო ნორმაში მითითებული 1 თვიანი ვადა მიზანშეწონილია, რამეთუ ეს ვადა სრულიად ოპტიმალურია იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ ერთჯერადი შესაძლებლობა მოაწესრიგონ ის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებები, რომლისთვისაც დაიშვა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილებაზე სადაც მიეთითა, რომ ,,სახელმწიფომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამონახონ გზა, რომელიც ამ პირებს დაეხმარება, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის. სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური პასუხი გასცეს იმ დე ფაქტო ვითარებას, რაც ნორმის ამოქმედების შედეგად წარმოიშვა სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი პირების ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე დარჩენით. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანია მიჩნეული, დაუშვებელია, სახელმწიფო გულგრილად ეკიდებოდეს მის დატოვებას ყოველდღიური ყოფითი საჭიროებების, ცხოვრებისთვის აუცილებელი სერვისებისგან მოწყვეტილად და იხსნიდეს პასუხისმგებლობას მის ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე, ანდა ასეთი შთაბეჭდილება იქმნებოდეს.“

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ერთთვიანი ვადის განსაზღვრა იმ ბარიერების გათვალისწინებით (მომსახურების საფასური და სხვ.), რაც ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის ასაღებად არის დადგენილი, საკმარისად არ ქმნის იმ პირთა დახმარების შესაძლებლობას, რომელთაც სურთ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის. ამგვარ ვითარებაში, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული გზა პირთათვის, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე, არაეფექტურია და ფაქტობრივად ფორმალურად აქცევს აღნიშნულ შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მოსარჩელეთა მოთხოვნის - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №572 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების ნაწილის: „... ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - არაუმეტეს 1 თვის ვადისა“ ბათილად ცნობის ნაწილში, საფუძვლიანობის თაობზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე