Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-886(2კ-24) 16 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა №ბს-886(2კ-24) ადმინისტრაციულ საქმეში მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში კასატორის (მოსარჩელის) - ი. წ-ის უფლებამონაცვლედ მისი წარმომადგენლის - თ. ტ-ეის (მოთხოვნის დათმობის საფუძველზე) ჩაბმის, ამავე ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

ი. წ-იმა 2023 წლის 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 30 000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. წ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 1610.50 ლარისა (მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული მატერიალური ზიანი) და მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. წ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ი. წ-ის წარმომადგენელმა - თ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე საკასაციო საჩივრით თ. ტ-ემ იშუამდგომლა მოცემულ საქმეში ი. წ-ის უფლებამონაცვლედ და კასატორის სტატუსით ჩაბმის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ საკასაციო საჩივარზე თანდართული „მოთხოვნის დათმობის შესახებ“ ხელშეკრულებით ი. წ-ი თავის მოთხოვნის უფლებას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მთლიანად და შეუზღუდავად უთმობს თ. ტ-ეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

რაც შეხება ი. წ-ის წარმომადგენელის - თ. ტ-ეის საკასაციო საჩივარს, მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დადგინდა ხარვეზი. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა, ვინაიდან დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში კანონმდებლობა დასაშვებად მიჩნევს უფლებამონაცვლეობას, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში - არა. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლები, ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობის ან საპროცესო ნორმების დარღვევის შესახებ. სწორედ ამიტომ, კასატორის - ი. წ-ის წარმომადგენელს - თ. ტ-ეს დაევალა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, მოთხოვნის დათმობის საფუძვლით კასატორის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში, მოთხოვნის დაზუსტება, ასევე, იმავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები).

თ. ტ-ემ 2024 წლის 20 აგვისტოს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ხოლო უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში მოთხოვნის დაზუსტებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის საკითხი ერთმნიშვნელოვნად პირადული არ ყოფილა, ვინაიდან ი. წ-ის მიმართ წაყენებულმა უკანონო ბრალდებამ და გამოყენებულმა აღკვეთის ღონისძიებამ მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიაყენა მის ოჯახურ წრეს, მეგობრებს. დაზუსტებულ საკასაციო საჩივართან ერთად თ. ტ-ემ წარმოადგინა გარდაცვალების მოწმობა (აქტის ჩანაწერის ნომერი: ...), რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე ი. წ-ი გარდაიცვალა 2024 წლის 27 მაისს. თ. ტ-ემ დამატებით მიუთითა, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. განვლილ პერიოდში ი. წ-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ექიმებთან კონსულტაციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2024 წლის 17 მაისს მიიღო მისგან უფლება მოთხოვნაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი დოკუმენტების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ №ბს-886(2კ-24) ადმინისტრაციულ საქმეში ი. წ-ის უფლებამონაცვლედ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დათმობის საფუძველზე უნდა ჩაებას თ. ტ-ე და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, მიღებულ იქნეს წარმოებაში, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვას მას უფლებამონაცვლედ დადგენაზე, ამ ნაწილში მოთხოვნის დათმობით უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის მოტივით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფვლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოდავე მხარის მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არსებული მოთხოვნის სხვა პირისათვის დათმობა. ასეთ დროს მოთხოვნის დამთმობის სანაცვლოდ საქმეში მხარედ უნდა ჩაებას ის პირი, რომელმაც მოთხოვნა მიიღო და ამასთან ერთად შეიძინა მისი სასამართლო წესით დაცვის უფლებაც.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი, საკსაციო საჩივარზე თანდართული „მოთხოვნის დათმობის შესახებ“ ხელშეკრულებით ი. წ-ი თავის მოთხოვნის უფლებას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მთლიანად და შეუზღუდავად უთმობს თ. ტ-ეს. წარმოდგენილი ხელშეკრულების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სადავო სამართალურთიერთობაში, კერძოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, უფლებამონაცვლეობას დასაშვებად მიიჩნევს. შესაბამისად, უდავოა, რომ აღნიშნულ ნაწილში ი. წ-ის უფლებამონაცვლეა თ. ტ-ე.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დათმობით უფლებამონაცვლის დადგენის დაუშვებლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №793-762(კს-08), რომლითაც განიმარტა, რომ: „საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე მითითებას და აღნიშნავს: სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცავს საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მექანიზმებს, რომელთა ხელყოფისათვის პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება... მითითებული მატერიალური ნორმა ცალსახად გამორიცხავს მორალური ზიანისათვის ქონებრივი ანაზღაურების ტრანსმისიის შესაძლებლობას, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობა“.

მორალური ზიანის სხვა პირისათვის ანაზღაურების დაუშვებლობის შესახებ მსჯელობას შეიცავს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება (საქმე №992(კ-23), რომლითაც განმარტებულია: „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანი წარმოადგენს პიროვნულ უფლებას, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული იმ სულიერ ტანჯვაზე, რომელიც სუბიექტმა განიცადა, შესაბამისად მისი სხვა პირისთვის მემკვიდრეობის ან სხვა გზით გადაცემა წინააღმდეგობაში მოდის თავად უფლების არსთან“. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თ. ტ-ეს უარი უნდა ეთქვას მოსარჩელის უფლებამონაცვლედ დადგენაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში ი. წ-ის მიერ მოთხოვნის დათმობის საფუძველზე მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნეს თ. ტ-ე, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი უნდა ეთქვას მას მოსარჩელის უფლებამონაცვლედ დადგენაზე.

ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც ის ამავე ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ი. წ-ი გარდაცვლილია და ამ ნაწილში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და ამავე ნაწილში უნდა გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სარეზოლუცoო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით , 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 396-ე, 397-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, ცნობილ იქნეს თ. ტ-ე;

2. მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული თ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი;

3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობა შემოწმდეს მხარეთა დასწრების გარეშე;

4. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, თ. ტ-ეს უარი ეთქვას ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ დადგენაზე დაუშვებლობის მოტივით;

5. ი. წ-ის სარჩელზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალებისა და აღნიშნულ ნაწილში უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო;

6. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე