Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-274(კ-23) 11 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ს-ისა და გ. ს-ის (მოსარჩელეები) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - ე. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 13 დეკემბერს ნ. ს-ემ და გ. ს-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ...) გ. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებად აღრიცხვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ნ. ს-ისა და გ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე. კ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, ნ. ს-ისა და გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ნ. ს-ისა და გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალაზე, რეგისტრაციის შესახებ 17.03.2010 წლის №... გადაწყვეტილებაზე, 2010 წლის 6 აპრილის უძრავი ქონების ხელშეკრულებაზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ უტყუარად დასტურდება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელეების არა საკუთრების, არამედ თანასაკუთრების უფლების აღრიცხვა ერთ საკადასტრო ერთეულზე, მთლიანი თანასაკუთრების 1/2 წილის სახით. ასევე ის გარემოება, რომ თანამესაკუთრეებს შორის მთლიანი მიწის ნაკვეთი, რომელიც ტექბიუროს მონაცემებით 277 კვ.მ-ს შეადგენს, საჯარო რეესტრში ინდივიდუალური საკუთრების სახით რეგისტრაციის მიზნით გაყოფილი და შეთანხმებული არ ყოფილა. მთლიანი მიწის ნაკვეთი თანამესაკუთრეებს ფაქტობრივად აქვთ გაყოფილი, კერძოდ, საზღვრის სახით გავლებული აქვთ რკინის ბადე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-8, 21-ე, 22-ე, 26-29-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ როგორც სარეგისტრაციო მასალების შესწავლის, ისე სასამართლო სხდომებზე მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგინდა ის გარემოება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალით, ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩის №4-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილი აღრიცხული იყო გ. ფ-ის სახელზე, დარჩენილი 1/2 ნაწილი კი - ქ. კ-ის სახელზე, თუმცა უძრავი ნივთის მესაკუთრეების რეალური წილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება. ამასთან, დაინტერესებული პირები მათ შორის არსებულ არაფიქსირებულ საზღვართან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მართებულად მიიჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა ყოფილიყო გამოცხადებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (21.09.2018) გადაწყვეტილება და ამასთან, აჭარის რეგიონულ ოფისს უნდა დავალებოდა №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთისა და ... საკადასტრო კოდით მოსარჩელეთა საკუთრებაში ერთეულად რეგისტრირებული უძრავი ნივთის ერთი უფლების ობიექტად გაერთიანება (ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრაცია, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად) და ხსენებული უძრავი ნივთის 1/2 ნაწილზე - გ. ს-ისა და ნ. ს-ის, ხოლო დარჩენილ 1/2 ნაწილზე - ე. კ-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, აჭარის რეგიონული ოფისის №... (22.11.2018) გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №... (20.11.2018) გადაწყვეტილების საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო №... (30.11.2018) გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე უფლება რეესტრში ასახული იქნა შემდეგი მონაცემები: ქ. ბათუმში, ...ს ქ. N4-ში მდებარე, 267 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/02, რომელიც აღირიცხა შემდეგი თანასაკუთრების უფლებით, კერძოდ, გ. ს-ე და ნ. ს-ე - 1/2 ნაწილი და ე. კ-ე - 1/2 ნაწილი, საკადასტრო კოდი - ....

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილზე დათვალიერებისას ე. კ-ის წარმომადგენელმა უარი განაცხადა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული შიდა აზომვითი ნახაზის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებაზე და ადგილზე დათვალიერებაზე შედგენილ ოქმზე ხელის მოწერაზე, რაც მოცემულ დავაში ე. კ-ის საწინააღმდეგოდ უნდა გამოყენებულიყო და რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების აბსოლუტური გაუქმების საფუძველია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩა №4-ში მდებარე უძრავი ნივთი, კერძო მფლობელობის სახლი იმთავითვე აღრიცხული იყო მფლობელებზე, იდეალური წილების მითითებით. კერძოდ, უძრავი ნივთის 1/2 ნაწილი აღრიცხული იყო გ. ფ-ის სახელზე, 1/2 ნაწილი კი ქ. კ-ის სახელზე. უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში გ. ფ-ის საკუთრების უფლება, შემდგომში კი ნ. და გ. ს-ეების უფლება აღირიცხა, როგორც სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეებისა, 1/2 ნაწილზე, საკადასტრო კოდი: .... მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არსებულ საზღვართან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. ამასთან, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ცალკე საკუთრების ობიექტის სახით აღრიცხული არც ყოფილა. შესაბამისად, ცხადია, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იქნა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ სადავო ქონებასთან დაკავშირებით ვერ დგინდებოდა მესაკუთრეთა რეალური წილები, თუმცა ორივე მხარის იდეალური წილი განსაზღვრულია, რაც საქმეში დაცული მასალებით დავას არ იწვევს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტთა ზემოაღნიშნული პრეტენზიები არაარსებითი იყო და მათ მიერ მითითებული გარემოებები საქმის შედეგს ვერ შეცვლიდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ს-ემ და გ. ს-ემ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების დროს ე. კ-ის წარმომადგენელმა უარი განაცხადა როგორც N... სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული შიდა აზომვითი ნახაზის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებაზე, ასევე, ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი ოქმის ხელმოწერაზე, ანუ მან ექსპერტს/სპეციალისტს ხელი შეუშალა საკუთარი ფუნქციის შესრულებაში. აღნიშნული კი, კასატორების მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, წარმოადგენდა მათი, როგორც მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ 2010 წლის 6 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დედისგან - გ. ფ-ისგან მიიღეს ბათუმში, ...ს ქუჩა N4-ში მდებარე უძრავი ნივთი და დაირეგისტრირეს მასზე საკუთრების უფლება, ე. კ-ეს კი გააჩნია მისი დიდი ბებიის, 1966 წელს გარდაცვლილი ქ. კ-ის 1940 წლის საარქივო მასალა, ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, რომელსაც არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება კი წარმოადგენს სრულ აბსურდს. კასატორები აქვე აღნიშნავენ, რომ ე. კ-ე ქ. კ-ის ერთადერთი მემკვიდრე არ არის, თუმცა სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუსის მიერ მხოლოდ მის სახელზეა გაცემული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ს-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ს-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალისა და აღნიშნულის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩა №4-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს კერძო მფლობელობის უძრავ ნივთს, რომელიც აღრიცხულია მფლობელებზე იდეალური წილების მითითებით. კერძოდ, უძრავი ნივთის 1/2 ნაწილი აღრიცხულია გ. ფ-ის სახელზე (საფუძველი: ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, აღრიცხული 1940წ.; ტექნიკური პასპორტი, თარიღი: 12.01.1987წ.; ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა №..., გაცემული 22.12.1987წ.), ხოლო 1/2 ნაწილი აღრიცხულია ქ. კ-ის სახელზე (საფუძველი: ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, აღრიცხული 1940წ.; ტექნიკური პასპორტი, თარიღი: 12.01.1987წ.; სამემკვიდრეო მოწმობა №..., გაცემული 27.09.1950წ.). მთლიანი სახლთმფლობელობის საერთო მახასიათებლები არის შემდეგი: ნაკვეთის ფუნქცია - გაურკვეველი; ფაქტობრივი ფართობი - 277 კვ.მ.; ლიტერი „ა1“ (საცხოვრებელი), საერთო ფართი - 73.90 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 28.00 კვ.მ, დამხმარე ფართი - 45.90 კვ.მ; ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი სახლი), საერთო ფართი - 80.20 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 34.20 კვ.მ, დამხმარე ფართი - 46.00 კვ.მ.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 17 მარტს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქ. N4, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 135 კვ.მ., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 154.10 კვ.მ., ს/კ ..., აღრიცხული იქნა გ. ფ-ისა და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრის საკუთრების უფლება. ამონაწერში მითითებულია გ. ფ-ის საკუთრების აღწერა: 1/2 ნაწილი. ამავე ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობა N..., დამოწმების თარიღი: 22.12.1987წ. გ. ფ-სა და ნ. და გ. ს-ეებს შორის 2010 წლის 6 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კი, მითითებულ უძრავ ნივთზე იდენტური მონაცემებით (1/2 ნაწილი), გ. ფ-ის ნაცვლად აღირიცხა ნ. ს-ისა და გ. ს-ის საკუთრების უფლება.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივლისს ე. კ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა №4, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგინდა, რომ არსებობდა ზედდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით და განემარტა, რომ წარსადგენი იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ამგვარი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს N... გადაწყვეტილება ე. კ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომლის განხილვის ფარგლებშიც შედგა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქ. N4) და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქ. N4) ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული უძრავი ნივთები მოქცეულია ერთ მყარ სასაზღვრო მიჯნაში და ისინი ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, მათ შორის გავლებულია არაფიქსირებული საზღვარი (რკინის ბადე), რომელთან დაკავშირებითაც თანამესაკუთრეები ვერ თანხმდებიან.

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, ე. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად გამოცხადდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 29 აგვისტოს N... გადაწყვეტილება და მისი თანმდევი შედეგი - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 21 სექტემბრის N... გადაწყვეტილება; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილების 3.2.21 პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთისა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისამართი: ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა №4) ერთი უფლების ობიექტად გაერთიანება (ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრაცია, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად) და ხსენებული უძრავი ნივთის 1/2 ნაწილზე - გ. ს-ისა და ნ. ს-ის, ხოლო დარჩენილ 1/2 ნაწილზე - ე. კ-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქ. N4, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 267.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2, 1/2 ნაწილზე დარეგისტრირდა გ. ს-ის და ნ. ს-ის საკუთრების უფლება, ხოლო 1/2 ნაწილზე დარეგისტრირდა ე. კ-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს N... და 2018 წლის 21 სექტემბრის N... გადაწყვეტილებები და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ქ. ბათუმში, ...ს ქ. №4-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ...) გ. ს-ისა და ნ. ს-ის საკუთრებად აღრიცხვის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამავე მუხლის 62 პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისათვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალითა და აღნიშნულის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებით უტყუარად დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა №4, აღრიცხული იყო გ. ფ-ისა და ქ. კ-ის თანასაკუთრების უფლება, იდეალური წილების მითითებით, თითოეულს 1/2 ნაწილი. ამასთან, მითითებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში ინდივიდუალური საკუთრების სახით რეგისტრაციის მიზნით გაყოფილი და შეთანხმებული არ ყოფილა. მეტიც, აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეების რეალური წილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება და მისი ახლანდელი თანამესაკუთრეები მათ შორის არსებულ არაფიქსირებულ საზღვართან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაევალა სარეგისტრაციო სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთისა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისამართი: ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა №4) ერთი უფლების ობიექტად გაერთიანება და მითითებული უძრავი ნივთის 1/2 ნაწილზე - გ. ს-ისა და ნ. ს-ის, ხოლო დარჩენილ 1/2 ნაწილზე - ე. კ-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების განმარტებას იმის თაობაზე, რომ საარქივო მასალას და ტექნიკური აღრიცხვის ბარათს იურიდიული ძალა არ გააჩნია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მონაცემებსაც საჭიროების შემთხვევაში ეყრდნობა სააგენტო გადაწყვეტილების მიღების დროს. შესაბამისად, კასატორების მითითება ტექბიუროში დაცული საარქივო მასალისა და ტექნიკური აღრიცხვის ბარათის იურიდიული ძალის არარსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. გარდა ამისა, რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებას, იგი ეყრდნობა სწორედ ტექბიუროში დაცულ საარქივო მასალას, არქივის მასალებში დაცულ დოკუმენტებში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, რაც შეეხება კასატორების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ე. კ-ე ქ. კ-ის ერთადერთი მემკვიდრე არ არის, თუმცა სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუსის მიერ მხოლოდ მის სახელზეა გაცემული, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული სამკვიდრო მოწმობის კანონიერების კვლევა არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს და ცდება მისი განხილვის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო აქვე ე. კ-ის წარმომადგენლის მიერ სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული შიდა აზომვითი ნახაზის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შედარებასა და ასევე, ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №4-ში მდებარე უძრავი ნივთი იმთავითვე აღრიცხული იყო მფლობელებზე იდეალური წილების მითითებით, იგი საჯარო რეესტრში ცალკე საკუთრების ობიექტის სახით აღრიცხული არ ყოფილა, მხარეები არსებულ საზღვართან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იქნა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ სადავო ქონებასთან დაკავშირებით ვერ დადგინდა მესაკუთრეთა რეალური წილი, კასატორების მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითება არაარსებითია და საქმის შედეგს არ ცვლის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ. ს-ის და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ნ. ს-ეს და გ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ნ. ს-ის მიერ 2023 წლის 25 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. ნ. ს-ეს (პ/ნ ...) და გ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ნ. ს-ის მიერ 2023 წლის 25 აპრილს N16857500689 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე