Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-722(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ო-ე, მესამე პირები - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ ... უნივერსიტეტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 8 ნოემბერს მ. ო-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და 2022 წლის 12 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარისა და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოპასუხე მხარედ მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა მ. ო-ისათვის სასწავლო გრანტის მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 16 დეკემბრის MES 9 20 0001206265 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელისათვის სასწავლო გრანტის 2 სემესტრის თანხის - ... ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ. ო-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - ... ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ... უნივერსიტეტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა აუნაზღაუროს მ. ო-ეს სსიპ ... უნივერსიტეტში სწავლების ორი სემესტრის თანხა ... ლარი, სსიპ ... უნივერსიტეტის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით; მ. ო-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ფარგლებში, ამრიგად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 16 დეკემბრის MES 9 20 001206265 ბრძანების კანონიერება სააპელაციო ეტაპზე სადავოდ არ არის გამხდარი, რის გამოც ამ საკითხზე პალატამ აღარ იმსჯელა.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მ. ო-ემ 2023 წლის 20 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, განმარტა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი, რომლის მიხედვითაც მისი მოთხოვნაა სწავლის საფასური აუნაზღაურდეს ... უნივერსიტეტს, მისთვის გამოყოფილი გრანტის - ... ლარის ფარგლებში.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ო-ემ საკუთარი სახსრებიდან დაფარა სწავლის საფასური და ამის გათვალისწინებით, ზოგიერთ სამართლებრივ საკითხს მიეცა არასწორი შეფასება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მ. ო-ეს უფლება ესარგებლა 2020 წელს მოპოვებული გრანტის უფლებით მომდევნო სასწავლო წელს, იმ პირობებში, როდესაც მან ისარგებლა აკადემიური წლით და 2020 წლის ჩარიცხვის შედეგად მოპოვებული გრანტი შესაბამის წელს არ გამოუყენებია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ2“, „ჰ10“, „ჰ14“ ქვეპუნქტებზე, 472, 542, 82-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის“ მე-3, მე-5 მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 მუხლებზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტი არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შერჩეული და წარდგენილ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სასწავლო დაწესებულების მიერ გაგზავნილი სიის საფუძველზე. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გრანტის გადარიცხვა ხორციელდება კონკრეტულ სასწავლო წელს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე კონტინგენტის გათვალისწინებით.

ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით ცალსახად განსაზღვრულია, რომ მასწავლებლის პროგრამაზე ჩარიცხულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური წლით - შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ჩარიცხვა/სწავლის საფუძვლით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რა დროსაც მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, ამასთან, პროგრამაზე ჩარიცხულ პირს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან მომდევნო ხუთი სასწავლო წლის ვადაში სწავლის განახლების შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ო-ემ მოიპოვა სახელმწიფო გრანტით სარგებლობის უფლება, იგი სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის 2020 წლის 25 სექტემბრის №... ბრძანებით ჩაირიცხა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისი სიითი ნომერი იყო ... და შესაბამისად, მან მოიპოვა გრანტის მიღების უფლება. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიციას იმ ნაწილში, რომ მ. ო-ეს არ მოუპოვებია გრანტი. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მისაღებ გამოცდებზე მისი შედეგების გათვალისწინებით, მ. ო-ე მოხვდა მასწავლებლის პროგრამაზე დასაფინანსებელ ... სტუდენტს შორის, თუმცა მოპოვებული უფლების რეალიზაცია ვერ შეძლო სტუდენტის სტატუსის შეჩერების გამო, ავადმყოფობის საფუძვლით. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა და აკადემიური წლით სარგებლობის უფლება მ. ო-ეს ჰქონდა. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანების თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეჩერების პირობებში მას ასევე უნარჩუნდება მოპოვებული გრანტი სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან მომდევნო ხუთი სასწავლო წლის განმავლობაში. ამრიგად, 2021 წელს მ. ო-ეს ჰქონდა უფლება და კანონისმიერი საფუძველი სტუდენტის სტატუსის აღდგენის პირობებში კვლავ ესარგებლა მოპოვებული გრანტის იმ უფლებით, რომლის რეალიზაციაც ვერ შეძლო 2020-2021 წლის სასწავლო წელს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპოვებული გრანტის ანაზღაურება უნდა მოხდეს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით (207-209 მუხლები) გათვალისწინებული, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის დამდგენი საკანონმდებლო მოწესრიგება სრულად ასახავს კანონმდებლის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გამოხატულ ნებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმისათვის, რომ სახეზე იყოს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, აუცილებელია არსებობდეს ამგვარი ვალდებულების წარმოშობის ყველა კომპონენტი - ქმედება, შედეგი, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხე სამინისტროს ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის, ვინაიდან, მართალია სამინისტრომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად მიიჩნია მ. ო-ე გრანტის უფლების არმქონედ, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ ჯერ არ მომხდარა სწავლის საფასურის დაფარვა საკუთარი სახსრებით. შესაბამისად, მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს არასწორი ქმედებისა, მ. ო-ეს მატერიალური ზიანი არ მისდგომია, რასაც ადასტურებს მხარეთა ახსნა-განმარტებაც. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის ზიანის მატერიალური გამოვლინება, სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მითითებულ საკითხთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ მ. ო-ემ მოიპოვა სახელმწიფო გრანტით სარგებლობის უფლება, ასევე, მას ჰქონდა უფლება ესარგებლა აკადემიური წლით და ამასთან, 2021 წელს სტუდენტის სტატუსის განახლების პირობებში, შენარჩუნებული ჰქონდა 2020 წელს მოპოვებული გრანტის რეალიზაციის უფლებაც, განსახილველ საქმეზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაევალოს აუნაზღაუროს მ. ო-ის სწავლის საფასური - ... ლარი ... უნივერსიტეტს, სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ფარგლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. კასატორის განმარტებით, მართალია ... უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ ... პირს შორის იყო მ. ო-ეც, თუმცა აღნიშნული აპრიორი არ გულისხმობს პირის მიერ სასწავლო გრანტის მოპოვებას. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, აშკარაა, რომ გრანტის მიღებისათვის პირი უნდა ჩაირიცხოს და სწავლობდეს შესაბამის პროგრამაზე. ამდენად, გრანტის მოსაპოვებლად ამ ორი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა გრანტის შენარჩუნების პირობებს. კერძოდ, კასატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე მითითებით განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმების მიხედვით, პირს უნარჩუნდება მხოლოდ მის მიერ უკვე მოპოვებული გრანტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის 2020 წლის 25 სექტემბრის №... ბრძანებით, მ. ო-ე ჩაირიცხა სსიპ ... უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან. ბრძანების დანართის მიხედვით, მ. ო-ე ფიქსირდება აღნიშნულ პროგრამაზე დასაფინანსებელ ... ჩარიცხულ პირთა შორის, რიგითი ნომრით … .

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ... უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 27 ოქტომბრის №... ბრძანებით, ... ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტს - მ. ო-ეს გაუუქმდა ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაცია და შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, ავადმყოფობის გამო.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2021 წლის 7 ოქტომბრის MES 4 21 0001051153 წერილითა და სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის 2021 წლის 16 დეკემბრის N... ცნობით დგინდება, რომ მ. ო-ე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირდა ... ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ I სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტად, თუმცა 2020 წელს არსებული დაფინანსებით, გრანტის უფლებით სარგებლობა ვერ შეძლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად სადავოა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მ. ო-ეს უფლება ესარგებლა 2020 წლის გრანტით მომდევნო სასწავლო წელს, იმ პირობებში, როდესაც მან ისარგებლა აკადემიური წლით და 2020 წლის ჩარიცხვის შედეგად არსებული გრანტი შესაბამის წელს არ გამოუყენებია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა დაწესებულებაში და სწავლობს ამ წესის პირველი მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ო-ეს 2020 წელს სახელმწიფო გრანტი არ მოუპოვებია, ვინაიდან გრანტის მიღებისათვის პირი უნდა ჩაირიცხოს და სწავლობდეს შესაბამის პროგრამაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი გამოცდების შედეგების საფუძველზე, პირი ირიცხება განსაზღვრულ პროგრამაზე და ამავე შედეგების მიხედვით, წყდება მისთვის დაფინანსების მინიჭების საკითხიც. შესაბამისად, სტუდენტი სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს ფაქტობრივად სწავლის დაწყებამდე და არა მას შემდეგ, რაც უკვე სწავლობს ამა თუ იმ პროგრამაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ვერ იქნება განმარტებული იმგვარად, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებისათვის პირი უნდა ჩაირიცხოს და ამავდროულად, აუცილებლად უნდა სწავლობდეს შესაბამის პროგრამაზე. განსახილველ შემთხვევაშიც, სსიპ ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის 2020 წლის 25 სექტემბრის №... ბრძანების თანახმად, მოსარჩელის შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვა და მისთვის სახელმწიფო გრანტის მინიჭება ერთდროულად განხორციელდა. ამდენად, ცალსახაა, რომ მ. ო-ემ როგორც შესაბამის პროგრამაზე სწავლის უფლება, ასევე სახელმწიფო გრანტიც მოიპოვა 2020 წელს, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, რის გამოც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და ასევე შეჩერდა მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო გრანტის უნივერსიტეტისათვის გადარიცხვაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სტუდენტის სტატუსისა და შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემდგომ, მ. ო-ემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ განაგრძო სწავლა და ისარგებლა აკადემიური წლით, ვერ გახდება მისთვის მინიჭებული გრანტის გაუქმების საფუძველი. ამგვარ რეგულაციას მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სტუდენტს/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, რომლისთვისაც სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ჩარიცხვა/სწავლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეუძლებელია სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ სწავლის გაგრძელება, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.

ამდენად, მითითებული ნორმა ცალსახად ადგენს მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის შენარჩუნების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2021 წელს მ. ო-ეს ჰქონდა უფლება და კანონისმიერი საფუძველი სტუდენტის სტატუსის აღდგენის პირობებში კვლავ ესარგებლა მოპოვებული გრანტის იმ უფლებით, რომლის რეალიზაციაც ვერ შეძლო 2020-2021 სასწავლო წელს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ მ. ო-ემ მოიპოვა სახელმწიფო გრანტით სარგებლობის უფლება, მას ჰქონდა უფლება ესარგებლა აკადემიური წლით და ასევე, 2021 წელს სტუდენტის სტატუსის განახლების პირობებში, მას შენარჩუნებული ჰქონდა 2020 წელს მოპოვებული გრანტის რეალიზაციის უფლებაც, მისი მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე მართებულად იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, ვინაიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მ. ო-ის მიერ ჯერ არ მომხდარა სწავლის საფასურის დაფარვა საკუთარი სახსრებით და მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს არასწორი ქმედებისა, მოსარჩელეს მატერიალური ზიანი არ მისდგომია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მართებულად დაევალა აუნაზღაუროს მ. ო-ეს სსიპ ... უნივერსიტეტში სწავლების ორი სემესტრის თანხა … ლარი, სსიპ ... უნივერსიტეტის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე