Facebook Twitter

№ბს-453(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ყ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ყ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის №04-00-ი/2301 გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №04/4414 გადაწყვეტილება; გ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, დააკმაყოფილოს დ. ყ-ას მოთხოვნა და აუნაზღაუროს 22-ლარიანი სოციალური სუბსიდია მისი შეჩერების დღიდან - 2011 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრის თვის ჩათვლით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის №04-00-ი/2301 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №04/4414 გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის 2011 წლის პირველი ივლისიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის (სოციალური პაკეტის) თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დ. ყ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე (2011 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრის თვის ჩათვლით საყოფაცხოვრებო სუბსიდიის (სოციალური პაკეტის) თანხის ანაზღაურების თაობაზე).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ყ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ყ-ამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოკვლეულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას აპელირებს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაზე და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რასაც ფაქტიურად დაეთანხმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლო, მაგრამ არცერთი ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი ორმაგი მოქალაქეობის გამო სოციალური სუბსიდიის შეჩერებას ან შეწყვეტას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესს“ (დანართი №1), აღნიშნული ,,წესის’’ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. ამდენად, დასახელებული ნორმა ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც შემდგომ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და საქართველოს მხარეზე მიიღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, რომელსაც შემდგომ მიენიჭება ომის მონაწილის (ვეტერანის) სტატუსი და საქართველოში მიიღებს 100-ლარიან შემწეობას, თუ წარმოადგენს ცნობას, რომ რუსეთში არ იღებს პენსიას. განსახილველ შემთხვევაში არის პირიქით - საქართველოს მოქალაქეს დ. ყ-ას აქვს მინიჭებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. შესაბამისად, მას არ ევალებოდა რუსეთიდან რაიმე ცნობის წარმოდგენა სოციალური დახმარების მიუღებლობის შესახებ. რაც შეეხება აპელანტის აპელირებას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, დ. ყ-ა წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში. 22-ლარიანი დახმარება მას ერიცხებოდა ბარათზე და იმედი ჰქონდა აიღებდა დაგროვებულ თანხას. მართალია, სუბსიდია დ. ყ-ას შეუწყდა 2011 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ამის თაობაზე მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, ვინაიდან ის წლები ცხოვრობდა რუსეთის ქალაქ მურმანსკში და 22-ლარიანი დახმარების ასაღებად, ბუნებრივია, საქართველოში ყოველთვე ვერ ივლიდა. საქართველოში დაბრუნებულმა დ. ყ-ამ თანხის ასაღებად მიაკითხა ბანკს, რა დროსაც შეიტყო, რომ სოციალური დახმარება არ ერიცხებოდა და ამის შემდეგ მიმართა განცხადებით სააგენტოს, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული ცნობის წარმოდგენა, რაც წარადგინა კიდეც დ. ყ-ამ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოდან. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პენსიის შეჩერებას და შემდეგ შეწყვეტას. დ. ყ-ას ადმინისტრაციული ორგანოდან არ ჩაბარებია გადაწყვეტილებები პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ, ჩაბარების შემთხვევაში სადავოდ გახდიდა აღნიშნულ აქტებს. შესაბამისად, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 28 დეკემბრის №SSVA 00029207 ცნობის თანახმად, დ. ყ-ა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 07.10.2008 წლიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი (ს.ფ 13); ბ) დ. ყ-ას წარმომადგენელმა 2022 წლის 17 იანვარს №4875 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და დ. ყ-ასათვის, როგორც ომის ვეტერანისათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა, დანიშნული დახმარების აღდგენა და მიუღებელი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. (ს.ფ 65); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის №04-00-ი/2301 გადაწყვეტილებით დ. ყ-ას წარმომადგენელს ეცნობა, რომ დ. ყ-ას გასაცემელი დაენიშნა 2022 წლის პირველი თებერვლიდან და თანხა ჩაერიცხა 2022 წლის მარტის თვეში. ხოლო, რაც შეეხება, გასაცემლის განახლებას შეწყვეტის დღიდან, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების’’ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად, განცხადებით მიმართვის მომდევნო დღის პირველი რიცხვიდან (ს.ფ 65, 15); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის №04-00-ი/2301 გადაწყვეტილება, 2022 წლის 9 მარტს, №27117 ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაასაჩივრა დ. ყ-ას წარმომადგენელმა (ს.ფ 44-45); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №04/4414 გადაწყვეტილებით, დ. ყ-ას წარმომადგენელს უარი ეთქვა 2022 წლის 9 მარტის №27117 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დაცული ინფორმაციიდან დგინდება, რომ დ. ყ-ას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს და არაპენსიონერ პირს, საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნა 2008 წლის 1 იანვრიდან, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად. დ. ყ-ას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა შეუწყდა 2011 წლის 1 ივლისიდან, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გამო. 2012 წლის 1 სექტემბრამდე არაპენსიონერ ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით უზრუნველყოფის საკითხები რეგულირდებოდა „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პირობებით“, ხოლო, 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხული არიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად. 2012 წლის 1 სექტემბრიდან მითითებული წესისა და პირობებით განსაზღვრული სოციალური კატეგორიის პირთა (ომის მონაწილე) სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფა გაგრძელდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად, სოციალური პაკეტის სახით. 2012 წლის 1 სექტემბრამდე „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პირობების“ მე-8 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით ხორციელდებოდა სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-22 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავრცელდა 2007 წლის 13 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების მარეგულირებელ სპეციალურ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში (კანონი მოქმედებს 2006 წლის 1 იანვრიდან) დაევალა პენსიის დანიშვნისა და მისი გაცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხის, ასევე, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოებისა და პენსიის გაცემის წესების შემუშავება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდებოდა, როგორც პენსიის, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ ბენეფიციარებზე და სახელმწიფო გასაცემლების მაძიებლებზე. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების დღიდან, დ. ყ-ა ვალდებული იყო კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოში წარედგინა ცნობა რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიუღებლობის შესახებ, რაც არ განუხორციელებია. გარდა იმისა, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ დ. ყ-ამ არა თუ წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ცნობა), არამედ, 2011 წლის 1 ივლისიდან 11 წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა სააგენტოში და სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის ფაქტი. სააგენტოში დაცული ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ დ. ყ-ას ომის მონაწილეებისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტი ხელახლა დაენიშნა 2022 წლის 1 თებერვლიდან, 2022 წლის 18 იანვრის №5564 განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა განხორციელდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად, რომლის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება 100 ლარით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, დ. ყ-ას უფლება ჰქონდა კანონით დადგენილ ვადებში სადავოდ ექცია საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიუღებლობის ფაქტი. სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის თაობაზე დ. ყ-ასათვის ცნობილი იყო, რაც დასტურდება, როგორც ადმინისტრაციული საჩივრით, ასევე 2022 წლის 17 და 18 იანვრის განცხადებებით (№5565, №4875). გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის 3 წელი. ვინაიდან, გასულია კანონით გათვალისწინებული 3-წლიანი ვადა, ხანდაზმულობის გამო, ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სააგენტოს არ გააჩნია (ს.ფ 18-19); ე) მურმანსკის ოლქის (რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდი) 2021 წლის 2 დეკემბრის ცნობის თანახმად, დ. ყ-ა 2021 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით მურმანსკის ოლქის რსფო-ში არ არის საპენსიო და სხვა სოციალური შეღავათების მიმღები (ს.ფ 20-22); ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 25 ოქტომბრის №SSA 8 22 00456358 მიმართვით, დ. ყ-ას წარმომადგენელს ეცნობა, რომ დ. ყ-ას საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან ,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პირობების’’ შესაბამისად. დ. ყ-ას სუბსიდიის გაცემა შეუწყდა 2011 წლის პირველი ივლისიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გამო. ამავე მიმართვით განმარტებულია, რომ სახელმწიფო გასაცემლის საქმე (შიგთავსი ფურცლებით), საქმის შეწყვეტიდან 5 წლიანი პერიოდის გასვლის შემდგომ დაექვემდებარა განადგურებას (ს.ფ 105-106); ზ) საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, დ. ყ-ას (პ/ნ ...) ოჯახი 2012 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე არ ყოფილა ფულადი, სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის მიმღები. ასევე, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიან სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით, მოქალაქე დ. ყ-ას სოციალური პაკეტი 100 ლარის ოდენობით, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეს დანიშნული აქვს 2022 წლის 1 თებერვლიდან. დ. ყ-ას 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული არ ჰქონია (ს.ფ 187, 62); თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (ისანი-სამგორი) 28.07.2023 წლის №SSA 4 23 00796978 წერილით დ. ყ-ას წარმომადგენელს ე. გ-ას, მისივე 26.07.2023 წლის განცხადების პაუხად ეცნობა, რომ თბილისი, ... ქ. 2, ბ. 48-ში მცხოვრები დ. ყ-ა 2012 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით არ იყო რაიმე სახის სახელმწიფო გასაცემლის მიმღები (ს.ფ 203); ი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის (№...) თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი დ. ყ-აზე (დაბ. ...წ) გაიცა 13.03.2004 წელს რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოქტიაბრსკის მხარის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ. შტამპის ფორმით გაკეთებულია აღნიშვნა ქალაქ მურმანსკში კონკრეტულ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (ს.ფ 204-206).

საკასაციო პალატა მიუთითებს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპები. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის (2011 წლის 1 ივლისის მდგომარებით მოქმედი რედაქცია) თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო 2007 წლის 1 ივლისამდე არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, 2007 წლის 1 ივლისიდან „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტასა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა რეგულირებას.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების 2022 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 22 ლარი. ამავე დადგენილების მე-8 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით, განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის 22 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავრცელდეს 2007 წლის 13 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ყ-ას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს და არაპენსიონერ პირს, საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნა 2008 წლის 1 იანვრიდან, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ დ. ყ-ას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა შეუწყდა 2011 წლის 1 ივლისიდან, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გამო.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 თებერვლის №04-00-ი/2301 გადაწყვეტილება, ასევე, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №04/4414 გადაწყვეტილება, უკავშირდება 2011 წლის ივლისიდან 2022 წლის იანვრის თვის ჩათვლით მიუღებელი სოციალური სუბსიდიის ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა), განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას პირველ რიგში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ,,ზემოაღნიშნული ნორმა განამტკიცებს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო პასუხისმგებლობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას. საგულისხმოა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დამდგენი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმა მიემართება უკანონო ქმედების შედეგად ზიანის მიყენების შემთხვევებს და ანაზღაურების ფარგლებსაც სწორედ ამ პირობებით ითვალისწინებს. შესაბამისად, ნორმის კონსტრუქცია და მისი შინაარსი, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იმისათვის, რათა წარმოიშვას სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი, არსებითია დადასტურებულ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ქმედების უკანონობა’’.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით კი, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მაშინ, როდესაც ამავე კოდექსის 209-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობას კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/ქმედებით ზიანის გამოწვევის შემთხვევაში. საგულისხმოა, რომ ხსენებულ ორ შემთხვევაში, პრინციპულად განსხვავებულია როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების სამართლებრივი ბუნება და შედეგები, ასევე, სხვა წინაპირობები, რომელთა არსებობის დადასტურებაც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბს-864(კ-23) (25/01/2024) საქმეზე განმარტა, რომ ,,პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად... სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ასევეა პენსიის შეწყვეტის შემთხვევაშიც. შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - 02.07.2015წ. №ბს-77-75(კ-15); 10.10.2019წ. №ბს-29(კ-19)). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით იქნა დადგენილი, მოსარჩელეთა მხრიდან პენსიის გაცემის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სასამართლოები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ემსჯელათ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხზე.........იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს მსგავსად, ქვედა ინსტანციის სასამართლოები, მოსარჩელეთა მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას შეემოწმებინათ მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, სასამართლო ბუნებრივია ვერ იმსჯელებდა მოპასუხეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობისა და ამ საფუძვლით, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ’’.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრვი გარემოება, რომ დ. ყ-ას არ გაუსაჩივრებია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/მოქმედება მისთვის 2011 წლის 1 ივლისიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემის შეყვეტის თაობაზე. შესაბამისად, არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მართლწინააღმდეგობა. დელიქტური ვალდებულების ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. ამასთან, მოსარჩელეს არც 2022 წლის იანვრამდე პერიოდში მიუმართავს კომპეტენტური ორგანოსთვის შეწყვეტილი გასაცემელის აღდგენის მოთხოვნით. დ. ყ-ამ მხოლოდ 2022 წლის 18 იანვარს მიმართა განცხადებით კომპეტენტურ ორგანოს, რის შედეგადაც სოციალური პაკეტი ხელახლა დაენიშნა 2022 წლის 1 თებერვლიდან სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე