Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-284(3კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ქ. თ-ე; მ. შ-ა

მესამე პირი - თ. შ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ. თ-ემ და მ. შ-ამ 2021 წლის 16 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თ. შ-ას შორის 2012 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N4/09/01 განკარგულების და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 ნოემბრის N3/19653 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ქ. თ-ეის და მ. შ-ას ნაწილში; ასევე მოითხოვეს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანისა და მოსარჩელეების: ქ. თ-ეისა და მ. შ-ას საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დევნილ პირებად მითითებასთან დაკავშირებით.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები და საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით 2021 წელს წარდგენილ განცხადებაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 ნოემბრის N03/19653 წერილით ეცნობათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულების საფუძველზე მიიჩნევიან საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირებად, ვინაიდან მითითებული განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თ. შ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. შ-ამ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების დანართში მითითებული პირების - მ. შ-ასა და ქ. თ-ეის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, რაც მათთვის არ იყო ცნობილი, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არც მოსაზრება გამოუთქვამთ, არც თანხმობა, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ უკანონოდ შეეზღუდათ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 56 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. შ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გაწყვეტილებით ქ. თ-ეის და მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულება ქ. თ-ეის და მ. შ-ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს - თ. შ-ას შორის 2012 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. თ-ეის და მ. შ-ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 ნოემბრის N3/19653 გადაწყვეტილება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დევნილთა მონაცემთა ბაზაში სათანადო ცვლილების შეტანისა და ქ. თ-ეისა და მ. შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ბინით დასაკმაყოფილებელ პირებად მიჩნევის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2007 წლის 27 ივლისის და 28 ივლისის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტების თანახმად, მ. შ-ა და ქ. თ-ე რეგისტრირებულნი არიან ერთ საოჯახო ნომერზე - N.... დევნილთა განცხადება - საოჯახო ანკეტაში ოჯახის წევრთა რაოდენობად დაფიქსირებულია - 2. თ. შ-ა რეგისტრირებულია ცალკე საოჯახო ნომერზე - N..., ხოლო 2013 წლის 26 ნოემბრის და 2013 წლის 25 დეკემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტების თანახმად, მ. შ-ა და ქ. თ-ე რეგისტრირებულნი არიან თ. შ-ას საოჯახო ნომერზე - N....

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის №14/09/01 განკარგულების საფუძველზე, რომლის დანართში მოსარჩელეები მითითებული არიან თ. შ-ას ოჯახის წევრებად, 2012 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს - თ. შ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, 12.60 კვ.მ (ს/კ ...) და 5.40 კვ.მ (ს/კ ...) ფართზე, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №..., თუმცა ხელშეკრულებაში თ. შ-ას ოჯახის წევრებად არ არიან დაფიქსირებულნი მოსარჩელეები (გრაფა ცარიელია).

მითითებული ფაქტობრივი ფარემობებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად 2013 წლისთვის თ. შ-ასა და მოსარჩელეების ერთ საოჯახო ნომერზე რეგისტრაციისა, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ თ. შ-ა და მ. შ-ა წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს გასაჩივრებული განკარგულებისა და ხელშეკრულების დადების დროისათვის, ანდა მათთვის ცნობილი იყო ზემოხსენებული ხელშეკრულების დადების შესახებ, საქმეში არ არის წარმოდგენილი, რაც ადასტურებს აღნიშნული ხელშეკრულების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ხელშეკრულებით მოსარჩელეები არ არიან სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი, დასტურდება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 ნოემბრის N03/19653 გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითა, რომ სადავო განკარგულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 ნოემბრის N03/19653 გადაწყვეტილებით, გარდა ამისა, ხელშეკრულებაშივეა მითითებული, რომ ხელშეკრულება შედგენილი იქნა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ და არ გადასცემიათ მხარეებს, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 16 დეკემბერს, შესაბამისად, დაცულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ წარმოადგენდნენ თ. შ-ას ოჯახის წევრებს, შესაბამისად, გაურკვეველია განკარგულების დანართში მხარეთა ერთ ოჯახად მითითების საფუძველი, ამრიგად, პალატის შეფასებით, თ. შ-ა არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეეძლო ხელმოწერით დაედასტურებინა მოსარჩელეების თანხმობა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც თავის მხრივ, ადასტურებს გასაჩივრებულ ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულებისა და 2012 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონშეუსაბამობას და დევნილთა მონაცემთა ბაზაში ქ. თ-ეისა და მ. შ-ას საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დევნილ პირებად მითითების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულებით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, თ. შ-ას, მ. შ-ას და ქ. თ-ეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ 12.60 კვ.მ და 5.40 კვ.მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. N13, სართული მეორე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დევნილთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციით, კერძოდ 2013 წლის 25 დეკემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტების თანახმად, ზემოხსენებული პირები მითითებული არიან ერთ საოჯახო ნომერზე N..., შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეები და საქმეში მესამე პირად ჩაბმული თ. შ-ა წარმოადგენდნენ ერთ ოჯახად მცხოვრებ პირებს, ამასთან დევნილის ანკეტაში მითითებული იყო სწორედ ის საერთო მისამართი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელდა სახელმწიფო ქონების პრივატიზება. მითითებული მტკიცებულების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოსარჩელე და განკარგულებაში მითითებული პირები უნდა მიეჩნია ერთ ოჯახად, დაედგინა დევნილი ოჯახის ერთად ცხოვრების ფაქტობრივი გარემოება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლო შეფასებას სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის პერიოდისთვის მოქმედი რედაქციით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია, რადგან მოსარჩელე წარმოადგენდა რა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ოჯახის წევრს და სადავო ხელშეკრულებით გადაცემულ ფართში მცხოვრებ პირს, ამასთან, მას ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ წლების განმავლობაში არ მიუმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით, საფუძველია დასკვნისათვის, რომ მოსარჩელეებს უნდა სცოდნოდათ ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების შემაჯამებელი დასკვნა არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასებას, გაუმართავია ლოგიკური თვალსაზრისით და არ შეესაბამება სასამართლო დასკვნის ჩამოყალიბების სტანდარტს. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ იმსჯელა, რომ მოსარჩელეებს არ გამოუხატავთ საკუთარი ნება პრივატიზაციის პროცესზე, მისთვის საერთოდ უცნობი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და შესაბამისად, არ განუცხადებიათ წერილობითი თანხმობა იმ პირობებში, როდესაც ამავე ხელშეკრულებაში მოსარჩელეთა თაობაზე ჩანაწერი არ არსებობს და შესაბამისად არ არსებობს ის ნაწილი, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი; კერძოდ, სამინისტროსა და თ. შ-ას შორის 2012 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. შ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N..., სართული 2, ფართობი 12.60 კვ.მ (ს.კ ... და 5.40 კვ.მ (ს/კ ...). აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. მუხლში თ. შ-ას ოჯახის წევრებად არ არიან დაფიქსირებული პროცესუალური მოწინააღმდეგეები (გრაფა ცარიელია), აღნიშნულ ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების დანართი, რომლის საფუძველზეც გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. თ-ეს და თ. შ-ას მიენიჭათ გარკვეული უფლება, მაგრამ ამავე დროს მათ შეეზღუდათ უფლება სადავო ხელშეკრულების დადების შედეგად, როგორც დევნილებს, დამატებით მოეთხოვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სააგენტოს 2021 წლის 9 ნოემბრის N03/19653 წერილი არის საინფორმაციო ხასიათის, რომლითაც მხარეს ეცნობა, რომ მოსარჩელეები სახელმწიფოს მიერ უკვე უზრუნველყოფილნი არიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. მითითებული საინფორმაციო წერილი სასამართლომ აქტად ჩათვალა და ბათილად ცნო.

საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელეთა და მესამე პირის ცალ-ცალკე ოჯახად მიჩნევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსარჩელეები დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულნი არიან დევნილებად, ასევე მონიშნულები არიან როგორც ერთი ოჯახის წევრები სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად. აღნიშნული პიერები სააგენტოში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტებრის განკარგულების და 2012 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდნენ უძრავი ნივთის მესაკუთრეები, სადავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მოსარჩელეების ოჯახის წევრმა თ. შ-ამ, რომელიც ვალდებულია საცხოვრებლით უზრუნველყოს ქ. თ-ე და მ. შ-ა და ამასთან აღსანიშნავია, რომ მათი სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი მისამართი ერთი დი იგივეა.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელეთათვის 2021 წელს გახდა ცნობილი ხელშეკრულებისა და განკარგულების გამოცემის შესახებ, მაშინ როდესაც საოჯახო ანკეტებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთათვის 2013 წელსვე უკვე ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მათ მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. 2013 წლის 26 ნოემბრის და 2013 წლის 25 დეკემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტების თანახმად, მ. შ-ა და ქ. თ-ე რეგისტრირებულნი არიან თ. შ-ას საოჯახო ნომერზე - N..., თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულების გამოცემისას და მის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თ. შ-ას შორის 2012 წლის 16 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელეები და თ. შ-ა რეგისტრირებული იყვნენ სხვადასხვა საოჯახო ნომრით, რაც დადასტურებულია 2007 წლის 27 ივლისისა და 28 ივლისის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის ანკეტებით. მიუხედავად აღნიშნულისა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N14/09/01 განკარგულების დანართის საფუძველზე, მოსარჩელეები მითითებული არიან თ. შ-ას ოჯახის წევრებად, შესაბამისად, მითითებული აქტითა და 2012 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს - თ. შ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოსარჩელეები მიჩნეულ იქნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირებად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“ (შემდგომში - გეგმა), რომლის 1.1 მუხლის თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებით ძალაში შევიდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. გეგმის 1.3 მუხლის მიხედვით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მოცემული მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას საერთო კრიტერიუმების საფუძველზე მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება.

გეგმის 1.5 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სახელმწიფო სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი (თავი VI) სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დიალოგს დევნილებთან და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებული უფლებების დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა სრულ ჩართულობას დაგეგმვის პროცესში და მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

გეგმის 2.1.3 მუხლის შესაბამისად, დევნილისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად. სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N4 განკარგულებით; გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება; ე) დევნილთა სურვილის დაფიქსირება, საკუთრებაში გადაეცეთ დაკავებული ფართობი, და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების დადება დევნილსა და სახელმწიფოს შორის; ვ) საბოლოო ეტაპზე, ამ შეთანხმების საფუძველზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას, და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N4 განკარგულებაზე, რომელშიც დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები, ასევე, საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელებულიყო. მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეულ ობიექტებში უნდა ჩატარებულიყო დევნილი ოჯახების შესწავლა, სოციალური კვლევა და ობიექტების პასპორტიზაცია: - დევნილი ოჯახის შემადგენლობა დღევანდელი მდგომარეობით, მათი უახლოესი ნათესაური კავშირები; აღნიშნული ღონისძიების განხორციელება ევალებოდათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. ამრიგად, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საპრივატიზებოდ შერჩეულ ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას, ნათესაურ კავშირს და მოძიებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის შემდეგ, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მიხედვით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიცირებით ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი შემთხვევების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას, განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელის თანხმობის აუცილებლობის არ არსებობის შესახებ, იმ მიზეზზე მითითებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოიპოვა უფლება შესაბამის ფართზე და უსაფუძვლო იყო იმაზე მითითება, რომ მას შეეზღუდა რაიმე უფლება ან დაეკისრა ვალდებულება. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ სადავო ნორმაში მოცემული სამართლებრივი (ნორმატიული) სინამდვილე და მისი გამოყენების შედეგად დამდგარი ფაქტობრივი სინამდვილე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-16). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი - „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას“ - არ შეიძლება გაგებულ იქნეს ვიწროდ და სიტყვა-სიტყვით, მისი რეალური შინაარსის გამოკვეთის გარეშე, კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ფორმალური თვალსაზრისით უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს ზოგიერთი პირისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულება რეალურად არ გამოხატავს მხარის ნამდვილ ნებას და შემდგომში უსპობს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების საშუალებას (დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, მიიღოს საცხოვრებელი ფართი), რა შედეგიც, გასაჩივრებული აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით რეალურად დადგა მოსარჩელის მიმართ (იხ. სუს განჩინებები 20.06.2019 წ. №ბს-1213(2კ-18), 30.10.2014 წ. №ბს-308-304(2კ-14)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის საოჯახო ნომერზე რეგისტრირებული პირის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კმაყოფილდებიან დევნილი ოჯახები და არა ერთეულად ინდივიდები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებისა თ. შ-ას ოჯახის შემადგენლობაში ყოფნის, 2009 წლიდან შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევის დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, შესაბამისად, დაუდგენელია, რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნენ მიჩნეული მოსარჩელეები თ. შ-ას ოჯახის წევრებად. ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა ამ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთათვის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 ნოემბრის N3/19653 წერილით გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ მიიჩნეოდნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად. მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელეები ინფორმირებული იყვნენ ხელშეკრულებაში მისი მითითების შესახებ, ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად (ხელშეკრულების 4.3 პუნქტი), რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს, რაც ასევე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მოსარჩელეებს უნდა სცოდნოდათ ხელშეკრულების შინაარსის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა