Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-380(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „მ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „მ...მ“ 2020 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ა. ბ-ეისა შ/ნ ... და გ. ლ-ის შ/ნ ... მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 05 მაისის N04-13/2520 გადაწყვეტილებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის N10/2874 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შპს ,,მ...სთვის“ ა. ბ-ეისა და გ. ლ-ის მიმართ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის მიხედვით, პაციენტებისათვის ა. ბ-ეისა და გ. ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით, რომლის მიხედვითაც შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება პორტალზე არსებულ ინფორმაციას. პაციენტები სტაციონარულ განყოფილებაში მოთავსდნენ შესაბამისი სტაციონარული კოდებით, თუმცა ამავდროულად გაეწიათ ისეთი ამბულატორიული მომსახურებები, რასაც არ ითვალისწინებდა გადაცემული სტაციონარული კოდი, შესაბამისად, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა ცალ-ცალკე ექვემდებარებოდა სააგენტოს მხრიდან ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს „მ...ს“ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 05 მაისის N04-13/2520 გადაწყვეტილების - პაციენტის: ა. ბ-ე მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის N10/2874 გადაწყვეტილების - პაციენტის: ა. ბ-ეის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 05 მაისის N04-13/2520 გადაწყვეტილება პაციენტის: გ. ლ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის N10/2874 გადაწყვეტილება პაციენტის: გ. ლ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალა გ. ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს „მ...სთვის“ ანაზღაურება.

გორის რაიონულმა სასამართლომ პაციენტმა ა. ბ-ეის შემთხვევასთან მიმართებით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ეის დიაგნოზად მითითებული იყო ... ..., რომელიც მიეკუთვნება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებას, თუმცა წარმოადგენს გადაუდებელ და არა კრიტიკულ მდგომარეობას. მომსახურების მიმწოდებლის მიერ კი აღნიშნული შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, ერთი და იმავე დროის შუალედში - 27.11.2019 წლის 13:40 საათიდან 27.11.2019 წლის 16:45 საათის ჩათვლით, პროგრამული კოდები 1 დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. სასამართლოს მითითებით, 1-ლი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლას კი საჭიროებს მხოლოდ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. ამავე დროს ...ის შემთხვევაში აუცილებელი იყო კტ კვლევის ჩატარება, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორი კოდები იქნა გადაცემული, რაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას.

პაციენტ გ. ლ-ითან მიმართებით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ გ. ლ-ის შემთხვევაში არ გამოვლენილა არასწორი კოდების მითითება მოსარჩელის მიერ შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში. კერძოდ, დადგენილია, რომ გ. ლ-ი მკურნალობდა 30.10.-2019წ.-03.11.2019 წლამდე პერიოდში, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდი: 1 დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ძირითადი დაავადებით: ..., დიაგნოზი ..., დიაგნოზი: .... ჩარევა - ... - ...ზე და ...ზე ..., ..., დიაგნოზი ... ..., ... დაკვირვება. მიყვანილია ავტოავარიის ადგილიდან. ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, მათ შორის ... ავადმყოფის მიმდინარეობა: ძილიანობს, მაგრამ საუბარში ერთვება, კითხვებზე შეყოვნებით პასუხობს, გაჭირვებით ერკვევა გარემოში, სახელს ამბობს. ამ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ ...ის დასახელება, ანამნეზი და პროგრამული კოდი სწორად არის გადაცემული და შეესაბამება „პროგრამის“ დანართი N1-ს. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პაციენტ გ. ლ-ის სჭირდებოდა და გაეწია როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიულ მკურნალობა, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით მოპასუხის მიერ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი შპს „მ...ს“ თანმხლები დიაგნოზის საფუძველზე განხორციელებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე, რამდენადაც კანონმდებლობით გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ცალ-ცალკე ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მიხედვით: შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მითითებული მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტი გ. ლ-ი მკურნალობდა შპს „მ...ში“ 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, პროგრამული კოდებით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით: ..., ..., ჩარევა ...ზე და ...ზე, ..., ... ...ის .... ანაზღაურებას დაექვემდებარა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა პაციენტ გ. ლ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ სამედიცინო დაწესებულების მიზანია ხელოვნურად გაზარდოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა. კასატორის შეფასებით სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტის: გ. ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.

პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა NIV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი გ. ლ-ი წარმოადგენდა პროგრამის N1.3 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს. მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა ზემოაღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რადგან დოკუმენტაციის ინსპექტირებისას დადგინდა, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. ამდენად, დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს მიწოდებული და შეტყობინებაში არსებული ინფორმაციების ურთიერთშეუსაბამობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენისთვის გასათვალისწინებელია გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის ღონისძიებები. შესაბამისად, კლინიკას ეკისრება ვალდებულება მიწოდებულ ინფორმაციაში ზედმიწევნით ზუსტად ასახოს ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების შესაბამისი კოდი და მიაწოდოს ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტ გ. ლ-ის, რომელიც შპს „მ...ში“ სამკურნალოდ იმყოფებოდა 30.10.-2019წ.-03.11.2019 წლამდე პერიოდში, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, პროგრამული კოდი: 1 დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ძირითადი დაავადებით: ..., დიაგნოზი ..., დიაგნოზი: .... ჩარევა - ... -...ზე და ...ზე - ..., ..., დიაგნოზი ... .... ... დაკვირვება, მიყვანილია ავტოავარიის ადგილიდან. ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, მათ შორის ... ავადმყოფის მიმდინარეობა: ძილიანობს, მაგრამ საუბარში ერთვება, კითხვებზე შეყოვნებით პასუხობს, გაჭირვებით ერკვევა გარემოში, სახელს ამბობს. ...ის დასახელება, ანამნეზი და პროგრამული კოდი სწორად არის გადაცემული და შეესაბამება პროგრამის დანართი N1-ს.

ამდენად საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პაციენტ გ. ლ-ის სჭირდებოდა და გაეწია როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიულ მკურნალობა, აღნიშნული კი ცალ-ცალკე ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას. საგულისხმოა, რომ გ. ლ-ის შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების თვალსაზრისით მოპასუხე მიუთითებდა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეუსაბამობაზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ამასთან სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას მოთხოვნის უარყოფის კონკრეტული დასაბუთების შესახებ. შეუსაბამობის დასადგენად მხოლოდ იმაზე მითითება, რომ „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ვერ გახდება სადავო აქტის კანონიერად მიჩნევის წინაპირობა.

საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ სადავო შემთხვევების სპეციფიკის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია, სრულყოფილად შეისწავლა და სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, შესაბამისად, გ. ლ-ის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ არსებობდა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობები, რაც ქმნის მის ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 12 აპრილის N11114 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 2024 წლის 12 აპრილის N11114 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა