Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-473(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ქ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 21 ივლისს შპს „ქ...მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2020 წლის 10 მარტს გამოცემული შპს ,,ქ...ს“ მიერ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის კონტროლის (შემოწმების) Nს/კ 352-42 აქტის ბათილად ცნობა; შპს ,,ქ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 22 ივნისის N02/7298 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დაკისრება. ამავე სარჩელში მოსარჩელემ იშუამდგომლა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის Nს/კ 352-42 აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე შპს „ქ.ქ...ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის კონტროლის (შემოწმების) 2020 წლის 10 მარტის Nს/კ 352-42 აქტი, განსახილველ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით, მოპასუხე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ქ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2020 წლის 10 მარტს გამოცემული შპს ,,ქ...ს“ მიერ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის კონტროლის (შემოწმების) აქტი Nს/კ 352-42; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 22 ივნისის N02/7298 გადაწყვეტილება შპს ,,ქ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღება გაამახვილა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქცია ადგენდა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. ხსენებული ნორმა ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბებული იქნა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების (N522) შემდგომ (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 27 ოქტომბრიდან). ცვლილების განხორციელებამდე კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წელი. სააპელაციო პალატამ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლში 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებისთვის (N522) უკუძალა არ უნდა მიენიჭებინა და ხუთწლიანი შემოწმების ვადა უნდა გაევრცელებინა მხოლოდ 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ მომხდარ შემთხვევებზე, მანამდე არსებულ შემთხვევებზე კი უნდა ეხელმძღვანელა ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადით. შესაბამისად, სამწლიანი პერიოდის დარღვევის შემდგომ შემოწმებული შემთხვევები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას (თანხის უკან დაბრუნებას).

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ქ...ს“ კომისიის მიერ 2016 წლის 25 სექტემბერს შედგენილ N1 აქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112“-ის 2018 წლის 23 მარტის N MIA 8 18 00682431 წერილზე და მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში შპს ,,ქ...ში“ ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორული ვითარების გამო (შენობაში შევარდა წლის დიდი ნაკადი), სამედიცინო დოკუმენტაციის განადგურების ფაქტს. კერძოდ, განადგურდა საავადმყოფოს არქივში დაცული 2011-12-13-14-15-16 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით სარეგისტრაციო ჟურნალები; 2011-12-13-14-15-16 წლის აგვისტოს ჩათვლით ოჯახის ექიმთან და ექიმ-სპეციალისტებთან პაციენტის ვიზიტის ბლანკები; 2014-15-16 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნაწილი; ბენეფიციარების რეგისტრაციის ფორმები. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ისიც, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს, შპს ,,ქ...ში“ ჩატარებული რევიზიისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედ აღნიშნული გარემოება იქნა გათვალისწინებული და შეფასებული, როგორც ფორსმაჟორული ვითარება, რის გამოც მოსარჩელის მიმართ არ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო 2016 წლის სექტემბერში, შპს ,,ქ...ში“ მომხდარ ფაქტს 2018 წელს განხორციელებული რევიზიისას ფორსმაჟორულ ვითარებად მიიჩნევს, რის გამოც მოსარჩელის მიმართ არ იყენებს საჯარიმო სანქციას, ხოლო 2019 წელს ჩატარებული შემოწმებისას, ამავე გარემოებას საერთოდ არ ითვალისწინებს და აცხადებს, რომ ფორსმაჟორული ვითარების არსებობა არ დასტურდება, ცალსახად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ერთი და იმავე გარემოების სხვადასხვაგვარ შეფასებას და ერთი და იმავე საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 10 მარტის Nს/კ 352-42 კონტროლის (შემოწმების) აქტის შინაარსიდან გამომდინარე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს. შესაბამისად, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, გასაჩივრებულ შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2020 წლის 10 მარტს გამოცემული შპს ,,ქ...ს“ კონტროლის (შემოწმების) აქტი Nს/კ 352-42 გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობდა მისი ბათილად ცნობის როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი ასევე არსებობდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 22 ივნისის N02/7298 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაწესებულების აქტი და სსიპ ,,112“-ის წერილი) არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმების განადგურება გამოიწვია ფორსმაჟორულმა გარემოებამ. ამასთან, შემოწმების პერიოდთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის პერიოდში მოქმედი ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. შესაბამისად, რეგულირების სააგენტო ხელმძღვანელობდა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მისი ქმედება იყო კანონიერი. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დაწესებულების/მიმწოდებლის მიერ 1 711 შემთხვევაში (754 ცალი თანხმობის ფორმა) თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დაფიქსირებულ მონაცემებს (არასწორად არის შევსებული მოსარგებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, თანხმობის ბარათის ნომერი არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ თანხმობის ბარათის ნომერს, თანხმობის ბარათზე არ არის მითითებული მოსარგებლის ფაქტიური მისამართი, პირადი ნომერი, თანხმობის ბარათზე არ არის რეგისტრაციის თარიღი და მოსარგებლის ხელმოწერა მითითებული, ჩანაწერები გადასწორებულია). აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესებულებას დაეკისრა 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ზედმეტად (არასწორად) ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების (N02-134/მ, 10.03.2018წ; N02-159/მ, 22.03.2018წ) საფუძველზე, კომისიამ კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების შემადგენლობით, შპს ,,ქ...ში“ განახორციელა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შერჩევითი რევიზია, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის N544 დადგენილების შესაბამისად. რევიზია დაიწყო 2018 წლის 12 მარტს და დასრულდა 2018 წლის 30 მარტს. რევიზიის შედეგებზე 2018 წლის 4 აპრილს შედგენილი იქნა რევიზიის აქტი Nკ/რ-489-44. აქტში მათ შორის მიეთითა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა ,,ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ,,ამბულატორიული პაციენტის ვიზიტების და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალები“ (2013 წელი; 2014 წელი; 2015 წელი), რაც ადმინისტრაციის განმარტებით, გამოწვეული იყო სტიქიური მოვლენებით (რაც დასტურდება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112“ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის (MIA 8 18 00682431, 23.03.2018წ) წერილით და შპს ,,ქ...ს“ დირექტორის ბრძანებით (N61, 24.09.16წ, რომელსაც თან ახლავს აქტი N1, 25.09.16წ). ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის N36 (21.02.2013წ) დადგენილების დანართი 1-ის მე-2 თავის მე-19 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია.

საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,ქ...ს“ კომისიის მიერ 2016 წლის 25 სექტემბერს შედგენილი აქტი N1, რომლის თანახმად, 2016 წლის 25 სექტემბერს, შპს ,,ქ...ს“ დირექტორის 2016 წლის 24 სექტემბრის N61 ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შეისწავლა 2016 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად შპს ,,ქ...სთვის“ მიყენებული ზიანი და დაადგინა, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, ძლიერი წვიმის შედეგად, ქ. თბილისში, ...ს ქ. N3-ში მდებარე შენობაში დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილებიდან შენობის პირველ სართულზე ამოვიდა ფეკალური მასები, ეზოში მდებარე სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭებიდან შენობის პირველ სართულზე შემოვიდა დიდი რაოდენობით წყალი და ფეკალური მასები, რის შედეგადაც მათ შორის შენობის პირველ სართულზე მდებარე არქივის ოთახში განადგურდა 2011-12-13-14-15-16 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით სარეგისტრაციო ჟურნალები; 2011-12-13-14-15-16 წლის აგვისტოს ჩათვლით ოჯახის ექიმთან და ექიმ-სპეციალისტებთან პაციენტის ვიზიტის ბლანკები; 2014-15-16 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნაწილი; ბენეფიციარების რეგისტრაციის ფორმები; 2011-12-13-14-15 წლების შემოსული და გასული წერილები; 2011-12-13-14-15 წლების გამოცემული ბრძანებები; დასაქმებულების პირადი საქმეები და შრომითი ხელშეკრულებები.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112“-ის 2018 წლის 23 მარტის N MIA 8 18 00682431 წერილი, რომლის თანახმად, შსს სსიპ ,,112“-ში 2016 წლის სექტემბრის თვეში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N3, ქ... (სავაჭრო ცენტრ ,,...ს“ ქვევით), ძლიერი წვიმის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახებასთან დაკავშირებით, დაფიქსირდა შემდეგი შეტყობინებები: 1) 2016 წლის 23 სექტემბერს, 18:29 საათზე (სატელეფონო ნომრიდან ...), ინიციატორ ვ. მ-ეის განცხადებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე ესაჭიროებოდათ დახმარება. მისი თქმით, შენობაში წყალი შევარდა; 2) 2016 წლის 23 სექტემბერს, 18:39 საათზე, ინიციატორი სსიპ ,,112“-ს დაუკავშირდა განმეორებით. მას აინტერესებდა, თუ როდის შეძლებდნენ დახმარებას ზემოაღნიშნულ მისამართზე; 3) 2016 წლის 23 სექტემბერს, 18:51 საათზე, ინიციატორი სსიპ ,,112“-ს დაუკავშირდა განმეორებით. მისი განცხადებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე საჭირო იყო წყლის შენობიდან (საავადმყოფო) ამოტუმბვა და ითხოვა დაჩქარება; 4) 2016 წლის 23 სექტემბერს, 19:16 საათზე, ინიციატორი სსიპ ,,112“-ს დაუკავშირდა განმეორებით. მისი განცხადებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე შევარდნილი წყლის ნაკადის გამო საჭირო იყო სამაშველო სამსახურის დაჩქარება; 5) 2016 წლის 23 სექტემბერს, 19:34 საათზე, ინიციატორი სსიპ ,,112“-ს დაუკავშირდა განმეორებით. მისი განცხადებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე ყველაფერი იყო დატბორილი და ესაჭიროებოდათ დროული დახმარება.

დადგენილია, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-151 მუხლის (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის ,,კ“ პუნქტისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის N02-21/მ ბრძანების (მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) საფუძველზე, მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა შპს ,,ქ...ში“ ჩაატარეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმება. შემოწმება დაიწყო 2019 წლის 13 ნოემბერს და დამთავრდა 2019 წლის 29 დეკემბერს (მასალების დამუშავება და აქტის გაფორმება დასრულდა 2020 წლის 20 იანვარს). აღნიშნული გეგმური შემოწმების შედეგებზე სააგენტოს მიერ 2020 წლის 20 იანვარს შედგენილი იქნა კონტროლის (შემოწმების) აქტი Nს/კ-28-7, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიმართ უკან დასაბრუნებელი თანხის რაოდენობამ შეადგინა 452 086.1 ლარი. აღნიშნული კონტროლის (შემოწმების) აქტი შპს ,,ქ...მა“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის N02/2742 გადაწყვეტილებით, შპს ,,ქ...ს“ 2020 წლის 11 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი, რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის Nს/კ-28-7 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის 20 იანვრის Nს/კ-28-7 აქტის გამომცემ კომისიას დაევალა მსჯელობის ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილებაში სააგენტომ მიუთითა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დასაბუთდეს თუ რატომ და რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება შემოწმების ვადებისა და ჯარიმის დაკისრებასთან მიმართებით გამოყენებული საკანონმდებლო ნორმის ნაწილში, რადგან სადავო აქტიდან არ იკვეთება თუ კონკრეტულად რომელ პერიოდზე დაეკისრა ჯარიმა დაწესებულებას და რომელი ნორმის შესაბამისად.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის N02/2742 გადაწყვეტილების, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-151 მუხლის (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის ,,კ“ პუნქტისა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის N02-21/მ ბრძანების (მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) საფუძველზე, მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა შპს ,,ქ...ში“ ჩაატარეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმება (შემოწმების პერიოდი 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით). შემოწმება დაიწყო 2019 წლის 13 ნოემბერს და დამთავრდა 2019 წლის 29 დეკემბერს (მასალების დამუშავება და აქტის გაფორმება დასრულდა 2020 წლის 10 მარტს).

აღნიშნული გეგმური შემოწმების შედეგებზე სააგენტოს მიერ 2020 წლის 10 მარტს შედგენილი იქნა კონტროლის (შემოწმების) აქტი Nს/კ 352-42. აქტში მიეთითა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების ფაქტობრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება (შედეგები): ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის N66 დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში პროგრამის მოსარგებლეებზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 26 თებერვლის N04-69/ო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებებით დამტკიცებული თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, მიმწოდებლის მიმართ არ იქნა გამოყენებული პროგრამის მე-19 მუხლით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები და პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელს განესაზღვრა პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება, კერძოდ:

1. მიმწოდებელმა 14 221 (5 917 ცალი თანხმობის ფორმა) შემთხვევაში ვერ წარმოადგინა რეგისტრირებული მოსარგებლეების თანხმობის ფორმები, რის გამოც პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა აღნიშნულ მოსარგებლეებზე 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორად მოთხოვნილი თანხის, სულ 321 796.62 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა;

2. მიმწოდებლის მიერ შევსებულ თანხმობის ფორმებს 4 192 შემთხვევაში (2 090 ცალი თანხმობის ფორმა) არ ახლავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და ბარათებს არ ახლავს წარმომადგენლის ან მზრუნველის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანების (მასში 2014 წლის 30 ოქტომბრის (N01-77/ნ) და 2017 წლის 02 აგვისტოს (N01-50/ნ) შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ზედმეტად (არასწორად) ჩარიცხული თანხა 86 896.18 ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას;

3. მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია პროგრამის 23-ე მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 26 თებერვლის N04-69/ო ბრძანების დანართი N2- ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით სარგებლობისათვის მიმწოდებელთან რეგისტრაციის მიზნით, მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების წესი) მე-3 პუნქტის (თანხმობა ივსება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ სრულყოფილად და დაუშვებელია მასში შესწორებები. თანხმობაში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი) მოთხოვნები. კერძოდ: 1 711 შემთხვევაში (754 ცალი თანხმობის ფორმა) თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დაფიქსირებულ მონაცემებს (არასწორად არის შევსებული მოსარგებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, თანხმობის ბარათის ნომერი არ ედრება ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ თანხმობის ბარათის ნომერს, თანხმობის ბარათზე არ არის მითითებული მოსარგებლის ფაქტიური მისამართი, პირადი ნომერი, თანხმობის ბარათზე არ არის რეგისტრაციის თარიღი და მოსარგებლის ხელმოწერა მითითებული, ჩანაწერები გადასწორებულია). აღნიშნულიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ზედმეტად (არასწორად) ჩარიცხული თანხა 43 393.3 ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

2020 წლის 10 მარტის კონტროლის (შემოწმების) Nს/კ 352-42 აქტში დასკვნის სახით მიეთითა, რომ მიმწოდებლის მიმართ უკან დასაბრუნებელი თანხის რაოდენობამ შეადგინა 452 086.1 ლარი.

დადგენილია, რომ შპს ,,ქ...ს“ მიერ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის კონტროლის (შემოწმების) 2020 წლის 10 მარტის აქტი Nს/კ 352-42 შპს ,,ქ...მა“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 22 ივნისის N02/7298 გადაწყვეტილებით, შპს ,,ქ...ს“ 2020 წლის 6 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2020 წლის 10 მარტს გამოცემული შპს ,,ქ...ს“ მიერ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის კონტროლის (შემოწმების) Nს/კ 352-42 აქტისა და შპს ,,ქ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 22 ივნისის N02/7298 გადაწყვეტილების კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლზე (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართ №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. აღნიშნული ნორმა ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბებული იქნა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების (N522) შემდგომ (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 27 ოქტომბრიდან). აღსანიშნავია, რომ მითითებულ ცვლილებამდე ამავე ნორმის თანახმად, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ,,კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.“ (სუსგ Nბს-698-691(კ-16), 13.07.2017 წელი). ,,საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.“ (სუსგ Nბს-57-52(კ-13), 03.10.2013 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-151 მუხლში 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებისთვის (N522) უკუძალა არ უნდა მიენიჭებინა და ხუთწლიანი შემოწმების ვადა უნდა გაევრცელებინა მხოლოდ 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ მომხდარ შემთხვევებზე, მანამდე არსებულ შემთხვევებზე კი უნდა ეხელმძღვანელა ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადით. შესაბამისად, სამწლიანი პერიოდის დარღვევის შემდგომ შემოწმებული შემთხვევები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას (თანხის უკან დაბრუნებას).

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, კერძოდ, შპს ,,ქ...ს“ კომისიის მიერ 2016 წლის 25 სექტემბერს შედგენილი N1 აქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112“-ის 2018 წლის 23 მარტის N MIA 8 18 00682431 წერილის შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში შპს ,,ქ...ში“ ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორული ვითარების გამო (შენობაში შევარდა წლის დიდი ნაკადი), გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაციის განადგურების ფაქტს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწორედ აღნიშნული გარემოება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს, შპს ,,ქ...ში“ ჩატარებული რევიზიისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული და შეფასებული იქნა როგორც ფორსმაჟორული ვითარება, რის გამოც მოსარჩელის მიმართ არ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო 2016 წლის სექტემბერში, შპს ,,ქ...ში“ მომხდარ ფაქტს 2018 წელს განხორციელებული რევიზიისას ფორსმაჟორულ ვითარებად მიიჩნევს, რის გამოც მოსარჩელის მიმართ არ იყენებს საჯარიმო სანქციას, ხოლო 2019 წელს ჩატარებული შემოწმებისას, ამავე გარემოებას საერთოდ არ ითვალისწინებს და აცხადებს, რომ ფორსმაჟორული ვითარების არსებობა არ დასტურდება, ცალსახად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ერთი და იმავე გარემოების სხვადასხვაგვარ შეფასებას და ერთი და იმავე საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომას, რაც ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევის მიზნით შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, გასაჩივრებულ შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ფაქტებზე მითითებით ვერ უზრუნველყოფს მისი პოზიციის არგუმენტირებულ დასაბუთებას. ,,იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს (ადმინისტრაციული ორგანო) არ დაუსაბუთებია გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად და პირდაპირ დაეკისრა საჯარიმო თანხები, ამასთანავე შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები შემოწმების აქტში მხოლოდ ფაქტების სახითაა ასახული და შესაბამისად არ არის დასაბუთებული, სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.“ (სუსგ Nბს-671(კ-19), 22.05.2020 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 24 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2023 წლის 24 მარტის N02183 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე