Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-496(კ-23) 5 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ს...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო; შპს „ა...“

დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 14 ივნისს შპს „ს...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ს...“ წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., №..., ...ს №..., ...სა და ...ს ქუჩებს, მდ. ... სანაპიროსა და ...ს შორის მდებარე რამდენიმე საკადასტრო ერთეულის (მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების) მესაკუთრეს, რომლის ტერიტორიაც წარმოადგენს ე.წ. ...ს ბაზრობის ნაწილს. მოსარჩელე უთითებს, რომ კუთვნილ უძრავ ქონებას, რომელიც ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ის ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სრული დატვირთვით ხორციელდება. ეს პროცესი სავაჭრო ობიექტების ცვეთასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ქონების ინფრასტრუქტურული განვითარების, მოწესრიგებული სავაჭრო, დასასვენებელი და ბიზნეს აქტივობისთვის შესაფერისი თანამედროვე სივრცის შექმნის თვალსაზრისით, მოსარჩელე წლების განმავლობაში მთელ რიგ ქმედებებს ახორციელებს, რომლებიც ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას, მისთვის მოწესრიგებული იერსახის მინიჭებასა და ერთიან კონცეფციაში მოქცევას ისახავს მიზნად.

მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 15 მარტს მიღებული №39-18 დადგენილებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა დაამტკიცა, რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მიერ დაკავებულ ტერიტორიასთან მიმართებით იმგვარი ნორმატიული დანაწესი დაადგინა, რის შედეგადაც მას ყველანაირად მოესპო მისი კუთვნილი ბიზნეს ობიექტების სამშენებლო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, კერძოდ, აღნიშნული დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ იქნა სპეციალური პირობა იმ დათქმით, რომ ...ს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, რაც მოსარჩელის აზრით, მოკლებულია პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობას იმ ობიექტური მოცემულობის გამო, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ უამრავი ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ბიზნეს ობიექტია განთავსებული, რომელთა მასშტაბები არაერთგვაროვანია და ამის გამო ერთიანი კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება პრაქტიკულად გამორიცხულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შესაბამისი ნაწილი) ...ს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის მიმართ, რომელიც ასევე მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: ..., ..., ..., ...), სპეციალური პირობების განსაზღვრით (ტერიტორიის განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად) მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას უპირისპირდება ისეთი საჯარო ინტერესი, როგორიცაა უსაფრთხო გარემო, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება/გაუმჯობესება, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება/გაუმჯობესება, ახალი კერძო და საჯარო ინვესტიციების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმატიული აქტი პირდაპირ განსაზღვრავს იმ საჯარო ინტერესს, რაც წარმოადგენს კერძო ინტერესების შეზღუდვის საფუძველს და ასევე ითვალისწინებს მითითებას სამშენებლო პირობების გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე, ხოლო სასამართლო არ აფასებს მიღებული კანონქვემდებარე აქტის მიზანშეწონილობას, არამედ ადგენს მისი კანონშესაბამისობის საკითხს, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება (გასაჩივრებულ ნაწილში) შესაბამისობაშია კანონით განსაზღვრულ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების შინაარსთან, მიღებულია კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა შპს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაართვა თავი საქმის ობიექტურ განხილვას და მიიღო იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელეს ულახავს როგორც საკუთრების, ისე სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და ის ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა, რომელიც გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მიმართ შედავების საფუძველს განაპირობებს, იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ნორმატიული დათქმებით მოსარჩელეს ელახება საკუთრების უფლება. სადავო დათქმების შემცველი ნორმატიული აქტი არ შეიცავს რაიმე მინიშნებას, მოწესრიგებას, თუ რას გულისხმობს საკუთრივ ის „ერთიანი ხედვა“, რომელიც მესაკუთრის მიერ კუთვნილი ტერიტორიის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნებისთვის უმთავრეს და საკვანძო ნორმატიულ წინაპირობას წარმოადგენს, რითაც, გარდა იმისა, რომ ბუნდოვანს ხდის თავად ამ ნორმის შინაარსს, ასევე, არ იძლევა მისი პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობას. ნორმის უფუნქციო დატვირთვით კი, მოსარჩელე ვერ ახორციელებს საკუთრებაში არსებული ობიექტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა, პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კონკრეტულად, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 6 მარტის №19.243.355 განკარგულების თანახმად, მოწონებულ იქნა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ეთხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარედგინა აღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული პროექტები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 6 მარტის №01-01190651720 მიმართვით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეგზავნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგი აქტების მოწონების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 6 მარტის №19.243.355 განკარგულებით მოწონებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტები.

ასევე დადგენილია, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა მისი შემადგენელი ნაწილებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ტექსტური ნაწილის 72-ე მუხლის თანახმად, დადგენილების დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრული ტერიტორიები უნდა განვითარდეს ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ...ს ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგი ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია, თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

საკასაციო პალატის განმარტებით, ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით; გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

სასამართლო მიუთითებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია 2019 წლის 3 ივნისიდან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით), რომელიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებდა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენდა ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამავდროულად, ადგენდა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში.

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, „მ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დეფინიციას, კერძოდ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დასახელებული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების ტერიტორიის ნაწილებისათვის ან მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა.

აღსანიშნავია, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 31 პუნქტის თანახმად, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ, კანონით განსაზღვრულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების (მათ შორის სადავო ჩანაწერის) გამოცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორი ვერ მიუთითებს ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების წესის ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნების დარღვევით მისი გამოცემის თაობაზე. სადავო არ არის ასევე ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნებულია და ძალაშია შესული.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ნაწილში) სადავოდ იმ საფუძვლით ხდის, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, კონკრეტულად, არ გააჩნია საკუთრებაში არსებული ბიზნეს ობიექტების სამშენებლო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.

პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ტექსტური ნაწილის 72-ე მუხლის თანახმად, დადგენილების დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრული ტერიტორიები უნდა განვითარდეს ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ...ს ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგი ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება ემყარება თვითმმართველობის პოლიტიკურ იდეას, თვითმმართველობა წარმოადგენს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ეფუძნება საკუთარი საქმეების საკუთარი პასუხისმგებლობით მოწესრიგებას. დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უნარი აყალიბებს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შედარებით, თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს მიხედულების შედარებით უფრო ფართო სპექტრს, რაც განაპირობებს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმებას. დაგეგმვის პოლიტიკის არჩევანსა და განხორციელებაში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით და ამ კონტექსტში მიხედულების ფართო ზღვარი აქვს (Lay Lay Company v. Malta, 23.07.2013წ. §83). ამასთანავე, მუნიციპალიტეტის საკუთარი, ექსკლუზიური ფუნქციის განხორციელებისას, დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია კანონმდებლობის მოთხოვნებით, რომელიც გულისხმობს ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისობას ადამიანის ძირითად უფლებებთან, დაგეგმვის ძირითად პრინციპებთან. ქალაქების განვითარების სფეროს სირთულე ბუნებრივად განაპირობებს გეგმარებითი პოლიტიკის რეალიზაციისას კომპეტენტური ორგანოს თავისუფალი მიხედულების ფართო სპექტრს, რაც არ გამორიცხავს სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას პირის საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებასთან შესაბამისი საშუალებით ინტერესთა თანაფარდობაზე (Sporrong and Lonnrot v. Shveden, 23.09.1982, §69).

ამასთან, აღსანიშნავია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმებას უზრუნველყოფენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართ №6-ზე, რომელიც ითვალისწინებს რეკომენდაციებს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის. კერძოდ, მითითებული დანართი №6-ის თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გარკვეულწილად გავლენას ახდენს საპროექტო არეალში მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეთა უფლებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება სამშენებლო პირობების გაუარესებაც, რაც ქალაქის შემდგომი განვითარების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც საჯარო განხილვების შედეგად მიღებული კონცეფციის რეალიზების ერთადერთი საშუალება, შემოთავაზებული პოსტულატების ნორმატიული ასახვით, მათ შორის, ძირითად ნახაზზე, ემსახურება საჯარო ინტერესების უპირობო დაცვას და მათი ყველაზე ეფექტიანი გზით განხორციელებას. თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული კომპაქტურობის იდეა, ტერიტორიის ეკონომიურად გამოყენებასთან ერთად, გულისხმობს ბუნებრივი რესურსებისა და სარეკრეაციო არეალების შენარჩუნებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სხვა სიკეთეებს, რაც საჯარო ინტერესის კონტექსტში უზრუნველყოფს როგორც ამ დროისთვის არსებული მოსახლეობის, ისე მომავალი თაობების უფლებას უკეთეს გარემოზე. ამრიგად, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ნორმატიული აქტი ცალსახად ითვალისწინებს ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების ქალაქის შემდგომი განვითარების საჯარო ინტერესთან დაპირისპირებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №4-ის მე-8 პუნქტზე (ტ. 1, გვ. 198), რომლის თანახმად, ...ს ...ა და მისი მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ცენტრში, მდ. ... სანაპიროსა და ...ს შორის მდებარეობს. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ტერიტორია მრავალფეროვანი კომერციული საზოგადოებრივი ფუნქციებით დატვირთულ ადგილად იქცა, რაც უპირველეს ყოვლისა მისი მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირებიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს. თუმცა ფუნქციების უსისტემო, ქაოტურმა თავმოყრამ და გარემოსთვის საფრთხის შემცვლელმა გამოყენებებმა ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა.

აღსანიშნავია შპს „ა...ს“ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისთვის განვითარების ხედვა (...ს ...ის რევიტალიზაცია) (ტ. 4, გვ. 111), რომლის თანახმად, ...ს ...ა და მისი მიმდებარე ტერიტორია მიეკუთვნება პოსტსაბჭოთა პერიოდის სტიქიურად ჩამოყალიბებულ და არაორგანიზებულად განვითარებულ არეალს. იგი ფუნქციონალურად სამშენებლო მასალების, სამეურნეო, ავტონაწილების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაჭრობით არის დატვირთული. მიწის ნაკვეთების დომინირებული გამოყენებაა სავაჭრო, მცირე ბიზნესის და სხვა დამატებითი ფუნქციებით. 1995 წლიდან საპროექტო ტერიტორია, კომერციული და საწარმოო ფუნქციით, სპონტანურად განვითარდა. ფუნქციების ქაოტურმა თავმოყრამ და გარემოსათვის საფრთხის შემცველმა გამოყენებამ ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა. ბაზრობის უსისტემო გაფართოებამ და თანმდევმა პრობლემებმა უარყოფითად იმოქმედა საცხოვრებელ გარემოზე, ბაზრობასა და საცხოვრებელ უბნებს შორის მოიშალა საზღვარი. საგრძნობლად შემცირდა სარეკრეაციო და გამწვანებული სივრცეები. გაუმართავია კომერციული და საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისათვის საჭირო გარე და შიდა სატრანსპორტო ლოჯისტიკა. ბაზრობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საპარკინგე სივრცეები, არ შეესაბამება ტერიტორიის ორგანიზებული და გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს, რაც იწვევს არეალის მოსაზღვრე ქუჩების გადატვირთვას. დროთა განმავლობაში მიწის ნაკვეთების უსისტემო რეგისტრაციის შედეგად, ტერიტორია ფრაგმენტირებულია, რაც ხელს უშლის მის თანმიმდევრულ და ინტეგრირებულ განვითარებას. ასევე, პრობლემას წარმოადგენს არქიტექტურული სახე, რომელიც დროთა განმავლობაში ქაოტურად ჩამოყალიბდა და დღემდე წერტილოვნად ვითარდება. გამოწვევად რჩება სახანძრო უსაფრთხოების საკითხიც. 2015 წლიდან დღემდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დიდი მასშტაბის ხანძარი დაფიქსირდა. აღნიშნული რისკის ქვეშ აყენებს დასაქმებულთა ეკონომიკურ საქმიანობასა და ჯანმრთელობას. ამავე დოკუმენტის თანახმად, პროექტის მიზნებია: უსაფრთხო გარემო, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება/გაუმჯობესება, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება/გაუმჯობესება, ახალი კერძო და საჯარო ინვესტიციების უზრუნველყოფა, გრძელვადიანი და ეტაპობრივად განხორციელებადი სიცოცხლისუნარიანი გეგმა. პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: სიცოცხლის საფრთხის რისკების შემცირება, მიმზიდველი და ჯანსაღი გარემო; მიწის რესურსების ეფექტიანი და სამართლიანი გამოყენება, ფინანსური რესურსების მობილიზება; მოწესრიგებული წინასწარ განჭვრეტადი განვითარება, დასაქმების ზრდა, განხორციელების პროცესში სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების (ტექსტური ნაწილი) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიზანია: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, თბილისის სივრცითი და ტერიტორიული განვითარების მიმართულებების ფორმირება და ამისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა მიწათსარგებლობის ზოგადი პირობების დადგენის გზით; ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებისათვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური განვითარებისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო ნორმატიული აქტი პირდაპირ განსაზღვრავს იმ საჯარო ინტერესს, რაც წარმოადგენს კერძო ინტერესების შეზღუდვის საფუძველს, ასევე ითვალისწინებს მითითებას სამშენებლო პირობების გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე. პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება (გასაჩივრებული ნაწილი) შესაბამისობაშია კანონით განსაზღვრულ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების შინაარსთან, მიღებულია კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან პ. კ-ეს შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარზე 16.05.2023წ. №1684167202 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პ. კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

3. პ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარზე 16.05.2023წ. №1684167202 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე