№ბს-604(კ-23) 20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 5 ივლისის №862 განკარგულება მიწის ნაკვეთზე დ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება დ. გ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ... მიკრო/რაიონი, მე-2 კვარტალის მიმდებარედ 1018 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 5 ივლისის №862 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივლისის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა დ. გ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქალაქი თბილისი, ... მ/რ, მე-2 კვარტლის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი 1018.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიის შეფასებით არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარდგენილი მიწის ნაკვეთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე ირკვევა, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილია შენობის ნანგრევის საფუძველზე. ადგილზე დათვალიერებით მიწის ნაკვეთზე შენობის ნანგრევის არსებობის ფაქტი არ დადგინდა. რაც შეეხება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 3 შენობას, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღება) და ადგილზე დათვალიერებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული შენობები მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ.
სააპელაციო პალატა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს, რომ სადავო ტერიტორიაზე ვრცელდება, როგორც სატრანსპორტო ზონა (ტზ-1), ასევე სარეკრეაციო ზონა (რზ-1), თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა მიწის ნაკვეთის დანარჩენ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. კომისიამ იმსჯელა განმცხადებელის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციის ფარგლებში და თუ განმცხადებელის სურვილია განსხვავებული კონფიგურაციით მოთხოვნის განხილვა, მას შეეძლო ახალი განცხადების წარდგენა, სადაც კონკრეტულად მიუთითებდა მისთვის სასურველ ფართს, რომელზეც ასევე იმსჯელებდა კომისია.
სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამასთან, არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის. მოცემულ შემთხვევაში კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 9 ივლისს დ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ... მიკრო/რაიონი, მე-2 კვარტალის მიმდებარედ (1018 კვ.მ). 2020 წლის 29 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, დ. გ-ის განცხადება, აგრეთვე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთთან დაკავშირებით - მდებარე ქ. თბილისი, ... მიკრო/რაიონი, მე-2 კვარტალის მიმდებარედ 1018 კვ.მ, განსახილველად გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ 63-64, 57); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2020 წლის 25 ივლისის №... სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მომზადების თარიღის გრაფაში მითითებული პერიოდისთვის ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემთან (საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი) (ს.ფ 59-60); გ) 2020 წლის 25 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული ნ. მ-ის, დ. მ-ისა და მ. შ-ას განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ დ. გ-ე 2003 წლიდან ნამდვილად ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისი, ... მიკრო/რაიონი, მე-2 კვარტალის მიმდებარედ 1018 კვ.მ მიწის ნაკვეთით. ამასთან, ისინი თანახმანი არიან დ. გ-ემ განახორციელოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია/დაკანონება, საკუთრების უფლებით (ს.ფ 67-68); დ) სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №16-01202452882 წერილით ირკვევა, რომ სააგენტომ ქალაქეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ქ. თბილისი, ... მ/რაიონი, მე-2 კვარტლის მიმდებარედ 1018 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება სატრანსპორტო ზონა (ტზ-1) და სარეკრეაციო ზონა (რზ-1) და კვეთს ... საკადასტრო ერთეულს (ს.ფ 54); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2021 წლის 8 აპრილს შედგენილ იქნა ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ... მ/რაიონი, მე-2 კვარტლის მიმდებარე ტერიტორია არის ერთიანი შემოღობილი, მიწაზე განთავსებულია სამი ახალი შენობა. (ს.ფ 83). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 20 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დ. გ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ... მ/რაიონი, მე-2 კვარტლის მიმდებარედ 1018 კვ.მ მიწის ნაკვეთი) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ. 15-21). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2021 წლის 5 ივლისს ამავე კომისიის 2021 წლის 20 მაისის №23 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ იქნა განკარგულება №862, რომლითაც დ. გ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ... მ/რაიონი, მე-2 კვარტლის მიმდებარედ 1018 კვ.მ მიწის ნაკვეთი) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). გარდა ამისა, კომისიის შეფასებით არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარდგენილი მიწის ნაკვეთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე ირკვევა, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილია შენობის ნანგრევის საფუძველზე. ადგილზე დათვალიერებით მიწის ნაკვეთზე შენობის ნანგრევის არსებობის ფაქტი არ დადგინდა. რაც შეეხება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 3 შენობას, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით) და ადგილზე დათვალიერებით დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული შენობები მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ (ს.ფ. 24-26).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დ. გ-ეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო 2 გარემოება: 1. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1); 2. არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
დ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების ზემოაღნიშნულ პირველ საფუძველთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სიტუაციურ რუკაზე (ს.ფ 190-191), რომლითაც დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). მართალია, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე დაუშვებელია სხვა პირისათვის საკუთრების უფლების აღიარება მისი სატრანსპორტო ზონაში არსებობის საფუძვლით, თუმცა კანონი არ კრძალავს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის უმეტეს ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ისე უთხრა უარი განმცხადებელს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ მიწის ნაწილის რეჟიმი გაავრცელა მთლიან, აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია საკითხი იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში (ნივთის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა რეჟიმის გავრცელება), სატრანსპორტო ზონისგან თავისუფალ ნაკვეთზე რამდენად იყო შესაძლებელი დ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება განმცხადებლისათვის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შეთავაზების კუთხით, რათა ემსჯელა მიწის ნაკვეთზე ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად ასევე მითითებულ იქნა, რომ არ დასტურდება დ. გ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, ადგილზე დათვალიერებით მიწის ნაკვეთზე შენობის ნანგრევის არსებობის ფაქტი არ დადგინდა, ხოლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 3 შენობა განთავსებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ 2005 წლის ორთოფოტოზე (ს.ფ 119), სადაც ხილვადია ნაგებობები. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დგინდება, რას ემყარება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობები განთავსებულია მითითებული კანონის ამოქმედების შემდგომ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულების დარღვევაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე