Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-566(კ-24) 28 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე - ე. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 21 ივლისს ე. მ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის ასაკით პენსიონერი. 2023 წლის 1 მაისამდე იღებდა კუთვნილ სახელმწიფო გასაცემელს/პენსიას. 2009 წლის 1 თებერვლიდან მუშაობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ...ში, შრომითი ხელშეკრულებით - ...ს პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის 2023 წლის 7 ივნისის SSA 8 23 00597243 წერილით ეცნობა, რომ 2023 წლის 7 მაისიდან შეწყვეტილი ჰქონდა სახელმწიფო გასაცემელი - პენსია, იმ საფუძვლით რომ დასაქმებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და უფლება არ ჰქონდა ხელფასთან ერთად მიეღო პენსია. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2023 წლის 4 ივლისის SSA 4 23 00700036 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის 2023 წლის 7 ივნისის SSA 8 23 00597243 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც ე. მ-ეს შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) 2023 წლის 1 მაისიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის SSA 4 23 00700036 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, ე. მ-ეის სასარგებლოდ 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ასევე დაკავებული პენსიის 2023 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის 2023 წლის 7 ივნისის SSA 8 23 00597243 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. მ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) 2023 წლის 1 მაისიდან შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის SSA 4 23 00700036 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე. მ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის აღდგენისა და სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) ანაზღაურების შესახებ მოსარჩელე ე. მ-ეის სასარგებლოდ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალურმა სერვის-ცენტრმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. ამასთან, მითითებული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

,,მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. მ-ე 2009 წლის 1 თებერვლიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ...ის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (...ს) პოზიციაზე. ე. მ-ეს პენსია დაენიშნა 1995 წლის 10 მარტიდან, ხოლო სახელმწიფო პენსია შეუწყდა 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ, მითითებულია, რომ სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტო, შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს დასახელებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის ...ში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. ამრიგად, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეული (სამსახურები). იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელი მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად (სამსახურებად) მიიჩნევდა, ნორმას სხვაგვარად ჩამოაყალიბებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალურმა სერვის-ცენტრმა.

კასატორების განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის № 05/05 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. ამავე ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში და ვერ მოხდება აღნიშნული მუზეუმის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მიჩნევა (სააგენტოსაგან გამიჯვნა).

კასატორის განმარტებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის № 279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით რეგლამენტირებული პირობა. მოსარჩელე ე. მ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ...ში, შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პენსიის მიღებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები (სუსგ №ბს-1108(კ-21), 20.06.2023წ.).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის 2023 წლის 7 ივნისის SSA 8 23 00597243 წერილით ე. მ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის („სახელმწიფო პენსიის შესახებ“, საქართველოს მთავრობის დადგენილების - ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“) თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ვინაიდან, ე. მ-ე მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნაკრძალში, იგი ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. ელენე მანაგაძეს სწორედ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად სააგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალებია: ა) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; ბ) პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; გ) სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი; დ) ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ე) დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; ვ) სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ზ) უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; თ) ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ი) დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; კ) ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ლ) უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი; მ) ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი; ნ) მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი; ო) ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; პ) გრემის მუზეუმი; ჟ) მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი; რ) დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი; ს) ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია- რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური). ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ- ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან, მაგრამ დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. შესაბამისად, ქუთაისის ...ში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, არსებულ მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე კი, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის 6 ივლისის № გ6212 წერილზე, რომლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ამავე კანონის 1261 მუხლის თანახმად, კულტურული საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას. ასევე, მისი თანამშრომელი არ მიიჩნევა საჯარო მოსამსახურის/ მოხელის სტატუსის მქონე პირად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა გამონაკლისი დაუშვა მუზეუმში დასაქმებულებზე განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა აღნიშნული საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, მაგრამ საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ ე. მ-ესთან მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალებისა და დაკავებული პენსიის 2023 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ანაზღაურების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე