საქმე №ბს-627(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 27 მარტს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში, 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო თვის შესრულებულ სამუშაოზე შპს „...ს“ განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 11 300 (თერთმეტიათას სამასი) ლარის ოდენობით, რაც შეადგენს კომპონენტის თვის ბიუჯეტის (565 000 ლარი) 2%-ს. აღნიშნული ჯარიმა უკავშირდება პროგრამის ბენეფიციარების: გ. კ-ის (პ/ნ ...), კ. ტ-ის (პ/ნ ...), ა. ლ-ის (პ/ნ ...), ზ. ქ-ისა (პ/ნ ...) და გ. თ-ის (პ/ნ ...) შემთხვევებს.
მოსარჩელის მითითებით, გ. კ-ის შემთხვევაში, დოკუმენტის სტატუსი გაუქმდა გარდაცვალების მიზეზით; დოკუმენტის გაუქმების თარიღი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი) - 27/10/22წ. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა პრეპარატის გატანის უფლებით. შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში დაფიქსირებულია ოქტომბრის თვეში 31 ვიზიტი; კ. ტ-ე - დოკუმენტის სტატუსი გაუქმდა გარდაცვალების მიზეზით. დოკუმენტის გაუქმების თარიღი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი) - 23/10/22წ. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა პრეპარატის გატანის უფლებით. შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში დაფიქსირებულია ოქტომბრის თვეში 27 ვიზიტი; ა. ლ-ე - დოკუმენტის სტატუსი გაუქმდა გარდაცვალების მიზეზით. დოკუმენტის გაუქმების თარიღი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი) - 24/10/22წ. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა პრეპარატის გატანის უფლებით. შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში დაფიქსირებულია ოქტომბრის თვეში 24 ვიზიტი; ზ. ქ-ი - დოკუმენტის სტატუსი გაუქმდა გარდაცვალების მიზეზით. დოკუმენტის გაუქმების თარიღი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი) - 07/10/22წ. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა პრეპარატის გატანის უფლებით. შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში დაფიქსირებულია ოქტომბრის თვეში 7 ვიზიტი; გ. თ-ი - დოკუმენტის სტატუსი გაუქმდა გარდაცვალების მიზეზით. დოკუმენტის გაუქმების თარიღი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი) - 18/10/22წ. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა პრეპარატის გატანის უფლებით. შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში დაფიქსირებულია ოქტომბრის თვეში 31 ვიზიტი.
მოსარჩელის განმარტებით, ბენეფიციარების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ცენტრი იღებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი თვის შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შემდეგ. ამ დროს პროგრამაში მედიკამენტის ხარჯი და ვიზიტი გაფორმებულია გატანილი პრეპარატის შესაბამისად, რაც სააგენტოსთვის გახდა საჯარიმო სანქციის გატარების მიზეზი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბერის №HA92200688934 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/გადაწყვეტილების თანახმად, ცენტრის მიმართ გამოყენებულ იქნა „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია და ანაზღაურებას არ დაექვემდებარა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, 1/10/2022-დან 31/10/2022-ის ჩათვლით პერიოდზე განსაზღვრული ლიმიტის (565 000 ლარი) 2%, რამაც შეადგინა 11 300.00 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2023 წლის 24 თებერვლის №HA42300204538 გადაწყვეტილებით შპს „...ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის №HA92200688934 გადაწყვეტილების, „შპს „...ის“ 2023 წლის 16 იანვრის (ს/კ ...) (სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული: 17.01.2023 წელს, №47242) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 24 თებერვლის №HA42300204538 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს „...ს“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულად აუნაზღაურდება დაკორექტირებული თანხა სადავო შემთხვევებზე 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის №HA 9 22 00688934 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 24 თებერვლის №HA42300204538 გადაწყვეტილება „შპს „...ის“ 2023 წლის 16 იანვრის (ს/კ: ...) (სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული: 17.01.2023 წელს, №47242) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე შპს „...ისთვის“ სადავო შემთხვევებზე დაკორექტირებული თანხის - 11 300 (თერთმეტიათას სამასი) ლარის სრულად ანაზღაურება დაევალა.
საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 დეკემბრის №11-1ნ-150 მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე, 2022 წლის 19 დეკემბრის „ანაზღაურებაზე უარის“ მქონე შემთხვევათა რეესტრით - ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში, 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო თვის შესრულებულ სამუშაოზე შპს „...ს“ განესაზღვრა ჯარიმა 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით, რაც შეადგენს თვის ბიუჯეტის (565 000 ლარი) 2%-ს. აღნიშნული ჯარიმა უკავშირდება პროგრამის ბენეფიციარების: გ. კ-ის, კ. ტ-ის, ა. ლ-ის, ზ. ქ-ისა და გ. თ-ის შემთხვევებს.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წლის ოქტომბრის თვეში მოსარგებლეებს უფიქსირდებათ საანგარიშგებო თვის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება - იმ რაოდენობის ვიზიტისა და მეთადონის შესაბამისი დოზის მიღება, რომელიც შეუსაბამოა ზემოაღნიშნული პიროვნებების გარდაცვალების თარიღებთან. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გარდაცვლილი პირისთვის მომსახურების მიწოდებისა და გარდაცვლილი პირის სახელზე მეთადონის გაცემის ფაქტს.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიმართ გატარდა „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია და ანაზღაურებას არ დაექვემდებარა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი, 1.10.2022წ.-დან 31.10.2022წ.-ის ჩათვლით პერიოდზე განსაზღვრული ლიმიტის (565 000 ლარი) 2%, რამაც შეადგენა 11 300 ლარი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების 22-ე მუხლის მე-16, მე-20, 21-ე პუნქტებზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის ანაზღაურების უარის თქმის საფუძველი გახდა გარდაცვლილი პირების სახელზე მეთადონის გაცემის ფაქტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბენეფიციარების გარდაცვალების შესახებ მოსარჩელე ინფორმაციას იღებს სააგენტოდან შესაბამისი თვის შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შემდეგომ. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესაბამისი მინდობილობის ან/და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ბენეფიციარისთვის განკუთვნილი მედიკამენტის 7 დღის დოზის გატანა შეუძლია მინდობილ პირს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტში მოხსენიებული პირები სარგებლობდნენ პრეპარატის გატანის უფლებით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...ისთვის“ არავის მიუწოდებია ინფორმაცია მითითებული ბენეფიციარების გარდაცვალების შესახებ, მას ოქტომბრის თვის დასრულებამდე ვერ ეცოდინებოდა აღნიშნული ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ თუ ბენეფიციარის მინდობილი პირი არ მიაწვდიდა შპს „...ს“ ინფორმაციას ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ, აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდებოდა მხოლოდ თვის შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შემდგომ. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო გარდაცვლილ პირებზე მეთადონის გაცემის შემთხვევა, რის გამოც „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე, გატარდა საჯარიმო სანქცია. ამასთან, თუ დღევანდელი მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებას აქვს ბაზებზე წვდომა და სააგენტო მას ეხმარება აღნიშნული ინფორმაციის მიღებაში, ეს პროგრამის მიმწოდებელს არ ათავისუფლებს პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისაგან. სამედიცინო დაწესებულება, როგორც პროგრამის მიმწოდებელი, ვალდებულია თავად მოიპოვოს შესაბამისი სამსახურებისგან აღნიშნულ ბაზებზე წვდომა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უფრო ხშირად მედიკამენტები გაიცემა მინდობილობის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის სახეზე იყო ფორსმაჟორული ვითარება. კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის №HA92200688934 გადაწყვეტილების, „შპს „...ის“ 2023 წლის 16 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 24 თებერვლის №HA42300204538 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს აუნაზღაურდება სადავო შემთხვევებზე დაკორექტირებული თანხა - 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2022 წლის 16 დეკემბრის №11-1ნ-150 მიღება-ჩაბარების აქტითა და 2022 წლის 19 დეკემბრის „ანაზღაურებაზე უარის“ მქონე შემთხვევათა რეესტრით - ოქმით დგინდება, რომ „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში, 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო თვის შესრულებულ სამუშაოზე შპს „...ს“ განესაზღვრა ჯარიმა 11 300 (თერთმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით, რაც შეადგენს თვის ბიუჯეტის (565 000 ლარი) 2%-ს. აღნიშნული ჯარიმა უკავშირდება პროგრამის ბენეფიციარების: გ. კ-ის, კ. ტ-ის, ა. ლ-ის, ზ. ქ-ისა და გ. თ-ის შემთხვევებს.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის №HA92200688934 გადაწყვეტილების თანახმად, რეესტრში მითითებული მოსარგებლის - გ. კ-ის დოკუმენტის სტატუსი გაუქმებული იყო გარდაცვალების მიზეზით; დოკუმენტის გაუქმების თარიღი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი) - 27.10.2022წ. პიროვნების ოქტომბრის თვის (1.10.2022წ.-დან 31.10.2022წ.-ის ჩათვლით პერიოდში) შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში უფიქსირდებოდა თვის განმავლობაში 31 ვიზიტი. მოსარგებლის - კ. ტ-ის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი - 23.10.2022, პიროვნების გარდაცვალების თარიღი 23.10.2022წ. ამასთან, აღნიშნულ მოსარგებლეს 2022 წლის ოქტომბრის თვის (1.10.2022წ.-დან 31.10.2022წ.-ის ჩათვლით პერიოდში) შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში უფიქსირდებოდა თვის განმავლობაში 27 ვიზიტი. რეესტრში მითითებული მოსარგებლის - ა. ლ-ის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი - 24.10.2022, პიროვნების გარდაცვალების თარიღი - 22.10.2022წ. ამასთან, აღნიშნულ მოსარგებლეს 2022 წლის ოქტომბრისთვის (1.10.2022წ.-დან 31.10.2022წ.-ის ჩათვლით პერიოდში) შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში უფიქსირდებოდა თვის განმავლობაში 24 ვიზიტი. რეესტრში მითითებული მოსარგებლის - ზ. ქ-ის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი - 07.10.2022წ., პიროვნების გარდაცვალების თარიღი - 06.10.2022წ. ამასთან, აღნიშნულ მოსარგებლეს 2022 წლის ოქტომბრის თვის (1.10.2022წ.-დან 31.10.2022წ.-ის ჩათვლით პერიოდში) შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში უფიქსირდებოდა თვის განმავლობაში 7 ვიზიტი. რეესტრში მითითებული მოსარგებლის - გ. თ-ის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი - 18.10.2022წ., პიროვნების გარდაცვალების თარიღი 17.10.2022წ. ამასთან, აღნიშნულ მოსარგებლეს 2022 წლის ოქტომბრის თვის (01.10.2022წ.-დან 31.10.2022წ.-ის ჩათვლით პერიოდში) შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალში უფიქსირდებოდა თვის განმავლობაში 31 ვიზიტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წლის ოქტომბრის თვეში მოსარგებლეებს უფიქსირდებათ საანგარიშგებო თვის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება - იმ რაოდენობის ვიზიტისა და მეთადონის შესაბამისი დოზის მიღება, რომელიც შეუსაბამოა ზემოაღნიშნული პიროვნებების გარდაცვალების თარიღებთან. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გარდაცვლილი პირებისთვის მომსახურების მიწოდებისა და გარდაცვლილი პირების სახელზე მეთადონის გაცემის ფაქტს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მიმწოდებლის მიმართ გატარდა „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, კერძოდ, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ დარღვევის ტიპზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს ფილიალების მეშვეობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ დარღვევის ტიპზე ამავე ფილიალისთვის თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით.
აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „...ისგან“ (მისამართი: ქ. თბილისი, ... №2), ხოლო ერთი თვის ლიმიტი შეადგენს (გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა) 565 000 ლარს. შესაბამისად, გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია და ანაზღაურებას არ დაექვემდებარა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი, 1.10.2022წ.-დან 31.10.2022წ.-ის ჩათვლით პერიოდზე განსაზღვრული ლიმიტის (565 000 ლარი) 2%, რამაც შეადგენა 11 300 ლარი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის №HA92200688934 გადაწყვეტილება და სადავო შემთხვევების სრულად ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 24 თებერვლის №HA 4 23 00204538 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022წლის 12 იანვრის №4 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (შემდგომ - პროგრამები) მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი). ზემოაღნიშნული პროგრამების 9.3 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, თუ პროგრამის დამატებითი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული დადგენილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულად ანაზღაურებაზე უარი, ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა; დ) პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება დადგენილების მე-16 მუხლის შესაბამისად. ამავე დადგენილების 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ დარღვევის ტიპზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს ფილიალების მეშვეობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ დარღვევის ტიპზე ამავე ფილიალისთვის თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით. ამავე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დადგენილების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. ამავე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად კი, საჯარიმო სანქციების გამოყენების საკითხი, ტექნიკური მიზეზით გამოწვეულ, დადგენილების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, განიხილება და გადაწყდება განმახორციელებლის/რეგულირების სააგენტოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 23.12.2022წ. გასაჩივრებული აქტი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მომსახურების მიმწოდებელმა გარდაცვლილ პირებზე გასცა მედიკამენტები. ამდენად, სასამართლოს მხრიდან შესაფასებელია, იყო თუ არა სახეზე ზემოაღნიშნული გარემოება, ასევე, საჯარიმო სანქციის გამოყენება ხომ არ გამოირიცხებოდა ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკის“ 6.4 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.
ამავე მეთოდიკის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 7.8 მუხლის თანახმად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის მიწოდება ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სსკ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე). განსაკუთრებულ შემთხვევებში, ბინაზე ხანგრძლივად მკურნალობისას (2 თვეზე მეტი პერიოდი) გამონაკლისის სახით ხორციელდება პაციენტისთვის განკუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ 5 დღის მარაგის ოდენობის მიწოდება. ბინაზე მიწოდება შესაძლებელია გაგრძელდეს დაავადების დიაგნოზის შესაბამისად საჭიროების პერიოდში. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე და ტუბეკულოზის ბაქტერიაგამყოფი აქტიური ფორმით დაავადებულ პირებზე შესაძლებელია ერთდროულად გაიცეს 7 დღის მარაგის ოდენობა.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ ხუთივე ბენეფიციართან მიმართებით შესაბამის პირებს მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ უფლება შპს „...იდან“ გამოეტანათ პაციენტებისთვის დანიშნული მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით ასევე დასტურდება, რომ გ. კ-ი, კ. ტ-ე, გ. თ-ი, ა. ლ-ე და ზ. ქ-ი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობდნენ ბინაზე, მათგან უმეტესობას 7-დღიანი პერიოდისთვის საკმარისი წამლის გატანის უფლებამოსილება გააჩნდათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მხარემ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითბისას უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და იმ გარემოების დადასტურება, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის ცნობილი იყო ბენეფიციარების გარდაცვალების ფაქტის თაობაზე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ფარმაცევტულ საბითუმო ბაზაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეალიზაციის წესზე“ და აღნიშნა, რომ ხსენებული წესი არეგულირებს პაციენტზე მედიკამენტის გაცემის პროცედურას, რა დროსაც უშუალოდ ბენეფიციარზე მედიკამენტის გაცემა ხდება პირადობის მოწმობის საფუძველზე, ხოლო თუ მედიკამენტი მინდობილ პირს გააქვს - მინდობილობის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა შესაბამისი ბაზა და ბერკეტი, რათა გადაემოწმებინა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე განახლებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ გააქარწყლა მოსარჩელის არგუმენტაცია მასზედ, რომ მათთვის სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირებამდე, კერძოდ, ბენეფიციართა მონაცემების სსიპ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან დადარებამდე, სამედიცინო დაწესებულებისთვის უცნობი იყო პროგრამით მოსარგებლე პირთა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისად, შპს „...ის“ მიერ მინდობილობების საფუძველზე მედიკამენტების გაცემა სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ სახეზე არ არის მოსარჩელის მხრიდან გარდაცვლილი პირებისთვის მომსახურების მიწოდება და მათ სახელზე მეთადონის გაცემა, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შპს „...ს“ ჰქონდა ინფორმაცია ბენეფიციარების გარდაცვალების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იყო შესაბამისი სამსახურების მეშვეობით დამოუკიდებლად მოეძიებინა ინფორმაცია ბენეფიციარების გარდაცვალების თაობაზე, უსაფუძვლოა, ვინაიდან თავად კასატორიც ვერ მიუთითებს ნორმატიულ დანაწესზე, რომლითაც დადგენილია მომსახურების მიმწოდებლის ზემოაღწერილი ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამოირიცხება სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობა ბენეფიციარების გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის მოუძიებლობის კუთხით, რის გამოც არ არსებობდა 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი საჯარიმო სანქციის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის №ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).“
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა რამდენიმე სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 24.07.2024წ. №21618 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 565 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 395.50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.07.2024წ. №21618 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 565 ლარის 70 პროცენტი - 395.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა