Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-668(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ი. შ-ი, ლ. გ-ი, გ. შ-ი, მ. შ-ი, ა. შ-ი, ან. შ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. შ-მა, ლ. გ-მა, გ. შ-მა, მ. შ-მა, ა. შ-მა და ან. შ-მა 2022 წლის 06 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხის 2022 წლის 29 მარტის №03-1992/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ი. შ-ის, ლ. გ-ის, გ. შ-ის, მ. შ-ის, ა. შ-ისა და ან. შ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, ი. შ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და მონაცემთა ბაზის მიხედვით დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ..., ... ქ. №2, ბინა №51. ი. შ-ს ჰყავს ოჯახი, მეუღლე- ლ. გ-ი და 4 შვილი: გ., მ., ა. და ან. შ-ები. ა. და ან. შ-ები არიან არასრულწლოვანები. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან იღებენ ყოველთვიურად ფულად დახმარებას. ი. შ-ი ამავდროულად არის ომის ვეტერანი. ი. შ-მა რამდენიმე წლის წინ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

მოსარჩელის ოჯახს 2022 წლის 04 აპრილს ჩაჰბარდათ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 მარტის №03-1992/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც, ი. შ-ის ოჯახს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ი. შ-ის დევნილმა ოჯახმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, მათთვის გაუგებარი იყო თუ რა იგულისხმებოდა გადაუდებელი საჭიროების არ არსებობად, მაშინ, როდესაც ექვს სულიანი ოჯახი, მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვები, ცხოვრობდნენ ქირით უმძიმეს პირობებში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ გააჩნდათ, ისევე, როგორც უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ბინის დაქირავების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან სააგენტომ არ გაითვალისწინა ი. შ-ის ოჯახის მდგომარეობა და უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მოსარჩელეებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სააგენტოს სადავო აქტის ბათილად ცნობა და ი. შ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ი. შ-ის, ლ. გ-ის, გ. შ-ის, მ. შ-ის, ა. შ-ისა და ან. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1992/ო ბრძანება და მოპასუხეს ი. შ-ის ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, ი. შ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომლის სარეგისტრაციო ნომერზე დარეგისტრირებულები არიან დევნილები: მ. შ-ი (შვილი), ა. შ-ი (არასრულწლოვანი შვილი), ან. შ-ი (არასრულწლოვანი შვილი), სხვა სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებული არიან ლ. გ-ი (მეუღლე) და გ. შ-ი (შვილი). ი. შ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა - აფხაზეთი, სოხუმი, ... ქუჩა №5, ბინა №78.

ი. შ-ი არის ვეტერანი, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით ი. შ-ის ოჯახს განმეორებითი შეფასების შედეგად მიენიჭა - 7 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნათხოვარი - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 წევრი) – 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 30001 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები - 3 ქულა და ომის ვეტერანი/ომში მონაწილეობა - ი. შ-ი ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.

სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ი. შ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის აუცილებლობა, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით, ი. შ-ის ოჯახს ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, დაურეგისტრირებელ ფართში ცხოვრების გამო (დააკლდა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში 1.5 ქულა), უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ გააჩნდათ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო ცხოვრობდნენ ი. შ-ის დის უძრავ ქონებაში, რომელიც სარჩელის წარდგენის დროისთვის უკვე გასხვისებული იყო და ი. შ-ის ოჯახი ცხოვრობდა ქირით. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახი მინიჭებული ქულათა გათვალისწინებით საჭიროებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე და აღნიშნა, რომ დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნოდა, არ იძლეოდა იმის დადგენის შესაძლებლობას, თუ რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთული იყო აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. შ-ის დევნილი ოჯახისთვის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო ეწინააღმდეგებოდა ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რაც ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ი. შ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენელი მიუთითებს სააპელაციო პალატის მსჯელობაზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, რასაც სააგენტოს წარმომადგენელი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ი. შ-ი 2006 წლიდან ცხოვრობს დის საკუთრებაში, რომელიც თავის მხრივ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ამ ეტაპზე მას სასწრაფოდ საკუთრება არ სჭირდება. შესაბამისად, არ დგება მოსარჩელე საშიშროების წინაშე, რომ იგი აღმოჩნდება თავშესაფრის გარეშე. მას შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს დის საკუთრებით, რომელიც 2006 წლიდან მის ფაქტობრივ მფლობელობაშია. მეტიც, სასამართლოში ზეპირსიტყვიერად განმარტებულ იქნა, რომ ქირას უხდის დას და აგზავნის ქირის თანხას ავტობუსით, ეს ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, რადგან არანაირი ხელშეკრულება და თანხის გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. ასევე სააპელაციო სასამართლოში გაჟღერებული ზეპირსიტყვიერი განმარტება, სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, სადაც მხარემ განაცხადა, რომ სადავო მისამართზე უკვე აღარ ცხოვრობს, რადგან მისმა დამ მისი საცხოვრებელი ფართი გაყიდა და ცხოვრობს ქირით. უფრო მეტიც, საქმეში არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ. ასევე არც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი წერილობითი ქირავნობის ხელშეკრულება, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით მხარეს სურს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებებით სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები გახლდათ იმ სახის მტკიცებულებები, რაც აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1992/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით ი. შ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის მოტივით, უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ხოლო დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.07.2019წ. №01-52/ო ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. შ-ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, იგი ამავდროულად არის ომის მონაწილე, ვეტერანი. ი. შ-ის მეუღლე და შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ი. შ-მა, როგორც ვეტერანის დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა 2019 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. განაცხადი გააკეთა დევნილ მეუღლესა და შვილებთან ერთად. ი. შ-ის ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8 ქულა, ხოლო 2021 წლის 23 სექტემბერსა და პირველ ნოემბერს ი. შ-ის ოჯახი განმეორებით შეფასდა და მიენიჭა 7 ქულა, მათ შორის, კრიტერიუმში - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნათხოვარი - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 წევრი) - 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 30001 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები - 3 ქულა და ომის ვეტერანი/ომში მონაწილეობა - ი. შ-ი ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.

2021 წლის 22 ნოემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეები - ი. შ-ი, ლ. გ-ი, გ. შ-ი, მ. შ-ი, ა. შ-ი, ან. შ-ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებენ შემწეობას. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია გარდაბნის რაიონი, სოფელი ..., ..., ..., კორპუსი №18/ა, ბინა №27.

მონიტორინგის ოქმის თანახმად, 2021 წლის 18 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი გარდაბანში, სოფელ ...ში, ...ში, სადაც მონიტორინგის წარმომადგენლებს დახვდათ ი. შ-ი ოჯახთან ერთად. მონიტორინგის წევრებს ი. შ-მა განუმარტა, რომ იგი 2006 წლიდან ოჯახთან ერთად ქირის გარეშე ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად გარკვეულ თანხას იხდიან, ხოლო მანამდე ცხოვრობდნენ ქირის გარეშე სხვადასხვა მისამართზე. აღნიშნული ფართი დაურეგისტრირებელია, თუმცა ი. შ-ის განმარტებით ეკუთვნის მის დას - მ. შ-ი-კ-ს, რომელიც ამ ეტაპზე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ამავე ფართში ცხოვრობდა 2006 წლამდე. ასევე აღინიშნა, რომ ვინაიდან მ. შ-ი-კ-ს მეუღლე 2014 წელს გარდაეცვალა, გარკვეული პერიოდულობით ი. შ-ი უგზავნის ბინის ქირას, რადგან იგი დაავადებულია სიმსივნით და ჰყავს სამი შვილი, აქედან ორი არასრულწლოვანი.

საქმეში ასევე დაცულია ნოტარიულად დამოწმებული 2022 წლის 15 მარტის განცხადება, რომლითაც ნ. ჩ-ა და ტ. კ-ი ადასტურებენ, რომ უძრავი ნივთი, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახი ეკუთვნის მ. კ-ს, რომელიც ამჟამად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. მან უძრავი ნივთი შეიძინა 90-იან წლებში გ. მ-ოსგან. მათივე განმარტებით მ. კ-მა ვერ მოახერხა აღნიშნული უძრავი ნივთის თავის სახელზე დარეგისტრირება, ვინაიდან 2000-იანი წლების დასაწყისში გადავიდა რუსეთის ფედერაციაში დროებით საცხოვრებლად, ხოლო ზემოაღნიშნული ბინა დროებით ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა აფხაზეთიდან დევნილებს - თავის ძმას ი. შ-ს ცოლ-შვილთან - მეუღლე ლ. გ-თან და შვილებთან გ., მ., ა. და ან. შ-ებთან ერთად, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2023 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ. შ-ი, რომელიც არის ი. შ-ის ძმა. მ. შ-ის განმარტებით, მ. შ-ს გადაწყვეტილი აქვს ბინის გაყიდვა, თუმცა ძმას გარეთ ვერ დატოვებს, რადგან ი. შ-ს სხვა საცხოვრებელი არ აქვს და საკუთრებაში არ გააჩნია რაიმე უძრავი ქონება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით დადასტურებულია მოსარჩელისა და მისი ოჯახის ი. შ-ის დის სახლში ცხოვრების ფაქტი და კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული 7 ქულით, როგორც ვეტერანი დევნილი, ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დის სახლში ცხოვრება არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ განმცხადებელს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით სარგებლობის (ქირით ან ქირის გარეშე) ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუსგ №ბს-156(კ-20); 18.03.2020წ.). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო დევნილი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონის შესაბამისობასთან მიმართებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ზეპირი განხილვის სხდომაზე გაირკვა, რომ ი. შ-ი და მისი ოჯახი სარჩელის წარდგენის დროისთვის უკვე აღარ ცხოვრობდნენ დის სახლში, ვინაიდან აღნიშნული ქონება გაიყიდა და ოჯახს ამჟამად უწევს ქირით ცხოვრება და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ი. შ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შეფასების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა