Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-226(2კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ჯ-ა

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე დანიშვნა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მიუღებელი შემოსავლისა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 28 დეკემბერს გ. ჯ-ამ სარჩელით, ხოლო 2022 წლის 18 მაისს კი დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №ს/1/2/20 კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის გასაუბრების გარეშე გ. ჯ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე დანიშვნისა და მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) ანაზღაურების დავალება მისი გათავისუფლების მომენტიდან - 2018 წლის 16 იანვრამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ყოველთვიურად 1700 ლარი, ხოლო 2018 წლის 16 იანვრიდან - 2021 წლის 29 დეკემბრამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის - ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 29 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის - ყოველთვიურად - 2200 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მოსარჩელემ მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მოპასუხისთვის გ. ჯ-ას მიმართ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 15 აგვისტოს გ. ჯ-ა იძულებული გახდა ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი განცხადებით დაეტოვებინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობა და დაეკავებინა იმავე სამსახურის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა. ამასთან, იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელე დაექვემდებარა კონკურსს. მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ თანამდებობაზე არცერთ სხვა კანდიდატს პირველი ეტაპიც არ გადაულახავს და მოსარჩელეს კონკურენტი რეალურად არ ჰყავდა, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და იგი თანამდებობაზე არ დანიშნეს.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ დასახელებულმა საკითხმა ორჯერ გაიარა სამივე ინსტანციის სასამართლო, სადაც მისი მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მითითებით, უკვე მესამე კონკურსი იყო სახეზე, როდესაც მას უარი ეთქვა თანამდებობაზე დანიშვნაზე და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიუხედავად, მისთვის რეალური შედეგი არც ერთხელ დამდგარა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონთან. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მან დაკარგა სამსახური, შეწყდა მისი 8 წლიანი სტაბილური საჯარო მოსამსახურის კარიერა და 2014 წლიდან დღემდე ვერ ახერხებდა დარღვეული უფლების აღდგენას, მისთვის უნდა მომხდარიყო მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე 2014 წლიდან დღემდე გასაჩივრებული ყველა აქტის ბათილობასთან ერთად მიუთითებდა მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შესახებ და განმარტავდა, რომ სახეზე იყო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის განგრძობადად მიმდინარე ფაქტი, მისი პოლიტიკური წარსულის გამო, ვინაიდან იყო ...ის წევრი ...ის პარტიული სიით და პირველი გასაუბრებისას კომისიის წევრები მას პოლიტიკური ხასიათის კითხვებს უსვამდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №ს/1/2/20 კომისიის სხდომის ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ჯ-ასთან მიმართებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ჯ-ას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ორი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №3/1796-15 გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1389(კ-18) გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა განმეორებით კონკურსის ჩატარება და იმ გარემოებების დასაბუთება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კონკრეტული კრიტერიუმის შეფასებისას რამ განაპირობა მოსარჩელის დაბალი ქულით შეფასება და რატომ მიიჩნია მოპასუხემ, რომ გ. ჯ-ა ვერ აკმაყოფილებდა ამა თუ იმ კრიტერიუმს.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1389(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ განიხილა გ. ჯ-ას კანდიდატურის ხელახალი შეფასების საკითხი და 2020 წლის 30 სექტემბერს განახორციელა გ. ჯ-ასთან გასაუბრება. შედეგად, ორივე თანამდებობაზე გ. ჯ-ას შეფასება განისაზღვრა 1,85 - 1,85 ქულით (მინიმალურ ზღვრულ გამსვლელ ოდენობაზე 3 (სამი) ქულაზე დაბალი). კომისიამ, 2020 წლის 24 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ერთხმად გადაწყვიტა არ გაეწია რეკომენდაცია გ. ჯ-ასთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, შესაბამისი თანამდებობების დასაკავებლად, ვინაიდან გასაუბრების პროცესიდან, კერძოდ, კი კომისიის მხრიდან დასმული კითხვებისა და პასუხების ანალიზიდან ირკვეოდა, რომ კანდიდატის პროფესიული ცოდნა და გამოცდილება საკმარისად ვერ პასუხობდა იმ მიზნებს და გამოწვევებს, რის წინაშეც იდგა მუნიციპალური ინსპექცია, მისი ცოდნა სამსახურის სამოქმედო სამართლებრივი ბაზის შესახებ არ იყო დამაკმაყოფილებელი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური შეფასების ფორმების მიხედვით, თითოეულმა კომისიის წევრმა კანდიდატის შეფასებისას მხოლოდ ქულათა ოდენობა მიუთითა და გაურკვეველი იყო კომისიის წევრების მიერ გ. ჯ-ას შეფასების კრიტერიუმები, ვინაიდან კომისიის წევრების მხრიდან არ იყო დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2020 წლის 30 სექტემბრის ჩანაწერის, ინდივიდუალური შეფასების ფორმების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდებოდა პროპორციულობისა და თანაზომიერების დაცვა კომისიის წევრების მიერ კანდიდატთან გასაუბრებისას გამოთქმულ მოსაზრებებსა და ინდივიდუალურ შეფასების ფორმებში ასახულ ქულებს შორის.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 და 3633 მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესაბამისად, სახეზე არ იყო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - გ. ჯ-ა მიიჩნევს, რომ საქმე თავისი შინაარსით და მნიშვნელობით პრეცედენტულია და სახეზეა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, კერძოდ, გ. ჯ-ას თითქმის 10 წლიან მცდელობას, დაეკავებინა შესაბამისი თანამდებობა, ვერ პასუხობდა ვერც ერთი გადაწყვეტილება. კერძოდ, კომისიის სხდომის ოქმების ბათილობისა და საქმის უკან დაბრუნების არაერთი მითითების მიუხედავად, კასატორის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების დაცვა და რეალიზება ვერ განხორციელდა.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავად შეეფასებინათ მოცემული გასაუბრების ოქმი შინაარსობრივად და მიესადაგებინათ დადგენილ კრიტერიუმებთან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მათ თავად აღნიშნეს, რომ მთლიანობაში გ. ჯ-ას დანიშვნაზე უარი დაუსაბუთებელი იყო.

კასატორმა მიუთითა კომისიის ოქმზე თანდართული დანართ №2-ით განსაზღვრულ შეფასების ფორმებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ თითოეული კომისიის წევრი მოსარჩელეს აფასებდა ორი სხვადასხვა პოზიციის შესაბამისად, თუმცა დოკუმენტაციის შესაბამისად ნათელი იყო, რომ ორივე ვაკანსიაზე შეფასების ფორმაში მონიშნული იყო იდენტური ქულები, საშუალოზე მაღალი შეფასება კი მას არცერთ კრიტერიუმში არ ჰქონდა მიღებული.

კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მისმა დავამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან რამდენჯერმე გაიარა სამი ინსტანციის სასამართლო, რომლებმაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება კომისიის ოქმების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ, ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოს მიეცა შესაძლებლობა დაესაბუთებინა მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მათი მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნები არ იქნა გაზიარებული. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოების გადაწყვეტილებები მისი მოთხოვნის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლით დაკმაყოფილების თაობაზე რეალური შედეგისკენ არ არის მიმართული და მისთვის უფლების აღდგენის ეფექტური საშუალება ვერ იქნება, ვინაიდან მერიის პოზიცია არ იცვლება და ისინი კვლავ მიიღებენ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას.

კასატორმა დამატებით მიუთითა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის სახით მისთვის 10 000 ლარის ანაზღაურებაზე და აღნიშნა, რომ სახეზე იყო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის განგრძობადი ფაქტი, ვინაიდან იგი წარსულში იყო ...ის წევრი ...ის პარტიული სიით.

კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1389(კ-18) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ კანდიდატს მიეცა შესაძლებლობა წარმოეჩინა საკუთარი თავი და ის უნარები, რომლებიც კომისიის წევრებს მისცემდათ საშუალებას დაენახათ კანდიდატის პროფესიული უნარ-ჩვევები, ხედვა, მოტივაცია და კვალიფიკაცია, რომელიც მისცემდა მათ საშუალებას განსახილველ პოზიციაზე მოსარჩელის დასანიშნად.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის წევრების მიერ, გასაუბრების პროცესში დასმულ იქნა სამუშაოსთან დაკავშირებული და სიტუაციური კითხვები, რითაც მოწმდებოდა სამუშაოს სპეციფიკური ცოდნა, თუმცა დასმული კითხვებისა და გ. ჯ-ას პასუხების ანალიზიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ კანდიდატის პროფესიული ცოდნა და გამოცდილება საკმარისად ვერ პასუხობდა იმ მიზნებს და გამოწვევებს, რის წინაშეც იდგა მუნიციპალური ინსპექცია და კანდიდატის ცოდნა სამსახურის სამოქმედო სამართლებრივი ბაზის შესახებ არ იყო დამაკმაყოფილებელი.

კასატორი ასევე განმარტავს, რომ გასაუბრების ეტაპი ჩატარდა გამჭვირვალედ, კომისიამ, კანდიდატის სურვილის შესაბამისად, განახორციელა გასაუბრების აუდიოჩაწერა, რომლითაც დასტურდება, რომ კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ შეკითხვებს, მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე, გ. ჯ-ა ვერ პასუხობდა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გაიზიარა სასამართლოს შეფასება კომისიის წევრების მხრიდან გ. ჯ-ას შეფასების კრიტერიუმების ბუნდოვანებასა და დაუსაბუთებლობაზე და მიუთითა, რომ ოქმის გამოცემის საფუძველი გახდა საქმის მასალებში წარმოდგენილი კომისიის წევრთა მიერ გასაუბრების ეტაპის საბოლოო შეფასება, რომელიც მინიმალურ ზღვრულ ოდენობაზე - 3 ქულაზე დაბალი იყო. საბოლოო შეფასებასთან ერთად კი, წარმოდგენილი იყო კომისიის წევრთა მიერ კანდიდატის ინდივიდუალური შეფასების ფორმა. მერიის განმარტებით, კომისიის თითოეული წევრი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანდიდატი თითოეულ კომპონენტში შეფასდა ცალ-ცალკე, შესაბამისი ქულით. ამასთან, კასატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულყოფილად გამოიყენა ყველა ის პროცედურული ეტაპი, რაც აუცილებელი იყო კანდიდატის დონის სრულყოფილი და ყოველმხრივი დადგენისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ნოემბრის №ს/1/2/20 კომისიის სხდომის ოქმის კანონიერება, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გ. ჯ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის, მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. გარდა ამისა, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის ანაზღაურების საკითხი. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტი მიღებულ იქნა სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1389(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ამდენად, წინამდებარე დავის ფარგლებში, სადავო საკითხის შეფასებისას, პირველ რიგში გამოკვლეულ უნდა იქნეს რამდენად იქნა შესრულებული დასახელებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

ზემოაღნიშნული კანონის V თავი აწესრიგებს მოხელის თანამდებობაზე მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 39-ე მუხლის თანახმად კი, კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. თავის მხრივ, დასახელებული კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს, რომ კონკურსის (ღია კონკურსი, დახურული კონკურსი ან შიდა კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე-42-ე მუხლები უკავშირდება კონკურსის ფარგლებში უშუალოდ კანდიდატის შეფასებისა და კონკურსის შედეგების საკითხს. კერძოდ, 41-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანამიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას. ამავე მუხლის მე-5-მე-6 პუნქტების თანახმად კი, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს. დასახელებული კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი ან თუ საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №3/1796-15 გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 7 თებერვლის №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, გ. ჯ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე რეკომენდაციის მიცემაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №11 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ჯ-ასთან მიმართებაში.

ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №5,7,8/2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, გასაუბრების შედეგად მინიმალურ 3 (სამი) ქულაზე ნაკლები ოდენობით მიღებული შეფასების შედეგად არ მომხდარიყო გ. ჯ-ასთვის რეკომენდაციის გაწევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობებზე.

დადგენილია, რომ განმეორებითი სამართალწარმოების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის №3/6878-17 გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის №3ბ/1627-18 გადაწყვეტილებით შეიცვალა და გ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილდა. თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1389(კ-18) გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №5,7,8/2 ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №11 ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ჯ-ას ხელახალი გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1389(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ, 2020 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... თანამდებობაზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... თანამდებობაზე გ. ჯ-ას კანდიდატურის ხელახალი შეფასების საკითხი და კომისიამ, 2020 წლის 30 სექტემბერს განახორციელა გ. ჯ-ასთან გასაუბრება. შედეგად, ორივე თანამდებობაზე გ. ჯ-ას შეფასება განისაზღვრა 1,85 - 1,85 ქულით (მინიმალურ ზღვრულ გამსვლელ ოდენობაზე 3 (სამი) ქულაზე დაბალი). ოქმში მითითებულ იქნა, რომ კანდიდატის პროფესიული ცოდნა და გამოცდილება საკმარისად ვერ პასუხობდა იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რის წინაშეც იდგა მუნიციპალური ინსპექცია, თუმცა საქმეში არსებული ინდივიდუალური შეფასების ფორმების მიხედვით დადგენილად არის მიჩნეული, რომ კომისიის წევრმა კანდიდატის შეფასებისას მხოლოდ ქულათა ოდენობა მიუთითა და შესაბამის კომენტარის ველში არ არის დასაბუთებული, თუ კონკრეტულ კრიტერიუმს რატომ ვერ აკმაყოფილებდა სათანადოდ გ. ჯ-ა და რამ განაპირობა მისი დაბალი ქულით შეფასება.

დადგენილია, რომ კომისიამ, 2020 წლის 24 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №ს/1/2/20) ერთხმად გადაწყვიტა არ გაწეოდა რეკომენდაცია გ. ჯ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... თანამდებობების დასაკავებლად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ბუნდოვანი და გაურკვეველია კომისიის წევრების მიერ გ. ჯ-ას შეფასების კრიტერიუმები, ვინაიდან კომისიის წევრების მხრიდან არ არის დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, შეფასების თითოეული კრიტერიუმი დამატებით საჭიროებდა დასაბუთებას, თუ რატომ შეფასდა კანდიდატი მითითებული ქულებით. საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური შეფასების ფორმების მიხედვით, თითოეულმა კომისიის წევრმა კანდიდატის შეფასებისას მხოლოდ ქულათა ოდენობა მიუთითა, თუმცა არცერთი ინდივიდუალური შეფასების კრიტერიუმის ქვევით, კომენტარის ველში არ იყო დამატებით მითითებული, შესაბამისი არგუმენტაცია. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას, რომ გასაუბრების პროცესი პრაქტიკულად მიმართული იყო ფორმალური კრიტერიუმების დაცვისკენ და არ იყო ორიენტირებული კითხვარში არსებული კრიტერიუმების რეალურად გამოყენების გზით მოსარჩელის შეფასებისკენ, რაც ავტომატურად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე წარდგენაზე უარი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად მოაწესრიგოს საკითხი რამდენადაც იგი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლომ თავად განუსაზღვროს ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატის შერჩევისა და შეფასების წესი. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო აუცილებლად მიიჩნევს კონკურსში მონაწილე კანდიდატის კვალიფიციურობისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოკვლევის მიზნით გასაუბრების ჩატარებას, დაუშვებელია სასამართლო ამ ეტაპის უგულებელყოფით ახდენდეს მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის დავალებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება და მასში ჩარევის შეუძლებლობა, არ აძლევს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის შესაძლებლობას.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბუნდოვანება და სათანადო დასაბუთების არ ქონა ავტომატურად არ გულისხმობს, რომ სახეზეა კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის წინაპირობები. აღნიშნულს ადასტურებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმად: „მხოლოდ პროცედურული საკითხის განუხორციელებლობა მოსარჩელეს ვერ აქცევს ვაკანტური თანამდებობისათვის შესაფერის კანდიდატად. ის ფაქტი, რომ სასამართლო ვერ აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებს, არ გამორიცხავს ზოგადად კანდიდატის შეფასების შესაძლებლობას, რამეთუ აღნიშნული შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, სასამართლოს მიერ მისთვის დავალების პირობებში, გაატაროს კანდიდატის ხელახალი ან დამატებითი შეფასებისათვის საჭირო ღონისძიებები. თავის მხრივ, ამგვარი შესაძლებლობის არსებობა უსაფუძვლოს ხდის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომისა თუ ხარვეზის გამო სარჩელის ავტომატურ დაკმაყოფილებას“ (სუსგ №ბს-1445(კ-18), 27.05.2020წ.).

საყურადღებოა, რომ გ. ჯ-ას შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მესამე სამართალწარმოების ფარგლებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით გამოვლენილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და მის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს ადმინისტრაციული ორგანოს და მისი მხრიდან სასამართლოს დავალებების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობას ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა, მისი სათანადოდ აღსრულების გარეშე, სასამართლოში სარჩელის წარდგენას აცლის მიზანს და მას უფლების დაცვის არაეფექტურ ღონისძიებად აქცევს. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისთვის სასამართლოს მიერ მიცემული დავალებების კეთილსინდისიერი შესრულების და შესაბამისი სასამართლო აქტის სრულყოფილი აღსრულების ვალდებულება განმტკიცებულია, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მიმდინარე ეტაპზე ვერ იქნება შეფასებული მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლებელია მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს ...ის წინააღმდეგ“, II-3).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომელიც კანონის მიზნად განსაზღვრავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. ხოლო დასახელებული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად კი, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით გათვალისწინებული

მტკიცების ტვირთის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, გ. ჯ-ას მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით მითითებული გარემოებები ვერ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სახეზეა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი და არ იკვეთება აღნიშნული საფუძვლით მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჯ-ას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე