Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1066(კ-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ა-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ა-ემ 2021 წლის 17 თებერვალსა და 2022 წლის 12 აგვისტოს სარჩელებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და საქმეთა გაერთიანებისა (N3-11/2021) და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით აშენებული სოციალური საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით, ეკომიგრანტ ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახების განსახლებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის 2021 წლის 21 ოქტომბრის N5 და 2022 წლის 20 მაისის N11 სხდომის ოქმების ბათილად ცნობა ვ. ა-ეის ნაწილში; საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით აშენებული სოციალური საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით, ეკომიგრანტ ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახების განსახლებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის 2021 წლის 21 ოქტომბრის N5 და 2022 წლის 20 მაისის N11 სხდომის ოქმები ვ. ა-ეის ნაწილში; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე ვ. ა-ეის განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესზე“ და აღნიშნა, რომ ვ. ა-ეის განცხადება კომისიას არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით - არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო. პალატის მითითებით, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დაინტერესებული პირების მონაწილეობით და საჭიროების შემთხვევაში მოწმეთა გამოკითხვის საფუძველზე, ასევე დამატებით მოპოვებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით კომისიამ უნდა დაადგინოს ვ. ა-ეს და მის ოჯახის წევრებს რამდენად უდასტურდებათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მეწყრული პროცესების განვითარების ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლის გარდა, სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართზე საკუთრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი მიუთითებს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესზე, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ კომისია არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განცხადებებს, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 24 ნოემბრის გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად, ვ. ა-ეის საცხოვრებელი სახლი იმყოფება საშიში მეწყრული პროცესების განვითარების ზონაში და ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.

ვ. ა-ემ 2021 წლის 09 მარტს N3657/05 განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2021 წლის 21 ოქტომბრის N5 საოქმო გადაწყვეტილებით ვ. ა-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე იმ მოტივით, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ვ. ა-ეის ოჯახის წევრ ქ. ა-ეს ქალაქ ბათუმში საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი. 2022 წლის 28 აპრილს ვ. ა-ემ კვლავ მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას N19/12822118140-128 განცხადებით და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2022 წლის 20 მაისის N11 საოქმო გადაწყვეტილებით კომისიამ უცვლელი დატოვა 2021 წლის 21 ოქტომბრის N5 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და ვ. ა-ეის მიერ წარმოდგენილი განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

კასატორი თვლის, რომ არ არსებობს ვ. ა-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილების შესაბამისად, არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომელთაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების არსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული ვ. ა-ეის საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის საკითხი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გ. დ-ესა და ქ. ა-ეს შორის 2019 წლის 12 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა №2, ბინა №85 და ბათილად იქნა ცნობილი ქ. ა-ესა და მ. ც-ეს შორის 2020 წლის 03 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა №2, ბინა №85. საქმეში წარმოდგენილია ასევე ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლებითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №2, ბინა №85-ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება მ. ც-ეის საკუთრებაში. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ხსენებული უძრავი ქონების ქ. ა-ეის მიერ სარგებლობა, მეტიც, მოწმის, ქ. ა-ეის მეზობლის - ჯ. ო-ეის განმარტებით, ქ. ა-ეის ერთადერთი საცხოვრებელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ...შია. ასევე, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების თანახმად, სამშენებლო მასალები, ნივთები და ავეჯი - ქ. ბათუმში მდებარე ბინისთვის (...ს ქუჩა, კორპუსი ..., სართული ..., ბინა №...) შეძენილია გ. დ-ეის მიერ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კომისია შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით, რაც გამორიცხავდა, ვ. ა-ეზე დახმარების გაცემას, თუმცა არ გამოუკვლევია და შეუსწავლია ვ. ა-ეის რეალური საცხოვრებელი ადგილი, წარმოადგენდა თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებელს მისი ოჯახის წევრის - ქ. ა-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ქ. ა-ეის საკუთრებაში წარსულში უძრავი ქონების არსებობა არ ადასტურებს ვ. ა-ეის ეკომიგრანტი ოჯახის მიერ ამ ფართით სარგებლობის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება თავად ქ. ა-ეის მიერ ხსენებული ბინით სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი