Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-11(კ-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – რ. ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 23 იანვარს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. ბ-ეის მიმართ და მოითხოვა: სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის გამო რ. ბ-ეისთვის თანხის დაკისრება და რ. ბ-ეისთვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავალება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე რ. ბ-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვარს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ. ბ-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: ...) გასხვისება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის დაკისრების თაობაზე სარჩელზე მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი გარემოების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენება. ამდენად, სწორედ მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 17 თებერვლამდე სადავო შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი. რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, რ. ბ-ეს მხოლოდ 2022 წლის 09 აგვისტოს წერილით (ადრესატს ჩაბარდა 2022 წლის 17 აგვისტოს) ეცნობა, რომ ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ეთხოვა მისი გამოთავისუფლება. მაშასადამე, 2021 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 17 აგვისტომდე, მოპასუხისთვის ცნობილი არ იყო სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე და ამ პერიოდამდე, 2016 წლიდან რ. ბ-ე შპს „ა...-თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის (ქირავნობის ხელშეკრულება) საფუძველზე სარგებლობდა ფართით.

პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ქონება უკვე განკარგულია 2023 წლის 01 ოქტომბერს გამოცხადებული საჯარო აუქციონის შედეგად და ქონებაზე 2023 წლის 10 ნოემბრიდან აღრიცხულია მყიდველის - ვ. მ-ის საკუთრება. პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოება უსაფუძვლოდ აქცევს მოსარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან საქმის წარმოების მოცემულ ეტაპზე, უკანონო მფლობელობის ფაქტი დადასტურებული არაა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი უპირველესად აღნიშნავს, რომ ვინდიკაციურ მოთხოვნასთან მიმართებით აღარ ასაჩივრებს განჩინებას, ვინაიდან 2023 წლის 10 ნოემბრიდან სახელმწიფო აღარ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. კასატორის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე შენობა-ნაგებობები ჯერ კიდევ 2009 წლიდან იყო რეგისტრირებული, კერძოდ, შენობა-ნაგებობის გრაფაში მითითებული იყო ჩანაწერი, „მესაკუთრე გაურკვეველია“. 2021 წლის 10 თებერვლის N... განცხადებით შესწორდა რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზი და მითითებული ჩანაწერი ამონაწერზე აღარ აისახა. კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობის გრაფაში მითითებული ჩანაწერი, „მესაკუთრე გაურკვეველია“ ამონაწერიდან ამოიშალა და შესწორდა ტექნიკური ხარვეზის ტრანზაქციით, ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ სადავო შენობების მესაკუთრეს თავიდანვე სახელმწიფო წარმოადგენდა და აღნიშნული შენობები არ ყოფილა ცალკე უფლების ობიექტი, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს. ზემოხსენებული ჩანაწერის („მესაკუთრე გაურკვეველია“) არსებობა კი დაკავშირებული იყო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მონაცემების არასწორად ასახვასთან, რაც შემდგომ შესწორდა საჯარო რეესტრის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამასთან, კასატორი თვლის, რომ შპს „ა...-თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებამდე, რ. ბ-ე ვალდებული იყო გადაემოწმებინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები, დაედგინა სადავო ქონების განკარგვაზე მითითებული სუბიექტის უფლებამოსილების ფაქტი და მხოლოდ ამის შემდგომ დაედო მასთან გარიგება. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ მიიჩნია დადგენილად, რომ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 17 თებერვლამდე სადავო შენობა-ნაგებობები არ იყო სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ საქმეში სადავოა მხოლოდ მოპასუხის მიერ უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჭიათურაში, ...ის ქუჩა N... მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ..., მიწის დაუზუსტებელი ფართობი: 2200 კვ.მ., ავტომანქანების ტექ. მომსახურების ბაზა საერთო ფართით: 160 კვ.მ., ბენზოგასამართი წერტილი - 15 კვ.მ., ადმინისტრაციული შენობა - 51 კვ.მ.) 2009 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით აღრიცხული იყო შ.პ.ს. „ა...-ის“ სახელზე. ამასთან, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით სახელმწიფო საკუთრებაში მიექცა შპს „ა...-ის“ კუთვნილი ქონება (ს/კ ...). იგივე უძრავი ქონება 2009 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით მითითებულია, რომ გაურკვეველია მესაკუთრე. ამ ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, საფუძველსაა მოკლებული და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გაკეთებული ჩანაწერი შენობა-ნაგებობების მესაკუთრის გაურკვევლობასთან დაკავშირებით ადასტურებს აღნიშნული ფართების მესაკუთრედ სახელმწიფოს არსებობას. ამასთან, მხოლოდ 2021 წლის 17 თებერვლის ამონაწერით მიეთითა შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ სახელმწიფო. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე დასტურდება სადავო ფართის სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაცია 2021 წლის 17 თებერვლიდან, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 17 თებერვლამდე სადავო ფართის სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტს, რაც გამორიცხავს ამ პერიოდში რ. ბ-ეის მიერ ქონების არამართლზომიერად სარგებლობას.

რაც შეეხება 2021 წლის 17 თებერვლიდან პერიოდს, სადავო ფართით სამეწარმეო მიზნით სარგებლობა არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს მტკიცების ტვირთის სტანდარტზე და ასევე მართებულად აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, ვერ მიუთითა იმგვარ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი